კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედიები გადახდათ ირაკლი ბაგრატიონის ოჯახის წევრებს წლების განმავლობაში და რის ფასად მოუწიათ მათ საქართველოში დარჩენა N47

ირაკლი ბაგრატიონი ბაგრატიონების მუხრანული შტოს წარმომაგენელია. ის რუსთავში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ყვება, მისი ოჯახის წევრებს,  მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, არასდროს დაუტოვებიათ საქართველო. ამიტომაც, მისი ოჯახის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია.
ირაკლი ბაგრატიონი: დავიბადე და გავიზარდე რუსთავში, ახლა ვცხოვრობ თბილისში. ბაბუა – ალექსანდრე ბაგრატიონი, კასპში ქარხნის მთავარი ინჟინერი და დირექტორი იყო, შემდეგ  რუსთავში გადავიდა სამუშაოდ და საცხოვრებლად. მეორე მსოფლიო ომის დროს ის დაახლოებით 21 წლის იყო, საქართველოდან რომ გაიქცა – ფრონტზე მიდიოდა, რადგან უნდოდა, ეომა. მაგრამ, დაიჭირეს და უკან დააბრუნეს. კიდევ ერთხელ გაიქცა, ისევ დააბრუნეს და უთხრეს: თუ კიდევ გაიქცევი, ციმბირში გაგაზავნითო. მისი საქართველოში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფრონტზე. შემდეგ მან მუშაობა დაიწყო ქარხანაში, სადაც საომარი ტექნიკის ნაწილები მზადდებოდა და ამით ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. შრომის გმირი გახდა. დღემდე მაქვს შენახული მისი მედლები.
– გვარის, წარმომავლობის გამო, თქვენი ოჯახის წევრებს თუ შექმნიათ პრობლემები?
–  არაერთი პრობლემა შეხვდათ ჩემი ოჯახის წევრებს. მაგალითად, ვიცი, რომ ნიკოლოზ მეორემ ჩემს დიდ ბაბუას (ბაბუის ბაბუას), რომელიც მას გვერდში ედგა, უთხრა: წადი საქართველოში, მე გიშვებო. მაგრამ, მან საქართველომდე ვერ მოაღწია და ოსეთში, მატარებელში, სხვებთან ერთად დახვრიტეს. შემდეგ ბაბუას მამაც მოკლეს და ბებიაც. ოჯახისგან ვიცოდი, რომ დიდი ბებია ტრამვაის ჩაუვარდა და ისე გარდაიცვალა. მოგვიანებით, როცა ბაბუა მოსკოვში მიდიოდა, მას მატარებელში მღვდელი შეხვდა. მან იცნო: შემთხვევით ბაგრატიონი ხომ არ ხარო. გამოეცნაურნენ ერთმანეთს და მღვდელმა უამბო: ბაგრატიონების ისტორიით ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული და შემთხვევით აღმოვაჩინე დოკუმენტი, სადაც წერია „ენკავედემ” როგორ მოკლა თქვენი მამა გაურკვეველ სიტუაციაში და შემდეგ კი – დედაო. ის ტრამვაის კი არ ჩაუვარდა, „ენკავედეს” ბრძანება იყო და მათ ჩააგდეს ტრამვაის ქვეშო. ჩემმა ოჯახმა არ დატოვა საქართველო მაშინ, როცა ყველაზე რთული სიტუაცია იყო და საკმაოდ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება. მათ არაერთ პრივილეგიაზეც თქვენს უარი. ბაგრატიონების ოჯახები, დღეს რომ საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, შვეიცარიაში ცხოვრობენ, ყველა, საბოლოოდ, ერთი ოჯახია, ერთმანეთის ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ. მათ წლების წინ გადაწყვიტეს უცხოეთში საცხოვრებლად გადასვლა. უბრალოდ, ბაბუაჩემმა საქართველოში დარჩენა არჩია და მისი ოჯახიც აქ დარჩა. ვიცი, როგორ დადიოდა ბაბუაჩემის და, ბავშვებთან ერთად, სოფლიდან-სოფელში, წყლის და საჭმლის ფული არ ჰქონდათ, დიდ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, შიმშილობდნენ. მაგრამ, მათ მაინც საქართველოში ცხოვრება ერჩივნათ. რაც შეეხება მამაჩემს, მიხეილ ბაგრატიონს, ძალიან ნიჭიერი იყო – რუსთავის ავტომატიკის კვლევით ინსტიტუტში, მთავარ ინჟინრად მუშაობდა და რამდენიმე გამოგონების ავტორია მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. მამაზე მეტად ბაბუის დის თაობის ხალხი მიყვებოდა ჩვენს წარმომავლობაზე. როცა პატარა ვიყავი, ხშირად იკრიბებოდნენ დიდგვაროვანთა წარმომადგენლები, ყავას ან ჩაის სვამდნენ. მოხუცებმა ყველაფერი იცოდნენ: ვინ ვისი შვილი იყო. რომ დამინახვდნენ, მეუბნებოდნენ: შენ იმის შვილი, შვილიშვილი არ ხარო?! მე იმ დროს თამაში მინდოდა, ბურთი, მაგრამ ასეთ ადგილებში სულ ვიზღუდებოდი, რადგან მეუბნებოდნენ: რა დროს შენი ბურთია, რა დროს შენი ჭორაობაა, თამაში. ვიჯექი მოწყენილი და დღემდე მახსოვს, რომ ძალიან ვიყავი შებოჭილი, არ მიყვარდა ასეთ შეხვედრებზე ყოფნა. სულ მეუბნებოდნენ: წელში გაიმართე, ასე დაჯექი, ასე მოიქეციო. მთელი ბავშვობა მიწევდა მარიამ ბაგრატიონთან შეხვედრა, რომელიც ჯოხს მირტყამდა თითებში: გასწორდი, კარგად დაჯექი, ასე დალიე ჩაი. მიუხედავად იმისა, რომ მან 8 წელი ციმბირში გაატარა, ცხოვრების ბოლომდე ჰქონდა შენარჩუნებული ის საოცარი კულტურა ხალხთან ურთიერთობის,  რომელიც მასში იყო ჩადებული... მე მიჩვეული ვარ ძველ თაობასთან ურთიერთობას, რომელთაც თავისი წარმომავლობის შესახებ არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდათ და არც უნდოდათ, როგორც ახლა ამას აკეთებენ ზოგიერთი დღევანდელი ბრჭყალებში „ბაგრატიონები” და „აზნაურები”. დადიან ტელევიზიებში, წერენ პრესაში, დაატარებენ სერტიფიკატებს, დნმ-ის ანალიზების პასუხს.
– ფართო საზოგადოება აქამდე არ გიცნობადათ, არ ჩანდით აქტიურად,
– მე არ ვჩანდი? უკაცრავად, მე ვჩანდი ზუსტად იმ საზოგადოებაში, რომლის წევრებიც ერთმანეთს ლამის საუკუნეებიდან მოყოლებული იცნობენ, ოჯახურ ტრადიციებს იცავენ და მათ ტელევიზიებში გამოჩენა არაფერში სჭირდებათ. ეს არის საზოგადოება, რომელიც თავისთვის ცხოვრობს. სამი წელია, „მერსედეს ფეშენ-ვიქის” საორგანიზაციო საკითხებში ვარ ჩართული. რამდენიმე დღის წინ ჯაბა დიასამიძის ჩვენება იყო მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში. ფოიეში ვიდექი და დავინახე, კიბეებზე ამოდიოდა ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც ბარათაშვილების გვარის წარმომადგენელია. 8 წლის რომ ვიყავი, მაშინ ვიცნობდი ამ ქალბატონს. მას შემდეგ კი 20 წელი გავიდა. რომ დავინახე, ვუთხარი: დაგეხმარებით ამოსვლაში-მეთქი და სანამ კის მეტყოდა, მკითხა: შენ ირაკლი ბაგრატიონი არ ხარ, მიშას შვილი და ალექსანდრეს შვილიშვილიო. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობისთვის  ჩემი ვინაობის დამადასტურებელი რამე სერტიფიკატი არაფერში მჭირდება. მათ ისედაც იციან, ვინ ვარ.
– არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, სურვილი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის თაობაზე. როგორია ამ საკითხისადმი თქვენი დამოკიდებულება – ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მეფე?
– შარშან გაიმართა მეჯლისი, რომლის ერთ-ერთი, მთავარი ორგანიზატორი ვიყავი მე. ეს იყო შიდაკორპორატიული საღამო. ვიღაცამ მერე „იუთუბიზე” დადო და დაიწყეს ღადაობა: რას აპირებენ?! არავინ არაფერს არ აპირებს. ჩვენ ეს საღამო გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვეჩვენებინა: ახალგაზრდები ისევ ერთად ვართ და მზად ვართ იმისთვის, რომ საქართველოსთვის ყველაფერი გავაკეთოთ. რაც შეეხება მეფობას, ეს ხალხის ნებაა. პირველი ნაბიჯი შეიძლება, იყოს კონსტიტუციური მონარქია, მაგრამ სანამ ამ დონემდე მივალთ, ელემენტარულ, სიმბოლურ ნაბიჯამდე უნდა მივიდეთ. საქართველოში ამ ყველაფრისადმი ისეთი უარყოფითი დამოკიდებულებაა, ყველა ამბობს: რატომ უნდა შეგინახოთ ჩვენი ჯიბიდან? თავისი ბიუჯეტი ექნებათ, არ მოგიწევთ თქვენი და არც ქვეყნის ბიუჯეტიდან შენახვა, სიმბოლურად იქნება მეფე-მეთქი. პასუხი ასეთია: თუ ჩვენი ჯიბიდან არ შევინახავთ, არ ვართ წინააღმდეგიო. მერე ვკითხულობ: რისთვის გვინდა ეს ყველაფერი – იმისთვის, რომ მერე თავი ასწიოს ყველა მეორემ და სხვას ისე შეხედოს, თითქოს ის სხვა არავინაა? - აი, ეს არის საქართველო და ქართული რეალობა. ხშირად მიწევს უცხოეთში ყოფნა, ვხვდები ადამიანებს სამეფო ოჯახებიდან, დიდგვაროვანთა წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი სურვილით ეხმარებიან საქართველოს. ამისთვის სახელმწიფოს მხრიდან დოტაციები და ფული არ სჭირდებათ, არც პრივილეგიები. თუ ადამიანი ზრუნავს, უყვარს თავისი ქვეყანა, სულ არ არის საჭირო, ის სამეფო წარმომავლობის იყოს. ის, რომ შეუძლია, უცხოეთში საქართველოს სახელით ისაუბროს, ეს უკვე პრივილეგია.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ დანარჩენ ბაგრატიონებთან?
– სულ ჩავდივარ იტალიაში ქეთევან ბაგრატიონ-ორსინის შვილებთან. ისინი ხშირად მართავენ 400-500-კაციან შეხვედრებს, მეჯლისებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ჩამოდიან – დიდგვაროვნები,  პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრები. მათთან ურთიერთობა ძალიან მარტივი და საინტერესოა. მსოფლიოს ყველა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს ვიცნობ, წელიწადში ორჯერ მაინც მპატიჟებენ, თუმცა ყოველთვის ვერ ვახერხებ წასვლას, რადგან მაშინ, უნდა გადავიდე საცხოვრებლად. ასე კი არ შემიძლია, საქართველოს ვერ დავტოვებ. ბატონ ნუგზარ ბაგრატიონსაც ვიცნობ, მის შვილებსაც. დავითი ჩემი ბიძაშვილია და ლელიო მამიდაშვილი. პირადი ურთიერთობის მხრივ, არ გვაქვს არავის პრობლემა. ჩვენ ყველას ნებისმიერ დროს შეგვიძლია, ერთმანეთს დავურეკოთ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. სამწუხაროდ, ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არაჯანსაღი ამბიციები ჭარბობს უმრავლესობაში. ნებისმიერ ამბიციას კი, თან უნდა ახლდეს კულტურა, ელემენტარული აღზრდა, განათლება, რაც, სამწუხაროდ, ნაკლებია საქართველოში.
– რას საქმიანობთ?
– ჩემი ძირითადი საქმიანობაა ინტერნეტი და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ურთიერთობა მაქვს ძალიან ბევრ დიდ და ცნობილ კომპანიებთან. გარდა ამისა, მაინტერესებს ტიხრული მინანქარი. ჩემი კომპანიაც მაქვს და ამ კუთხით ხშირად ჩავდივარ უცხოეთში.
– გავიგე, ირაკლი ბაგრატიონი საცოლეს ეძებსო.
– არა, მე არ ვეძებ, სხვები ეძებენ ჩემთვის საცოლეს.
– პრინცული მოთხოვნები ხომ არ გაქვთ ქალის მიმართ?
– არა, ამ მხრივ მე უფრო თანამედროვე ვარ, თანამედროვე მიდგომები მაქვს და ამიტომ, არ მოვწონვარ ჩემს ნათესავებს. თავისუფალი ურთიერთობების მომხრე ვარ და ეს არ მოსწონთ ჩემს ნათესავებს, არც კი მელაპარაკებიან: მოღალატე ხარ, ოჯახს გამგრძელებელი არ ჰყავს, თავი ახალგაზრდა ხომ არ გგონიაო. რა ვქნა, საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯე. მეუბნებიან, დიდგვაროვანს გაგაცნობთ ვინმესო, მაგრამ ჩემთვის მთავარი გრძნობებია, გვარს, წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მე უფრო მეტად ქართველი ქალები მომწონს. ხასიათით, გარეგნობით, ქართველ ქალზე უკეთესები არ არსებობენ.
– არ გიფიქრიათ ცოლზე, შვილებზე?
– მერე, ჯერ არა. ახალი წლის მერე უფრო.
– თავს მიიჩნევთ პრინცად და ან თქვენი სტატუსით თუ სარგებლობთ ხოლმე?
– არა, ასეთ რამეს არ ვაქცევ ყურადღებას და არავისთან არ ვსარგებლობ პრინცის სტატუსით. ერთადერთი, შეიძლება, უცხოეთში მიღებაზე, ოფიციალურ შეხვედრაზე ფორმალურად ვისარგებლო, სხვა შემთხვევაში – არა.

скачать dle 11.3