კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა იყოს განათლების მთავარი წყარო „გუგლი“, თავის დაცვის მთავარი საშუალება – „ნატო“ და კარგად ცხოვრების გარანტი – უცხოელი ინვესტორი #47

ბოლო პერიოდში უცნაური ტენდენცია გამოიკვეთა (ბოლოდან დავიწყებ): აღმოჩნდა, რომ განათლება, ფაქტობრივად, არ გვჭირდება, არც ციტატები, არც ფორმულები, არათუ მენდელეევის პერიოდული სისტემა, თვით ელემენტების ვალენტობის ცოდნაც კი, რადგან ამ ინფორმაციის ამოკრება „გუგლაობითაცაა“ შესაძლებელი. ისიც გაირკვა, რომ, მაინცდამაინც, არც ჯარში გაწვევისკენ გვიწევს გული, მოტივით, საკონტრაქტო ჯარი უფრო ეფექტიანად დაგვიცავსო (ანუ ქვეყნის დაცვაში ფულს გადავიხდით და სიკვდილითაც ქვეყნის დაცვისას სხვა მოკვდება), იმას გარდა, რომ „ნატოს“ ხელითაც ვაპირებთ მტრის ჯავრის ამოყრას; ამის პარალელურად, რაკი განვითარებადი ქვეყნის სტატუსი შევირგეთ, იმედიანი თვალი პარტნიორებისკენ გვაქვს მიპყრობილი, რომ კრიტიკულ მომენტში  დაგვეხმარებიან: არც გრანტს დაგვამადლიან და არც გრძელვადიან სესხებს. როდის გადავწყვიტეთ, რომ ყველა პრობლემა სხვების ხელებით უნდა გადაწყდეს და საკუთარი დავიბანეთ, –  ამ რიტორიკულ საკითხს ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძესთან ერთად განვიხილავთ.
– ეს მხოლოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, რომ სხვა გააკეთებს „გუგლს”, ჩვენ გამოვიყენებთ ისე, რომ ტვინსაც არ გავანძრევთ; სხვა იომებს ჩვენ ნაცვლად; სხვა იშოვის ფულს და მოგვცემს?
– ეს კითხვა საჭიროებს კვლევას, მართლაც ასეა თუ ეს კერძო მოსაზრებაა.
– ტენდენციაზე ვისაუბროთ, ეს ტენდენციები თვალსაჩინოა.
– დავიწყოთ განათლებით: ადამიანები, როგორც ჩანს, ცვივდებიან ერთიდან მეორე უკიდურესობაში. საბჭოთა პერიოდში სწავლა განხილული იყო, როგორც ცოდნის შეძენის პროცესი. შემდეგ მოხდა გადანაცვლება, რის თანახმადაც, ცოდნა კი არ არის მთავარი, არამედ უნარ-ჩვევების ათვისება, ცოდნას კი ყოველთვის მოიპოვებ. მახსენდება ასეთი ანეკდოტური შემთხვევა: აინშტაინთან მივიდა ჟურნალისტი და ეკითხება, თქვენს ფორმულაში რამდენია სინათლის სიჩქარეო. აინშტაინმა უპასუხა, არ ვიციო. როგორ არ იცით, ეს ხომ თქვენი ფორმულააო; რატომ უნდა ვიცოდე, როდესაც ეს ინფორმაცია ყველა ცნობარში წერიაო. ანუ ამ ანეკდოტურ შემთხვევაში ჩანს, რომ ისეთი მოაზროვნეები, როგორიც იყო აინშტაინი მნიშვნელობას ანიჭებდნენ აზროვნების უნარს და არა მზამზარეულ ცოდნას.
– ჯერ ერთი, ის აინშტაინია; მეორეც, იქნებ ჟურნალისტს მიუთითა, რომ შეკითხვა იყო უაზრო, რადგან იმ ფორმულაში სინათლის სიჩქარე მეასეხარისხოვანია.
– ჩვენ აინშტაინები ვერ ვიქნებით, მაგრამ დგას დილემა: ცოდნა, რომელიც გროვდება თუ უნარი, რომელიც ფუნქციონირებს?! ცოდნა კაპიტალივითაა და შეიძლება, სტატიკური გახდეს, უნარი კი ისეთი რამაა, თუ არ იფუნქციონირა, მოკვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია უნარის განვითარება. და გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ამ ორი კომპონენტიდან ერთის –  ამჯერად უნარ-ჩვევების –  კულტივირება. თუმცა იდეალი არის ის, რომ ცოდნა უნარ-ჩვევებთან იყოს შეხამებული. იმის თქმა მინდა, რომ „დავგუგლავ“ და მივიღებ ინფორმაციას, ამიტომ რაში მჭირდება მენდელეევის სისტემა და ბევრი სხვა რამ, არის ამ რადიკალიზებული უნარ-ჩვევითი მიდგომის გამოხატულება. რომ თითქოს ყველაფერს ამოწურავს უნარ-ჩვევა სწავლებაში. სინამდვილეში, თუ ავიღებთ ისეთ მიმდინარეობას, როგორიცაა კონსტრუქტივიზმი, რომელიც თანამედროვე აზროვნების კულტურაში ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ის ამბობს: ადამიანი ცოდნას ქმნის თავისი უნარ-ჩვევებით. ანუ საჭიროა მათი ჰარმონიზება და არა რომელიმე ერთის წინ წამოწევა. იმით, რომ შენ „დაგუგლავ“ და გაიგებ, უარყოფ მეხსიერების როლს.
– არადა პიროვნება არის მეხსიერება.
– არადა, თუ იმ ცოდნას უარყოფ, რასაც მეხსიერება ინახავს და წარმოადგენს, როგორც მზამზარეულ კონსტრუქტს, მაშინ გამოდის, რომ ადამიანები უარს ამბობენ ისეთ ჩვევაზე, როგორიცაა მეხსიერება, მოგონება, გახსენება… ესენი საჭირო არ ყოფილა, თურმე. ეს ყველფერი ადამიანს აქვს, როგორც უნარი და უცებ განათლების მინისტრმა მოინდომა ამაზე უარის თქმა და გვირჩია: მიანდე შენი მეხსიერება „გუგლს“, ეს ცოტა არ იყოს გადამეტებაა. ეს ხომ არ არის ტელეფონის ნომრები, რომლებიც, მართლაც, ჩაწერილი უნდა გქონდეს?! არის რაღაცეები, რაც აუცილებლად უნდა გახსოვდეს. მაგალითად, „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი“, ის მათემატიკური ფორმულასავით ზუსტია, ეს უბრალოდ, უნდა იცოდე და გააზრებული გქონდეს. თანაც –  ეს ცოდნა არის რაღაც ისეთი, რაც იმავდროულად მოაზრებულია, ხოლო მოაზრება კი არის უნარ-ჩვევა. თუ უნარ-ჩვევა არ გავარჯიშდა ცოდნაზე, ის უნარიც გაქრება. მგონი, ჩვენს მინისტრს არ აქვს გააზრებული, რომ ასეთი ფაქიზი ურთიერთობაა ცოდნასა და უნარს შორის.
– მარტო მინისტრი რომ იყოს, ეს კიდევ არ იქნებოდა საგანგაშო. მას მომწონებლებიც ჰყავს, რომ მინისტრი გენიოსია. ამას წინათ, წავიკითხე მოსაზრება, რომ ბოლო პერიოდში კატასტროფულად იზრდება მსოფლიოში წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა. ბავშვი ხსნის ურთულეს ამოცანას, მაგრამ გამართულად ვერ კითხულობს ორიოდ აბზაცს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს ადამიანის მუტაციის შედეგი იყოს. კალმის კლავიატურით ჩანაცვლებაც არ ყოფილა მაინცდამაინც კარგი, რადგან ასოების გამოყვანა ეს საკუთრივ ადამიანის უნარია. კლავიატურაზე კრეფას მაიმუნიც სწავლობს: ცნობს ასოებს.
– ჩინურსა და იაპონურ კულტურაში, სადაც იეროგლიფებია, კულტივირებულია ასოების გამოყვანა. ეს მთელი ხელოვნებაა. ანუ უნივერსალიზაცია არაფრის არ შეიძლება, რომ რამე საჭირო არ არის. კომპიუტერი რომ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა გახდეს თითების მქნეველი. ბოლოს, ისე გამოვა, რომ მექანიკური გახდება ეს პროცესი და ადამიანს აზროვნების უნარი გაუქრება და საჭიროა ეს?! მგონი, საჭირო არ არის. რადიკალური მიდგომაა. ერთგვარი მანიპულაციებია, თორემ რას ჩასწვდები „დაგუგლვით“?!
– თუ სწავლის ნაწილში მოტივი შესაძლოა, ის იყოს, რომ აღარ ვიაზროვნოთ, უტრირებულად ვამბობ; თავდაცვაზე უარის თქმას რა შეიძლება, ედოს საფუძვლად? არ დავიცავთ თავს და დაუცველები ვიქნებით. მე ველოდი, ქალებსაც გაგვიწვევდნენ და, მგონი, მამაკაცებიც უარზე არიან. საფრთხის გააზრების, ანუ გაუაზრებლობის პრობლემაა?
– აქაც პოლუსებით აზროვნებაა: ადრე იყო გაწვევა, ახლა, მოდი, გაწვევა არ გვინდა და შევქმნათ დაქირავებული ჯარი, ანუ იმის საპირისპირო. მაგრამ საქმე ის არის, რომ ქართველი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, თავის სამშობლოს უფრო კარგად იგრძნობს, თუ განწყობილი იქნება მის დასაცავად. არქეტიპიც ასეთია: მამაკაცი ამ ფუნქციას ასრულებდა ტრადიციულად, რადგან გადარჩენაზე ორიენტირებული ქვეყანა იყო. დღესაც იგივე ამოცანაა გეოპოლიტიკურად. ჩვენი თავი უნდა დავიცვათ, ტერიტორიები დაპყრობილია, გეოპოლიტიკურად არც ისე მარტივი ვითარებაა. ასეთ სიტუაციაში მოქალაქის სულისკვეთება თავის ქვეყანასთან ურთიერთობისას, გინდა პატრიოტიზმი დაარქვით ამას და გინდა –  სხვა რამ, როდესაც ის თავის ქვეყანას პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობა, გამოიხატება იმით, რომ მანაც მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის დაცვაში. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა გაწვევა. გაწვევის მეოხებით კი ეზიარები სამხედრო ხელოვნებას, რაც პიროვნებას აყალიბებს. მამაკაცმა უნდა გაიაროს ეს პროცესი. იარაღს ვერ ვფლობ და ვნანობ, რომ არ ვიცი ნიუანსები, დაკავშირებული იარაღთან. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს მოკვლა მინდა, იმიტომ რომ, ჯარი მთელი სამყაროა, გეგმაზომიერად აწყობილი და ორგანიზებული. მეტიც, მართალი ხართ, რომ თქვით, გოგონების გაწვევაზეც უნდა გვეფიქრაო. ქალი და მამაკაცი, თუ გენდერული თანასწორობაა, ორივეა ვალდებული, დაიცვას სამშობლო იარაღით ხელში. რეზერვისტებიც აუცილებელია, მხოლოდ საკონტრაქტო სისტემაზე ვერ ააგებ შეიარაღებულ ძალებს. ნუთუ არ შეიძლება, კომბინირებული იდეა შეიქმნას, რომ წვევამდელებიც იყვნენ და დაქირავებულებიც.
– ახლაც ასეა, ნაწილი დაქირავებულია.
– რაც არის, ის გაგრძელდეს და დაიხვეწოს, რა საჭიროა რადიკალიზმი?! ჯარი არ არის ბიზნესი, მხოლოდ კონტრაქტის პრინციპზე დააფუძნო. თუ ქვეყანას არ დაიცავს მისი მოქალაქე და არ იქნება განწყობილი მის დასაცავად, ქვეყანა დაუცველი დარჩება. რადგან შეერთებულ შტატებშია საკონტრაქტო სისტემა, შენც აუცილებლად  უნდა გადმოიღო?! ის მდიდარი ქვეყანაა, ცოტა სხვანაირი ისტორია აქვს, მიგრანტების მიერაა შექმნილი. შენ ხარ ძალიან მცირე ზომის ქვეყანა, ოთხი მილიონი ადამიანით, ამდენი ხალხი ერთ საშუალო ზომის ქალაქში ცხოვრობს დიდ ქვეყნებში. მეორე მხრივ, გაჭირვებული ქვეყანაა და ძალიან ბევრ ვაჟს უბრალოდ შია, სახლში სრულფასოვნად ვერ იკვებება. ჯარში საკვები მაინც ექნება გარანტირებული და რაღაც პერიოდით ყაზარმაში იცხოვრებს, საქმე ექნება, რაღაცას ისწავლის. ანუ რთულ ასაკში თვითონ ახალგაზრდების რაღაცნაირად დაკავების ფორმაა და,  ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი მათი სულისკვეთებისთვის.
– და მესამე კომპონენტი: შრომაშიც სხვის იმედზე ყოფნა.
– ეტყობა, გვახასიათებს მდიდარი პატრონის ძიების მოთხოვნილება და გვაქვს სურვილი, რომ შემოვიდნენ ინვესტორები, დააფინანსონ ეს ქვეყანა. რატომ არ უნდა იყოს შიდა ინვესტირება? ხომ არიან ჩვენთან ბიზნესმენები?! გარედან შემოსული ინვესტიციები კარგია, მაგრამ, მაინცდამაინც, საგარეო ინვესტირებაზე, გარედან შემოსულ ფულზე რატომ უნდა იყოს აქცენტი?! და არ იყო ორიენტირებული თვითკმარობაზე, რომ სხვის ხარჯზე არ იცხოვრო?! რატომ უნდა იყოს სხვის მიერ დაცული, მაგალითად, „ნატოს“ მიერ?!
– ერთმანეთთან კავშირშია, სხვის უნივერსიტეტებში ვისწავლით, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი უნივერსიტეტები გავაძლიეროთ და საკუთარი გონებრივი რესურსი მას მოვახმაროთ?
– ახლა, მაგალითად, ფსიქოლოგიის კონსულტირების ლექციებს ვკითხულობ. სახელმძღვანელო ქართულად არ არსებობს და ნულიდან დავიწყეთ. ზოგს სტუდენტებს ვათარგმნინებ, ზოგს მე ვთარგმნი და ვაკოწიწებთ. ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი და რაღა იქ უნდა წახვიდე, აქ გააძლიერე შენი ქვეყანა?!
– ეს ტენდენციაა, ხელებიც დამიბანია?!  სხვა შექმნის „გუგლს“, მე გამოვიყენებ, მე ჯარში არ წავალ, დაქირავებული ჯარი დამიცავს. მხოლოდ მომხმარებლები ვიქნებით სწავლაში, თავდაცვასა თუ შრომაში?
– მინისტრის ამ გამონათქვამში, „დაგუგლავ“ და ინფორმაციას მიიღებ, ჩანს, რომ მას თავისი ამოცანა ესმის, როგორც ისეთი თაობის გაზრდა, რომელიც მხოლოდ მომხმარებელი იქნება.
– და მომსახურე პერსონალი, იმიტომ რომ ქმნა გამოირიცხება.
– ძნელი სათქმელია, ეს შეკვეთაა თუ თვითონ მისი პოზიცია, მაგრამ ძალიან არასახარბიელოა, არც ეროვნულია და, სხვათა შორის, არც მართებულია, განათლების თვალსაზრისით. თვითონ სახელმწიფოც პასიურია: ცუდი სიტყვაა, მაგრამ პროპაგანდა უნდა გაეწიოს ისეთ იდეებს, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან.
– მინისტრი ამბობს, რატომ უნდა ვიცოდე, „ავთანდილის ანდერძი“, რეალობას არ შეესაბამებაო. არადა, ჯარში არ გინდა წასვლა იმიტომ, რომ არ იცი, „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“ ან „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა“?! ამ თემებს ორგანული კავშირი აქვს.
– უნდა დალაგდეს ეს ყველაფერი. კულტივირება უნდა მოხდეს ელემენტარული ცნებების: სამშობლოს სიყვარულის, წესიერების, ორგანიზებულობის, რაც ახასიათებს ჯარს. სხვანაირად არ შეიძლება. სხვათა შორის, მინისტრის კონცეფციით, გამოდის, „ვგუგლავ“, მაშასადამე –  ვარსებობ.
–  ჩვენს ქვეყანას აქვს განვითარებადის სტატუსი, წკიპზე ჰკიდია ჩვენი უსაფრთხოება, საოკუპაციო ჯარი 40 კილომეტრშია დედაქალაქიდან. ასეთი მიდგომებით განათლებისადმი, თავდაცვისადმი, შრომისადმი გამოვალთ ამ ჩიხიდან?
– რა გამოსვლაზეა ლაპარაკი, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ პროგრესის ნაცვლად, უკან მივდივართ. არ ჩანს პროგრესი არც აზროვნებაში. მეცნიერება მოკვდა, თურმე, არაა საჭირო საქართველოში;  ასევე, გაქრა სპორტის მთელი რიგი სახეობები: მაგალითად, ძალიან პოპულარული იყო მთამსვლელობა, ახლა თითო-ოროლა ადამიანი თუა დარჩენილი. დღეს სპორტის მხოლოდ და მხოლოდ ფანები არიან. შეიკრიბებიან კაფეებში, დალევენ ლუდს და ეს ჰგონიათ სპორტულობა. მოდუნდნენ ადამიანები: სპორტი –  არა, მეცნიერება –  არა, თავდაცვა –  არა. რა რჩება?!

скачать dle 11.3