კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკლო ნიკა ქაცარიძემ ხუთი კილოგრამი შვილის დაბადებისას და რატომ მიაჩნია მას მეუღლის მშობიარობაზე დასწრება შიზოფრენიად #46

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე სულ ცოტა ხნის წინ გოგონას მამა გახდა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მეუღლეს გვერდით უდგას და ჩვილის ჭამა იქნება, დაძინება თუ პამპერსის გამოცვლა, ყველაფერს დიდი სიხარულით აკეთებს. უკვირს იმ მამების, ვინც ამ ყველაფერს თავს არიდებს.
ნიკა ქაცარიძე: შვილი ღმერთის წყალობაა. რადგან უფალი ასეთ საჩუქარს გიგზავნის და უდიდეს პასუხისმგებლობას გაკისრებს, ხვდები, რომ ძალიან უყვარხარ. არაფერია იმაზე საოცარი, რაც ამ დღეების განმავლობაში ვნახე და ვიგრძენი.
– სახელი როგორ შეურჩიეთ?
– ამაზე ბევრი ვიფიქრეთ. მიგვაჩნია, რომ სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს. მინახავს ადამიანი, რომელსაც ჰქვია დავითი და უნდა ერქვას – ჟორა. ბევრ მეგობარს აბსოლუტურად სხვა სახელით მივმართავ, იმიტომ რომ, ჩემს წარმოსახვაში მათი რეალური სახელი მათსავე პიროვნებას არ შეეფერება. პატარასთვის სახელს დიდხანს ვარჩევდით და ბოლოს რბილი, ლამაზი და თითქოს კეთილი სახელი მარიტა შევურჩიეთ გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხიდან”. დროსთან ერთად გამოჩნდება, აქვს თუ არა სახელს მასზე გავლენა.
– როგორი გოგოა მარიტა?
– მამას გოგოა. 18 ოქტომბერს დაიბადა და ჯერ კარგად ვერ გავაცნობიერე ყველაფერი. ვხვდები, რომ ის ჩემზე ბევრად წინაა და ყოველთვის ასე იქნება, თუ მეც მასთან ერთად არ ვისწავლი. 22 წლის რომ ვიყო, ალბათ, ასე მძაფრად და ემოციურად არ აღვიქვამდი მის დაბადებას. მაგრამ, ჩემს ასაკში რომ ხდები მამა პირველად, ეს აბსოლუტურად სხვა შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. წყნარი და მშვიდი ბავშვია. ღამეების თენება ჯერ არ დაგვჭირვებია. ძალიან პუნქტუალურია, სამ საათში ერთხელ იღვიძებს და ჭამას გვთხოვს. ვაჭმევთ და ისევ იძინებს.
– ეხმარები მეუღლეს მის მოვლაში?
– ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ყოველთვის სტარტზე ვდგავარ (იცინის). უფალმა ამ ასაკში ასეთი საჩუქარი მაჩუქა და მიდი, ახლა შენ აჭამე, მე მეზარება-მეთქი ცოლს ამას როგორ ვეტყვი? როგორ შეიძლება, საკუთარი შვილის მოვლა გეზარებოდეს? ის თუ დედაა, მე მამა ვარ. თან, მამებს გოგოების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ასე რომ, მე და ჩემი მეუღლე საქმეებს თანაბრად ვინაწილებთ: ერთად ვაბანავებთ, ვაჭმევთ და რამდენჯერმე დავაძინე კიდეც. უკვე პამპერსის გამოცვლაც ვისწავლე. კაცი რომ ამბობს, ჩემს შვილს პამპერსს ვერ გამოვუცვლი, არ ვიციო, სისულელეა. არ უნდა, თორემ, თუ მოინდომებ, უსწავლელი არაფერია. მე მინდა, შვილს მაქსიმუმი მივცე, მაგრამ საქმიანობის გამო, სახლში რომ საღამოს ათ საათზე მივალ, ისე ვეღარ ვახერხებ, როგორც მინდა. არადა, მსახიობის ცხოვრებაში არის ეტაპი, როცა არც თეატრი გინდა, არც პიესა, არც გადაღება და საერთოდ, არაფერი, რასაც სხვა დროს ნატრობდი. გინდა, მხოლოდ შვილს დაუთმო მთელი დრო, მაგრამ სამუშაო სამუშაოა და მის გარეშეც არ შეიძლება. ძალიან მინდა, შვილი დამოუკიდებელ ადამიანად გავზარდო და არა ისე, მშობლების სურვილების მიხედვით რომ დაჰყავათ ცეკვაზე, ვიოლინოზე და სამი წლის ბავშვს წერა-კითხვას რომ ასწავლიან, აქაოდა განსაკუთრებული და გამორჩეულიაო. არა – მინდა, ჩემი შვილი დამოუკიდებელი ინდივიდი იყოს. მე და ჩემს მეუღლეს მხოლოდ მისი თანდაყოლილი ნიჭის განვითარების ხელშეწყობა გვევალება.
– მშობიარობას ხომ არ დასწრებიხარ?
– მგონია, კაცი, რომელიც მეუღლის მშობიარობას ესწრება, შიზოფრენიკი, არანორმალური, სადისტი თუ მაზოხისტია. რა გული უნდა გქონდეს, როცა მეუღლე სამყაროში არსებულ ყველაზე დიდ ტკივილს განიცდის, შენ კი დგახარ და უყურებ. რა? დაეხმარები? – ტყუილია, ვერაფერს გაუკეთებ. უყურო, როგორ იბადება შენი შვილი, პათოლოგიაა და მართლა ვფიქრობ, ამის სურვილი შიზოფრენიის ნაწილია. პროფესიიდან გამომდინარე, ნაკლები შიზოფრენიკი მეც არ ვარ, მაგრამ ამ პროცესზე დასწრების აზრი მაინც არ მესმის. ყოველ შემთხვევაში, მე არ შემიძლია. როცა ჩემი მეუღლე მშობიარობდა, მე გარეთ ვიდექი და ნერვიულობისგან ხუთი კილო დავიკელი. ემოციებისა და განცდების გამო, ადამიანს არ ვგავდი. რამე ტელეპათიური კავშირი თუ არსებობს, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობდი, გარედან დავხმარებოდი მეუღლეს. შორიდან ვამხნევებდი და შორიდან მიძაგძაგებდა გული. ვინ მომცა იმდენი ძალა, რომ შიგნით ვყოფილიყავი?!. უგულო არ ვარ და ვერ წარმომიდგენია, იმ პროცესს ვუყურო. ვინც ამას აკეთებს, გული გაყინული აქვს.
– ხშირად ქალებს თვითონ აქვთ მეუღლის თანადგომის სურვილი. არც შენს მეუღლეს უნდოდა, რომ მის გვერდით ყოფილიყავი?
– მკითხა, დაესწრებიო? მაგრამ ექოზე რომ მიმყავდა, მაშინაც ცრემლები მომდიოდა და ტირილით ვკვდებოდი. ამიტომ, ჩემი სამშობიაროში ყოფნა როგორ წარმოგიდგენიათ?! აი, როცა ბავშვი დაიბადა, რამე ადამიანური თუ გამაჩნდა, ყველაფერმა იმ დღეს ამოხეთქა. ემოცებისგან ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. მაშინვე თქვეს: კოპიო ნიკააო. რა უბედურებაა, შვილი ცხრა თვე მუცლით ატარო და მერე მამას ჰგავდეს-მეთქი, ვხუმრობ (იცინის). სიმართლე გითხრათ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მე მგავდეს. მინდა, დედასავით ლამაზი იყოს.
–  ბავშვის მოვლის გარდა, მეუღლეს საოჯახო საქმეებში თუ ეხმარები?
–  აბა, რას ვშვრები?! ქალმა „გოლგოთას გზა” გაიარა. კაცების 95 პროცენტს არ ესმის, ეს რა ტკივილთანაა დაკავშირებული. ბოლომდე მეც ვერ ვიგებ, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ უმჯობესია, 19 ტყვია გესროლონ, ვიდრე ეს ტკივილი განიცადო. ამიტომ, ვცდილობ, ამ პროცესების შემდეგ მეუღლეს ყველანაირად ხელი შევუწყო – ენერგიის, მოხმარების თვალსაზრისით თუ ჰარმონიული ურთიერთობით. ეს ადამიანი მიყვარს, შვილი მაჩუქა და თუ ის ბავშვს საჭმელს აჭმევს, ამ დროს კი ჭურჭელია გასარეცხი, რატომ არ დავრეცხავ?! არ მესმის, რატომ არ უნდა გავრცეხო ჭურჭელი, „გრუზინი” ვარ? – არა, არ ვარ. იმათი დედაც, თუ ვინმე ასეთია – ბავშვიან მეუღლეს დატოვებს და ძმაკაცებთან ერთად რესტორანში წავა. სად გაიქცევა ძმაკაცი და რესტორანი? საუბარია ოჯახზე, ჩვენ უკვე სამნი ვართ და მაქსიმალურად ჰარმონიული გარემო უნდა შევქმნათ – სიმყუდროვით, ურთიერთდახმარებით, ლამაზი მუსიკით. ცხრა თვის განმავლობაში პატარას მამა სერაფიმეს გალობას ვასმენინებდი. რომ დაიბადა, ერთხელ წამოიტირა და ეს გალობა ჩავურთე. ნაცნობი ხმის გაგონებაზე ჯერ გაოცებული თვალებით შემომხედა და მომენტალურად ჩაეძინა. მე და ნინოს ცრემლები წამოგვივიდა, ეს ნამდვილი სასწაული იყო. 
– ცხრა თვის განმავლობაში გიწევდა მეუღლის თხოვნების შესრულება?
– არა, ძალიან მაგარი ორსულობა ჰქონდა, პრეტენზიებით არ გამოირჩეოდა. ბოლომდე საჭესთან იჯდა. მშობიარობამდე ორი კვირით ადრე ჩამოვიდა ავტომობილიდან და საოცრად ემზადებოდა დედობისთვის. ცხრა თვემდე ისე მოვედით, სქესი შეგნებულად არ გავიგეთ, მაგრამ ორი კვირით ადრე მუცელი ისე ატკივდა, გვეგონა, უკვე მშობიარობდა და სამშობიაროში გავქანდით. იქ დამხმარე გინეკოლოგს წამოცდა – მშობიარობა ჯერ არაა დაწყებული, მაგრამ ვაიმე, რა ლამაზი გოგოაო. აუუ, ცხრა თვე ვიცადეთ და ცოტაც გეცდია-მეთქი. ჰოდა, თუ იქამდე ნეიტრალური ფერის ტანსაცმელს ვყიდულობდით, მერე დაიწყო ვარდისფერები (იცინის). მშობიარობის დღეს, დილის შვიდ საათზე მაღვიძებს მეუღლე. ჩაუცვამს, მაკიაჟი გაუკეთებია, ჩანთები გაუმზადებია და მეუბნება, ადექი, წავიდეთო. სად-მეთქი და სამშობიაროში, ისეთი ტკივილები მაქვს, დღეს აუცილებლად დაიბადებაო. მართლაც, დღის ოთხ სათზე დაიბადა. ყველაფერმა ბუნებრივად და მშვიდობიანად ჩაიარა.
– ბავშვის მოვლასა და მეუღლის დახმარებაზე როცა საუბრობდი, შენს დამოკიდებულებებს დაახლოებით მივხდი, მაგრამ მაინც მინდა, გკითხო შენი აზრი გენდერული თანასწორობის შესახებ.
– საზოგადოებაში ქალს და კაცს თავ-თავიანთი ადგილები აქვთ. როგორ შეიძლება, მათი როლები ერთმანეთს შეადარო?! ეს დაახლოებით იგივეა, პელე თუ მარადონა, „მერსედესი” თუ „ბმვ”, რაც დიდი სისულელე მგონია. ამ სამყაროში ყველას საკუთარი ფუნქცია აქვს. რაღაცაში ქალი უფრო მაგარია და ეს კაცებმა იციან, რაღაცაში კაცია უფრო მაგარი და ქალებმა ეს მშვენივრად იციან. მთავარია, ერთმანეთის ღირსება დავაფასოთ. ქალია და ამიტომ უნდა მივაგდოთ, ეს ქაჯური და სნობური დამოკიდებულება კი არა, საზოგადოებაში მსგავსი კითხვის არსებობაც კი, გაუნათლებლობის ბრალია.
– „კაცია და რა მოხდას” პრინციპით გამართლებული ღალატი?
– როცა ადამიანი გიყვარს, გამორიცხულია, უღალატო. შეიძლება, გონებაში ვიღაცაზე გაივლო: უი, რა კაი გოგოაო, მაგრამ მომენტალურად გაგახსენდება, რომ ღმერთმა შენ უფრო მაგარი გაჩუქა. შენ გეპატიება გარყვნილება და ქალს არა? – სისულელეა. ან, თუ გიყვარს, საერთოდ, რატომ უნდა დაუშვა ეს? თუ აღარ გიყვარს მაშინ რაღა გინდა ცოლთან? წადი და იყავი ისეთივე მაწანწალა, როგორიც მანამდე იყავი. ღმერთს ვთხოვ, მომცეს ძალა, რომ მთელი ცხოვრება ისე მიყვარდეს, როგორც ახლა და უფრო მეტადაც. დანარჩენი ზნეობის საკითხია.

скачать dle 11.3