კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითხოვენ ქართველი მამაკაცები დეკრეტული შვებულებით სარგებლობის უფლებას და რატომ ირღვევა დედების უფლებები #48

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” მამაკაცებისთვის ბავშვის მოვლის გამო, შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.   რატომ ვერ სარგებლობენ ამ უფლებით დღეს მოქმედი კანონმდებლობით მამაკაცები და რა  უპირატესობით სარგებლობენ  ბავშვის მშვილებელი მამები, ბიოლოგიურ მამებთან შედარებით. ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტს, სალომე ჯოხაძეს გავესაუბრეთ
სალომე ჯოხაძე: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლება განსაზღვრულია შრომის კოდექსის მიხედვით და შეადგენს სრულ 730 დღეს.  დასაქმებულს შეუძლია, თავისი სურვილის მიხედვით  გამოიყენოს და გადაანაწილოს სხვადასხვა პერიოდებზე  ეს დღეები. თუმცა, კოდექსით  განსაზღვრული არაა, კერძოდ, ვის ენიჭება ეს უფლება,  ვინაიდან დასაქმებული მოიცავს, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს.   იქიდან გამომდინარე, რომ ამ  სამი კომპონენტიდან ორი: ორსულობა და მშობიარობა მხოლოდ ქალს ეხება,  შესაბამისად,  სხვადასხვა ნორმის ერთობლიობით, გამოდის, რომ  ამ შვებულების უფლებით  შეუძლიათ ისარგებლონ მხოლოდ ქალებმა და კოდექსი, კაცს არ მოიაზრებს. ერთადერთი შემთხვევა, როცა ბიოლოგიურ მამას შეუძლია ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არის  შემთხვევები,  როდესაც დაიბადება ცოცხალი ბავშვი და გარდაიცვლება დედა. ასეთ დროს საავადმყოფო ფურცელი გაიცემა მამაზე ან ბავშვის სხვა  ფაქტობრივ მომვლელზე. ჩვენი სარჩელი, ბუნებრივია,  ეხება მხოლოდ ბავშვის მოვლის ნაწილს  და არა ორსულობისა და მშობიარობის კომპონენტებს. ამას გარდა, შრომის კოდექსის მიხედვით,  ბავშვის მოვლის გამო შვებულების უფლებით სარგებლობა შესაძლებელია,  როცა ბავშვი შვილად აჰყავს წყვილს. ეს უფლება ენიჭება, როგორც ქალს, ასევე მამაკაცს,  ასეთ  შემთხვევებში, მათ დაუბრკოლებლად შეუძლიათ შვებულების მიღებაც 550 დღის ოდენობით,  აქედან 90  დღე არის ანაზღაურებადი, დარჩენილი არ ანაზღაურდება. ასეთი  შვებულების საფუძველს წარმოადგენს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ბავშვის შვილად აყვანის  შესახებ, რაც შეეხება როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. აქ არანაირი ბუნდოვანება არ არსებობს. რაც შეეხება ბიოლოგიური ბავშვის მშობლების შემთხვევებს, ანაზღაურების გაცემის საფუძველს წარმოადგენს   საავადმყოფო ფურცელი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მშობიარე ქალზე გაიცემა. ბრძანებაც, რომელიც უშუალოდ ანაზღაურების საკითხს არეგულირებს, პირდაპირ მიუთითებს, რომ  ანაზღაურების მიღება შეუძლია მხოლოდ ქალს. თუ კანონში არსებობს  გაურკვევლობა, შვებულების უფლების გამოყენებასთან დაკავშირებით,  არანაირი გაურკვევლობა  არ არსებობს ანაზღაურების ნაწილში და ცალსახად არის გამორიცხული მამაკაცი, როგორც ამ უფლების მქონე სუბიექტი. მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს ამ რეგულაციებს, მოთხოვნით, რომ ეს არის დისკრიმინაციული ნორმა – ერთ შემთხვევაში,  ბიოლოგიური მამები უფრო ცუდ მდგომარეობაში არიან,  ვიდრე შვილად ამყვანი მამები, აქედან გამომდინარე, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არიან ბიოლოგიური დედებიც.  ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს ნორმა ეწინააღმდეგება ისეთ კონსტიტუციურ უფლებას, როგორიცაა შრომის უფლება. ასევე, ირღვევა ოჯახისა  და მეუღლეთა   უფლებრივი თანასწორობის საკითხი,  რადგან კანონის მიხედვით, ოჯახის კეთილდღეობა გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან და  მეუღლეები ერთმანეთთან ურთიერთობაში უფლებრივად თანასწორნი არიან. სარჩელში გვაქვს კიდევ ერთი მოთხოვნა – ეს არის  იგივე პრობლემა, დანახული ქალის მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის მოვლა არის არა მხოლოდ უფლება, ასევე  პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალს ეკისრება, მათ აყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში, იგივე ბიოლოგიურ მამებთან დაკავშირებით. ამგვარი რეგულაციები შემდგომში ასახვას ჰპოვებს ბევრ  საკითხზე - კარიერულ წინსვლაზე, პროფესიულ ზრდაზე და ასე შემდეგ.    
– რა გახდა ამ სარჩელის საფუძველი – ჩატარდა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც მამაკაცები ამ უფლების მოპოვებას ითხოვენ? ვინ არის მოსარჩელე მხარე? თავად მამაკაცები მიიჩნევენ, რომ ამ მხრივ იჩაგრებიან?
–  ამ სარჩელში არის სამი მოსარჩელე: ორი მამაკაცი და ერთი – ქალი. ერთ-ერთი მამაკაცი არის პირი, რომელსაც შეეძინა ბიოლოგიური შვილი და ვერ შეძლო  შვებულებით სარგებლობა, მოთხოვნის მიუხედავად.  სახალხო დამცველის ჩარევით და სხვა ღონისძიებებით, მან მიიღო შვებულება, თუმცა ვერ მიიღო ანაზღაურება, სოციალური მომსახურების სააგენტოს უარის საფუძველზე, რომელიც უშუალოდ გასცემს ანაზღაურებას. მოგეხსენებათ,  ადამიანებს საკონსტიტუციო სასამართლოში  აქვთ არა მხოლოდ დარღვეულ უფლებებზე დავის,  არამედ იმ  უფლებებზე დავის უფლებაც,  რაც მათ შესაძლოა, შემდგომში დაერღვათ. შესაბამისად, მეორე მოსარჩელე არის პოტენციური ბიოლოგიური მამა,  ქალს, რომელიც ხელს აწერს სარჩელს, ჰყავს ახლადშეძენილი შვილი, მან ისარგებლა დეკრეტული შვებულებით, თუმცა ამ უფლებით ვერ ისარგებლა მისი შვილის მამამ. 
ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ასეთი გამოკითხვა არ  ჩატარებულა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა ეს რეალურად პრობლემა, რა თქმა  უნდა, არის. საზოგადოების დამოკიდებულება, სტერეოტიპული შეხედულებები ქმნის გარკვეულ ბარიერს. მამაკაცები ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობენ, თუმცა იმას ყველა ვაღიარებთ, რომ, როდესაც ოჯახში ჩნდება ბავშვი, ჩნდება ახალი ვალდებულებები, რაც დამოკიდებულია ფინანსურ უზრუნველყოფასთან.  ეს  არ არის ერთადერთი არგუმენტი, რის  გამოც მამაკაცები არ ითხოვენ ანაზღაურებად შვებულებას. აქ მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება, როცა გვესმის დეკრეტული შვებულება, ეს პირდაპირ ასოცირდება ქალთან, რაც მამაკაცთა ნაკლები ინფორმირებულობის ბრალიცაა.  დარწმუნებული ვარ, ცვლილების შემთხვევაში, მამაკაცები აუცილებლად ისარგებლებენ დეკრეტული შვებულებით, რადგან უფრო და უფრო იზრდება მამაკაცთა რიცხვი, რომლებიც გამოხატავენ ამ  ნებას. ეს თემა  აქტიურად იყო წარმოჩენილი სახალხო დამცველის ანგარიშებში. აქცენტი დასმული იყო  ანაზღაურების ბუნდოვანების ნაწილზე. არსებობს რამდენიმე შემთხვევა, როცა მამაკაცებმა აიღეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება.   ნებისმიერ დამსაქმებელს შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებით, კეთილი ნებით მისცეს თავის ორგანიზაციაში დასაქმებულს ასეთი შვებულება. თუმცა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს არაა ის, რასაც მას კანონი ავალდებულებს. დეკრეტული  შვებულება მამაკაცების შემთხვევაშიც განსაზღვრული უნდა იყოს კანონით და არ უნდა იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის კეთილ ნებაზე. ჩვენ ხელი მიგვიწვდება მხოლოდ იმ მონაცემებზე, თუ რამდენმა ადამიანმა ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით. მამაკაცების შემთხვევაში,  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში  ისარგებლა სულ 5-მა ადამიანმა, აქედან ერთი შემთხვევა ეხებოდა ბავშვის შვილად აყვანის ფაქტს, ხოლო დანარჩენი – როდესაც ქალი გარდაიცვალა მშობიარობის შემდეგ.
–  როგორია ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებების პრაქტიკა სხვა ქვეყნებში და როგორ ფიქრობთ, დაკმაყოფილდება თუ არა თქვენი სარჩელი?
–   დარწმუნებული ვარ, სასამართლო ადეკვატურად შეაფასებს არსებულ პრობლემას და რეალურად დაინახავს, რომ არსებობს შეზღუდვა. მგონია, რომ ანაზღაურების ნაწილში, ცალსახად დადგინდება, რომ ეს არის დისკრიმინაცია. მე გეტყვით, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას ამ მიმართულებით. სასამართლომ დისკრიმინაციად ჩათვალა, მხოლოდ ქალის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით – სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის დისკრიმინაციაც. მეორე შემთხვევა უკავშირდებოდა რუსეთის მოქალაქეს,  მშობლის სტატუსს, როდესაც მხოლოდ ბიოლოგიური მამა ვერ სარგებლობდა უფლებით, რაც ჰქონდა შვილად ამყვან მამას. რაც შეეხება მოქმედ კანონმდებლობას, შვედეთში, გერმანიაში, ამერიკაში ეს საკითხი სხვადასხვა ფორმითაა  დარეგულირებული  კანონით, რომლის მიხედვითაც  გათვალისწინებულია ბევრი სახის შვებულება და არა მხოლოდ ეს კონკრეტული შემთხვევა. ამ ქვეყნებში კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულს ჰქონდეს ასეთი შვებულების მიღების უფლება. ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო აქტები, რაც მიუთითებს არადისკრიმინაციული დამოკიდებულების აუცილებლობაზე და მთავარი: ჩვენ უნდა ამოვიდეთ ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან, რომ ის იზრდებოდეს ბიოლოგიური მშობლების მიერ. ამაში კი მოიაზრება არა მხოლოდ დედა, არამედ მამაც, რომლის ჩართულობა ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

скачать dle 11.3