კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედიის გადატანა მოუწია ნინი ოკუჯავას და რატომ არ ახსოვს მას იმ მომენტში საკუთარი ქცევები და საუბარი #49

ნინი ოკუჯავა მაყურებელმა  გაიცნო სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“, სადაც ის მაიკოს როლს ასრულებს. ნინი პროფესიით მსახიობია, თუმცა წლებია, ესთეტიკური მედიცინის ცენტრში  მუშაობს.
ნინი ოკუჯავა: პროფესიით მსახიობი ვარ, სანდრო მრევლიშვილის ჯგუფი დავამთავრე 5 წლის წინ. თეატრში ვიყავი ერთი წელი, ასევე, მქონდა პატარ-პატარა რეკლამები. ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდი დიდხანს და ძალიან მომწონდა. ახლაც, დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით ვიმუშავებდი. ერთი წელი ვიყავი  სანდრო მრევლიშვილითან თეატრში, პარალელურად, ჩემს დღევანდელ სამსახურშიც ვმუშაობდი და დრო ვერ შევუთავსე.
– როგორ აღმოჩნდი „ჩემი ცოლის დაქალებში“?
– თეატრში „მეორე სახლი“ როლანდ ქარდავასთან ვიყავი გასაუბრებაზე. მან მითხრა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ქასთინგია და მიდი, თუ გინდაო. აბა, რას ვიზამ-მეთქი და წავედი. ქასთინგი კატოს მკითხავის როლზე გავიარე. მკითხაობისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ მომეწონა, დავთანხმდი. დამირეკეს, როლზე დაგამტკიცესო. რომ მივედი,  კატოს მკითხავის როლი აღარ არსებობდა და ამიყვანეს მაიკოს როლზე. მეგონა, ერთჯერადი იქნებოდა. ვითამაშე, გავიდა დრო და ისევ დამირეკეს: მოდი, კიდევ მოდიან თენგო და ბაქარიო. ასე გაგრძელდა ჩემი როლი.
– მოგწონს შენი გმირი?
– თავიდან დიდად არც ჩავღრმავებივარ  ამ როლს, ვიცოდი რომ მარკეტინგის მენეჯერის, ცოტა კეკლუცი გოგოს როლი უნდა მეთამაშა. საერთო ის გვაქვს, რომ ისიც მენეჯერია და, მეც მიწევს ოფისში მარკეტინგის კეთება; ისიც პრანჭიაა და მეც მიყვარს პრანჭვა, შოპინგი. ხასიათით არ ვგავართ. მაიკომ გადაწყვიტა, წინსვლისთვის თენგოსთან, ცოლიან კაცთან დაეჭირა საქმე და საყვარლობაზეც თანახმაა. ასეთ რაღაცეებს, რა თქმა უნდა, ცუდად იღებს საზოგადოება. მოჰყვება განხილვები, ზოგჯერ უარყოფითი ემოციები: ცუდი გოგო, ოჯახს ანგრევს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ვიცოდი და მზად ვიყავი. დავთანხმდი, რადგან როლია და ახლოს არ არის რეალურ ცხოვრებასთან.
– რომელიმე სცენის გადაღება თუ იყო რთული, მაგალითად, თენგოს კოცნის სცენა?
– გადაღების პროცესი იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც მანამდე პერიოდი, ანუ სცენარი რომ  წავიკითხე. მსგავსი სცენა მანამდე არ მითამაშია. თეატრში „რომეო და ჯულიეტა“ რომ ვითამაშე, იქაც რეჟისორმა ისე გადაწყვიტა, რომ რომეოს არ უკოცნია ჯულიეტასთვის. ამიტომ, ასეთი სცენა არ მქონდა ნათამაშები და ვინერვიულე, მაგრამ მერე ყველაფერი კარგად გამოვიდა.
– და ლუნამ გითრია თმით.
–  ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი სცენა. ერთი სული მქონდა, როდის გადავიღებდით. ისე გავაკეთეთ, რომ თავი არ მტკენოდა, გადავარჩინეთ ჩემი თმა. დაცემის პროცესი იყო ძალიან ცუდი. დილით რომ გავიღვიძე მთელ ფეხზე „სინიაკები“ მქონდა, დაბეჟილი ვიყავი. კარგად მომაწმენდინა ოფისის იატაკი. ამის მერე ისეთი კომენტარები იყო... ზოგადად, ვცდილობ, არ წავიკითხო, მაგრამ მაინც წამეკითხება ხოლმე. წერდნენ: ღირსი იყო, ქალი ამას რომ იკადრებს, უფრო მეტად რატომ არ ითრია, რატომ არ გაუტეხა თავი, მაიკო  ცუდი გოგოა, ბოზანდარა, ასეთებს ასე უნდათ... ასეთია ძირითადი კომენტარები.
– როგორ მოიქცეოდი ცხოვრებაში ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავი, ანუ ვინმეს რომ თმით ეთრიე?
– ვეცდები, ცხოვრებაში არ ჩავიდინო ისეთი რამ, რომ ასეთმა სოფლელებმა თმით მითრიონ. ნორმალური ადამიანი არ გითრევს თმით, ცივილიზებულად მოვა და დაგელაპარაკება. ვერ წარმომიდგენია თავი ასეთ მდგომარეობაში. თუ თმით მითრევენ, შეიძლება, თავიდან გამეცინოს, მაგრამ მერე, აფექტში რას ვიზამ, არ ვიცი. შეიძლება, მეც შემოვარტყა. თუმცა, იშვითად გამოვდივარ წყობიდან. სულ ვცდილობ, თავი შევიკავო. მაგრამ ხომ იცით, ცხვარი ცხვარიაო და ასე მემართება ხოლმე. თუ წყობიდან გამომიყვანეს, შეიძლება, ისტერიკამდეც მივიდე.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ყველაზე აფექტური ვიყავი მაშინ, მამაჩემი რომ გარდაიცვალა. საოცრება დამემართა, არ მახსოვს, რას ვაკეთებდი. ისტერიკაში ჩავვარდი, ვერ ვაანალიზებდი: სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, რას ვამბობდი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე.
– რა სჭირდა მამას?
– ფილტვზე სიმსივნე ჰქონდა. წელიწადი იყო ლოგინად ჩავარდნილი.  ერთი წელი რომ ლოგინადაა ჩავარდნილი, თან, ასეთი მძიმე დაავადება აქვს, რა თქმა უნდა, შეგუებული ხარ – იცი, რომ ფატალურად დამთავრდება ეს ყველფერი. მაგრამ, ეს დღე რომ დადგა, საშინელ სიტუაციაში ჩავვარდი. მამა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი იყო. ბევრი რამ მისთვის მითქვამს და დედასთვის – არა. ბოლო ერთი თვე საერთოდ არ გავდიოდი სახლიდან. ტკივილები რომ ჰქონდა, ღამეებს ვათენებდით ერთად. როგორც შემეძლო, ყველანაირად ვუმსუბუქებდი ტკივილებს. 3 წლის წინ გარდაიცვალა მამა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. მეგობრები ძალიან დამეხმარნენ. ყველანაირად ცდილობდნენ, გარეთ გავეყვანე, მაგრამ დღემდე არ ვუღრმავდები იმას, რომ მამა აღარ არის. ახალ მობილურს რომ ვყიდულობ, მამას ნომერს ვწერ. ზოგჯერ მქონია მომენტი, დამირეკავს: იქნებ, გავიდეს-მეთქი. დღემდე მგონია, ჩემთანაა, ხშირად მესიზმრება და ძველებურად ვჭორაობთ. რჩევაც კი მოუცია ჩემთვის სიზმარში. სხვათა შორის, ერთადერთი, რაც მამას არ მოსწონდა ეს თეატრალურში ჩაბარება იყო. დედაც ექიმია, მამაც ექიმი იყო, ბებიაც, მთელი ოჯახი და მამას უნდოდა, სტომატოლოგი ვყოფილიყავი. დედა რომ მიხვდა, ძალიან მინდოდა მსახიობობა, გვერდში დამიდგა და გავედი გამოცდაზე. მამას არ მოეწონა ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემს სპექტაკლებზე მოდიოდა და ამაყად იჯდა.
– მოეწონებოდა შენი როლი „ჩემი ცოლის დაქალებში“?
– კი, მოეწონებოდა. ერთადერთი, არ მოეწონებოდა სიშიშვლე, დანარჩენი, ყველაფერზე დამთანხმდებოდა. სიშიშვლეზე მეც უარს ვიტყვი, რადგან ჩემი კომპლექსია და მამას ერთადერთი სურვილი იყო, რომ ეს არ გამეკეთებინა. რაც შეეხება ინტიმურ სცენაში გადაღებას, გააჩნია სცენას. თუ არ იქნება სიშიშვლე, შეიძლება, არ ვთქვა უარი – მსახიობი ვარ.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– შეყვარებული მყავს. ჩვენი ურთიერთობა 4 წლის წინ დაიწყო. მერე დავშორდით, რადგან რაღაც ეტაპზე ვერ გავუგეთ ერთმანეთს. 2 წლის წინ, შემთხვევით შევხვდით ბათუმში. გავისეირნეთ, მერე – მოდი, ყავა დავლიოთო და ასე აღვადგინეთ ურთიერთობა. ახლა ყურებამდე შეყვარებული ვარ, თუმცა იკა სულ მეუბნება: მე უფრო მზრუნველი ვარ, ვიდრე შენო; მე უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე შენო – ამაზე სულ ვკამათობთ.  მე უფრო თბილი ვარ, არა – მე...
– მოსწონს მაიკო?
– კი, მოსწონს. თავიდან თვითონ მითხრა, წადიო. ერთადერთი, კოცნის სცენაზე დავიძაბეთ. არ მოეწონა, ეჭვიანობის მომენტი ჰქონდა. ალბათ, რეაქცია რომ არ ჰქონოდა, ეს უფრო გამიკვირდებოდა. მერე ვისაუბრეთ და მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ მსახიობი ვარ და უნდა ვითამაშო. რითაც მომხიბლა, ის არის, რომ არ ეჭვიანობს. წინა ორი ურთიერთობა – 3-წლიანი იყო, საკმაოდ დიდხნიანი, მაგრამ სწორედ ეჭვიანობის გამო დაინგრა. ირაკლი ისეთია, ქუჩაში რომ ვინმე შემოგხედავს, ამაზე არ კომპლექსდება, არ ეჭვიანობს, პირიქით, მოსწონს. ეს რომ დავინახე, მაშინ მივხვდი: ეს იყო ის ბიჭი, ვინც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამიგებდა.

скачать dle 11.3