კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოინდომა დიმა ბილანმა, რომ გახდეს ბილანიძე და როგორ გახდა მოჭიდავე თორნიკე კვიტატიანი მომღერალი

თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების წევრი, 24 წლის თორნიკე კვიტატიანი, ცოტა ხნის წინ რუსულ „ვოისშიც” გამოჩნდა. ბრმა ქასთინგზე მისმა ქართულ-ინგლისურმა შესრულებამ ჟიურისა და დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვია. დიმა ბილანის გუნდში მოხვედრილმა რინგზეც არანაკლებ ემოციურად იმღერა და ჟიურის წევრებიც აატირა. როგორია მისი სამომავლო გეგმები და რა ტურების გავლა მოუწევს რუსული „ვოისის” ფინალში მოსახვედრად, ამის შესახებ თავად გვესაუბრა.
თორნიკე კვიტატიანი:  1992 წელს დავიბადე სოხუმში და ომიც დაიწყო. იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ჩემი ოჯახი მოსკოვში წამოვიდა, იმ იმედით, რომ, როცა სიტუაცია დასტაბილურდებოდა, ისევ უკან დავბრუნდებოდით ჩვენს სახლში. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ჩავრჩით აქ. მე დავდიოდი რუსულ ბაღში, შემდეგ – რუსულ სკოლაში. აქ ვისწავლე ჭიდაობაც და დღეს რუსეთის ნაკრების წევრი ვარ. მამაჩემი დადიოდა სოხუმში ჭიდაობაზე შოთა კიკაბიძესთან. ომის შემდეგ, როცა აქეთ წამოვედით, ბატონი შოთაც ჩამოვიდა მოსკოვში და მე დავიწყე მასთან ვარჯიში. მას შემდეგ აქტიურად ვჭიდაობ. ვარ რუსეთის ნაკრების წევრი და მოგებული მაქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი.
– სიმღერა რა ასაკიდან დაიწყე?
– ჩვენ აქ რამდენიმე ქართული არხი გვაქვს. ჩემს ოჯახში ძალიან ხშირად უყურებენ ქართულ გადაცემებს და მეც, როცა დრო მაქვს, ყოველთვის ვადევნებ თვალს. რამდენიმე წლის წინ, მახსოვს, „ნიჭიერში” გამოდიოდნენ დათიკაშილები, ასევე ვანო ფიფია და ქართული სიმღერების ბევრი კარგი შემსრულებელი. მაშინ ძალიან დამაინტერესა ქართულმა სიმღერამ და მომინდა, ფანდურზე დაკვრა მესწავლა. ვიყიდე ფანდური და ქართულ სკოლაში გავიარე ათი გაკვეთილი. მერე გიტარაზეც ვისწავლე დაკვრა, ახლა პიანინოზეც ვუკრავ. თავიდან მხოლოდ ვუკრავდი და არ ვმღეროდი. მერე, ნელ-ნელა სიმღერაც დავიწყე და დედაჩემმა პირველად რომ მომისმინა – ვა, შენ სიმღერაც შეგძლებიაო.
– რუსულ „ვოისზე” როგორ მოხვდი?
– ერთ-ერთი შეჯიბრების დროს, ამერიკელს ვეჭიდავებოდი და მკლავი ამომივარდა. ოპერაცია დამჭირდა და შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში გავიგეთ, რომ იწყებოდა პროექტი. ჩემმა ნათესავმა ბიჭებმა შემივსეს ანკეტა, მე მონაცემებს ვკარნახობდი. გავაგზავნეთ და მაილზე მომივიდა შეტყობინება: გილოცავთ, თქვენ გაქვთ პროექტში მონაწილეობის შანსი და გთხოვთ, მობრძანდეთო. ქასთინგზე დაახლოებით 1500 ადამიანი იყო და მე შევძელი ჟიურის ორი წევრის შემობრუნება.
– ბრმა ქასთინგზე ქართულად დაიწყე სიმღერა. ვინ დაგეხმარა რეპერტუარის არჩევაში?
– მე მოვიფიქრე. დავიწყე „ლალეთი” და მერე, გადავედი ინგლისურზე. პროექტის ავტორებთან უნდა შეათანხმო ბრმა ქასთინგის სიმღერა. მათ, როგორც წესი, ერჩივნათ, რუსული სიმღერა შეგვესრულებინა. ბევრს დაუწუნეს, მაგრამ, მე რომ მოვასმენინე ჩემი სიმღერა, ძალიან მოეწონათ და მითხრეს, იმღერეო.
– სიმღერის დასასრულს შემოგიბრუნდნენ დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა. ინერვიულე?
– ძირითადად, ყოველთვის ბოლოს ბრუნდებოდნენ, ალბათ, იმიტომ რომ, ემოციურად უფრო მეტად დახარჯულიყო მომღერალი. მაგრამ, მაინც ძალიან ვინერვიულე. მეგონა, ვერ გადავიდოდი შემდეგ ტურში, მაგრამ არჩევნის საშუალებაც კი მომეცა.
– წინასწარ გქონდა ნაფიქრი, თუ ვის გუნდში გინდოდა მოხვედრა?
– ჟიურის ერთ-ერთი წევრია გრეგორი ლეფსი, რომლის შემოქმედებაც ძალიან მიყვარს. ჩემს ფლეილისტში სიმღერების ოთხმოცი პროცენტი მისი შემოქმედებიდანაა. ის რომ შემობრუნებულიყო, ალბათ, მასთან წავიდოდი. მართალია, ის არ შემობრუნდა, მაგრამ მაინც კარგი შეფასება მომცა. როცა გამოვაცხადე, რომ ქართველი ვარ-მეთქი, მან თქვა – მარტო ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ყველაფერიო. მე დავეთანხმე, რა თქმა უნდა-მეთქი. მეორე ტურზე, სანამ სცენაზე გამოვიდოდი, მოვიდა ჩემთან და ქართულად მითხრა: რავა ხარ, ძმაოო.
– დიმა ბილანი და პოლინა გაგარინა დიდხანს იბრძოდნენ შენთვის?
– რაც გავიდა ტელევიზიით, ის უკვე დამონტაჟებული მასალაა და ბევრი რამ არ ჩანს. სინამდვილეში, ეს პროცესი საკმაოდ გაიწელა. პოლინა გაგარინა დიდხანს მარწმუნებდა, რომ მის გუნდში წავსულიყავი. მითხრა, შენი სიმღერა პირდაპირ ჩემს გულში შემოიჭრაო. როცა ვთქვი, ქართველი ვარ-მეთქი, დიმა ბილანმა გაიხუმრა, მე გვარად ბილანიძე ვარო. მერე პოლინამ თქვა, მეც მაქვს ქართული სისხლიო. დარბაზიც ძალიან დიდხანს აგრძელებდა ოვაციებს. საბოლოოდ, მაინც დიმას გუნდში წავედი და არცერთი წამით არ ვნანობ. ძალიან კარგი ადამიანია.
– ალბათ, ბევრი უცხო  გწერს სოციალურ ქსელებში. ქართველები თუ გეხმიანებიან?
– დიახ, უამრავი შეტყობინება მომდის. ბრმა ქასთინგის შემდეგ, პირველ დღეებში განსაკუთრებით დიდი ამბავი იყო. რამდენიმეათასობით შეტყობინება შემოდიოდა. ყველას გახსნაც კი შეუძლებელი იყო. მათ შორის იყვნენ ქართველებიც. ბიჭები მწერდნენ: მიდი, ძმაო, გგულშემატკივრობთო. ყველა დადებითი შინაარსის შეტყობინებას მიგზავნიდა. ვიდეოზეც ვკითხულობდი კომენტარებს და ძალიან ვნერვიულობდი. როგორც იციან ხოლმე, უარყოფითი შეფასების კომენტარები – ვიფიქრე, მსგავსი ტალღა რომ წამოვიდეს, ვერ გადავიტან-მეთქი. მაგრამ საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. რამდენიმე ქართველი წერდა –  რატომ ჭიდაობს რუსეთის ნაკრებშიო. მინდა მათ ვუპასუხო, რა ვქნა, ასე გამოვიდა. აქეთ წამოვიდა ჩემი ოჯახი და აქეთ აგვეწყო ყველაფერი. ჩემთვის სპორტი და პოლიტიკა აბსოლუტურად სხვადასხვა რამაა.  ვიღაცისთვის ეს ადვილი სათქმელია. მინდა, იცოდეთ, რომ მე უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო.
– საქართველოში თუ ჩამოდიხარ ხოლმე?
– დიახ, ყოველ ზაფხულს ჩამოვდივარ.  მანდ მყავს მამიდაშვილები, დეიდაშვილები და ასე შემდეგ.  წელს აღდგომას ვიყავი და ზაფხულში „ვოისის” ქასთინგების გამო ვეღარ მოვახერხე და აქ ჩავრჩი.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, ალბათ, ბევრი გოგო გწერს.
– არაფერი. შეყვარებული არ მყავს. გოგოები საერთოდ არ მწერენ (იცინის).
– რინგზე შენმა ძალიან ემოციურმა შესრულებამ ჟიური აატირა და შენც ვერ შეიკავე ცრემლებისგან თავი. ვინ გადაწყვიტა, რომ სიმღერა „მენატრები მამიკოთი” დაგეწყო?
– მე და ჩემმა მეტოქემ ავარჩიეთ რინგის სიმღერა. ეს არის სოსო პავლიაშვილის მუსიკა. როცა დიმას ვუთხარით, თავიდან უარი გვითხრა, მაგრამ რომ ვანახვეთ ჩვენეული ვერსია, მოეწონა და გადაწყვიტა, მე დამეწყო ქართულად და ვლადს გაეგრძელებინა ებრაულად.  ბევრი ვიფიქრე, რა სიტყვებით შეიძლებოდა, დამეწყო... თავიდან ვფიქრობდი, „უფალო შემიწყალე” მეთქვა, მაგრამ მერე გადავიფიქრე და გადავწყვიტე – „მენატრები მამიკო”, რომელიც ეძღვნებოდა მამაჩემს. ის 2002 წელს გარდაიცვალა. როცა დიმას გადავუთარგმნე, მოეწონა. რეპეტიციების დროს ასეთ განცდებში არ ვიყავი. სცენაზე კი თავი ძლივს შევიკავე, რომ სიმღერის დროს არ ავტირებულიყავი. ჟიურის წევრებსაც გული აუჩუყდათ.
– ახლა რა ტური გაქვს წინ და პროექტის მიღმაც თუ აპირებ სასიმღერო კარიერის გაგრძელებას?
– წინ ნოკაუტია. სამნი ვიმღერებთ დიმას გუნდიდან და ერთ-ერთი პროექტს მიღმა დარჩება. აქტიურად ვემზადები ამ ტურისთვის. სიმღერას გავაგრძელებ, მით უმეტეს, რომ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს. ბოლო შეჯიბრებაზე, რომელიც ერთ-ერთ ქალაქში გაიმართა, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. მეუბნებოდნენ, რომ ჩემ გამო ჩამოვიდნენ, მიყურებენ პროექტში და მგულშემატკივრობენ.

скачать dle 11.3