კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #46

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-45(828)

 ***
ტიტე ბუკიას შინაგან საქმეთა მინისტრთან დაბარებას პრეისტორია ჰქონდა. როდესაც ჯონ მოზესმა ნინიძისა და ყურშას დაპატიმრების ამბავი შეიტყო, მიხვდა, რომ ჩიხში მოექცა. ამიტომ, თავისი არხებით მინისტრთან მისასვლელი გზა იპოვა, პირადად ესტუმრა მას კაბინეტში და მოურიდებლად, პირდაპირ უთხრა:
– ბატონო მინისტრო, მე კორპორაცია „საქს ენდ ონკოფარმ ინდასტრის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯონ მოზესი ვარ. თბილისში კი მაქს ბოლის სახელით ჩამოვედი და ერთობ საინტერესო მისია მაკისრია. მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემი მისია პროფესორ პავლე გოკიელის მოხელთებაშია. ასეთი დავალება ჰქონდათ ვინმე ნინიძესა და ხაბაძეს, რომლებმაც დაკისრებულ საქმეს თავი ვერ გაართვეს. მეტიც, თქვენ ისინი გუშინ დაგიპატიმრებიათ. თქვენთან იმიტომ მოვედი, რომ სარფიანი გარიგება შემოგთავაზოთ და უმჯობესია, მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაინც მოვნახავ გზას ჩემი მისიის შესასრულებლად. რას იტყვით, თანახმა ხართ?
– შემოთავაზებას გააჩნია, – ჩაეცინა მინისტრს, გააბოლა და სტუმარს თვალი თვალში გაუყარა.
– აი, ეს კი უკვე საქმიანი ლაპარაკია, – თქვა მოზესმა, – მერწმუნეთ, თანხა იმ ორმოცდაათ ათას ევროზე მეტი იქნება, თანაც ბევრად მეტი, რაც შეუსრულებელი საქმისთვის მიიღო ნინიძემ.
თანხის რაოდენობა რომ გაიგო, მინისტრმა გაიფიქრა: „უყურე შენ ამ დამპალ მაიორ ნინიძეს, რა მაყუთებს ღუნავს. მე მას მოვაღუნინებ, რაც საჭიროა. არა რა, მექრთამეობას და ღალატს რა აღმოფხვრის ჩვენში. ფული, მართლაც რომ ჯოჯოხეთს ანათებს“, – მოზესს კი უთხრა:
– ორმოცდაათი ათასი ევრო არაფერია, მისტერ მოზეს ასეთი საქმისთვის და ეს თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ.
 – გეთანხმებით. ამიტომ თქვენი ფასი დაასახელეთ.
– მინიმუმ ოცჯერ მეტი.
„მილიონს თხოულობს. მილიონი ევრო არაფერია იმ სარგებელთან შედარებით, რასაც ამ საქმიდან ვნახავთ“, – გაიფიქრა მოზესმა. მინისტრს კი მიუგო:
– თუ სწორად მივხვდი, პროფესორის მოხელთებაში მილიონ ევროს ითხოვთ, ხომ?
– დიახ. სწორად მიხვდით, – დაეთანხმა მინისტრი.
– რა გაეწყობა, მილიონი ევრო არაა მცირე თანხა, მაგრამ თანახმა ვარ.
– ფულს წინასწარ ვითხოვ.
– წინასწარ? – გაიმეორა მოზესმა.
– დიახ. ასეთია ჩემი პირობა.
– მაშინ ასე შევთანხმდეთ, – თქვა მოზესმა,  – ნახევარ მილიონს დღესვე მოგიტანთ, მეორე ნახევარს კი – როგორც კი გოკიელს ჩამაბარებთ, მაშინ.
– არა, მისტერ მოზეს, – თავი გააქნია მინისტრმა, – მილიონი ევრო დღესვე მჭირდება და ყველაფერს უმაღლეს დონეზე მოვაწყობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენი გარიგება არ შედგა.
ჯონ მოზესი ჩვეული არ იყო იძულებას. თავად კი, ნებისმიერ ადამიანს აიძულებდა, რაც მას დასჭირდებოდა. თუმცა, ამჯერად სულ სხვა სიტუაცია იყო და მინისტრს უთხრა:
– კეთილი. იყოს ისე, როგორც თქვენ გსურთ. მოგიტანთ მილიონ ევროს, მაგრამ გვიან ღამით, – საქსის „ქოფაკების“ უფროსმა მკვლელის თვალები მიაპყრო მინისტრს და დააყოლა, – მაგრამ, კარგად დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, თუკი გოკიელს ვერ მოიხელთებთ ან სხვა, გაუთვალისწინებელი რამ მოხდება, იცოდეთ, თქვენს თავს დააბრალეთ, მას რაც მოჰყვება.
– მემუქრებით?
– არა. უბრალოდ, გაფრთხილებთ, – მოზესი სკამიდან წამოდგა და სანამ მინისტრის კაბინეტს დატოვებდა, დააყოლა, – ღამის ორიდან სამ საათამდე აქ მე მილიონ ევროს მოვიტან.
– მოუთმენლად გელოდებით, – უთხრა მინისტრმა სტუმარს და კაბინეტიდან რომ გაისტუმრა, ჯერ იმ მკვლელების უფროსს გამოუძახა, რომლებმაც შემდეგ ტიტე ბუკია გაიტაცეს და საქმის კურსში ჩააყენა, თან სრულ მზადყოფნა უბრძანა; შემდეგ კი ტიტე დაიბარა და ესაუბრა. ტიტე რომ წავიდა, მკვლელები მაიორს კუდში დაადევნა, თავად კი სავარძელში ჩაეფლო. გააბოლა და მილიონი ევროსგან მისაღებ ნეტარებაზე ფიქრში წავიდა...
მინისტრის კაბინეტიდან გამოსული მოზესი „საქს ენდ ონკოფარმ ინდასტრის“ თბილისურ ოფისს ესტუმრა და ახლად დანიშნულ მენეჯერს, რომელიც მას კარგად იცნობდა, უთხრა:
– შუაღამისთვის მილიონი ევრო მჭირდება. გაქვთ ამდენი?
– დიახ, – მიუგო მენეჯერმა კორპორაციის უსაფრთხოების უფროსს.
– კეისში ჩამიდეთ და გამატანეთ... ახლა ახსნის დრო არ მაქვს. მეჩქარება. ხვალ ამ დროისთვის კი, ეს თანხა ისევ თქვენს სეიფში იდება. ახლა კი, იჩქარეთ.
ჯონ მოზესს საქსის შემდეგ, ყველაზე დიდი წონა ჰქონდა კორპორაციაში და მის სიტყვას უპირობოდ ემორჩილებოდნენ. ამიტომ, თხუთმეტიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ მილიონი ევროთი სავსე კეისი მას უკვე ხელში ეჭირა და გასვლისას მენეჯერს უთხრა:
– ბატონ საქსს მე თვითონ ჩავაყენებ საქმის კურსში. მადლობელი ვარ. ხვალ შევხვდებით.
მოზესი ჯერ სასტუმროში დაბრუნდა და ფული დაითვალა, შემდეგ დასასვენებლად წამოწვა, ფულიანად მინისტრთან მისვლას შუაღამეზე აპირებდა. ამიტომ, როგორც კი, ღამის თორმეტი საათი შესრულდა, მოზესმა ტაქსი გამოიძახა და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ აიღო გეზი. ახალი დღე სულ რაღაც ოცი წუთის დაწყებული იყო, რომ მოზესი უკვე მინისტრის კაბინეტში შედიოდა.
                  . . .
 ღამის პირველის ოც წუთზე, მინისტრს უკვე ჰქონდა ინფორმაცია ბეტონკონსტრუქციების საამქროში დახოცილი ოთხეულის შესახებ და არც იმისი მიხვედრა გასჭირვებია, რომ არამც თუ მილიონ ევროს კარგავდა, არამედ შეიძლება, ყველაფერი გამჟღავნებულიყო და თავიც დაეკარგა. ამიტომ, გადაწყვიტა, ერთი გასროლით მინიმუმ ორი კურდღელი მოეკლა. ფულიც შერჩენოდა და საკუთარი დანაშაულის კვალიც მოესპო. მან თავისი ერთგული ხელქვეითი, რომელიც მკვლელების ქვედანაყოფს მეთაურობდა, მეორედ დაიბარა კაბინეტში და უთხრა:
– ახლა რასაც გავალებ, კიდევ უფრო მეტად საიდუმლო და საპასუხისმგებლოა, ვიდრე ტიტე ბუკიას გამოტეხვა. შენმა კრეტინებმა ერთი საქმე უკვე ჩამიფლავეს და ეცადე, იგივე აღარ გაიმეოროთ.
– არა, რა იგივე?! წეღან ხომ გითხარი, რომ რაღაც შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი. ჩემი ბიჭები სუფთად მუშაობენ და რა მოხდა, ჯერ ვერ გავარკვიეთ. თუმცა, გპირდები, ყველაფერს დავადგენთ და კარგი დღე არავის დაადგება, – მიუგო მინისტრს მკვლელების უფროსმა.
– თქვენ უპირველესად, ტიტე ბუკია იპოვეთ, რომ თავი არ დაგვაკარგინოს ყველას.
– ვიპოვით. მას უკვე ყველგან ეძებენ.
– ცოცხალი მჭირდება, გესმის? ცოცხალი! – თქვა მინისტრმა და დააყოლა, – მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დაბრიდეთ.
– ცოცხალს მოგიყვანთ. ვერსად წაგვივა.
– წაგივათ და ერთად დავკარგავთ თავებს, –  თქვა მინისტრმა და პაუზის მერე დაამატა, – ახლა კი გეტყვი, რატომ დაგიბარე აქ. ჩემთან ერთი კაცი მოვა და ფულს მოიტანს, მილიონ ევროს. აქედან ასი ათასი ჩემია და ნახევარს შენ მოგცემ. გესმის? ორმოცდაათ ათას ევროს მოგცემ, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე უნდა შეასრულო, როგორც მე გეტყვი.
ორმოცდაათი ათასი ევროს გაგონებაზე მკვლელების უფროსს თვალები გაუბრწყინდა და მინისტრს მიუგო:
– ყველაფერს ხუთიანზე ვიზამ. თქვი, რა უნდა გავაკეთო.
– აქედან რომ გახვალ, ფურგონი და სამი სასანგრე ნიჩაბი გაამზადე. ორი საიმედო კაცი შეარჩიე და ჩემს ზარს დაელოდე. როგორც კი დაგირეკავ, ჩემს კაბინეტში ამოდი და გეტყვი, ეს კაცი წაიყვანე და ტიტე ბუკია ანახე-მეთქი. გასაგებია?
– გასაგებია.
– შემდეგ იმ კაცს ცალკე ოთახში ჩაიყვან და გინდა იქვე დაბრიდე, გინდა გათიშე და მერე დაბრიდე. მოკლედ, ის კაცი უნდა გააქრო. სადმე, საიმედო ადგილზე მიიყვანე და მიწაში ჩამარხე. გასაგებია?
– გასაგებია.
– სად ჩამარხავ?
– ველში. უპატრონოთა სასაფლაოზე. იქ კარგი ადგილები ვიცი და ვერავინ იპოვის.
– ძალიან კარგი. ახლა კი წადი და ყველაფერი მოამზადე, – უთხრა მინისტრმა მკვლელების უფროსს და კაბინეტიდან გაისტუმრა. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი, მინისტრს მოზესმა დაურეკა, – აქ ვარო და მინისტრის კაბინეტში ფულიანად ავიდა.
– მობრძანდით. დაბრძანდით, მისტერ მოზეს, – მინისტრმა გულთბილად მიიპატიჟა მოზესი კაბინეტში, მან კი კეისი მაგიდაზე დადო და მინისტრს უთხრა:
– აი, ფული მოგიტანეთ. დაითვალეთ.
– როგორ გეკადრებათ. გენდობით. – მიუგო მინისტრმა მოზესს. ფულიანი კეისი სეიფში შეინახა და სტუმარს უთხრა:
– თქვენ თქვენი პირობა შეასრულეთ. ჩვენ – ჩვენი. უნდა გაგახაროთ. კარგი ამბავი მაქვს თქვენთვის.
– რა ამბავი?
– რა და ტიტე ბუკია შევიპყარით. ის მაიორია. ჩვენი თანამშრომელი და სწორედ ის მალავს პროფესორ გოკიელს.
გოკიელის ხსენებაზე მოზესს თვალები აენთო და მინისტრს ჰკითხა, – დაადგინეთ გოკიელის ადგილსამყოფელი?
– არა, – თავი გააქნია მინისტრმა და დააყოლა, – ამას თქვენ თვითონ იზამთ. მე ახლა ერთ კაცს გამოვიძახებ, ვისაც ბუკია ჰყავს დატყვევებული, შემდეგ კი თქვენ იცით. საიმედო ადგილზე წაგიყვანენ. მოგეხმარებიან კიდეც და თვითონ გაარკვიეთ, თუ სადაა პროფესორი. შემდეგ პროფესორის დატყვევებაშიც დაგეხმარებით და თქვენი საქმეა, თუ რას უზამთ მას. მე ეს არ მაინტერესებს.
ჯონ მოზესს უფრო აენთო თვალები. მასში მკვლელის ინსტინქტმა გაიღვიძა, რომელიც სისხლში ჰქონდა და მინისტრს უთხრა:
– დაურეკეთ.
ხუთიოდე წუთის შემდეგ მკვლელების უფროსი მინისტრის კაბინეტში შევიდა და მინისტრმა მას ინგლისურად უთხრა:
– ამ ადამიანს ბუკია აჩვენეთ და რასაც გეტყვით, ის გააკეთეთ. გასაგებია?
– გასაგებია, – ინგლისურადვე მიუგო მინისტრს მკველელების უფროსმა. შემდეგ კი მოზესს მიუბრუნდა:
 – წამობრძანდით, ბატონო.
მკვლელების უფროსი და მოზესი სარდაფში ჩავიდნენ, სადაც უკვე მზად იყო ყველაფერი. იზოლირებულ ოთახში რომ შევიდნენ, მკვლელების უფროსმა შვეიცარიელს მოულოდნელად თავში პისტოლეტის ტარი ჩასცხო და იატაკზე დააგდო. შემდეგ ზურგსუკან ხელბორკილები დაადო და ორ ხელქვეითს უბრძანა.
– შეაგდეთ და დავიძარით.
გათიშულ-გაკოჭილი ჯონ მოზესი დახურულ ფურგონში შეაგდეს, რომელიც პირდაპირ კართან იყო მიყენებული, რომ არავის არაფერი დაენახა. მკვლელების უფროსმა ბუნკერშივე იმიტომ არ მოკლა მოზესი, რომ მისგან გამორჩენას ელოდა. მას თავისი მოკლე ჭკუით, ეგონა, რომ რადგან მინისტრს ერთი მილიონი ევრო მოუტანა, მეტიც ექნებოდა. ამიტომ, სანამ მიწაში ჩამარხავდა, გადაწყვიტა, ეწამებინა და ამგვარად მისთვის ფული გამოეძალა. „მინისტრი მაინც ვერაფერს გაიგებს. მე კი მეტი ფული დამრჩება“, – ფიქრობდა მკვლელების უფროსი და დარწმუნებული იყო, რომ დიდ ფულს იშოვიდა.
ფურგონი რომ ველის ეგრეთ წოდებულ უპატრონოთა სასაფლაოზე მივიდა, ღამის ორის ნახევარი შესრულდა. მოზესი უკვე გონს იყო მოსული. ყველაფერს მიხვდა და იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეღწია თავი მკვლელებისგან. დარწმუნებული იყო, რომ აუცილებლად მოახერხებდა ამას.
– გადმოათრიეთ და პირიდან სკოჩი მოხსენით! – უბრძანა მკვლელების უფროსმა ხელქვეითებს და როგორც კი მოზესს პირი გაუთავისუფლდა, იყვირა:
– რას მერჩით, რა დაგიშავეთ?
– არ დაგიმალავთ და აქ უნდა დაასრულოთ თქვენი სიცოცხლე, – მიუგო მოზესს მკვლელების უფროსმა.
– რატომ?
მკვლელების უფროსს ჩაეცინა. მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– ასეთი მითითება მაქვს.
– ვისგან?
– რაში გაინტერესებთ. მას მაინც ვერ გადაუხდით სამაგიეროს. მოგკლავთ და მიწაში ჩაგმარხავთ. მანამდე კი გაწამებთ. თუმცა, შემიძლია, წამების გარეშეც მოგკლათ, თუ, რა თქმა უნდა, ფულს გადამიხდით.
– დიდი ფული რომ გადაგიხადოთ, ცოცხალს გამიშვებთ? – თქვა მოზესმა.
„შევპიდები და მოვატყუებ“, – გაიფიქრა მკვლელების უფროსმა. მოზესს კი მიუგო:
– გააჩნია, რამდენს.
– მინისტრს ერთი მილიონი ევრო მივეცი. თქვენ ორს მოგცემთ. გაწყობთ?
– მაწყობს, მაგრამ, როგორ? აქედან ვერ გაგიშვებთ, გაიქცევით. თანაც, თქვენი არ მჯერა. იტყუებით.
– ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
– მკითხეთ.
– იცოდით, რომ მინისტრს მილიონი ევრო მივეცი?
– ვიცოდი.
– თქვენ იქიდან რამდენს გიხდით?
– ორმოცდაათი ათასს, ასი ათასიდან. დანარჩენი სხვებს უნდა მივცეო.
– ტყუილია. მილიონი მხოლოდ მისია. მე კი თქვენ ორ მილიონ ევროს მოგცემთ. მარტო გაშვებას არ გთხოვთ. წამომყევით ოფისში. სეიფში ოთხი მილიონი ევრო მაქვს. ნახევარს მოგცემთ. შემდეგ კი აქედან გავქრები და თქვენი მინისტრი კი ვერაფერს მიხვდება. ეტყვით, რომ მისი დავალება შეასრულეთ.
– რომელ ოფისში გაქვთ ოთხი მილიონი?
– ქალაქის ცენტრში, რუსთაველზე. წამოდით და დარწმუნდებით.
– ვინმე რომ გავგზავნოთ იქ?
– გამორიცხულია. დაცვა არ შეუშვებს.
– არ მჯერა თქვენი. იტყუებით, – თქვა მკვლელების უფროსმა, რომელსაც ოთხი მილიონი ევროს დაუფლების სურვილმა გონება დაუბინდა.
– მაშინ მომკალით და მიიღეთ თქვენი ორმოცდაათი ათასი. თუმცა, ორმოცჯერ მეტი შეგიძლიაო, ჩაგეგდოთ ხელში.
მკვლელების უფროსმა გააბოლა და მოზესს უთხრა:
– მოგკლავთ კიდეც. თქვენ იტყუებით.
– ეგ, მინისტრი გატყუებთ, თორემ მე გადამხდელი ვარ. ჩემი სიცოცხლე ნებისმიერ სიმდიდრეს მირჩევნია... არსებობს ერთი ვარიანტიც, მაგრამ ჯობდა, თვითონ მივსულიყავი ოფისში.
– რა ვარიანტი? – ყურები ცქვიტა მკვლელების უფროსმა.
– ტელეფონი გაქვთ?
– მაქვს.
– ოფისში დავრეკავ და ჩემს ცოლს ვეტყვი, ფული მოიტანოს.
– მატყუებთ?
– სულაც არა. უბრალოდ, ჩემი ცოლის შეშინება არ მინდოდა, ფეხმძიმედაა. თანაც, რა გარანტია მაქვს, რომ პირობას შეასრულებთ და ორივეს არ დაგვხოცავთ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3