კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ტრაგედია მოხდა ლექსო თორაძის ცხოვრებაში და რა შემთხვევაში ვერ უკრავს ის ორ ნოტსაც კი

ალექსანდრე თორაძეზე, ალბათ, განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს, მით უმეტეს, არ სჭირდება ჩემგან  მსოფლიოში ცნობილი პიანისტის წარდგენა. უბრალოდ, წაიკითხეთ ჩვენი ძალიან საინტერესო ექსკლუზიური ინტერვიუ მასთან, რომელშიც თვითონ მოგიყვებათ ყველაფერს.      
– ბატონო ლექსო, უპირველესად, გმადლობთ, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. 18 და 20 ოქტომბრის კონცერტებით მინდა, დავიწყო. თქვენ პირველად დაუკარით თბილისში, იზმირის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ზოგადად, თურქულ მუსიკაზე ყველას არასეროზული წარმოდგენა აქვს, რადგან მაღალი საშემსრულებლო დონით  არასდროს გამოირჩეოდნენ. თუმცა, იზმირის სახელმწიფო ორკესტრი თბილისელ მსმენელს წარუდგინეს, როგორც მსოფლიოში მაღალი კლასის ორკესტრი. მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. როგორ შეაფასებდით ამ ორკესტრტთან  თქვენს მუშაობას?   
– თურქეთის მუსიკის კულტურა, ჩვენი, დასავლეთ ევროპულ-რუსულ-ქართული გაგებით, ჩემთვის მართლაც აღმოჩენაა. სტამბოლში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ევროპულ ორკესტრებთან. ამას წინათ, ვახტანგ მაჭავარიანმა შემომთავაზა კონცერტი ანკარაში. ჩავატარეთ. პირველივე წუთიდან ძალიან დამაინტერესა მათი  ორკესტრის შესრულების ხარისხმა. მოკლედ, ძალიან გამაკვირვა მათმა მაღალმა საშემსრულებლო კულტურამ. საერთოდ, ყოველთვის ვუსმენ რეპეტიცებს. ცხადია, არა მარტო საკუთარ თავს, იმასაც, რაც ორკესტრს აქვს დასაკრავი. ამიტომ, მინიმუმ ხუთჯერ მოვისმინე შოსტაკოვიჩის მეხუთე სიმფონია. ვგრძნობდი, ერთიმეორეში როგორ იზრდებოდნენ. ნაკლის გარეშე, არ ვიცი, დღეს ვინ უკრავს თუ  „პერფექტ“  შესრულებას არ გულისხმობ. მაგრამ, თუ „პერფექტ” შესრულებას გულისხმობ, მაშინ რაღაც მაინც აკლია ასეთ შესრულებას. თუ ორკესტრი შემდგარია ოთხი, ხუთი მაღალი დონის მუსიკოსისგან, ჩათვალე, რომ გყავს ორკესტრი... და ამათ ჰყავთ  ეგეთი მუსიკოსები. 
– კონცერტის წინ არ იღებთ ფოტოებს, ურთიერთობა არ გაქვთ არავისთან, ორკესტრისა და დირიჟორის გარდა. კიდევ რა არ შეიძლება, ასე ვთქვათ,  თქვენი პროტოკოლით?     
– ამას ვამბობ, ძალიან დიდი თვითშეცოდებით და მწუხარებით.  ძალიან სერიოზულად თუ არ მოვემზადე კონცერტამდე, ანუ საათები თუ არ დავაგროვე, აზრი არ აქვს. ეტყობა, ძალიან დიდი ნაწილი ნიჭისა მაკლია. ვცდილობ, ეს დიდი მეცადინეობით ავანაზღაურო. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ მაქვს დაკრული პიესა.   მაგალითად, შოსტაკოვიჩს, ალბათ, 32 წელია, ვუკრავ – მეტი რა ვქნა, მაგრამ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ამას. დროს რომ ხარჯავ, რაღაცას აუცილებლად იპოვი,  თუნდაც ძალიან გამოცდილ ნაწარმოებში. გენიალურ მარია კალასს (ჩემი გულისა და ყურისთვის ყველაზე დიდ მომღერალს) აქვს ნათქვამი, რომ მე ა-დან ბ-მდე სწორი  ხაზით  ვერასდროს მივდივარ, არ მაქვს ისეთი ვოკალური მონაცემები.  სულ უნდა ვაკეთო დ-ე  მოხაზულობაო. დითურ-ს ეძახდა ამას. აი, აქ რომ გავდივარ, სულ ახალ-ახალ რაღაცეებს ვპოულობო. გარდა ამისა.  ძალიანაც მიყვარს პირადი ურთიერთობები, მაგრამ კონცერტის წინ არ შემიძლია ბევრ ადამიანთან  ურთიერთობა. ერთი ჩემი, ძალიან საყვარელი პედაგოგი მოსკოვში  მეუბნებოდა: „ნე რაზგავარივაი, მალჩი ი სლუშაი შტო ტი ბუდეშ სძელაც“. კონცენტრირება გჭირდება. ლაპარაკს კი მიაქვს მთელი ენერგია და იწყება შენი ტვინის სხვა მამართულებით სვლა.
– ნერვიულობთ?
– აუცილებლად ვნერვიულობ, ისე გამორიცხულია დაკვრა.  აუცილებლად მჭირდება ადრენალინი. მაპატიეთ, ქიმიურად რომ ვხსნი ამას, მაგრამ ეს ჰორმონი უნდა მოგცეს შიშის გრძნობამ, ადრენალინმა უნდა უბიძგოს ამას. ისე, იქნები ცოცხალ-მკვდარი და ჩემს შემთხვევაში, ორ ნოტსაც  ვერ დავუკრავ. 
 – რეპეტიციების დროს თუ ბრაზდებით? 
– სამწუხაროდ, კი. მაგრამ, რაც არ უნდა გაბრაზდე, უნდა შეეცადო, იქვე ჩაკლა და არ გამოამჟღავნო. ხანდახან წამცდება ხოლმე. ორკესტრმა უნდა იგრძნოს, რას ფიქრობ ამა თუ იმ ადგილას. თუ ახალ დირიჟორს ვხვდები, რაც იშვიათია, მაშინ ჩუმად ვარ.  ვაძლევ საშუალებას, დირიჟორმა თვითონ იმუშაოს. ყველაზე მეტად მაღიზიანებს მუსიკის შესრულების დროს ცარიელი დამოკიდებულება. გრძნობ, რომ აბსოლუტურად არ აინტერესებთ, როგორ ალეგროს ან პიანოს უკრავენ, რაც დაღლილობის გამოა თუ რის გამო, არ ვიცი. მაგრამ, ჩემთვის, როგორც პიანისტისთვის, არცერთი კონცერტი არ არის აკომპანიმენტი, ეგეთი არ არსებობს.
– მინდა, გავიხსენო პერიოდი, რომელმაც თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და არა მხოლოდ თქვენი, იმ დროს „თვითმფრინავის ბიჭებისაც“. 1983 წელს თქვენ საგასტროლოდ გაემგზავრეთ ესპანეთში საბჭოთა კავშირის რადიო და ტელევიზიის ორკესტრთან ერთად. სრულიად მოულოდნელად კი, ხელმძღვანელობამ კონცერტებიდან გამოგთიშათ და არც სამშობლოში, უკან დაბრუნების საშუალებას გაძლევდნენ. მაშინ მიიღეთ საშიში გადაწყვეტილება, საერთოდ მიგეტოვებინათ საბჭოთა კავშირი და ამერიკაში გაქცეულიყავით. დღევანდელი გადასახედიდან, რა მოვლენა იყო ეს თქვენს ცხოვრებაში?    
– ყველას საკუთარ გარემოში აქვს ფესვები. როგორც კი ამ  ნაბიჯს დგამ, მაშინვე ჭრი ამ ფესვებს. 1983 წელს ვერავინ იფიქრებდა,  რომ გავა ცხრა, ათი წელი და შემეძლებოდა უკან ფეხის შემოდგმა. ვინ იფიქრებდა, რომ ერთი სისტემა დაინგრეოდა და მეორე შემოვიდოდა.  მაგ დროს მამა დავკარგე. ეს საშინელება ყოველთვის მხრებზე მაწევს. ამიტომ კონცერტებიდან გამოთიშვა, არ არის ისეთი ტრაგედია. ყველაზე შემაძრწუნებული მომენტი იყო, როცა გავიგე, რომ ჩემი კონცერტები არ იქნება, რადგან არ აქვთ იმის საშუალება, როიალი წაეღოთ დარბაზებში, სადაც უნდა დამეკრა და ეს იყო მიზეზი ჩემი კონცერტების ჩაშლისა. ვთხოვე ორკესტრის ხელმძღვანელობას, უკან გავეშვი. კატეგორიულად მითხრეს: რას ლაპარაკობო...  ქართველი ხარ. აგერ მშვენიერი მზეა,  მშვენიერი ღვინოა... მშვენიერი მანდილოსნები არიანო... სამი, ოთხი დღის შემდეგ  ისევ ვთხოვე –  არ შემიძლია, მეცადინეობის გარეშე ამდენ ხანს ყოფნა-მეთქი. მოკლედ, არ მიშვებდნენ.
– მამა – კომპოზიტორი დავით თორაძე, ცნობილი სიმღერებისა და  ქართული კინომუსიკის ავტორი. როგორი იყო თქვენი ურთიერთდამოკიდებულება?  
– როდესაც ათწლედში ვსწავლობდი, ჩემ მიმართ ძალიან მკაცრი იყო. 9 წლის ასაკში, მახსოვს, ოთხ, ხუთ საათს ვუკრავდი, რაც ძალიან ბევრია ბავშვისთვის. დედას დიდხანს არ სჯეროდა, რომ მამის ასეთი მოწადინება ჩემი მუსიკისადმი დამოკიდებულებაში სწორი იყო, სანამ პირველი წარმატებები არ დაიანახა. მერე, თვითონაც ჩაერთო. ზოგჯერ ორზე რომ უნდა დამეწყო, სამზე ვიწყებდი და ჩუმად შევუსწორებდი ხოლმე ჟურნალში საათებს. ერთხელაც, დახედა და შეამჩნია. შენ რეებს აკეთებ, რას მისწორებო... მერე დიდი საჩუქარი გამიკეთა. ცხოვრების ბოლოს დამიწერა საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც კიდევ ელის თბილისში შესრულებას. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს.
– არასდროს გიფიქრიათ სხვა პროფესიაზე?
– ასეთი მომენტი ყოველდღე მქონდა, დღეში ასჯერ – ნეტა, სხვა საქმე გავაკეთო-მეთქი. ეს არის ის, რაც კი არ არყევს, პირიქით, ამაგრებს ჩვენს პროფესიულ და ცხოვრებისეულ დამოკიდებულებას. მინდოდა, მაგალითად, ვყოფილიყავი მწერალი, ტელეჟურნალისტი...  ნახევრად ვხუმრობ, მაგრამ მაინცდამაინც არა.  
– თითქმის ყველა კონცერტს დედას (ლიანა ასათიანს) უძღვნიდით და დედაც სულ ესწრებოდა. ქალაბატონი ლიანა, ცხადია, ყოველთვის ღელავდა და ეამაყებოდა კიდეც, მაგრამ, თქვენთვის რა იყო ემოციურად მისი დარბაზში ყოფნა?
– ეს ცოტა კეკლუცურად, ლამაზად ჟღერს, მაგრამ... აი, მაგალითად, გუშინდელ კონცერტს თქვენც ხომ ესწრებოდით, ვატო მაჭავარიანს  ვუთხარი – ალეკოსთვის დავუკრათ-მეთქი. რატომო, იმიტომ რომ, ალექსი მაჭავარიანის დარბაზში ვუკრავთ-მეთქი. ამას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მისთვისაც და ჩემთვისაც. ალექსი მაჭავარიანი ჩემი ნათლია გახლდათ. მე პირადად, ძალას მმატებს, ვიღაცას რაღაცას რომ ვუძღვნი. შეიძლება, იმას არაფერსაც არ მატებს და აკლებს, მაგრამ მე მაძლევს ბევრს, ეგოისტურად. დედა უკვე რამდენიმე წელი სერიოზულად იყო ავად. გვერდზე ოთახში ვიყავი. ყველაფერი ესმოდა, ყველა ნოტი... ბოლო წუთამდე სუფთა და გახსნილი გონება ჰქონდა. სულ მისწორებდა. შევიდოდი, ვკითხავდი – როგორ ხარ დედა? მეტყოდა, შენი თითები არ არის, ერთხელ და ორჯერ კი არ უნდა გაგემეორებინა, ერთი, ოცდაათჯერ უნდა გაგემეორებინაო...  მე ავტომატურად ვიძაბებოდი და ვეჭიდებოდი ჩემს თავს და როიალსაც. რა ცხოვრება გამოიარა. ჯერ რამდენი მთავრობა... მერე შვილი გაექცა... ქმარი გარდაეცვალა...  ქალიშვილი – ლონდონში... რა გამოვიდა ეს ცხოვრება?.. მაგრამ საქართველოს გარდა, არსად შეეძლო ცხოვრება. ამერიკაში  რამდენჯერმე იყო. რომ ჩამოვიდოდა, მეორე კვირას ხდებოდა აბსოლუტურად აუტანელი. არაფერი აღარ უნდოდა სახლის გარდა – აღარც დედობა, აღარც ბებიობა... 
– გახვედით სცენაზე. ის პრობლემები, რაც ცხოვრებაში  გაქვთ, კონცერტზე მიგყვებათ თუ ამ დროს აბსოლუტურად არ ფიქრობთ ამაზე?
– საერთოოდ, მძიმე რაღაცეები თუ არ გაქვს ცხოვრებაში გადატანილი, რას გადიხარ სცენაზე?! კონცერტის პროცესი აღსარებასავითაა. ეს, რასაკვირველია, უფრო დაკავშირებულია დანაკარგებთან, როცა ძვირფას ადამიანებს კარგავ. მე ორივე შემთხვევაში მომიწია კონცერტზე გასვლა – ფაქტობრივად, იმავე დღეს. ბოლოს, დედა რომ წავიდა, გზაში ვიყავი პეტერბურგისკენ. ნინომ, ჩემმა დამ დამირეკა, დედა აღარ გვყავსო. კარგი, ახლა ჰელსინკში ვარ და თბილისში მოვფრინავ-მეთქი. არავითარ შემთხვევაში, რა თბილისი, წადი პეტერბურგში და დაუკარი ისე, როგორც დედა მოისურვებდაო. ისევე, როგორც 1983 წელს მოხდა ვაშონგტონში. პირველი კონცერტია ამ გაქცევებისა და უბედურებების შემდეგ და გავიგე, რომ მამა აღარ მყავს. უნდა გქონდეს იმის ძალა, რომ ასეთი ტრაგედია გადაიყვანო შენს საქმეში. იმ დღეს მე გავიგე, თორემ სინამდვილეში, ეს მომხდარა ორი კვირით ადრე. დედას და ჩემს დას რომ ველაპარკებოდი, არ მითხრეს. მე კი მივხვდი, ხმები რომ შეეცვალათ, მაგრამ გაციებულები ვართო, მითხრეს. რასაკვირველია, დედამ ეს გამიზნულად გააკეთა. მე რომ ჩამოვსულიყავი, ეგრევე ხელს მტაცებდნენ და წამიყვანდნენ, როგორც სამშობლოს მოღალატეს. მოკლედ, რაღაცნაირად მოახერხა და გააფრთხილა ჩემი უახლოესი მეგობრები, რომ, ვთქვათ, და დავეჭვებულიყავი, ვისთვის  შეიძლებოდა, დამერეკა და ასეთი იყო ორი ადამიანი – ჩემი პედაგოგი და ვახტანგ მაჭავარიანი. დავიწყე რეკვა. ჩემმა პედაგოგმა ყურმილი არ აიღო. მისმა შვილმა მიპასუხა: რას ლაპარაკობ, ლექსო, მამაშენი ქუთაისშია ოპერის თეატრთან ერთადო... ზუსტად იგივე მოხდა ვახტანგ მაჭავარიანთანაც. დავრეკე. ვატოს დედამ აიღო ყურმილი. ვატოს დაუძახა, თვითონ ვერ დამელაპარაკა. ეტყობა, ქალისთვის ძნელი იქნებოდა ემოციურად. ვატომ ძალიან დაბეჯითებით მითხრა, გუგული (ბატონი დავით თორაძე – ავტორი)  ქუთაისშიაო. დამიცვა  თუნდაც იმისგან, რომ დასაფლავებაზე არ ჩამოვსულიყავი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ასეთი მძიმე წუთები დგება ცხოვრებაში, ყველაზე კარგი წამალი საქმით დაკავებაა. საქმე გიშველის და გაგიყვანს ფონს.
– როგორ ფიქრობთ, რომ არა თქვენი საქართველოდან გაქცევა, როგორ წავიდოდა თქვენი ცხოვრება აქ?
– არ მინდა, იფიქრონ, რომ მე პესიმისტურ-ტრაგიკულ-ნეგატიური ცხოვრება გამოვიარე მხოლოდ. აბსოლუტურად არა. პოზიტიური ბევრად მეტი მაქვს მიღებული. წარიმართებოდა... არ ვიცი, ან უკეთესად ან კიდევ უარესად. მაგასაც დავძლევდი.

скачать dle 11.3