კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ძვირფასი საჩუქარი მიიღო მარიამ მამადაშვილმა საქართველოს პატრიარქისგან და როგორ ჩამოიყვანა ის ამერიკიდან კონკურსისთვის გიგა კუხიანიძემ #48

10 წლის მარიამ მამადაშვილი საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა და ქართველ მაყურებელს ამ გამარჯვებით დიდი სიხარული მოუტანა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი კომპოზიტორს და მუსიკალურ პროდიუსერს, გიგა კუხიანიძეს მიუძღვის, რომლის დახმარებითაც საბავშვო „ევროვიზია“ უკვე სამჯერ მოვიგეთ. მე გიგასა და მარიამს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს კიდევ ერთხელ ვულოცავ გამარჯვებას.
გიგა კუხიანიძე: ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ,  რაც მოხდა. ძალიან მაგარი რამ რომ მოხდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მთელ საქართველოს ვულოცავ, ვგრძნობ, რომ ეს პოზიტივი ძალიან მოუხდა და სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას. ბოლო პერიოდი, ნეგატივის გარდა, არაფერი მესმის და მარიამის სიმღერამ, ემოციებმა ხალხზე ძალიან კარგად იმოქმედა. ბედნიერი ვარ, რომ პატარა სიხარული შემოვიტანეთ ჩვენს ქვეყანაში.
– ეს უკვე მესამე გამარჯვებაა.
– რეკორდული ციფრია, მესამე გამარჯვება და რა თქმა უნდა, ყველანი ვამაყობთ: „ბზიკების სტუდია“, ჩვენი სტუდია და ყველა, ვინც თავდაუზოგავად მუშაობს ამდენი წელი. დიდი მადლობა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, ჩემი დელეგაციის წარმომადგენლებს: ნათია უზნაძეს, თიკო ბერძენიშვილსა და ნათია მშვენიერაძეს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, შევძელით ამ ყველაფრის გაკეთება. თუმცა, ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის მარიამს, რომელიც ძალიან პატარაა და ამ ურთულეს რეჟიმს გაუძლო. დილის 9 საათიდან გვიან საღამომდე დარბაზში რომ ხარ და სულ რეპეტიციას გადიხარ, ამ ყველაფრის გადატანა ფიზიკურად ძალიან რთულია. „ევროვიზიის“ დროს ყველა ნერვიულობს: ბავშვმა არ გააფუჭოს სიმღერა, ნომერი, რაც ვისწავლეთ, დავხვეწეთ, ვაკეთებდით ამდენ ხანს – შეიძლება, დაღლილობის გამო ვეღარ მიიტანოს მან ეს მაყურებლამდე. მაგრამ, მარიამი ისეთი მაგარი გოგოა, რომ ყველაფერს კარგად გაართვა თავი და ასეთი რთული სიმღერა ბოლომდე კარგად მიიტანა მაყურებლამდე.
– როგორ იპოვე მარიამი, რომელიც, როგორც ვიცი, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს.
– მარიამი 6 წლის იყო, როცა „ბზიკების სტუდიაში“ მოვიდა. როგორც კი მოვუსმინე, ვთქვი: ეს გოგო 10 წლის რომ გახდება, გადარევს ევროპელ მსმენელს-მეთქი. შარშან მარიამი მშობლებთან ერთად ამერიკაში წავიდა საცხოვრებლად. მეც ვურჩიე მათ, რომ ბროდვეის აკადემიაში მიეყვანათ: მარიამზე გაგიჟდებიან-მეთქი. მართლაც მიიყვანეს და ერთი წელია, ბროდვეის აკადემიაში სწავლობს – სპექტაკლებშია დაკავებული, ამაყობენ მისით. ბროდვეის აკადემიის ოფიციალური საიტიც გვგულშემატკივრობდა, დებდა ყველა ნიუსს. მოლოცვებიც არ დაგვაკლეს და გვწერენ: ერთი სული გვაქვს, ჩვენი ვარსკვლავი როდის დაგვიბრუნდებაო. როცა წელს „ევროვიზიისთვის“ პროექტი უნდა გამეკეთებინა, ვიცოდი, რომ მარიამი 10 წლის იყო და დავურეკე მის მშობლებს: მარიამი დამიბრუნეთ-მეთქი. 2 დღეში გამოაფრინეს თბილისში.
– ამ ერთ წელიწადშიც უფრო მეტად გაზრდილი ჩამოვიდა ამერიკიდან?
– აქედან ისეთი დახვეწილი წავიდა, რომ ბევრი არაფერი სჭირდებოდა. იციან მისი ფასი და ამიტომ, დღემდე ამაყობენ მისით. მარიამი არ იყო იქ დიდად გასაზრდელი, იმხელა გამოცდილება ჰქონდა მიღებული. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩვენს სტუდიაში დადიოდა, ის ძალიან ნიჭიერია, კარგად სწავლობს,  ძალიან გულწრფელია, ნამდვილი ბავშვი და მისი გულწრფელობა გადაედო ყველას, რამაც გამოიწვია ასეთი შედეგი.
– როგორ ახერხებ, ზუსტად შეარჩიო სიმღერა, მომღერალი, რომ მოიგოთ „ევროვიზია“? რაღაც „კოზირები“ გაქვს და კარგი ხერხები იცი.
– ალბათ, მეც ნიჭიერი ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ეს გამართლებაა, ღმერთის ნებაა. გარდა ჩემი და მარიამისა, ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის კარგი ტანდემისა, მარიამს ჰყავდა ძალიან კარგი პედაგოგი – მაკა დავითაია. მან შექმნა სიმღერის ტექსტი. ასევე, საუკეთესო დიზაინერია – მარიკა ქურდუბაძე, რომლის გარეშეც მე არასდროს შევქმნი კოსტუმს „ევროვიზიისთვის“. წასვლამდე  პატრიარქისგან იმხელა ლოცვა-კურთხევა მივიღეთ, მარიამმა კი მიიღო მის ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქარი: ჯვარი, რომელიც ეკიდა კისერზე. როდესაც პატრიარმა, მარიამს მოუსმინა ძალიან მოეწონა და ისეთი გულით დაგვლოცა, თითქმის გვიწინასწარმეტყველა გამარჯვება. ასეთი ძალა აქვს პატრიარქის დალოცვას.
– როგორი იყო გამარჯვებით გამოწვეული ემოციები?
– გამარჯვებაზე ნამდვილად არ ვფიქრობდი. ასეთი ამბიციით არასდროს წავსულვარ არცერთ კონცერტზე. არც ბავშვები მყავს ხოლმე ასე განწყობილი. გენერალურ რეპეტიციაზე ისეთი ფურორი მოახდინა მარიამმა, რომ დარბაზმა სიმღერის მსვლელობის დროს სამჯერ დაუკრა ტაში – ასეთი რამ არ ხდება ხოლმე. კონცერტის „ლაივზეც“ ჩანს, როგორ შემოდის სამჯერ ტაში. ისეთი რაღაცეები ხდებოდა, მე, ნათია უზნაძე და თიკო ბერძენიშვილი ერთმანეთს ვეუბნებოდით: ჩვენს თავს რაღაც კარგი ხდება, მგონი, ვიგებთო, მაგრამ ამის თქმის გვეშინოდა. ერთმანეთსაც ვერ ვუტყდებოდით, ისე დაუჯერებლად გვეჩვენებოდა. თან, მარიამი ყველაზე ციცქნა, პატარა იყო და ყველა გადაყლაპა. ბავშვები ისე გულშემატკივრობდნენ, ყველა ეფერებოდა, ყველა დაუდგა გვერდში და მღეროდნენ მის სიმღერას.
– არაერთხელ გამოითქვა სურვილი: გიგას ჩავაბაროთ უფროსების „ევროვიზიაო“ – მოგების გემოც იცის და ისიც, როგორ მოიგოსო.
– მეც ბევრი მეუბნება ამას. ბევრჯერ მქონია სურვილი, რომ ხელი მომეკიდა, მაგრამ არ გადამიწყვეტია. თორემ, არავინ მებრძვის: არ გააკეთოო. არავის აქვს ამის უფლება – შესარჩევი ტურია, მიდი და გააკეთე. შეიძლება, სასაცილოა, მაგრამ წელს მეც საბავშვო „ევროვიზიის“ ქასთინგი გავიარე, რადგან სხვებსაც აქვთ ამბიცია: უნდოდათ მონაწილეობა. მაინც ჩემმა პროექტმა აჯობა და წავიდა. მე თუ გადავწყვეტ, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფრისთვის კარგად უნდა მოვემზადო. იმედი მაქვს, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ისეთი გათვლები იქნება და ისეთი პროექტი გაკეთდება, რომ წარმატება ექნება. დიდების „ევროვიზია“ ყოველთვის ემთხვევა საბავშვოს. მაშინ უნდა დაემშვიდობო საბავშვოს და მთლიანად მასზე გადაერთო. დიდების „ევროვიზიისთვის“ არ შეიძლება, ერთ ან ორ კვირაში დაწერო სიმღერა – მართლა მოცარტი კი არ ვარ. იმდენად მიყვარს საბავშვო „ევროვიზია“, რომ ჩემი შვილია – ათი წელია, ვაკეთებ და როგორ მივატოვო? ისეთი გულწრფელები არიან ბავშვები, ისე კარგია მათთან მუშაობა და იმდენად მოვიწამალე ამ ყველაფრით, რომ დიდების „ევროვიზია“ ამასთან არაფრად ღირს. თუმცა, ზუსტად ვიცი, რომ დიდების „ევროვიზიასაც“ გავაკეთებ, მაგრამ როდის – არ ვიცი.
მარიამ მამადაშვილი: ძალიან გამიხარდა გამარჯვება. გამიხარდა, რომ ჩემი ქვეყანა ვასახელე, მოვიგე. თავიდან, დედამ რომ მითხრა: შეიძლება საქართველოში ჩახვიდეო, ისეთი ბედნიერი ვიყავი. გიგას მინდა, მადლობა გადავუხადო ამისთვის. სიმღერა, რომელიც „ევროვიზიაზე“ ვიმღერე ძალიან მომეწონა. ეს იყო პირველი სიმღერა ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მთელი გულით ვიმღერე.
გიგა: სიმღერას რომ ვაკეთებდით, დედამისი აქ არ იყო, მამამ ჩამოიყვანა და ასე ამბობდა: მგონია, რომ ამ სიმღერას დედას ვუმღერიო.
– მომიყევი, როგორ ცხოვრობ ამერიკაში.
მარიამი: ვსწავლობ Broadway Method Academy -ში. გვასწავლიან ცეკვას, სიმღერას და ძალიან მომწონს. თავიდან ცოტა გამიჭირდა სხვა ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ მერე, ბავშვები გავიცანი და სკოლაში შევედი. აკადემიაში კონცერტებიც გვაქვს ხოლმე – ჩვენი ნომრებიც გვაქვს. ბროდვეის აკადემიაში ყველაზე პატარა მიმიღეს და მერე ამაზე ლაპარაკობდნენ.
– წასვლამდე საქართველოს პატრიარქს შეხვდი, რომელმაც დაგლოცა...
– ძალიან გამიხარდა, ეს იყო ჩემთვის სასწაული. პირველად შევხვდი, დიდი საჩუქარი მაჩუქა – ლამაზი ჯვარი, რომელიც სულ მეკეთა კონკურსზეც. საგალობლებიც შევასრულე, ძალიან მოეწონა. მომეფერა: წკრიალა ხმა გაქვსო.
– რას აპირებ სამომავლოდ?
– ახალი წლის შემდეგ ამერიკაში წავალ და იქ გავაგრძელებ ცხოვრებას. სიმღერას მთელი ცხოვრება გავყვები.

скачать dle 11.3