კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პირამიდების ბიზნესის რა თაღლითური სქემა მოქმედებს თბილისში და როდიდან გახდება ეს საქმე დასჯადი

ქსელური მარკეტინგის პრინციზე აგებული ბიზნესი, რომელსაც პირამიდა ეწოდება, საქართველოში ჯერ კიდევ, 90-იან წლებში დაიწყო. „აჩი“, „ოქროს თასი“, „სპექტრი“, „საქართველო“ და კიდევ, მრავალი მსგავსი ორგანიზაციის მეშვეობით, მაშინ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა დაკარგა, ხოლო კომპანიის მფლობელებმა დიდი შემოსავალი მიიღეს. აღნიშნული კომპანიები, ძალიან მალე გაქრნენ. დასაქმებულ ხალხს არა სარგებელი, არამედ საკუთარი თანხაც კი არ დაუბრუნეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული მსგავსი ტიპის კომპანიები ისევ ჩნდებოდნენ, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ, მალევე ქრებოდნენ. ბოლო პერიოდში პირამიდის „თაღლითური სქემა“ უკვე ყველასთვის შესამჩნევი გახდა. საზოგადოება ისევ, საფრთხეშია! ზოგი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გარკვეული თანხის პროდუქტის შეძენას ან გასაღებას.  თუმცა, არსებული პროდუქტი იმდენად უხარისხოა და ისეთი ძვირი ღირს, არავინ ყიდულობს, შესაბამისად, იქ მისულ პიროვნებას მისი შეძენა და სრულიად უვარგისი პროდუქტის თავისთვის დატოვება უწევს. რაც შეეხება პროდუქტს, ეს შეიძლება, იყოს ტექნიკა, ჰიგიენური საშუალებები ან ნებისმიერი რამ. არსებობს მეორე ხრიკიც. კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ სამოგზაურო ბილეთებს, რომლის საფასურიც 1600 დოლარამდეა. ამ ფასში 6 ქვეყანაში მოგზაურობა შედის, თავისი მაღალი დონის სასტუმროებით. მიზანი ერთია – კომპანია ცდილობს, როგორღაც შენგან მიიღოს ფული. თუ, დაინტერესებული პირი ამ პირობებს დააკმაყოფილებს, შემდეგ ის გუნდის წევრია, ანუ უკვე მასზე იწყებენ „მუშაობას“. რას ნიშნავს ეს? პიროვნებას უტარდება სხვადასხვა ტიპის ტრენინგი, სადაც ასწავლიან, თუ როგორ მიიტყუოს ხალხი კომპანიაში. ტრენინგი ფასიანია 25-დან 30 ლარამდე მერყეობს. ამის შემდეგ, უკვე „დასაქმებულმა“ სარგებელი რომ ნახოს, უნდა მიიყვანოს კიდევ ორი ადამიანი, რათა მათი გადახდილი თანხით მიიღოს დაპირებული ფულადი ჯილდო. დატრენინგებულმა საზოგადოებამ, უკვე კარგად იცის, როგორ იმოქმედოს ხალხზე ფსიქოლოგიურად და პირველი, ვისაც ისინი ამ კომპანიაში გაწევრიანებას სთავაზობენ, არიან მეგობრები და ნათესავები. აქ მათი „კეთილისმსურველის“ პოზიციას იჭერენ - „მე ხომ შენთვის ცუდი არ მინდა?“,  „გაწევრიანდი,“  ანუ მიიღე ყველაფერი ზედმეტი შრომის გარეშე – ეს პრინციპი ისეთ ღარიბ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, კარგად ჭრის. „თაღლითურ სქემაში“ ჩასართავად, გამდიდრების მანიით შეპყრობილები არ უკვირდებიან რისკებს, რომელიც რეალურად არსებობს. ამ თემასთან დაკავშირებით, არასამთავრებო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე გვესაუბრა.
– ბატონო გიორგი, საზოგადოება შესაძლოა, ძალიან დიდი აფერის წინაშე აღმოჩნდეს. რა ვითარებაა დღეს ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით?
– პირამიდა ბიზნესს უწოდებენ იგივე პონცის სქემას. მათ შორის განსხვავებაა ისაა, რომ პირველი ქსელური მარკეტინგის პრინციპზეა აგებული, ხოლო პონცის სქემა გულისხმობს ყოველი შემდგომი მომხმარებელის მიერ შემოტანილი თანხით, წინას გასტუმრებას. ამასთან, ორგანიზაცია არ აწარმოებს რეალურ ბიზნესს და მისი შემოსავლისა და ვალდებულებების მომსახურების ერთადერთი წყაროა ახალი წევრებისგან ან არსებული წევრებისგან დამატებით მოზიდული სახსრები. კერძოდ, სქემაში მონაწილეობისთვის კონკრეტული პირი იხდის საწევროს, რაც მას აძლევს უფლებას, მიიღოს სარგებელი მის მიერ შემდგომში სქემაში ჩართული ახალი მონაწილეების მიერ გადახდილი საწევროდან.
– არის კომპანიები, რომლებიც საწევროს გადახდის მიზნით, სხვადასხვა პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას სთავაზობენ ხალხს.
– დიახ. ეს ყოველივე მათი ერთ-ერთი პრინციპია. იქ მისულ პიროვნებას რაღაც ნივთის ან მომსახურების ყიდვა უწევს უფრო ძვირად, ვიდრე ეს რეალურად ღირს. ეს არის პირველი ნაბიჯი, რაც კომპანიაში გაწევრიანებისთვის უნდა გააკეთოს დაინტერესებულმა პირმა. შემდეგ, ის ვალდებულია, მიიყვანოს ორი ადამიანი, რომელიც იგივე ფასს გადიახდის და აქედან მას ჩაერიცხება პროცენტები. მიყვანილმა პირებმა, კიდევ ორი ან ოთხი კაცი უნდა მიიყვანონ  და ასე გრძელდება თემა. ამ დროს პირამიდის სქემა იქმნება, მაგრამ ეს თავიდანვე განწირულია.
კლასიკური თაღლითობა ეს შეიძლება არ არის, მაგრამ ძალიან ახლოსაა მასთან. ამ სქემის ამგებმა იცის, რომ მას რაღაც ეტაპზე თანხა არ ექნება, რომლითაც მის ყველა წევრს გაისტუმრებს. 90-იან წლებში ბევრი ასეთი კომპანია დაარსდა. თუმცა, ისიც ცნობილია, თუ  როგორ დაასრულეს მოღვაწეობა – გაკოტრდნენ, გაიქცნენ. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ იღებდნენ თანხას მოსახლეობისგან და შემდეგ გარბოდნენ. პირებმა, რომლებიც ამ ბიზნესს აწარმოებენ საქართველოში, კარგად იციან, თუ რა გზით უნდა მიიტყუონ ხალხი.
– დასჯადი არ არის ეს ყოველივე?
– დღეს საქართველოში პირამიდა ბიზნესის წარმოება ავტომატურად, სისხლის სამართლის კოდექსით არ ისჯება, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, ამ მხრივ, აუცილებელია რეგულაციების განხორციელება, კანონმდებლობის შეცვლა. პირამიდა-ბიზნესი აუცილებლად უნდა გახდეს დასჯადი. ეს კანონი ხელს შეუშლის მსგავსი საქმიანობის წამოწყებას. თუ ერთიანად არ აღმოფხვრის ამ ყოველივეს, მინიმუმ, შეეშინდებათ მაინც მისი წარმოება, რადგან მათ დაემუქრებათ თავისუფლების აღკვეთა. ეს ყოველივე ჰგავს თაღლითურ სქემას და პარლამენტი, ალბათ, ერთ-ერთ პირველ სხოდამზე განიხილავს მას.
– თუ გაქვთ ინფორმაცია იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომელზეც იქ მისულ პირებს აწერინებენ ხელს?
– ორი ტიპის ხელშეკრულება იდება, როგორც ვიცი. პირველი – მისვლისთანავე და მეორე – დატრენინგების შემდეგ. მაგრამ, რა ტიპის ხელშეკრულებებია, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ვიცი, რომ ასეთი ხელშეკრულებები  ხელსაყრელია კომპანიისთვის. იქ მისული პირის ინტერესი ხომ მაღალი ფინანსური სარგებელია. რაღაც ეტაპზე, კომპანიამ შეიძლება, მას ეს სარგებელი მისცეს, თუმცა სულ ასე არ გაგრძელდება. ეს თანხა თვალს და ჯიბეს უხარია, მაგრამ, როგორც კი, პრობლემა შეექნება კომპანიას,  მაშინვე აისახება ის იქ მომუშავე პირების ფინანსებზე.
– გარდა პირამიდებისა, არის კიდევ მეორე უკიდურესობა. შეიქმნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებელს მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობენ. ამ მხრივ რა საშიშორება ემუქრება საზოგადოებას?
– მიკროსაფინანსო ორგანზაცია არ გულისხმობს პირამიდის სქემას. ეს არის ბიზნესი, რომელიც თავისი მოზიდული თანხებით გასცემს სესხს. მას, როგორც წესი, ანაბრების მიღება არ შეუძლია. ამ ყოველივეს ეროვნული ბანკი აკონტროლებს. ბოლო  5-6 წელია, გააქტიურდა რამდენიმე კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალ სარგებელს, დაახლოებით 33-40 პროცენტს. დღეს ეს კომპანიები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან შეექმნათ პრობლემა და ვეღარ აბრუნებნ საპროცენტო სარგებელს. ასევე, ვერ აბრუნებენ იმ ძირ თანხას, რაც მომხმარებელმა მათ ანაბარზე შეიტანა. ორგანიზაციამ რომ მომხმარებელს თანხა დაუბრუნოს, მას სხვა ახალი მომხმარებელი სჭირდება. აქაც თითქოს პირამიდის სისტემასთან მივდივართ. მიკროსაფინანსოებთან ურთიერთობისას მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს არ აქვს შეტანილი თანხის რაღაც პერიოდში უკან გამოტანის უფლება. ანუ, თუ მე ერთი წლით შევიტანე თანხა, ამ პერიოდის განმავლობაში უკან ვერ გამოვიტან. არადა, ეს ჩემი ფულია. როდესაც ბანკში აკეთებთ ანაბარს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მისი უკან გატანა. ეს პრობლემა წარმოიქმნა მოსახლეობაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, დაფიქრდეთ, სად და რაში აბანდებთ თანხას. მაღალი საპროცენტო სარგებელი ავტომატურად ნიშნავს, რომ ეს დაბანდება რისკის შემცველია.
– როგორ უნდა მიხვდეს მომხმარებელი, რომ ეს შეიძლება, თაღლითობა იყოს?
–  უნდა გაითვალისწინოთ, რომ  საქართველოში საშუალო საბაზრო განაკვეთი ანაბრებზე დაახლოებით 8-9 პროცენტია ლარში. როდესაც კომპანია მოდის და გეუბნება წლიურად 40 პროცენტ სარგებელს მოგცემ, მინიმუმ, უნდა დაფიქრდე, საიდან გაძლევს ეს კომპანია ამხელა სარგებელს, მაშინ, როცა ბანკი მასზე გაცილებით ძლიერია ფინანსურად. ესე იგი, აქ რაღაც  პრობლემა შეიძლება, იყოს. ამ კომპანიებს შეუძლიათ, წავიდნენ და მოიზიდონ ხალხი. მათ, უბრალოდ, იმედი აქვთ, რომ ეს სქემა არ ჩამოიშლება და გაგრძელდება, მაგრამ, როგორც კი მომხმარებელების რაოდენობა  მცირდება, ეს პრობლემები იჩენს თავს. დაზარალებული ამ ეტაპზე, შეიძლება, ბევრი არ არის, მაგრამ ჯობია, ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გამოაშკარავდეს, რათა კიდევ უფრო მეტი ადამიანი არ დაზარალდეს.

скачать dle 11.3