კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა ავლაბრელი ძმების მიერ ერევნის ლომბარდის ფანტასტიკური ძარცვის საქმე კურიოზულად #48

სუფთა ნამუშევარი
1967 წლის 2 მაისს, სამშაბათს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე, ერევნის ლომბარდის უფროსი, 49 წლის არტურ პოღოსიანი, როგორც ყოველთვის, პირველი გამოცხადდა სამსახურში. არასაუწყებო დაცვის თანამშრომელს, რობერტ ქამალიანს ხელი ჩამოართვა, გაუღიმა და საკუთარი კაბინეტისკენ გაემართა, მესამე სართულზე. კაბინეტში მან ათიოდე წუთი დაჰყო. 8 საათსა და 40 წუთზე კი, მისივე კაბინეტის გვერდით მდებარე მთავარი სეიფის საცავ ოთახს პლომბი მოხსნა, საცავში შევიდა და გაოგნდა... საცავი ცარიელი იყო და „ოტოკ და გრილის“ ფირმის ცეცხლგამძლე, 950-კილოგრამიანი სეიფი სადღაც გამქრალიყო... სწორედ ამ საიმედო, მძიმე სეიფში ინახებოდა დალომბარდებული ძვირფასეულობა, რომელთა საერთოდ ოდენობა მილიონ საბჭოთა მანეთს აჭარბებდა... გაოგნებული, მაგრამ გამოცდილი პოღოსიანი მალევე მოეგო გონს. მან საცავის ოთახი გასაღებით ჩაკეტა, კაბინეტში დაბრუნდა და მომხდარის შესახებ მილიციას შეატყობინა.
ერევნის მილიციის სამმართველოს ოპერატიულ-საგამომძიებო ჯგუფი დილის 9 საათსა და 15 წუთზე უკვე ლომბარდის შენობაში იმყოფებოდა და შემთხვევის ადგილს ათვალიერებდნენ. ამოქმედდნენ კინოლოგებიც, რომლებმაც გერმანული ნაგაზი „ბერტა“ კვალის ასაღებად აუშვეს. თუმცა, ამან ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო.
– სუფთა ნამუშევარია, – თქვა პოდპოლკოვნიკმა იური ბაბაიანმა, რომელიც ამ მოკვლევას ატარებდა.
მოკვლევის შედეგები
ლომბარდის ძარცვის საქმის გამოძიებაც იური ბაბაიანს დაევალა და მოკვლევის შედეგების მოსახსენებლად, მილიციის სამმართველოს უფროსთან შესულმა, პოლკოვნიკს უთხრა:
– ამხანაგო პოლკოვნიკო, წინასწარი მოკვლევით დგინდება, რომ მოქმედებდა რამდენიმე მძარცველი, სავარაუდოდ ოცი, ოცდაორი კაცი... ძალიან სუფთა ნამუშევარია, ამხანაგო პოლკოვნიკო და აშკარაა, კარგად ორგანგიზებული ბანდა მოქმედებდა, – განაგრძო ბაბაიანმა, – ყველა კვალი წაშლილია სახურავზე. ფეხის ერთი ნაკვალევიც კი ვერ აღმოვაჩინეთ იქ, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა სამხილებზე. ბოროტმოქმედები, როგორც ეტყობა, 29-30 აპრილსა და პირველ მაისს, სამი დღის განმავლობაში შლიდნენ  ჭერს, რომ ოთახში ზემოდან ჩაეღწიათ. 29 და 30 შაბათ-კვირა იყო, პირველი კი – დღესასწაული და მათ საკმაო დრო ჰქონდათ სამუშაოდ. სხვენზე კი ბოროტმოქმედები ყრუ კედლიდან ავიდნენ, რომელიც ლომბარდს უკანა მხრიდან აკრავს. სავარაუდოდ, ეს ასე მოხდა: ერთ-ერთმა, ალბათ, ყველაზე მოხერხებულმა მძარცველმა ტუფის ქვების ღრმულებით ისარგებლა. მათში რკინის პალოების შესობით სახურავზე ააღწია და ალბათ, წინასწარ გამზადებული კიბე ჩაუშვა ქუჩაში, რომელიც თოკებისგან იყო დაწნული და სხვები ამგვარად ავიდნენ ზევით. სეიფის ოთახიდან ამოწევა და შემდეგ ქუჩაში ჩაშვება კი ტროსებით უნდა განხორციელებულიყო, რომლებიც მძარცველებს ხელებით ეჭირებოდათ. ქვევით სეიფს სატვირთო მანქანაში ჩადებდნენ და ამგვარად წაიღებდნენ. ერთადერთი გაურკვევლობაა სიგნალიზაციის გათიშვა, რომელიც სეიფთან წვრილი  მავთულით იყო დაკავშირებული სასიგნალო ფარიდან. მავთული მომძვრალია, მაგრამ სიგნალიზაცია მაინც არ ჩაირთო. ჩვენი ექსპერტები მისი ბლოკირების მიზეზს ადგენენ. დაკავებული გვყავს დარაჯი ქამალიანი და მისი ინტენსიური დაკითხვა მიმდინარეობს. ვამოწმებთ ყველა საეჭვო სატვირთო მანქანას და მათ მძღოლებს, ვისაც შეეძლო ამ ძარცვაში მიეღო მონაწილეობა. ამოვწიეთ ყველა იმ ელექტრიკოსის დოსიე და ვამოწმებთ, ვისაც კი ოდესმე ლომბარდის სიგნალიზაციაზე უმუშავია. გარდა ამისა, გვაქვს რა, გატაცებული ძვირფასეულობის სრული სია, გაფრთხილებული გვყავს ყველა იუველირი და გადამყიდველი, რომ თუკი გატაცებული ნივთი ხელში ჩაუვარდებათ, უმალვე გვაცნობონ.
ძმები მალაიანცები
მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდის ძარცვის საქმის გამოძიება კომპლექსურად მიმდინარეობდა, შედეგი აბსოლუტურად ნული იყო... ერთ-ერთი საგამოძიებო მოქმედება გახლდათ იმ ელექტრიკოსთა დაკითხვა, ვისაც კი ოდესმე ლომბარდში უმუშავია სიგნალიზაციის დაყენებაზე. ასეთი სულ, ოცდახუთი ადამიანი აღმოჩნდა და მათ შორის, იყვნენ თბილისელები, ავლაბარში მცხოვრები ტყუპი ძმები – 34-34 წლის ავეტიკ და ვართან მალაიანცები. ისინი 1960 წელს, ანუ ძარცვამდე შვიდი წლით ადრე, ეხმარებოდნენ სიგნალიზაციის დაყენებაში თავიანთ გარდაცვლილ ბიძას, მისაკ მალაიანცს, რომელიც ერევანში ცხოვრობდა და ძმისშვილები, უბრალოდ, საქმეში დაიხმარა. მაშინ, ავეტიკმა და ვართანმა სამი დღე იმუშავეს და 200-300 მანეთი გამოიმუშავეს. გამომძიებელმა ტყუპები პირადად ჩამოიყვანა თბილისიდან ერევანში და დაკითხვის შემდეგ, გაუშვა.
ავეტიკი და ვართანი თბილისის საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების დაწესებულებაში მუშაობდნენ ელექტრიკოსებად, რომელიც კოლმეურნეობის მოედანზე მდებარეობდა და „პირიმზე“ ეწოდებოდა, სამსახურში მათ ყოველმხრივ დადებითად ახასიათებდნენ. იყვნენ უცოლოები და ჰყავდათ მამა, 64 წლის ლეონი. მალაიანცები ავლაბრის აღმართზე მდებარე კერძო სახლში ცხოვრობდნენ. სოღანლუღში პატარა ნაკვეთი ჰქონდათ, სადაც ხეხილი იყო დარგული და მას ლეონი უვლიდა.
ფანტასტიკური ძარცვა
ავეტიკ და ვართან მალაიანცები იური ბაბაიანმა 5 მაისს დაჰკითხა და შებინდებისას გაუშვა. რადგან პარასკევის საღამო იყო, ტყუპებმა შაბათ-კვირის გატარება ერევანში გადაწყვიტეს და ბიცოლას, კარინას ესტუმრნენ. 7 მაისს კი ღამით, ერევანი-თბილისის მატარებელს გაჰყვნენ, რომ დილით სამსახურში გამოცხადებულიყვნენ. ორშაბათს, 1967 წლის 8 მაისს, საღამოს 6 საათსა და 45 წუთზე, „პირიმზიდან“ გამოსული ტყუპები თბილისის მილიციის სამმართველოს ოპერჯგუფმა აიყვანა და დაკითხვაზე წაიყვანეს.
– აბა, გამოტყდით, გვრიტებო, თუ როგორ გაძარცვეთ ერევნის ლომბარდი, – „აჯახა“ ტყუპებს თაზო ქვარცხავამ, თან ეშმაკურად გაუბრწყინდა თვალები.
ძმები, რა თქმა უნდა, გაკვირვებულები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვარცხავამ მათ სოღანლუღის ნაკვეთში აღმოჩენილი „ოტოკ და გრილის“ ფირმის აუტოტენით გაჭრილი სეიფის ფოტოები უჩვენა, ძმებს ნირი წაუხდათ... პირველი ვართანი მოეგო გონს და ქვარცხავას ჰკითხა:
– როგორ მიაგენით სეიფს?
ქვარცხავას გაეცინა და მიუგო:
– კვირას, დილით, მამათქვენი ლეონი იყო ნაკვეთში და სეიფი რომ ნახა, მისი ჯართში ჩაბარება გადაწყვიტა. მიმღებ პუნქტში კი უკვე გაფრთხილებულები იყვნენ. ჩვენ შეგვატყობინეს და დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო...
ცნობილი ფირმის ცეცხლგამძლე სეიფის შესახებ ერევნის მილიციის სამმართველომ მთელი საბჭოეთის მასშტაბით გაავრცელა ინფორმაცია და მართალია, დიდი იმედი არ ჰქონდათ, რომ ამ საქმეს გახსნიდნენ, მაგრამ გაუმართლათ. ძმებს ერევნიდან გატაცებული ძვირფასეულობა სამსახურში, „პირიმზის“ ნესტიანი სარდაფის მიწაში ჰქონდათ ჩაფლული და ქართველმა მილიციელებმა მათ ადვილად მიაგნეს. თავად დანაშაული იმდენად უბრალოდ და ორიგინალურად იყო ჩადენილი, რომ მილიციელებიც კი, აღფრთოვანებულები იყვნენ. ეს ფანტასტიკური ძარცვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაბაიანს ეგონა, ოცმა-ოცდაორმა ადამიანმა ჩაიდინაო, მხოლოდ ძმებმა განახორციელეს. ტექნიკურ საშუალებად კი მხოლოდ დენის დამაგრძელებელი, ოთხი ცალი 20-20 მეტრის სიგრძის ტროსი, ავეტიკის გაკეთებული მინიამწე და საკაცე მოწყობილობა, აგრეთვე, „ერაზის“ ფურგუნიანი მანქანა გამოიყენეს... ავეტიკის ჩვენებაში ვკითხულობთ: „ლომბარდის ძარცვის იდეა ჯერ კიდევ მაშინ გაგვიჩნდა, როცა ბიძაჩვენთან ერთად, სიგნალიზაციას ვაყენებდით იქ. სწორედ შვიდი წლის წინ მოვათავსეთ სასიგნალიზაციო კაბელში დასაბლოკი მოწყობილობა, რომელიც დამიწების შემთხვევაში, ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა და სწორედ ეს ხერხი გამოვიყენეთ სიგნალიზაციის გათიშვისას 1 მაისს. სხვენში მე და ჩემი ძმა ფოლადის ჩხირების გამოყენებით ავძვერით, რომლებსაც ქვების ღრმულებში ვარჭობდით. ოთახის ჭერი ვაკუუმზე მომუშავე უხმო ხერხით ამოვჭერით, სეიფი ჩემ მიერ აწყობილი მცირეგაბარიტიანი, მაგრამ მძლავრი ამწეთი ამოვწიეთ და შემდეგ „ერაზში“ ჩავდეთ, რომლეიც ფოლადის გასაშლელი ფეხებით იყო აღჭურვილი. სეიფს კი უბრალო, დაზეთილი ბურთულისაკისარიანი ფოლადის დასაკეცი საკაცით გადავაადგილებდით. თბილისში იმავე ღამეს ჩამოვედით. სეიფი ჩვენს სოღანლუღის ნაკვეთში გავჭერით და ძვირფასეულობა „პირიმზეში“ გადავმალეთ. თავად სეიფის დაფვლას ჩვენივე ნაკვეთის მიწაში ვაპირებდითო...“
მთელი მოწყობილობების საერთო წონა, რომლითაც ტყუპებმა ლომბარდის ფანტასტიკური ძარცვა ჩაიდინეს, 35 კილოგრამს არ აღემატებოდა და უმაღლეს დონეზე იყო დამზადებული. სასამართლომ, მალაიანცებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ერევნის ციხეში გაამწესეს.

скачать dle 11.3