კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაფეხმძიმდა მამა მერაბ დეკანოსიძის ლოცვით ერთ წელში 200-ზე მეტი უშვილო ქალი #47

2010 წელს დიდი დიღომში დეკანოზმა მერაბ დეკანოსიძემ წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ააშენა, რასაც ბევრი სასწაული უკავშირდება. მამა მერაბმა ხატვა 53 წლის ასაკში დაიწყო. უკვე 17 პერსონალური გამოფენა მოაწყო  და მისი დაწერილი ხატები არაერთი ოჯახის შემწე გახდა. ტაძარში მადლიერი მომლოცველები და იმედით აღსავსე,  ჯერ კიდევ პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანების რიგი არ წყდება. რა სასწაულებს ახდენს მამა მერაბის დაწერილი ხატები და რატომ უჭირთ ექიმებს ამ შედეგების ახსნა, ამ და სხვა არაერთი საინტერესო ფაქტის შესახებ, თავად გვესაუბრა.
მერაბ დეკანოსიძე: სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ვიყავი უნივერსიტეტში. ყოველთვის მორწმუნე გახლდით. ერთ მშვენიერ დღეს დამეწყო გამოცხადებები – რაღაც ხმა შემოდიოდა, რაც გამუდმებით მეუბნებოდა: დამთავრდა შენი ერისკაცობა, დარჩენილი ცხოვრება მე უნდა მომიძღვნა, მე ვარ უფალიო. ეს ხმა მომიწოდებდა ლოცვისა და ფსალმუნების კითხვისკენ. აქედან გამომდინარე, მივხდი, რომ არ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო რაიმე ბოროტი ძალისგან. 6 თვე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ვცდილობდი, წინააღმდეგობა გამეწია ამ ხმისთვის, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. გადავწყვიტე, მონასტერში წავსულიყავი. რომ მივედი, ფაქტობრივად, ისე ვიცოდი ლოცვა, როგორც მორჩილებმა და ბერებმა. დავდექი მედავითნედ. მითხრეს, შენზე სული წმიდის მადლია გადმოსული, უფალმა ამოგირჩიაო. მირჩიეს, მეუფესთან წავსულიყავი. წავედი კახეთში, იქაც მედავითნე ვიყავი, ექვს თვეში დიაკვნად მაკურთხეს. დავამთავრე სასულიერო აკადემია. დიაკვნობაში ავაშენე წმიდა ნიკოლოზის ტაძარი, სადაც ხუთასი ადამიანი ეტევა. კახეთში მსახურობისას იქ ერთი მამაო იყო და მან მითხრა: თუ გინდა, რამე შეგისრულდეს, წმიდა ნიკოლოზს შესთხოვეო. მართლაც, როცა წმიდა ნიკოლოზზე ვლოცულობდი, ყველაფერი მისრულდებოდა. ტაძრის აშენება რომ გადავწყვიტე, თავიდანვე ვფიქრობდი, რომ წმიდა ნიკოლოზის სახელობის იქნებოდა, მაგრამ ჯერ არავისთვის მქონდა გამხელილი. ერთი ბავშვი მოვიდა ჩემთან, რომელმაც მითხრა: ჩემმა ძმამ წმიდა ნიკოლოზის ხატი დაწერა, ამ ტაძარს გვინდა, შემოვწიროთო და მთხოვა, წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი ააშენეთო.
– სასწაულები როდიდან დაიწყო?
– სასწაულები თავიდანვე დაიწყო. რომ ვლოცულობდი, ხატებს მირონი სდიოდა. სასწაულები ხდებოდა ამ ტაძრის აშენებისასაც. სახურავს რომ ვაფარებდით, ნახევარ საათში იმდენი ფრინველი მოგროვდა, ენით აუწერელი სანახავი იყო. თავიდან ბერად აღკვეცას ვაპირებდი, მაგრამ, როცა ამდენი ადამიანი მოდის, იმედის თვალით შემოგყურებს და შენ შეგიძლია, ლოცვით დაეხმარო მათ, ვერ გაიქცევი და ვერ მიატოვებ.
– ხატვა როდის დაიწყეთ და როგორ ეხმარება თქვენი დაწერილი ხატები განსაცდელში მყოფ ადამიანებს?
–  მოძღვარი რომ გავხდი, აღთქმა დავდე, არანაირ მსახურებაში არ ავიღებდი ფულს და ასეც ვიქცევი. ღმერთმა თვითონ გამიჩინა შემოსავლის წყარო ჩემი ნახატების სახით. ოთხი წლის წინ ერთმა ქალმა დამხატა. იმ მომენტში მეც ძალიან მინდოდა ხატვა და ასე, მოულოდნელად დავიწყე. სამ თვეში გავხდი მხატვართა კავშირის წევრი. ჩემთან ერთად ჩემმა მეუღლემ, მაია ჯანვერდაშვილმაც დაიწყო ხატვა, 53 წლის ასკში და ისიც მალევე გახდა მხატვართა კავშირის წევრი. ორივე აგვირჩიეს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი აკადემიის აკადემიკოსად. თავიდან, ჯერ სულ რამდენიმე ყვავილი მქონდა დახატული, რომ ძალიან მომინდა მამა გაბრიელის დახატვა. ჩემი მრევლიდან ორი ადამიანი მესწეროდა. ზეთით ვხატავდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ არ გამომდიოდა. „მამაო ჩვენო” ვთქვი და მამა გაბრიელს შევევედრე, ამ ხალხთან ნუ შემარცხვენ-მეთქი. საღებავში ერთი წვეთი მამა გაბრიელის საფლავიდან წამოღებული ზეთი ჩავასხი და ხატვა განვაგრძე, რომ დავასრულე, ისეთი არ იყო, როგორიც მინდოდა. თითქოს სახის ნაკვთები გაითხაპნა, ძალიან ვინერვიულე და გადავწყვიტე, საერთოდ წამეშალა ნახატი და ამ წაშლის პროცესში, პირიქით მოხდა. მე ვშლიდი და მისი სახე კიდევ უფრო მეტად იკვეთებოდა. საბოლოო ჯამში, გამოჩნდა მამა გაბრიელი და ვისაც კი ჩემი ნახატები ნანახი აქვს, ამბობს, ეს საუკეთესოაო.  ღამე ვდგები და ვხატავ ერთი ხელის მოსმით, ძალიან მოკლე დროში. არცერთი ჩემი ნახატი ერთმანეთს არ ჰგავს. თავიდან დავიწყე ხატწერა, შემდეგ იყო სხვადასხვა თემატიკის ნახატები. დაახლოებით, ათი ათასამდე ნახატი დავხატე. შემდეგ ისე მოხდა, რომ, ვისაც კი ჩემი დაწერილი ხატი ვაჩუქე ან ვინც კი შეიძინა (მხოლოდ მასალების ფულს ვახდევინებ, ეს უწმიდესის კურთხევაა), ყველას ოჯახში სასიკეთოდ შემოტრიალდა სიტუაცია. ინფარქტიანი, სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებული ადამიანები გადარჩნენ და კარგად არიან ამ ხატების შემწეობით. ასევე, ძალიან ბევრი უშვილო ქალბატონი გახდა დედა. როდესაც ჩემთან მოდიან გარკვეული პრობლემებით და ხატს მიაბრძანებენ, მე ვიწერ მათ გვარ-სახელს და ლოცვებში ვიხსენიებ. მათი დიდი უმრავლესობა ძალიან მალე მოდის მადლობის გადასახდელად. მათი პრობლემები სასწაულებრივად, ექიმებიც რომ ვერ ხსნიან, ისე გვარდება. მარტო ამ წელს ორასზე მეტი ქალი დაფეხმძიმდა. ერთ ღამეში 56 ნახატი დავხატე და ამაზე დიდი სასწაული რა უნდა იყოს? მხატვართა კავშირში მითხრეს, ასეთი რამ შეუძლებელიაო.
– კონკრეტულ სასწაულებზე გვიამბეთ. როგორ უჩნდებათ ბავშვები წლობით უშვილო ოჯახებს და როგორ იკურნებიან მძიმე სენით დაავადებულები?
– იყო ასეთი შემთხვევა. ემიგრაციაში მყოფმა ქალმა, რომელსაც 15 წელი არ ჰყავდა შვილი,  გაიკეთა ხელოვნური განაყოფიერება, მაგრამ უშედეგოდ. შემთხვევით გაიგო ჩემ შესახებ, გამომიგზავნა მშობლები, მე კი გავუგზავნე ხატი. ძალიან მალე იმ ოჯახში გაჩნდა ბავშვი. ერთი ქალი იყო მოსული, რომელსაც ჰყავდა ორი შვილი 37-38 წლის, ორივე დასაქორწინებელი. აქედან წასვლის შემდეგ, ზუსტად ორ კვირაში, ორივე დაოჯახდა. ახლა 47 წლის ქალბატონი ელოდება ბავშვს, რომელსაც ჩემთან მოსვლამდე, წლების განმავლობაში, შვილი არ უჩნდებოდა. გოგო იყო მოსული, რომელსაც 14 წელი შვილი არ ჰყავდა და აქ მოსვლიდან 12 დღეში, დაფეხმძიმდა. ერთმა მორწმუნე გოგომ, რომელსაც დიდხანს ბავშვი არ უჩნდებოდა, წაიკითხა ჩემ შესახებ. ეს გოგო  იტალიაში ცხოვრობდა. დედამისი არ იყო რწმენაში და დედისთვის დაურეკავს, უთქვამს. წადი მამა მერაბთან ტაძარში და როგორც კი ეზოში შეხვალ, მაშინვე მოგვარდება ჩემი პრობლემაო. ტელეფონით ელაპარაკებოდა დედამისს, როცა ის ქალბატონი აქ მოდიოდა. მას უთქვამს, შენ რომ ტაძრის ეზოში შეხვალ, პარალელურად, მე აქ, ორსულობის ტესტს გავიკეთებო. უცებ ამ ქალმა ტაძრის ეზოში კივილი ატეხა, როგორც კი მოვიდა, მისი შვილის ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. იყო შემთხვევა, როცა ქალმა ჟურნალიდან ამოჭრა ჩემი დაწერილი ხატის ფოტო, იმაზე ილოცა და დაფეხმძიმდა. იყო ასეთი შემთხვევაც, ბავშვს ჰქონდა ცერებრალური დამბლა. საკმაოდ დიდი ხატი გავატანე სრულიად უსასყიდლოდ. მალე ბავშვი განიკურნა და ექიმები ვერაფრით ხსნიდნენ ამ ფაქტს. ერთ ქალს, რომელიც რვა წლის თავზე დაფეხმძიმდა, ექიმებმა უთხრეს, რომ მუცლად მყოფი ექვსი თვის ბავშვი მკვდარი იყო და თუ არ მოიშორებ, შენც მოგიწამლავს ორგანიზმსო. მე ამ დროს ჯერ კიდევ დიაკვანი ვიყავი და შემოწირულობებზე დავდიოდი. მათ ოჯახში მისვლისას შევესწარი სიტუაციას – ეს ქალი იყო ისტერიკაში. მე დავრჩი მათთან და მეორე დილამდე ვლოცულობდი. ის ბავშვი დაიბადა ექვსი თვის, გადარჩა და ახლა უკვე ექვსი წლისაა. ერთი გოგო იყო მოსული, რომელსაც სამსახურის დაწყება უნდოდა და დახმარება მთხოვა. იმ საღამოსვე დაურეკეს სამსახურის თაობაზე. დაიწყო მუშაობა გამგეობაში, იქ გაიცნო ბიჭი, შეუყვარდათ ერთმანეთი და მომიყვანა ის ბიჭიც. აი, მამაო, ბედიც გამეხსნაო. კიდევ ერთი სასწაული იყო: დავწერე ხატი, მოვიდა ერთი ადამიანი, რომელიც რაღაცნაირად არ მომეწონა. წაიღო საკმაოდ დიდი მაცხოვრის ხატი, წამიყვანა, სახლიც მაკურთხებინა და იქიდან რომ წამოვედი, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, რომ ეს ხატი იმ ოჯახში დარჩა. დიდხანს მეფიქრებოდა ამაზე. ცოტა ხნის წინ, ტაძარში საერთოდ არავინ იყო, ეზოც დაკეტილი იყო, შემოვედი და ეს ხატი კედელზე მიყუდებული დამხვდა. როგორ შეიძლება, ადამიანი გადმომძვრალიყო კედელზე, გადმოეტანა ეს ხატი, დაეტოვებინა და წასულიყო, ან რა მიზეზით დააბრუნებდა? გამოდის, ხატი თავისი ფეხით მოვიდა. ერთი ინდოელი იყო მოსული, ნახა ჩემი დაწერილი ფეხმძიმე ღვთისმშობლის ხატი. თარჯიმანს ჰკითხა, ეს რა არისო. როდესაც აუხსნა, მან შეიძინა ეს ხატი და თავის ძმასა და რძალს გაუგზავნა ინდოეთში, მათ 9 წელი შვილი არ ჰყავდათ და ზუსტად 20 დღეში შეიტყვეს, რომ ბავშვს ელოდებოდნენ. მაინც ყველაზე დიდ სასწაულად წმიდა ნიკოლოზის გამოცხადება მიმაჩნია. ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე მასალები მოვიმარაგე და ხალხი გავაფრთხილე, პირველ მარტს მოდით, მომეხმარეთ, მშენებლობას ვიწყებთ-მეთქი. მართლაც, დაახლოებით ორასი კაცი მოვიდა. საშინელი ქარი იყო, სამი გვერდი ჩავასხით და გავჩერდით. ღამდებოდა, ქარიშხალი იყო და ხის ურიკები სულ დაგვემტვრა. მინდოდა, მეოთხე კედელიც იმ დღესვე ჩაგვესხა და ბიჭებს ვუთხარი: ახლა რომ ის ურიკა მოგვცა, ბაზრობაზე ლურჯხალათიანი კაცები რომ დაატარებენ, რა კარგი იქნება-მეთქი. მანამდე დავიჩოქე და წმინდა ნიკოლოზს შევევედრე, დამეხმარე, რომ შენი სახელობის ტაძრის საძირკველი დღესვე ჩავასხა-მეთქი. უცებ ვხედავთ, რომ ძველი, დაჟანგებული ურიკით მოდის ლურჯხალათიანი კაცი ჩვენკენ. მოხუცებული კაცი იყო, წვერებით. ხმა არ ამოუღია, მოვიდა და ურიკა დაგვიდო. ჩავასხით მეოთხე კედელიც, მეორე დღეს მოვედი და ყველაფერი ადგილზე დამხვდა, იმ ურიკის გარდა. გავიკითხე და გარშემო მსგავსი კაცი ურიკით არავის უნახავს. მერე წავიკითხე, რომ წმიდა ნიკოლოზი სიცოცხლეშიც და გარდაცვალების  მერეც, ბევრ სასწაულს აღავლენს და მაშინ მივხვდი, იმ კაცის სახით წმიდა ნიკოლოზი გამომეცხადა.
– სამოთხეში როგორ მოხვდით?
– აღარაფერი მიკვირს. მე ნანახი მაქვს ეშმაკთან ბრძოლაც და სასუფეველიც. სანამ შევიმოსებოდი, მხედველობა დავკარგე. ყველაფერს ვგრძნობდი, მესმოდა და ვლაპარაკობდი, მაგრამ ჩემი თვალები იყო სასუფეველში. აქ ჩვეულებრივად ვესაუბრებოდი ჩემს მეუღლეს, მაგრამ, რასაც ვხედავდი, ვიცოდი, რომ  სამოთხე იყო. იქ ყველაფერი სუფთა, სპეტაკი და საოცრად ლამაზია, სულ სხვა სამყაროა. ეშმაკებთან ბრძოლა მქონდა თავიდან, როდესაც მონასტერში მივდიოდი. ჩვეულებრივად ვხედავდი, როგორ შემოდიოდნენ ეშმაკები ოთახში, მაგრამ ვერაფერს მიხერხებდნენ, რადგან უკვე ძალიან გაძლიერებული ვიყავი რწმენაში.

скачать dle 11.3