კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ავიწროებდა ბავშვობაში სექსუალურად ნინა სუბლატს და რისი სურვილი არ გასჩენია მას მეუღლესთან სამწლიან თანაცხოვრებაში #49

ცოტა ხნის წინ, ნინა სუბლატმა საქართველოს პირველ ლედისთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად, ერთ-ერთ დოკუმენტურ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხებოდა. მომღერალმა ამ ყოველივეს სოციალურ ქსელში  პოსტი მიუძღვნა, სადაც მის მნიშვნელობაზე საუბრობდა. ჩვენ კი,  ნინა ამ და კიდევ, სხვა საინტერესო თემებზე გვესაუბრა.
ნინა სუბლატი: ეს სპექტაკლი შვედური პროექტია და უკვე 32 ქვეყანაში დაიდგა.  პიესაში აღწერილია შვიდი აქტივისტი ქალის თავგადასავალი – რა გადახდათ ცხოვრებაში, რამ გადააწყვეტინათ, რომ ამ საქმიანობაში ჩართულიყვნენ და ასე შემდეგ. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მონაწილეობა. ეს ისეთი საკითხია, რომელიც, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს ეხება. ქალები ვალდებულებიც კი არიან, რომ სხვა ქალებს მიაწვდინონ ხმა, რათა არ გახდნენ მსხვერპლი. სექსუალური შევიწროება, ძალადობა და ნებისმიერი რამ, რითაც ისინი იზღუდებიან, ერთი ადამიანის პრობლემა არ არის.
– როგორი იყო პირველ ლედისთან თანამშრომლობა?
– ექვსივე ქალბატონთან ძალიან სასიამოვნო იყო თანამშრომლობა. ჩემგან განსხვავებული, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იყვნენ. მათი აზრი, მათი შთაბეჭდილებები და იდეები ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო იყო. თავად მაკა სასიამოვნო ადამიანია. პროფესიით მსახიობია და ჩვენ შორის, ყველაზე გამოცდილიც ის იყო.
– თავად რა დამოკიდებულება გაქვს გენდერული თანასწორობის მიმართ?
– ჩემი აზრით, როცა ძალადობისა და შევიწორების მსხვერპლი ხარ, ამაზე საჯაროდ უნდა ისაუბრო. ეს არ არის თემა, რომელიც ოჯახში უნდა დარჩეს, ორ ადამიანს შორის. ეს თემაა, რომელზეც ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. მოძალადე კი, უნდა დაისაჯოს. ჩვენთან ოჯახის დანგრევა მენტალურ საკითხთან ასოცირდება. ხშირად, ძალადობას ეგუებიან ბავშვების გამო. ლოგიკურად, რომ დავფიქრდეთ, ის ბავშვი ბევრად რთულ სიტუაციაშია, მაშინ, როცა ოჯახში ძალადობაა, ვიდრე მაშინ, როცა დედ-მამა განცალკევებით ცხოვრობს. ქალებს არ სურთ, თავად იყვნენ პირველები და საჯაროდ ისაუბრონ ამაზე – ეს პირველი ნაბიჯია ყველაზე რთული გადასადგმელი.
– ვრცელი პოსტი მიუძღვენი ერთ-ერთ სკოლაში არსებულ აკრძალვას ჩაცმასთან დაკავშირებით... ემორჩილებოდი ბავშვობაში მსგავს წესებს?
– ვიდეო ვნახე, რომელიც ცოტა ხნის წინ გაშუქდა. სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში შემოიღეს კანონი ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ამაზე გამახსენდა ჩემი ბავშვობა და სკოლა. ჩვენ მართალია, სკოლის კანონი არ გვქონდა, მაგრამ მთელი ბავშვობა კლასის დამრიგებელი, რომელიც მდედროთი სქესის გახლდათ, სექსუალურად გვავიწროებდა კლასის გოგონებს და ჩემი აზრით ბიჭებსაც: თმა არ გაიშალო, ბეჭდები არ გაიკეთო. გოგონები ერთმანეთში თუ დაქალობდნენ (10-12 წლის ბავშვები), ესე იგი „ლეზბიანკები“ იყვნენ და სკოლა რას იფიქრებდა. პირადად მე მეუბნებოდა, ევროპული აზროვნება გაქვსო და დედაჩემს იბარებდა. არადა, ევროპა მაშინ მხოლოდ გეოგრაფიაში მქონდა თვალმოკრული. ძალიან მწყინს, რომ მაშინ, 10-12 წლის ასაკში, არაფერი ვიცოდი ჩემი უფლებების და არც სექსუალური შევიწროვების შესახებ. ასევე,  არც შეპასუხების შესახებ, იმიტომ, რომ, ჩვენთვის ასეთი რაღაცეები არავის უსწავლებია. ერთხელ, ბიჭებმა მერხებზე დაჯღაბნეს, დამრიგებელმა კი გოგონებს დაგვავალა, მეორე დღეს კლასში ქლორისა და სახეხის მოტანა, რათა მერხები გაგვეწმინდა. არ გავწმინდე მერხები. მგონი, ერთადერთი ვიყავი, ვინც ეს გააპროტესტა. თოთქოს არაფერი, მაგრამ იმის გამო, რომ ქალი ვარ და ვიღაცას ჰგონია, ეს ჩემი ვალდებულებაა, სხვისი დაჯღაბნილი არ გავასუფთავე. კლასში ამ ფაქტზე არაფერი არ მითხრეს, მაგრამ მშობელთა კრებაზე დედაჩემს ერთმა მშობელმა უთხრა: შენს შვილს მანიკიურის გაფუჭება არ უნდოდა და მერხი არ გაწმინდაო (იცინის). კიდევ ბევრი მსგავსი შემთხვევა იყო. დირექტორზეც არა ერთი რამ მაქვს მოსაგონებელი. მათ შორის, ერთ ფაქტს გავიხსენებ. დილით 5 წუთი დამაგვიანდა. მსგავსი შემთხვევა როცა იყო, გვარს ინიშნავდნენ და სადამრიგებლოში გვიშვებნდენ. ამჯერად დირექტორმა სკოლის კარიდან სახლში გამომაბრუნა, თუმცა იმიტომ კი არა, რომ დავაგვიანე, არამედ იმიტომ, რომ „ელასტიკი“ მეცვა და ალბათ,  14 წლის ბავშვის პატარა უკანალი ესექსუალურა. ოღონდ კონკრეტულად ჩემი - იმ სკოლის მოსწავლე გოგოების დაახლოებით 40 პროცენტს, ზუსტად იგივე „ელასტიკი“ ეცვა. სწორედ აქედან ეწყებათ ქალებს კომპლექსი და არასწორი ფსიქიკა უყალიბდებათ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მაგრამ, როცა გავიზარდე, ძალიან ბევრი კომპლექსი გამიჩნდა, რომელიც შემდეგ გავაანალიზე და მადლობა ღმერთს, გამიქრა.
– რას გულისხმობ?
– თუ გაქვს მოკლე კაბის კომპლექსი, არ ნიშნავს, რომ გრძელი კაბით დადიხარ, შეიძლება, სწორედ მოკლე კაბით იარო. 10-დან 13 წლამდე მქონდა ეს კომპლექსი. ვიღაც მეუბნებოდა, რომ მოკლე კაბა არ უნდა ჩამეცვა და მაინც მეცვა. იდეაში მართლა არ მომწონს ეს მოკლე კაბა და აღარ მაცვია, შორტს ვჯერდები მხოლოდ (იცინის). გაუცნობიერებლად ისეთ რაღაცეებს ვაკეთებდი, რაც შთაგონებული მქონდა, რომ არ უნდა გამეკეთებინა. 
– ღალატის თემაც, ერთ-ერთი აქტუალური და პრობლემატურია. კაცის „ერთხელ გაგულავებაზე“ რას ფიქრობ?
– ღალატი რთული თემაა, გააჩნია როგორი ურთიერთობა გაქვს პარტნიორთან.  მე შემიძლია, ჩემს პარტნიორთან ისეთი ურთიერთობა მქონდეს, რომ ვუთხრა: ჩვენ თავისუფლები ვართ  და შენ შეგიძლია, სხვასთანაც გქონდეს ურთიერთობა-მეთქი. ეს შეიძლება, უცნაური დამოკიდებულებაა და პირადად არ გამომიცდია მსგავსი რამ. როდესაც ვამბობთ, რომ ერთგულები უნდა ვიყოთ და არ უნდა ვუღალატოთ ერთმანეთსო, კარგი იქნება, თუ დავიცავთ ამ ყოველივეს. მგონია, რომ ღალატი არ არის მთავარი პრობლემა. მთავარია, ღალატის მერე რაც ხდება. თუნდაც ის, რომ „ერთხელ გაიგულავა და ვაპატიებ“... „კაცია და ეპატიება“... კაცი რომ ღალატობს ნორმალურია, მაგრამ ქალი თუ უღალატებს პირწავარდნილი და უკანასკნელია. ეს დამოკიდებულებებია არასწორი და არა ღალატი. თუ, მე ძალიან მიყვარს ვინმე, ეს ნიშნავს, რომ ჩემი ვნებები და ყველანაირი სურვილი იმ ადამიანს უკავშირდება. პირადად მე, სამი წელია, ერთ ადამიანთან  ვცხოვრობ და არ გამჩენია სურვილი, წავიდე და ჩემი ვნებები სხვას დავახარჯო.
– ორივეს ერთი პროფესია რომ გაქვთ, ურთიერთობისთვის ეს მოსაბეზრებელი არ არის?
– მე მგონი, პირიქით. ვიდრე ჩვენ ერთად ვიქნებოდით, ორივეს გვყავდა სხვა პარტნიორები ცხოვრებაში. არცერთხელ არ ყოფილა ჩემი სხვა პარტნიორი მუსკოსი. ჩემი დამოკიდებულება მუსიკისადმი იმათთვის ძალიან გადაჭარბებული იყო. არ ესმოდათ, ასე როგორ შეიძლებოდა, მყვარებოდა ჩემი საქმე. გიორგიც ზუსტად ასე იყო. ჩვენ გვესმის ერთმანეთის. ის, რის გამოც ერთად ვართ, ეს არის მუსიკისადმი დიდი სიყვარული, რაც ხელს გვიწყობს ურთიერთობაში. ჩვენ არა მხოლოდ სასიყვარულო პარტნიორები ვართ, არამედ პარტნიორები ვართ ჩვენს შემოქმედებაშიც.
– რთული პერიოდი არ გქონიათ ურთიერთობის განმავლობაში?
– კი, ვის არ აქვს რთული პერიოდი, ყველას ცხოვრებაშია მსგავსი რამ (იცინის). მათ შორის, ჩვენს თანაცხოვრებაშიც იყო. თუმცა, არ დავკონკრეტდები, ძალიან პირადია. იშვიათად ვკამათობთ. არ ვარ კონფლიქტური. არ მიყვარს ხმამაღლა ლაპარაკი, ჩხუბი და აგრესიის გამოხატვა. ნეგატივს ყოველთვის თავს ვარიდებ. ის რომ ჩხუბობს მე რეაქცია არ მაქვს, ამიტომ იშვიათად ვჩხუბობთ და ვკამათობთ (იცინის).
– როგორ რეაგირებს იმაზე, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
– ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. თაყვანისმცემელი ჰყავს ჩემს შემოქმედებას. ქუჩაში გავდივარ, ბიჭები ეცემიან და ვარდებს მესვრიან-მეთქი, ასე არ ვარ (იცინის).  გოგოს შემაწუხებელი თაყვანისმცემელი ჰყავს მაშინ, როცა ეს უნდა. მე არ მინდა, მყავდეს შემაწუხებელი კაცები ან ქალები, შესაბამისად, ერთი შემთხვევაც არ მახსენდება, ვინმეს შევეწუხებინე.

скачать dle 11.3