კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალებმა მაინც აჯობეს #46

ჯონ სტეინი, ლეიტენანტი-დეტექტივი მკვლელობის საქმეს ჩაჰკირკიტებდა... სამოცდასამი წლის ჯეფერსონ პეიჯის გვამი თავისივე სახლის ეზოში იპოვეს. კეფაში რაღაც მძიმე საგანი ჰქონდა ჩარტყმული. გვამი ჯეფერსონის საყვარელმა ქალმა და საცოლემ, ოცდაათიოდე წლის იზაბელ სეიმანმა იპოვა. ის ახლა შეძრწუნებული და ატირებული დეტექტივის მისაღებში იჯდა და დაკითხვას ელოდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილიც ჰყავდათ – მისტერ ჩარლზ ჰოლსტიდი, კაფე „დე ბლუს“ თანამფლობელი, კომპოზიტორი და არანჟირების ოსტატი, იზაბელის დიდი ხნის მეგობარი. სწორედ იზაბელი ადებდა მას ხელს, მაგრამ პრობლემა ის გახლდათ, რომ ჩარლზ ჰოლსტიდს ალიბი ჰქონდა. მკვლელობის საღამოს ის კაფეში იყო და ამას სამი ოფიციანტი ადასტურებდა. ჯონ სტეინმა კეფა ფანქრით მოიქექა და თანაშემწეს, პოლ ლეონს შეხედა.
– ყველა ამბობს, რომ ჯეფერსონ პეიჯი დიდი ნაძირალა იყო. ის ყველას სძულდა.
– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელობა დაუსჯელი უნდა დარჩეს. ნაძირლებზე ნადირობის სეზონი ჯერ არ გამოუცხადებიათ.
– ჰო, ეგ მართალია, – ამოიოხრა სტეინმა, – მისი ცოლები დაჰკითხე?
– მხოლოდ ერთი – მომღერალი... რიგით მეორე. პირველი გარდაცვლილია. ოთხი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. რაც შეეხება მესამეს, მას ალიბი აქვს – ფლორიდაში ცხოვრობს და ბოლო ორი თვის განმავლობაში, აქ არ ჩამოსულა. მაგრამ, როგორც გავარკვიე, ყოფილი ქმრის სიკვდილით ყველაზე მეტად ის იყო დაინტერესებული.
– ეს როგორ? – ჰკითხა ჯონმა.
– ოფიციალურად განქორწინებულები არ ყოფილან. ჯეფერსონის ცხოვრებაში იზაბელი რომ გამოჩნდა, მან ლუსის აცნობა, რომ განქორწინების სურვილი ჰქონდა, რათა იზაბელზე დაქორწინებულიყო. მანამდე ყოფილ ცოლს საფრთხობელად, თავისი საყვარლებისგან დასაცავად იყენებდა. ლუსი პეიჯი-მაკლარენი სოლიდური ქონების მფლობელი ხდება. ჯეფერსონი ღარიბი არ ყოფილა – ოცი მილიონი, უძრავი და მოძრავი ქონება, კომპანიების აქციები და ანგარიშები ბანკში. ლუსი პეიჯი-მაკლარენი ერთბაშად ძალიან ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა.
– ჰო... ასეა, – ჩაილაპარაკა სტეინმა, – მართალია, მას აქვს ალიბი, მაგრამ დაქირავებული მკვლელის ვერსიასაც ნუ გამოვრიცხავთ.
ლეონიმ თავი გადააქნია.
– არა, მე სხვაგვარად ვფიქრობ. შემოიყვანე იზაბელი, დაჰკითხე და გაგაცნობ ჩემს მოსაზრებას.
იზაბელ სეიმანი არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან მიმზიდველი გარეგნობის ქალი აღმოჩნდა. იყო მასში რაღაც განსაკუთრებული და მომნუსხველი. გამომძიებლებმა თვალი ვერ მოსწყვიტეს. საღი აზრი ორივეს კარნახობდა, რომ ამ ტიპის ქალებთან სიფრთხილეა საჭირო. ისინი ანგელოზის გარეგნობის უკან მტკიცე ნებას და ზოგჯერ დანაშაულსაც მალავენ.
– მისის სეიმან, თქვენ ამბობთ, რომ მომავალი მეუღლე, ოცდაათი წლით უფროსი ჯეფერსონ პეიჯი, გიყვარდათ და ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო?
– დიახ. ის მართლაც არაჩვეულებრივი იყო... საოცარი... გულისხმიერი. ჩვენ მალე უნდა დავქორწინებულიყავით... ეს, ეს საშინელებაა... – ქალმა სახეზე აიფარა ხელები და ასლუკუნდა.
ჯონმა წყალი დაუსხა.
– თქვენს საქმროს ყველანი – ნაცნობები, ყოფილი ცოლები, საქმიანი პარტნიორები, ახასიათებენ, როგორც ურჩხულს, რომელმაც დანდობა არ იცოდა.
– თქვენც იმას იმეორებთ, რასაც ჩარლზ ჰოლსტიდი მეუბნებოდა – თუ მაგას ცოლად გაჰყვები, თავს დაიღუპავო. ეჭვიანობდა... მე ვხვდებოდი...
– დიდი ხანია, ჩარლზ ჰოლსტიდთან, ანუ დანაშაულში ეჭვმიტანილთან, ურთიერთობა გაქვთ?
– ურთიერთობას ამას ვერ დავარქმევ. ჩარლზი მეგობარია. ის ჩემი ყოფილი ქმრის, ფილის საუკეთესო მეგობარი იყო. ფილი ხუთი წლის წინ გარდაიცვალა და მერე გავიცანი ჯეფერსონი... ღმერთო, როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემმა მეგობარმა მოკლა...
– მისის სეიმან, მკვლელობას თვითმხილველები არ ჰყავს. სამაგიეროდ, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ იმ დროს, როცა მკვლელობა მოხდა, ჩარლზ ჰოლსტიდი კაფეში იყო, თავის მაგიდასთან იჯდა და ყავას სვამდა.
– ვინ მოწმეები? – ქალის მზერაში წამით აენთო ველური ნაპერწყალი და მაშინვე ჩაქრა.
– ოფიციანტები და კაფეს მენეჯერი.
– ოჰ, ეგ აუტანელი იტალიელი ძმები. მათ ჯეფერსონი სძულდათ. არ მიკვირს, რომ ასეთი რაღაც თქვეს. ჯეფერსონი სამართლიანი კაცი იყო, მშრომელი. ბევრი ვერ უგებდა. მისი მილიონების კი, რომელიც საკუთარი შრომით დააგროვა, შურდათ.
– მისი ყოფილი ბიზნესპარტნიორები სხვა აზრის არიან, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა პოლმა და დაიმსახურა კიდეც ქალის სიძულველით აღსავსე მზერა.
– მის სეიმან, რატომ უნდა მოეკლა ჩარლზ ჰოლსტიდს თქვენი საყვარელი?
– ეჭვიანობის ნიადაგზე. გაგიჟდა, როცა გაიგო, რომ ცოლად მივყვებოდი. მთელი ხმით ყვიროდა. მას ყოველთვის ვუყარდი, მაგრამ ფილიც ძალიან უყვარდა. ამიტომ, სანამ ის ცოცხალი იყო, დუმდა. არასოდეს არაფერი უთქვამს თავისი გრძნობის შესახებ. მაგრამ, როცა ფილი გარდაიცვალა, ჩემ გვერდით იყო... ერთი ნაბიჯითაც არ მომცილებია. ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ მის გრძნობას ვუპასუხებდი. ჯეფერსონი თავიდანვე შეიძულა.
– მისის იზაბელ, იცოდით, რომ ადრე ჩარლზ ჰოლსტიდი და ჯეფერსონ პეიჯი ბიზნესპარტნიორები იყვნენ და რომ კაფე „ლებლე“ ორივემ ერთად გააკეთა? მერე კი ჯეფერსონმა ჩარლზი „გადააგდო“.
ქალი დაიძაბა.
– მით უმეტეს, კიდევ უფრო მეტი მიზეზი  ჰქონია მის მოსაკლავად...
– ქალბატონო, შეიძლება, ერთი წუთით დაგტოვოთ? ჩემს თანაშემწესთან პატარა საქმე მაქვს...
ქალმა წყალი მოსვა და თავი დაუქნია.
ჯონი სტეინი პოლ ლეონს გაოცებული მიაჩერდა და დაეჭვებულმა ჰკითხა:
– რისი თქმა გინდოდა?
– მე ვიცი, ვინც არის მკვლელი...
– მეც ვიცი, ჩარლზ ჰოლსტიდი.
 – არა. ეს ნამდვილ მკვლელს უნდა, რომ მაგ ვერსიის გვჯეროდეს. მკვლელი კი იზაბელ სეიმანია... სწორედ ეგ „განსხვავებული ქვრივი“, ძალიან რომ უნდა, დაგვაჯეროს, თითქოს ის სამოცდასამი წლის ურჩხული უყვარდა.
– კი მაგრამ, მოტივი?
– ფული... ის ფული, რომელიც ჯეფერსონის გარდაცვალების შემდეგ, მის ქვრივს დარჩა. თავიდანვე გამიჩნდა კითხვა, რატომ დათანხმდა ის ქალი განქორწინებას მაინცდამაინც იზაბელის შემთხვევაში. მანამდეც ჰყავდა მის ყოფილ ქმარს საყვარლები, მაგრამ სულ უარს ამბობდა კანონიერად დაშორებაზე. იზაბელი იმ მემკვიდრეობიდან თავის წილს მიიღებს, როცა ჩარლზს ციხეში გამოკეტავს და ყველაფერი ჩაწყნარდება.
– სამხილები? – ჩაფიქრებულმა ჯონმა შუბლი მოისრისა.
– გამიშვი ფლორიდაში და მისის პეიჯს ყველაფერს ვაღიარებინებ. სულ ორი დღე დამჭირდება. იზაბელი ჭკვიანი ქალია, მაგრამ ისეთი ჭკვიანიც არა, რომ გაგვაცუროს... მეტისმეტად კარგად ითამაშა „უნუგეშო“ საყვარლის როლი, მაგრამ ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ჯეფერსონ პეიჯი შეიძლება, ნაძირალა იყო, მაგრამ ქალებმა მაინც აჯობეს.

скачать dle 11.3