კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადავიდა დავით აღმაშენებელი ჩრდილოეთ კავკასიაში და რატომ აიყვანა მძევლებად ოსი და ყივჩაღი მთავრების ოჯახის წევრები #49

დავით აღმაშენებელსა და მის თანამებრძოლებს დიდი ამოცანები ჰქონდათ დასახული. მათ უნდა გაეერთიანებინათ საქართველო და დამპყრობლები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებიდან გაეძევებინათ.
საჭირო იყო მეტი სამხედრო რესურსი. ქვეყანას უნდა ჰყოლოდა მუდმივი და მრავალრიცხოვანი ჯარი. მტერი ყოველ წუთს შეიძლება, დიდი არმიით შემოჭრილიყო ქვეყანაში.  გარდა ამისა, ყოველდღიური ბრძოლებისთვის საჭირო იყო არმია, რომელიც ვერ იქნებოდა შედგენილი ლაშქრის პრინციპით, ანუ სხვადასხვა კუთხეებიდან გამოწვეული მოლაშქრეებით. ლაშქრის პრინციპით შეკრებილი ჯარი გამოდგებოდა გარკვეული ბრძოლებისთვის. საჭირო გახდა ისეთი სამხედრო კონტინგენტი, რომელიც მუდმივად იქნებოდა მზად საომრად და არ დასჭირდებოდა საკმაო დრო, საქართველოს კუთხეებიდან ჯარისკაცების ჩამოსვლისთვის... მტრისათვის წართმეულ ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში გარნიზონები იყო ჩასაყენებელი.
დავით მეფეს ჰყავდა მონასპა, რომელიც 5 000 მოლაშქრისგან შედგებოდა და ისინი მუდამ მის გვერდით იდგნენ. ეს იყო სპეციალურად გაწვრთნილი ჯარისკაცებისგან შემდგარი ნაწილი. მონასპა შედგებოდა თავისუფალი მეთემეებისა და წვრილი აზნაურებისგან. მათ ხელფასი ჰქონდათ დანიშნული და მეფის კმაყოფაზე იყვნენ. არ სჭირდებოდათ მიწაზე მუშაობა, რადგან ამისთვის ვერ მოცდებოდნენ.
მათ გარდა, დავით აღმაშენებლის არმიას შეადგენდა, როგორც ვთქვით, პროვინციებიდან საომრად გამოძახებული მოლაშქრეები, რომლებიც ადგილობრივ ერისთავებს გამოჰყავდათ. არსებობდა ასევე, როქის სპა, უცხოელი, დაქირავებული მეომრებისგან შემდგარი ნაწილები.
აღმაშენებელმა 1199 წელს ხარკი შეუწყვიტა თურქებს. ამასთან, მეფემ არაერთი ნაბიჯი გადადგა ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად. ქვეყანას მიეცა შესაძლებლობა, დაექირავებინა უფრო მეტი უცხოელი მოლაშქრე, რათა გადაეწყვიტა ყველა პრობლემა, რაც მის წინაშე იდგა.
მეფე დავითი, ეტყობა ცდილობდა, ქართველი ადამიანი არ მოწყვეტოდა მიწაზე საქმიანობას, რადგან, ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის კეთილდღეობა, რაც მეფისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, მოსავლის მოყვანაზე დიდად იყო დამოკიდებული. ალბათ, ჩვენი დიდი ხელმწიფე, ქართულ ეთნიკურ დემოგრაფიასაც უფრთხილდებოდა და ამიტომ, გადაწყვიტა დიდი რაოდენობის უცხო მოლაშქრეების დაქირავება.
ამ მიზნით, გარკვეული ხნით ადრე, მან იქორწინა ჩრდილო კავკასიაში და მის მოსაზღვრედ, ახლანდელი რუსეთის ველებზე მომთაბარე ყივჩაღების ერთ-ერთი ტომის მთავრის, ათრაქა შარაღანიძის ასულზე, გურანდუხტზე. ათრაქა ხანი ცნობილი მეომარი იყო, რუსებთან მებრძოლი ხანის, შარაღანის (შარუკანის) ვაჟი. შარაღანს ორი ვაჟი ჰყავდა, ათრაქა და სირჩანი, თითოეული თავ-თავის ტომს ხანობდა.
ყივჩაღების  ტომებს პრობლემები ჰქონდათ ჩრდილოეთში. კიევის მთავარმა ვლადიმირ მონომახმა რამდენჯერმე დაამარცხა ისინი, შეავიწროვა და ჩრდილოეთ კავკასიის ველებისკენ დაახევინა. ყივჩაღები მწარმოებელი ხალხი ნაკლებად იყო. მათი საქმიანობა ომი და რბევა გახლდათ და ამიტომ, მათთვისაც საქართველოში გადმოსვლა და დავით მეფის სამსახურში შესვლა, მიმზიდველი ჩანდა.
ყივჩაღებთან გააგზავნა მეფე დავითმა ელჩები და თავის სიმამრს მის სამსახურში შემოსვლა შესთავაზა. გაუხარდათ ყივჩაღებს, მაგრამ ოსებისგან მშვიდობიანი გზა ითხოვეს. იმ დროს ოსებსა და ყივჩაღებს შორის მტრობა იყო. ყივჩაღებს შევიწროებული ჰყავდათ ოსები. ყველამ ვიცით, რომ ნამდვილი ოსეთი ყოველთვის ჩრდილო კავკასიაში იყო, უფრო ველებზე. მთებში ისინი მერე ამოვიდნენ, საუკუნეების განმავლობაში. ყივჩაღებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი ჩრდილო კავკასიის სხვა ხალხებიც. მათი ტერიტორიების ნაწილიც დაკავებული ჰქონდათ.
იმ დროს ჩრდილო კავკასიაში რამდენიმე ოსური სამეფო-სამთავრო არსებობდა. ოსების მთავართა შორის ყოველთვის დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ ქართველ მეფეებს. ჩვენი ხელმწიფეები მათაც ქირაობდნენ ხოლმე მეომრებად.
დავით აღმაშენებელი პირადად გაემგზავრა ჩრდილო კავკასიაში. ხელმწიფეს თან ახლდა მისი გამზრდელი და თანამებრძოლი – გიორგი ჭყონდიდელი, მწიგნობართუხუცესი.
„შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა“. აქ მარტო ოსები არ იგულისხმება, არამედ  მეზობლებიც.
ჩვენმა ხელმწიფემ ოსებისა და ყივჩაღთა მთავრებისგან მძევლები აიყვანა, რათა ბრძოლა არ წამოეწყოთ. მთელი გზის გასწვრივ, ჩრდილო კავკასიის ველებიდან არაგვის კარამდე, დარიალამდე, ციხეებში ჩააყენა თავისი ხალხი. ასე შეარიგა ორი, მტრულად განწყობილი ხალხი ერთმანეთს.
მშვიდობიანად გამოიარა 200 000 ყივჩაღმა ჩრდილო კავკასიის ველებიდან საქართველოსკენ. მთელი ტომი წამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ოჯახები დედაწულიანად. ჩვენი ხელმწიფის ყივჩაღი სიმამრი და ცოლისძმები, მთელი ტომით ჩადგნენ საქართველოს სამსახურში. სიტუაცია ისეთი იყო, მარტო მეომრები ვერ ჩამოვიდოდნენ საქართველოში. ისედაც მარცხი განიცადეს, და ოჯახებს ვერ დატოვებდნენ დაუცველად მტრულად განწყობილი ოსებისა და რუსების მეზობლად. გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფოსაც ასე აწყობდა. ყივჩაღთა ოჯახები, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოს მძევლები გახდნენ. ყივჩაღთა მეომრებს სახელმწიფო გადატრიალების, ხელისუფლებისა და ქვეყნის ხელში ჩაგდების მცდელობა რომ არ ჰქონოდათ, იცოდნენ, მათი ოჯახები მეფის ერთგული მსახურებისთვის ხელმისაწვდენი იქნებოდნენ. ეს იყო უსაფრთხოებისათვის აუცილებელი ნაბიჯი.
ოსეთში ყოფნისას დიდი მწუხარება დაატყდა თავს ჩვენს ხელმწიფეს, გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი. გადმოასვენეს მისი წმიდა ნეშტი და დაკრძალეს გელათში. დიდხანს გლოვობდა მეფე, სანამ მისი ვაჟი, ვახტანგი არ დაიბადა. ვაჟის შეძენით გახარებულმა მიატოვა გლოვა.
ყივჩაღები დაასახლეს, გამოუყვეს ტერიტორია შიდა ქართლში და შემდეგ, ჩრდილო სომხეთში. თითო ოჯახს უნდა გამოეყვანა თითო მეომარი. მოამარაგეს საბრძოლო ცხენებით, საჭურვლით. მეომრები დაყვეს ნაწილებად და მეთაურები დაუნიშნეს. შეგროვდა 40 000-იანი, დაქირავებული მუდმივი ჯარი, რომელიც, დავით აღმაშენებლის სხვა ნაწილებთან ერთად, შიშის ზარს სცემდა კავკასიის ტერიტორიაზე შემოჭრილ მაჰმადიანებს.
ბევრი ყივჩაღი თანდათანობით გაქრისტიანდა, რადგან მათ მიუჩინეს მოძღვრები. მაშინდელი სახელმწიფო ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე და არ ტოვებდა სულიერი საზრდოს გარეშე, განსხვავებით დღევანდელობისგან. ქრისტიანად მოქცევა მათ უფრო მეტად ერთგულს გახდიდა სახელმწიფოსადმი, საქართველოსადმი.
დავით აღმაშენებელს მკაცრი დისციპლინა ჰქონდა ჯარში. აკრძალული იყო სმა, ცეკვა-თამაში და გართობა.
ყივჩაღების სამხედრო ძალა კარგად გამოიყენა ჩვენმა ხელმწიფემ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყივჩაღებმა დიდი სამსახური გაუწიეს ქართულ არმიას შირვანის (დღევანდელი აზერბაიჯანის ჩრდილო ნაწილის), დარუბანდისა და ჩრდილოეთ სომხეთის მიწების შემოერთების დროს. მეზობელი მთავრები საჩუქრებს უგზავნიდნენ დავით აღმაშენებელს და სთხოვდნენ, „ყივჩაღთაგან არა რბევასა“.
დავითის გარდაცვალების შემდეგ ყივჩაღთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ველებისკენ და ამგვარად, უდიდესი ნაწილი არ შერევია ქართულ მოსახლეობას.
რუსულ წყაროებში არის ერთი საინტერესო გადმოცემა. ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე დარჩენილმა სირჩანმა, ათრაქას ძმამ, თავისი მელექსე, ვინმე ორევი გამოუგზავნა თურმე ათრაქას, რათა დაეთანხმებინა, უკან დაბრუნებულიყო სტეპებში. ათრაქა ყოყმანობდა თურმე. ორევმა მშობლიური სიმღერები უმღერა. შემდეგ კი უბიდან ამოუღია სირჩანის მიერ გამოგზავნილი, სტეპებში გავრცელებული სურნელოვანი ბალახი ემშანი (ქართულად აბზინდა, ლათინურად არტემისია), რომლის სურნელებასაც ვეღარ გაუძლო ათრაქამ და წამოიძახა: უმჯობესია, მშობლიურ მიწაში ძვლები ჩააწვინო, ვიდრე უცხოეთში დიდება მოიპოვოო და გაემგზავრა თურმე სამშობლოში.
ათრაქას ერთ-ერთი ქართველი დიდებულის ქალიც მოუყვანია ცოლად. მისგან შეეძინა ვაჟი კონჩაკი, რომელიც მერე სათავეში ჩაუდგა ყივჩაღთა ტომებს და ებრძოდა რუს მთავრებს. კონჩაკის ვაჟი – იური მონღოლებთან ბრძოლისას დაიღუპა 1223 წელს, მდინარე კალკასთან.

скачать dle 11.3