კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საჩხერის რაიონული საავადმყოფო საერთაშორისო კვლევაში მონაწილეობს

საჩხერის მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელიც მუდმივად ცდილობს, მაქსიმალურად აუწყოს ფეხი თანამედროვე სამედიცინო მიღწევებს, ამჯერად საერთაშორისო კვლევაში იღებს მონაწილეობას. კვლევა ორგანიზებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტმანეტისა და ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორატორიის მიერ; დაფინანსებულია საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) გრანტით და მიზნად ისახავს გარემოს მავნე ზემოქმედებასთან ასოცირებული ჯანმრთელობის საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიის ადაპტირება-აპრობირებას საქართველოს სპეციფიკასთან, კონკრეტული რაიონის მაგალითზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  შეფასებებით, გლობალური ავადობის ტვირთის დაახლოებით 25 % გარემოს რისკ-ფაქტორების მავნე ზემოქმედებასთან ასოცირდება. საფრთხის მასშტაბებსა და მისი ზრდის ტემპებს  უკავშირდება ის ფაქტი, რომ გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრხოების სისტემები ევროპის გაერთიანების, შეერთებული  შტატებისა და მსოფლიოს სხვა, განვითარებულ ქვეყნებში, ნაცვლად ამჟამად გავრცელებული ნორმატივების კონტროლისა და დაცვის სისტემისა,  გადადიან თვისობრივად ახალ – რისკების მართვის პრინციპზე. მისი სამეცნიერო-მეთოდოლოგიური ბაზის შესაქმნელად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამის (UNEP), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ერთობლივი ძალისხმევით, ამოქმედებულია ქიმიური უსაფრთხოების საერთაშორისო  პროგრამა, რადიაციულ საფრთხესთან მიმართებაში. ეს დეკლარირებულია რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის,  (ICRP) 2007 წლის რეკომენდაციებში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) და ევროპის გაერთიანების (EurAtom) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო ნორმებში.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების საგზაო რუკის საფუძველზე აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა დაწყებულია საქართველოშიც WHO  end UNEP  Health end Environment Linkages Initiative  National Environmental Health Action Plans (NEHAPS) აღნიშნული პროგრამა  გულისხმობს მეთოდოლოგიის დანერგვას მხოლოდ ნაციონალურ დონეზე.  რაც შეეხება ლოკალურ დონეს – რისკის ეგრეთ წოდებული საიტ-სპეციფიკურ შეფასებებს, რაც საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ეკოლოგიური საფრთხის მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე გათვალისწინებული არ არის.   
ჯანმრთელობის რისკის შეფასების თანამედროვე სტანდარტი თვისობრივად ახალ  მოთხოვნებს უყენებს როგორც მის შინაარსს, ასევე სიზუსტეს, რაც გულისხმობს  ჯანმრთელობის მავნე ეფექტის განვითარების ალბათობის განსაზღვრას: 1) გარემო სტრესორის ტიპის,  2) საარსებო გარემოში მისი გავრცელების ფორმებისა და დონეების, 3) ექსპოზიციის სპეციფიკის, რეციპიენტის მეტაბოლიზმის ინდივიდუალური თავისებურებებისა და  ინდივიდუალური მგრძნობელობის გათვალისწინებით, რაც კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკაზე ორიენტირებული, გარემოსა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სისტემებზე გადასვლას ნიშნავს და მძლავრი, ეროვნული სამეცნიერო-საექსპერტო პოტენციალის ფორმირებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ მეთოდოლოგია იძლევა საშუალებას, გადაიჭრას, როგორც ეგრეთ წოდებული პირდაპირი ამოცანა – ეკოლოგიური მონაცემების ანალიზის ბაზაზე, მოსახლეობის ავადობის პროგნოზი, ასევე, შებრუნებული ამოცანაც – მოსახლეობის ავადობის მახასიათებელთა ანალიზით, ეკოლოგიური საფრთხის წყაროს სივრცითი ლოკაცია და მისი ბუნების იდენტიფიცირება. გამოკვლევათა ეს მიდგომა საქართველოსთვის ოპტიმალურია, რადგან არ მოითხოვს ფართომასშტაბიან საველე, ეკოლოგიურ გამოკვლევებს. იაფი და ოპერატიულია, თუმცა მნიშვნელოვანწილად, დამოკიდებულია სამედიცინო სტატისტიკის ადგილობრივი მონაცემების ხარისხზე. მეცნიერებატევადია და მოითხოვს, დიდი მოცულობის თეორიული გამოკვლევების წარმოებას ახალი, მათემატიკური აპარატებისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მეთოდოლოგიისთვის  საკვანძო მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის დოზური დატვირთვების ადეკვატურ შეფასებას. ამ მიზნით გამოიყენება როგორც პირდაპირი მეთოდები, რომლებიც ეფუძნება  ეგრეთ წოდებულ ბიოდოზიმეტრიული, ბიოლოგიური ეფექტისა და ინდივიდუალური მგრძნობელობის ბიომარკერების კვლევას; ასევე, ირიბი, ეგრეთ წოდებული, ექსპოზიციის სიტუაციური მოდელირების მეთოდები.
ბიომარკერების კვლევის მეთოდებიდან განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ეგრეთ  წოდებული ეპრ-სპექტროსკოპული მეთოდები, როგორც ყველაზე უფრო ზუსტი და უნივერსალური, რადგან გამოიყენება სამივე ტიპის ბიომარკერის სტატუსით.
ელექტრონ პარამაგნიტურ რეზონანსული (ეპრ) ბიოდოზიმეტრიის მეთოდი ეფუძნება  ადამიანის სხეულის კალციფიცირებულ ქსოვილებში (კბილის ემალში) სტაბილური რადიაცია-ინდუცირებული თავისუფალი რადიკალების გაზომვას. აღნიშნული მეთოდი იყო გამოყენებული სხვადასხვა რადიაცია-ეპიდემიოლოგიურ კვლევებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური ბომბის აფეთქების შემდგომ გადარჩენილი მოსახლეობის;  სამხრეთ ურალის ბირთვულ წარმოებაში მომუშავე პირების; ურალის რადიაცია-დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობის; ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფის დროს დაბინძურებული ტერიტორიის მოსახლეობისა და ჩერნობილის სარკოფაგის მომსახურე პერსონალის  ინდივიდუალური, რეტროსპექტრული დოზიმეტრიის (ბუნებრივი რადიაციული ფონის აბსორბირებული დოზის დადგენის) მიზნით, სხვა ინსტრუმენტული დოზიმეტრიის მეთოდებთან ერთად.
დადგენილია ეპრ-დოზიმეტრიის საშუალებით შთანთქმული დაბალი დოზების რეგისტრაციის უნარი 100 მკგრეის ფარგლებში. 
კბილის ემალი  შთანთქავს და ინახავს რადიაციის ზემოქმედებით წარმოქმნილ თავისუფალ რადიკალებს  ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ვინაიდან კბილის ემალის ფომირება მიმდინარეობს ბავშვთა ასაკში და შემდგომ არ განიცდის რემოდელირებას, რადიაცია-ინდუცირებული რადიკალები აკუმულირდება მასში მთელი სიცოცხლის განმავლონაში და ინახავს ამ ინფორმაციას ხანგრძლივად.  გაზომილი ეპრ სიგნალის ინტენსივობის მიხედვით, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ სიცოცხლის განმავლობაში გარემოდან შთანთქმული, ან კვების პროდუქტებთან ერთად მიღებული რადიაციის დოზის შესახებ.
ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, კონკრეტულად მიმდინარე კვლევის შესახებ, რომელიც   GRDF პროექტის დაფინანსებით შესრულდა. ის მოიცავდა:
* სამედიცინო სტატისტიკის მონაცემთა სივრცე-დროით ანალიზს, ჯამრთელობის მაღალი რისკის ზონების – „კლასტერების“ ლოკაციისათვის
* შერჩეულ „კლასტერებში“ გრუნტის ზედაპირულ გამა-დოზიმეტრიულ გამოკვლევებს; 
* შერჩეულ „კლასტერებში“ სპეციალურად შერჩეულ კოჰორტებში კბილის ემალის ეპრ-სპექტროსკოპიას, შესაძლო რადიაციული ზემოქმედების ბიოდოზიმეტრიისთვის;
* ციტოგენეტიკურ გამოკვლევებს გენო და ციტოტოქსიკური ეფექტების გამოსავლენად;
* სისხლის სხვადასხვა ბიოქიმიურ კვლევებს – ლიპიდური ცვლისა და თავისუფალი აზოტის ჟანგის (NO)  ანალიზს,  გარემო ფაქტორებთან და მეტაბოლურ ძვრებთან ასოცირებული, მუტაგენური ეფექტების დიფერენცირებისათვის;
* ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სტატუსის მახასიათებელთა კვლევა მგრძნობელობის მარკერების პოზიციებიდან.
ეპრ-სპექტროსკოპული კვლევა წარმოებდა აშშ-ში, გეიზელის სამედიცინო სკოლის ეპრ-ცენტრში, დართმოუთში (ნიუ-ჰემფშირის შტატი), რომლის დამფუძნებელია პროფესორი ჰაროლდ შვარცი. პროფესორ შვარცის ხელმძღვანელობით, შეიქმნა პორტატიული ეპრ-სპექტრომეტრი, რომელიც, კბილის ემალის ეპრ-სიგნალის ინტენსივობის მიხედვით, ორგანიზმის მიერ შთანთქმული რადიაციული დოზის შესამოწმებლად გამოიყენება. პროფესორ შვარცის მეთოდოლოგიით, კბილის ამოღება საჭირო არ არის და საკმარისია, მხოლოდ კბილის აპარატის რეზონატორთან  კონტაქტი. აღნიშნული მეთოდოლოგია განკუთვნილია, როგორც ექსტრემალური სიტუაციებისას დასხივებული პოპულაციის სელექციისთვის, ასევე, ეპიდემიოლოგიურ კვლევებში, რადიაციული დაძაბულობის ზონების აღმოსაჩენად.
„უპირველეს ყოვლისა, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, განგვემარტა, თუ რატომ შეირჩა საჩხერის რაიონი. კვლევის საწყის ეტაპზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ონკოავადობის სივრცე-დროითმა ანალიზმა გამოავლინა, რომ საჩხერის რაიონში, კანცერის მთელ რიგ რადიოსენსიტიურ ლოკალიზაციებში  რისკი ორ-სამჯერ მაღალი იყო ქვეყნის საშუალო მნიშვნელობაზე. როგორც ონკოავადობის ცალკეულ შემთხვევათა შემდგომმა, დეტალურმა ანალიზმა გამოავლინა, რომელიც ჩატარდა საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ონკოლოგიურ და სტატისტიკის დეპარტამენტთან ერთად, აღნიშნული ფაქტი უფრო ავადობის სრულყოფილ რეგისტრაციასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული, ვიდრე ძლიერი პათოგენური ეფექტურობის დამაბინძურებლის ზემოქმედებასთან. ეს დადასტურდა კიდეც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2015 წლის მონაცემებითაც. ანომალური ზონები არ გამოავლინა არც გრუნტის ზედაპირულმა გამა-დოზიმეტრიამ, თუმცა ის არ გამორიცხავს ბუნებრივი რადიონუკლიდებით ან ქიმიური ტოქსიკანტებით შინაგანი ექსპოზიციის ალბათობას ლოკალურ ზონებში. მით უმეტეს, რომ ჩვენ მიერ  გამოვლინდა სტატისტიკურად სარწმუნო ჰეტეროგენობა, როგორც ონკოლოგიური რისკის განაწილებაში რაიონის ტერიტორიაზე, ასევე, ონკოავადობის სპექტრში, ლოკალიზაციათა მიხედვით. მნიშვნელოვანი სივრცითი ჰეტეროგენობაა გამოვლენილი ბიომარკერთა მნიშვნელობებშიც, მაგრამ მოცემულ ეტაპზე, მიღებული შედეგების სტატისტიკური სარწმუნოება, კონკრეტული დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ეს შეიძლება, განიხილოს, როგორც პილოტური კვლევის შედეგები, მომავალი, უფრო დეტალური გამოკვლევების დაგეგმვისთვის.
როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, გარემოსთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტა, მხოლოდ ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის პროფესიონალთა, სამეცნიერო-აკადემიური სექტორისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა  ერთობლივი, კოორდინირებული ძალისხმევითაა შესაძლებელი. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული გამოკვლევა შეიძლება, განიხილოს, როგორც პირველი წინგადადგმული ნაბიჯი.
დაწყებულია და პირველი აპრობაცია გაიარა მცირე გეოგრაფიულ არეალებში ჯანმრთელობის რისკების კვლევის საქართველოსთვის ოპტიმალური სტრუქტურის შემუშავებამ, რაც შემდგომ, სხვა, პოტენციურად სარისკო ზონების გამოსაკვლევად იქნება გამოყენებული.
დაბოლოს, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ამ შემთხვევაში, სრული ურთიერთგაგება, ინტერესი, ურთიერთშეწყობა გვაქვს და ვფიქრობ, ერთად ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ,“ – აღნიშნავს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამარ სანიკიძე.

скачать dle 11.3