კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაურთულა ცხოვრება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ ცოლს და რატომ „აშიმშილა“ მან საკუთარ ქორწილში სტუმრები #47

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მას ზაზა თავაძე უხელმძღვანელებს. მისი შრომითი ბიოგრაფია მრავალფეროვანი და „დახუნძლულია” – იერარქიული კარიერა რიგითი იურისტის პოზიციაზე დაიწყო და ყველა იურისტისთვის საოცნებო თანამდებობამდე მივიდა. როგორ გაიარა ეს გზა, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან შევიტყობთ,  რომელიც მაღალი რანგის მიუხედავად,  საზოგადოებასთან კონტაქტს თავს არ არიდებს. ის კომუნიკაბელური და გახსნილი ადამიანია.  ჩვენი შეხვედრა მის ოჯახში შედგა, სადაც მასპინძლობა ზაზა თავაძის არაჩვეულებრივმა მეუღლემ,  თეა ძოწენიძემ გაგვიწია. ცხოვრება კადრს მიღმა და გატაცებები,  რასაც წლებია, ვერ შეელია – „თბილისელები” საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მამის, მეუღლისა და უბრალოდ, მეოჯახე კაცის  როლში წარმოგიდგენთ. 
– ბატონო ზაზა,  როგორია განცდა და ემოცია,  როდესაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ხდები?
– ეს თანამდებობა ნებისმიერი იურისტისთვის პროფესიული  მწვერვალი და   დიდი პატივია, შესაბამისად,  არ დაგიმალავთ, რომ  ამ პოზიციაზე არჩევა, ადამიანურად  საკმაოდ  ემოციურია. 
– თქვენი არჩევა მოხდა  საკმაოდ მძიმე და დაძაბული პერიპეტიების  ფონზე. ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლო და  მისი თავმჯდომარე   მუდმივად ხდება ჩვენთან პოლიტიკური ვნებათაღელვისა და პოლიტიკოსების ბრალდებების სამიზნე. მზად ხართ იმ ბატალიებისთვის, რაც წინ გელით?
–  როდესაც თანხმდები, აგირჩიონ ამ თანამდებობაზე, უკვე გააზრებული გაქვს და მზადაც უნდა იყო იმ ვნებათაღელვისთვისაც, რაც გელის.  მაღალი თმენის ვალდებულებით ვარ აღჭურვილი და ზუსტად მაქვს გაცნობიერებული ჩემი პოზიცია. ვერავინ გაექცევა მითქმა–მოთქმას, რაც ჩვენთან  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გარშემოა. როგორც მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლო ნეგატიური კანონმდებელია, რომელიც ძალადაკარგულად აცხადებს ნებისმიერ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რომელსაც ჩათვლის, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. სასამართლო განხილვისას ზოგადად და საკონსტიტუციო სასამართლოშიც, მინიმუმ ორი მხარეა და მათგან ერთ-ერთს აპრიორი შეიძლება, არ მოეწონოს ჩვენი გადაწყვეტილება. მე არასდროს ვყოფილვარ  პოლიტიკური პარტიის წევრი, მეტსაც გეტყვით, პოლიტიკა არასდროს ყოფილა ჩემი ინტერესების სფერო. როცა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხდები, ვალდებული ხარ, იყო აპოლიტიკური და არ იყო არცერთი პოლიტიკური პარტიის მხარეს. ეს სასამართლო ზუსტად იმისთვისაა შექმნილი, რომ იყოს დაცული ბალანსი ხელისუფლების შტოებს შორის და მის გადაწყვეტილებებზე  არ აისახებოდეს არცერთი პოლიტიკური პარტიის  გავლენა.  
– როდესაც  ოპონენტები  ბრალდებებს გიყენებდნენ,  ყველაზე ხშირად რაც ისმოდა, იყო თქვენი მუშაობის პერიოდი  პროკურატურაში, ასევე, როდესაც მუშაობდით   იუსტიციის მინისტრის მოადგილედ.  რა გაკავშირებდათ ზურაბ  ადეიშვილთან, როგორ გახდით  მისი მოადგილე?
– მე არ მიმაჩნია, რომ ეს არის  „კომპრომატი”   პროფესიონალი იურისტის წინააღმდეგ, რომელსაც უწევს  თავისი პროფესიული  საქმიანობის შესრულება. თავიდან იუსტიციის სამინისტროში მივედი 1999 წელს, დავინიშნე მრჩევლად მას შემდეგ, რაც მივიღე უმაღლესი შეფასება ერთ-ერთ პირველ კონკურსში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა. წერილობით უნდა ჩაგვებარებინა  იურისპრუდენცია. ძირითადად, კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის კუთხით იყო შეკითხვები. ჩემი კარიერა საჯარო სამსახურში მოიცავს 17 წელს. აქედან ერთ–ერთი საუკეთესო პერიოდი უკავშირდება იმ დროს, როცა მე ვიყავი HR დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე გენერალურ პროკურატურაში და შემდეგ უკვე, ამ დეპარტამენტის უფროსი, მერე კი – იუსტიციის მინისტრის მოადგილე. თავიდან ჯერ ნიკა გვარამიას მოადგილე ვიყავი, სადღაც ერთი წელი, შემდეგ კი ორი წელი – ზურაბ ადეიშვილის. 2004 წელს ვმუშაობდი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსად, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო. ამ პერიოდში ერთდროულად ორ სხვადასხვა უწყებაში შემომთავაზეს მუშაობა – ერთი  ვაკანსია იყო პროკურატურაში, HR დეპარტამენტში, რომლის უფლებამოსილებაა ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა ადმინსტრაციულ საქმეებზე. მეორე კი – შინაგან საქმეთა სამინისტროში, აპარატის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. ერთი CV გავაგზავნე გენერალურ პროკურატურაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ზურაბ ადეიშვილი, მეორე –  შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც ვიცი, ჩემი კანდიდატურა მოიწონეს ორივე უწყებაში, მაგრამ მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა დაასწრო გადაწყვეტილების მიღება და დავინიშნე HR დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. წარმოებაში მქონდა დაახლოებით სამასი ადმინისტრაციული საქმე და ამ საქმეების მეშვეობით გამიცნო საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული მიმართულების თითქმის ყველა ინსტანციის მოსამართლემ, როგორც პროკურატურის წარმომადგენელი. აქედან დაიწყო ჩემი და ზურაბ ადეიშვილის ურთიერთობაც, რომელიც სამსახურებრივ ურთიერთობაზე იყო აგებული. ერთად ვიმუშავეთ ექვსი წელი და ბოლო წლებში, უკვე მეგობრული ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა. თავისთავად ბევრ საკითხზე გვქონდა აზრების თანხვედრა და ბევრზე – განსხვავებული მიდგომები. ვფიქრობ, ჩემი კარიერის ამ მონაკვეთში დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც საჯარო მოხელემ. გენერალურ პროკურატურაში ვმუშაობდი, მაგრამ არ ვიყავი წმინდა წყლის პროკურორი. იმავდროულად, ხუთი წელი ვიყავი პროკურატურის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეც და ჩემს ხელში გაიარა ძალიან ბევრმა მომავალმა პროკურორმა და გამომძიებელმა. ვგულისხმობ, მათ დანიშვნას სტაჟირების წესით, რომელიც როგორც ვიცი, დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ნოვატორული, ჯანსაღი და ნეპოტიზმის წინააღმდეგ მიმართული პროექტი, რომელიც მაშინ დაინერგა. იმ პერიოდში, სადღაც ორასზე მეტი ახალი გამომძიებელი და პროკურორი, რომლებიც შერჩნენ საკმაოდ მკაცრი საკონკურსო წესით, დღეს საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე არიან და ამით ძალიან ვამაყობ.
– სად და როგორ გაიხსნა თქვენი შრომის წიგნაკი?
– ჩემი კარიერა დაიწყო 1999 წელს, ზესტაფონის რაიონის გამგეობის იურისტის პოზიციაზე. ნაბიჯ–ნაბიჯ გავიარე კარიერული იერარქიის თითქმის ყველა საფეხური. ზესტაფონში  დავიბადე, ამავე რაიონის სოფელ ზედა საქარაში გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩემი მშობლები დღესაც ზესტაფონში  ცხოვრობენ.  სტანდარტული,  მშრომელი და ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა – მამა მუშაობდა ფეროშენადნობ ქარხანაში,  იყო მძიმე ტექნიკის ექსპლუატაციის ერთ–ერთი მაღალი დონის პროფესიონალი. დედამ, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სამსახურს თავი დაანება და მთლიანად  შვილების მოვლით იყო დაკავებული. ახლა ორივე პენსიონერია და პლუს, ოჯახური მეურნეობაც აქვთ. მქონდა კარგი, ლაღი ბავშვობა. რაც აუცილებელი იყო, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვიყავი, განსაკუთრებით, ბევრი  წიგნით.  იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცელქი ვიყავი, სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი, განსაკუთრებით, ჰუმანიტარულ საგნებს. ხუთოსანი ვიყავი მეოთხე კლასიდან, მეთერთმეტე კლასის ჩათვლით. ჩემთვის პატარა ნოველებსაც ვწერდი. ოჯახს  პრობლემებს არ ვუქმნიდი, მაგრამ იმდენად ვერ  ვიტანდი, როცა ჩემ ირგვლივ ვინმეს დაუმსახურებლად ჩაგრავდნენ, რომ ამის გამო ინციდენტები და  ისტორიებიც არ მაკლდა. საკუთარი სიცელქის წყალობით, ხან თავი მქონდა გატეხილი, ხან ხელი – მოტეხილი. თუ გავბრაზდი... გაბრაზება დღემდეც  კარგი ვიცი – როგორც იმერელ კაცს შეშვენის, ჩქარი ვარ (იცინის). მოგვიანებით, დედაჩემის ხვედრი  გაიზიარა ჩემმა მეუღლემ. თეა პროფესიით იურისტია, მაგრამ  როგორც კი პირველი ბიჭი შეგვეძინა, თეამ სამსახურს თავი დაანება. მერე გაჩნდა მეორე შვილი, მესამე და ასე, თქვა თეამ უარი  კარიერაზე.
– როგორ გადაიკვეთა თქვენი ცხოვრება, საერთო პროფესიის წყალობით?
თეა: ერთმანეთი საერთო მეგობრების წყალობით გავიცანით. ჩემი ჯგუფელი გაჰყვა ცოლად ზაზას მეგობარს და მათგან გავიცანით ერთმანეთი. საოცარი ქორწილი გვქონდა – სუფრა თბილისში იყო გაშლილი, ხელი სიღნაღში მოვაწერეთ, ჯვარი კი ალავერდში დავიწერეთ. სტუმრები ლამის შიმშილით დავხოცეთ, სანამ თბილისში დავბრუნდით (იცინის).  
 –  ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, თქვენი ახალი სტატუსი შეცვლის თქვენს ცხოვრებას –   გაართულებს?  
 ზაზა: პირდაპირ გეტვით, ვიცი, რომ გართულდება (იცინის). იქნება გარკვეული ჭორები, რისი ნიშნებიც უკვე იყო,  როდესაც ამ ხმებს რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, ცოტა რთულია იმის მოსმენა, მაგრამ თმენის ვალდებულება მაიძულებს, ადამიანური განცდები გვერდზე გადავდო. რასაც თავმჯდომარეობა მოითხოვს და გიწესებს. დიდწილად შეიზღუდება ჩემი თავისუფალი დრო,  სივრცე, რომელსაც პირადი ცხოვრება ჰქვია.  კიდევ უფრო გაურთულდება ცხოვრება ჩემს მეუღლეს, რომელიც  ჩვენს სამ შვილს ზრდის და ოჯახის ყოველდღიურ სამეურნეო საქმეებს უძღვება. თუმცა, მათი დაგეგმვა სრულიად დემოკრატიულად, პარიტეტის დაცვით ხდება.
–  უკვე წლებია, ბათუმში „ნებაყოფლობით ემიგრაციაში” ცხოვრობთ. ოჯახი არ არის თქვენთან  ერთად? 
–  ექვსი წელია, ბათუმში ვცხოვრობ. პირველი სამი წელი თეა და ბავშვები ბათუმში, ჩემთან ერთად ცხოვრობდნენ. მაგრამ, როცა  უფროსი ბიჭის, გიორგის  სკოლაში მიყვანის პერიოდი დადგა, მე და თეამ სრულიად  „დემოკრატიულ თათბირზე” მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საცხოვრებლად თბილისში გადმოსულიყვნენ. ბავშვის განათლების გამო, მომიწევს, ოჯახს შეველიო, რაც  იოლი არაა.  ძალიან ხშირად მიწევს თბილისში ჩამოსვლა.  სამ ბიჭს,  მამისგანაც ბევრი ყურადღება სჭირდება.   
  –  სახლში თქვენი რეჟიმის გამო „საჩივრის წიგნი” უკვე  გაჩნდა?
–  თეას დამსახურებაა, რომ „საჩივრის წიგნი” არ გვაქვს და იმედია, არც იქნება.  არ გეგონოთ, ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო, მთლიანად გათავისუფლებული ვარ ოჯახური საზრუნავებისგან. ბავშვებისთვის  მამა ძალიან ბევრს ნიშნავს. როდესაც თბილისში ვარ, ბავშვებს პარკში ვასეირნებ, მათთან ერთად ვგეგმავ აქტივობებს. დილით საუზმეს ბიჭებთან ერთად ვამზადებ. გვაქვს ჩვენი ტრადიციები, რასაც არ ვარღვევთ. მაგალითად, თუ თბილისში ვარ, ბიჭები ჩემ გარეშე არ იძინებენ. ძილის წინ ზღაპრები მე უნდა წავუკითხო. ახლა ანდერსენის ეტაპი გვაქვს. რაც ბავშვობაში ზღაპრები გამომრჩა, ახლა ავინაზღაურე (იცინის).
–  თეა, კარიერულ წინსვლასთან  ერთად, როგორ შეიცვალა მეუღლე ოჯახში?
თეა: თანამდებობებს ზაზა თითქმის არ შეუცვლია. როგორი უშუალო და გახსნილიც იყო ადამიანებთან ურთიერთობაში, ისეთია ახლაც.   როგორც ჭეშმარიტ იმერელ კაცს შეჰფერის, ემოციური და ჩქარია (იცინის). რა პასუხისმგებლობა აქვს საქმეში ოჯახურ ურთიერთობებზე ეს არ გადმოდის.  სახლში მარტივად მოსავლელია, არ არის პრეტენზიული, არ ითხოვს განსაკუთრებულ საკვებს. თვითონაც კარგად გამოსდის მომზადება. ასე რომ, ახლა, როცა ბათუმში მარტო ცხოვრობს, ამ მხრივ მშვიდად ვარ.  ვიცი, რომ საკუთარ თავს მშვენივრად მიხედავს. თუ მოინდომა,  გემრიელ საჭმელსაც აკეთებს. სტუდენტობის დროს, მარტო ცხოვრობდა და დაოსტატდა (იცინის).
ზაზა: ვფიქრობ, თეას ჩემს კარიერაში დიდი როლი მიუძღვის. თვითონ ძალიან მორიდებული და თავმდაბალია და ამას არასდროს აღნიშნავს. თუმცა, მე ვაღიარებ – რომ არა თეას დიდი თანადგომა და ხელშეწყობა,  საკმაოდ რთული იქნებოდა ამ პოზიციებზე მუშაობა. მინისტრის მოადგილეობისას სახლში  ღამის 2–3 საათზე ვბრუნდებოდი. წელიწადში, თითქმის რამდენიმე დღე იყო გამონაკლისი. ეს ხომ იოლი არაა ოჯახის წევრებისთვის?    
–  გაქვთ რაიმე ჰობი, გატაცება, ის, რაც თქვენს პროფესიას არ უკავშირდება?
– წლების განმავლობაში დავდიოდი ძიუდოზე, გამოვდიოდი ასპარეზობებზე, საკმაოდ  კარგი   წარმატებებიც მქონდა. 1991 წელს რუსეთში, საკავშირო ტურნირის გამარჯვებულიც კი გავხდი ახალგაზრდებს შორის. მაგრამ, 90–იან წლებში, როცა ყველაფერი აირია, სპორტისთვის აღარავის ეცალა და თან, იმავდროულად, მისაღები გამოცდებისთვის ვემზადებოდი და ოთხ რეპეტიტორთან დავდიოდი, ამანაც განაპირობა, იქ დამესრულებინა ჩემი სპორტული კარიერა. თუ მაქვს თავისუფალი დრო, მას ძირითადად, ოჯახთან ერთად ვატარებ. მივდივართ ტყეში, ბუნებაში. სოფელში გავიზარდე და მიწასთან, ბუნებასთან კავშირი ჩემთვის  ბევრს ნიშნავს.  უფრო მეტიც, შაბათ–კვირას ბავშვები ჩამყავს სოფელში, ვაჩვევ  გარემოს, ვუხსნი, რას ნიშნავს სოფელი,  ბებია–ბაბუასთან ყოფნის ხიბლი. მიყვარს  ბავშვების წაყვანა ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების მოსანახულებლად. ვფიქრობ, მათ მამისგან უნდა იცოდნენ თავისი ქვეყნის ისტორია.  იყო დრო, აქტიური მონადირე ვიყავი. სოფელში დავიწყე ნადირობა, მაგრამ მერე არეალი გავაფართოვე – მინადირია პალიასტომის მიმდებარედ და ბევრ სხვა ადგილას, რა თქმა უნდა,  კანონმდებლობის დაცვით. სოფელში მყავს ორი სუფთა ჯიშის  ძაღლი –  ირლანდიური სეტერი და გერმანული კურცხარი, რომლებითაც, როგორც ყოფილი მონადირე, ძალიან ვიწონებ თავს (იცინის). ერთადერთი, რითაც კლასიკური მონადირის ნაწილში ვღალატობ ტრადიციას, გადამეტებულად არ ვყვები ისტორიებს ჩემი ნანადირევის შესახებ. თუმცა, ნადირობის შემდეგ, საველე პირობებში ჩემი ნანადირევის მომზადება კარგად გამომდის და ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, ბოლო დროს ნადირობისთვის ვეღარ ვიცლი და ვიცი, რომ ამ გატაცებას ჩემი რეჟიმის გამო, ალბათ, დროებით შეველევი (იცინის).

скачать dle 11.3