კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გამოიქცა გიორგი შარვაშიძე ნიუ-იორკიდან და როგორ გადაარჩინა ის მერაბ ნინიძემ #46

ბავშვობაში უნდოდა, ბერი გამხდარიყო, მაგრამ ასაკთან ერთად, სხვა ინტერესებიც გაუჩნდა და როცა პროფესიის არჩევის დრო დადგა, მსახიობობა გადაწყვიტა. დღეს ტაძარში ძველებურად ხშირად ვეღარ დადის, მაგრამ მისი უფლისადმი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ბავშვობიდან მოყოლებული ბევრი განსაცდელი გამოაიარა, მაგრამ გამოცდილებამ მხოლოდ გააძლიერა და დღეს უკვე შემდგარი პიროვნება და წარმატებული მსახიობია. თავისი ცხოვრების შესახებ მსახიობი გიორგი შარვაშიძე გვიამბობს, რომელიც ახლახან სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩნდა.
გიორგი შარვაშიძე: სკოლის პერიოდში, როგორც ჩანს, სხვისი როლის მორგება კარგად გამომდიოდა და მეუბნებოდნენ, შენ სამსახიობოზე უნდა ჩააბაროო. ეს იდეა მეც მომეწონა და გადავწყვიტე, მეცადა. ბავშვობაში უფრო ეკლესიური ცხოვრება და ბერობა მინდოდა (იცინის). სტიქაროსანიც ვიყავი პატრიარქთან. ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა. პატარაობისას, რატომღაც, რუს პოეტს, ესენინს მამსგავსებდა (იცინის).
– რთული არ იყო აბსოლუტურად სხვა სფეროდან მსახიობის პროფესიაზე გადმორთვა?
– ჩემს ასაკში რთულია პროფესიის შეცვლა, მაგრამ ბავშვობაში მარტივად იცვლი აზრს. თან, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ აზრი მომწონს, უცებ ვენთები ხოლმე. როცა ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, ჩემგან მსახიობი გამოსულიყო, ძალიან გამიხარდა. თუმცა, ამის პირველი მცდელობა კრახით დასრულდა, თეატრალურში პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი (იცინის). მეორე წელს ჩავაბარე და საბოლოოდ, გოგი მარგველაშვილის ჯგუფი დავამთავრე. გოგი ძალიან მიყვარს. ნელ-ნელა უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მან სწორი განათლება მოგვცა. ახლა „სამეფო უბნის თეატრში“ ვმუშაობ. მესამე კურსზე რომ ვსწავლობდი, ბერძენი რეჟისორი, მიხეილ მარმარინოსი ჩამოვიდა და თუმანიშვილის თეატრში „რომეო და ჯულიეტა” დადგა. ეს იყო ჩემი პირველი სპექტაკლი თეატრში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჯერ კიდევ სტუდენტი საოცარ გარემოში მოვხდი. შემდეგ ვითამაშე „სამეფო უბნის თეატრში“, დათა თავაძესთან და მიშა ჩარკვიანთან. მერე, როცა თემურ ჩხეიძის სახელოსნო ჩამოყალიბდა, შტატში აგვიყვანეს. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს,” ეს სერიალი ეკრანზე ჩემი დებიუტია. როლზე რომ დამამტკიცეს და გავიგე, მერაბ ნინიძის შვილი უნდა განმესახიერებინა, ჩემი უშუალო პარტნიორები კი, მერაბი, ნინო კასრაძე და ნატალია ყულოშვილი იქნებოდნენ, უბედნიერესი ვიყავი.  მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ბევრი როლი მაქვს ნათამაშები, სერიალის გადაღებაზე პირველად რომ მივედი, ისე ვინერვიულე, ორი ღამე არ მძინებია. ვეცადე, მუშაობის პროცესში არაფერი შემტყობოდა, მაგრამ სახლში რომ მოვედი, საშინელი შეტევა დამემართა. თუმცა, საბედნიეროდ, მგონი, ეკრანზე არ ჩანს, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი. რაც შეეხება მერაბთან ურთიერთობას, ეს კიდევ ცალკე თემაა. რომ გაიგო, გადაღებაზე პირველად ვიყავი, ვერ აგიხსნით, მცირე დროში რამხელა სიკეთე გამოავლინა – მართლა გადამარჩინა. მთლიანად ჩემზე აეწყო, ჩამეხუტა და მითხრა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ როლით, თითქოს ჩემი პროფესიული განახლება მოხდა. ხალხის დადებითი გამოხმაურებებიც პატარა ბავშვივით მაბედნიერებს.
– შენ როგორი ხარ სინამდვილეში?
– ცოტა რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი. პათეტიკურად გამომდის, მაგრამ ჩემი უარყოფითი მხარეა, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობ. განსხვავებული, ალბათ, ამაში არც არაფერია, ვუყურებ ფილმებს, ვკითხულობ და ვუსმენ მუსიკას. ძალიან მწყდება გული, რომ ხშირად ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ვერ ვუთმობ საკმარის დროს. ჩაკეტილი ტიპი არ ვარ, უბრალოდ, ეს პროცესი იმდენად მსიამოვნებს, რომ შეიძლება, დღე ისე გავიდეს, ვერც ვიგრძნო.
– დასაწყისში რწმენაზე ვსაუბრობდით. ახლა როგორია შენი ეკლესიისადმი დამოკიდებულება?
– უცნაურია, მაგრამ ბავშვობაში ვამბობდი, ღმერთს ყველზე მეტად მე ვუყვარვარ-მეთქი და მეჩხუბებოდნენ, ღმერთს ყველა უყვარსო. ამაზე ვბრაზობდი: ყველა უყვარს, მაგრამ მე ყველაზე მეტად-მეთქი, ვამტკიცებდი (იცინის). ღმერთის დიდი სიყვარული ყოველთვის მქონდა და მაქვს, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრების წესი ისე ახლოს აღარაა ეკლესიასთან, როგორც ადრე. ხშირად ვეღარ მივდივარ ტაძარში, მაგრამ გულის სიღრმეში არაფერი შეცვლილა.
– ოჯახის შესახებაც მომიყევი.
– ოთხი ძმა ვართ. მამა ძალიან ახალგაზრდა, 26 წლის (ანუ ჩემს ასაკში) ავარიაში გარდაიცვალა. ჩვენ დედამ და ბებიამ გაგვზარდეს. ერთი ძმა უფროსია, ორი – უმცროსი. ერთი მღვდელია. ამ სფეროსთან მანამდე შეხება არ ჰქონია. ძალიან ნიჭიერი და კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ შემდეგ, ცხოვრება ისე განვითარდა, რომ ეკლესიაში წასვლა გადაწყვიტა. ამბობს, რომ ეკლესიისადმი ინტერესი ჩემგან წამოვიდა. უმცროსი ძმა ხმის ოპერატორია. ყველაზე პატარა კი, ჯერ სწავლობს.
– ამბობენ, რომ მორწმუნე ადამიანს უფრო მეტი განსაცდელის გამოვლა უწევს ცხოვრებაში. შენს შემთხვევაში როგორაა?
– მართლა ძალიან ბევრი განსაცდელი მაქვს გამოვლილი. რომ მოვყვე, ალბათ, დიდი დრო დამჭირდება. მაგრამ, ბოლოს უკვე ყველაფერს მშვიდად ვხვდებოდი, რადგან განსაცდელი იმდენად ბევრი იყო, სხვანაირად გავგიჟდებოდი. გამოცდილებამ თანდათან მასწავლა, როგორ უნდა გავუმკლავდე მას ისე, რომ თავს რამე არ დავმართო. არაერთხელ აღმოვჩენილვარ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი განსაცდელის წინაშეც, მაგრამ ბოლო დროს უფრო დამილაგდა მდგომარეობა. სიმშვიდე, ჩემი საქმე და გვერდით მყოფი ადამიანები მეხმარებიან განსაცდელთა გადატანაში.
– რადგან დედამ და ბებიამ გაგზარდეს, ალბათ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს მათდამი, ბევრი სირთულის გამოვლა მოგიხდებოდათ ერთად.
– როცა ვაკვირდები ოჯახებს, რომელშიც დედაცაა და მამაც და მაინც უჭირთ შვილების გაზრდა, ვხვდები, რა რთული იყო დედაჩემისთვის ოთხი არც ისე მშვიდი ბიჭის გაზრდა, თან, 90-იან წლებში. მაგრამ, დედას და ბებიას გმირობის წყალობით, არასდროს მიგრძნია, რომ მიჭირდა. ამისთვის მათი უზომოდ მადლიერი ვარ.
– რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დაქორწინებული არ ხარ, არა?
– დაქორწინებული არ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვარ ადამიანთან, ვინც ძალიან მიყვარს. ისიც მსახიობია, ნატალია გაბისონია. ახლა სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში” ლიკას (ზურა ყიფშიძის შვილი) როლს თამაშობს. ეს როლი ნატალიასთვისაც პირველია. ჩვენი საქმე ორივეს ბედნიერებას გვანიჭებს და ყველთვის გვიხარია სპექტაკლისა თუ გადაღების შთაბეჭდილებების ერთმანეთისთვის გაზიარება. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ახლა ძალიან ბედნიერი ეტაპი დგას და ეს ურთიერთობა ჩემთვის უდიდესი ენერგიის წყაროა.  სხვათა შორის, სანამ სერიალი დაიწყებოდა, მილანსა და პარიზში მოგზაურობას ვგეგმავდით. ხომ წარმოგიდგენიათ, მილანი და შემდეგ პარიზი შეყვარებულისთვის რა არის. მაგრამ, ამ დროს მითხრეს, რომ სერიალში როლზე დამამტკიცეს და იმ დღეებში, როცა უნდა გვემოგზაურა, გადაღებები მაქვს (იცინის).
– პროფესიიდან გამომდინარე, ერთმანეთზე ეჭვიანობთ?
– გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა, ვეჭვიანობ. შეიძლება, ვინმე საერთოდ არ ეჭვიანობდეს საყვარელ ადამიანზე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ უყვარს. მაგრამ, თუ ნატალიას რამე ისეთი სცენა აქვს, სიხარულით არ ვგიჟდები (იცინის). თუმცა, ვხვდები, რომ ეს ხელოვნებისა და თეატრისთვის კეთდება და არა ჩვენი სურვილებისთვის. მთავარია, ერთმანეთს ვენდობით და ეს ყველაფერს აბალანსებს. თუმცა, სასიამოვნო ნამდვილად არაა. ჯერჯერობით რამე განსაკუთრებული სცენა არ ჰქონია, მაგრამ რომ ჰქონდეს, შეიძლება, გული გამისკდეს. პატარა რაღაცეებზეც კი სუნთქვა მეკვრება (იცინის).

скачать dle 11.3