კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2017 (178)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)
მარტი 2017 (212)
თებერვალი 2017 (205)

რატომ დათანხმდა სიხარულით სალომე ფაღავა „ჰეროკრატიაში” სოფო ნიჟარაძის განსახიერებას და რომელ ფილმში მონაწილეობაზე თქვა მან უარი სიშიშვლის გამო #44

მსახიობი სალომე ფაღავა გოგა ხაინდრავას ფილმში „ჰეროკრატია” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. მართალია, ფილმში პირდაპირი ხაზგასმა ამ გმირის ვინაობის შესახებ არ ყოფილა, მაგრამ მაყურებელი მაშინვე მიხვდა, რომ მასში მომღერალი სოფო ნიჟარაძე მოიაზრებოდა.
– სალომე, „ჰეროკრატიაში” ერთ-ერთი მთავარი გმირის როლი გაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური შინაარსის ფილმია, საინტერესოა, როგორია შენი პოლიტიკური შეხედულებები და გაგიჭირდა თუ არა როლზე დათანხმება?
– პოლიტიკა ჩემთვის საინტერესო სფერო არაა. ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, ამაში გასაკვირიც არაფერია. არა მგონია, 26 წლის ასაკში ვინმემ პოლიტიკით მოიშხამოს ცხოვრება, თუ ეს მისი პროფესია არაა. მინდა თუ არა, გარკვეული სახის ინფორმაციას პოლიტიკური სიახლეების შესახებ მაინც ვიღებ. მაგრამ, მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ხელოვნებას არ უნდა ეხებოდეს. რაც შეეხება ფილმში მონაწილეობას, დათანხმება არ გამჭირვებია. პირიქით, სიხარულით მივიღე ეს შემოთავაზება და ასე ვიქცევი ხოლმე, თუ რამე, სხვა საკითხი არ არის ჩემთვის პრობლემა.
– რა არის შენთვის პრობლემა?
– მსახიობის ცხოვრებაში არის შემოთავაზება, რომელიც შეიძლება, მიუღებელი იყოს მისთვის და არ დათანხმდეს. თითოეულ არტისტს აქვს თავისუფალი არჩევნის უფლება. მართალია, მსახიობს ყველაფრის თამაში უნდა შეეძლოს რეალურად, მაგრამ აქ ადამიანურ პრინციპებსა და სურვილებზეა საუბარი, ანუ, ორ აბსოლუტურად სხვადასხვა რამეზე. სცენა შეიძლება, ისე გადაიღოს რეჟისორმა, მსახიობების დახმარებით, რა თქმა უნდა, რომ იქ არ იყოს რაიმე ვულგარული, უარყოფითი ემოციის მომგვრელი მაყურებლისთვის და უხამსი. მას შემდეგ, რაც ოჯახი მაქვს, უფრო დასაფიქრებელია ასეთი ტიპის შემოთავაზებებზე დათანხმება, მით უმეტეს, როცა აქამდეც არ მიმიღია მონაწილეობა. 
– თუმცა, გარეგნობიდან გამომდინარე, ალბათ, შემოუთავაზებიათ შენთვის ასეთი როლი.
– რუსუდან ჭყონიას „ქიფ სმაილინგისთვის” ტარდებოდა ქასთინგი. წამოსვლისას რეჟისორის სიტყვები მომხვდა ყურში: „უკვე გააფრთხილე?” მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. აღმოჩნდა, რომ არათუ მცირე სცენებში, მთლიანად უნდა გამეხადა ეკრანზე, რაზეც უარი ვთქვი. თუმცა, გული კი დამწყდა, რადგან სხვა მხრივ საინტერესო პროექტი იყო. ვფიქრობ, კარიერას რა მიმართულებითაც წაიყვან, იმ მიმართულებით განვითარდება. მე არ მინდა, ეროტიკული ჟანრის მსახიობად ვიქცე. არა იმიტომ, რომ ცუდია, პირიქით, ყველა მსახიობს წარმატებას ვუსურვებ თავის საქმეში. მთავარია, ის ნიჭიერად იყოს გადაღებული და მსახიობის მიერ, ასევე, პროფესიონალურ დონეზე შესრულებული..
– რაც შეეხება შენს გმირს „ჰეროკრატიაში”. ფილმში პირდაპირ არ თქმულა, რომ ის სოფო ნიჟარაძეა, თუმცა ამას ისედაც ყველა მიხვდა.
– ძალიან გამიკვირდა, ყველა რომ მიხვდა, იმიტომ რომ, ერთმანეთს საერთოდ არ ვგავართ. სოფოს პირადად არ ვიცნობ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თვალიც კი არ მომიკრავს მისთვის. ცხოვრებაში რომ მინახავს ფილმები, კლიპები და სპექტაკლი, მოკლედ, ყველაფერი მის შესახებ, ახლა მოვიძიე ინტერნეტით. წავიკითხე ინტერვიუებიც, რომ მისი ცხოვრების შესახებ წარმოდგენა შემქმნოდა.
– არც ისე სასიამოვნო ხმები დადიოდა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე. შენ მიერ მისი როლის განსახიერებას რა გამოხმაურება მოჰყვა?
– ჯერჯერობით უარყოფითი არაფერი გამიგია. ან რა უნდა მითხრან: მე რა დავაშავე, რა შუაში ვარ?!. სხვის პირად ცხოვრებაში არ ვერევი და არც არასდროს ვინტერესდები ამით. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ამ ფილმში ერთი ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი და მშრომელი ადამიანის როლს ვასრულებ. უნიჭო ამდენს ნამდვილად ვერ შეძლებდა. მე შეიძლება, არ ვიყო სოფოს მსმენელი და მაყურებელი, მაგრამ, რასაც აკეთებს, ეს ნამდვილად მისი სტილია. ეტყობა, რომ ამისთვის ბევრი აქვს ნაშრომი.
– პოლიტიკური შეფასებები არ მოჰყოლია შენს გმირს?
– ერთადერთი პოლიტიკური კონტექსტის გამოხმაურება, რაც ამ ფილმის გარშემო მახსენდება და პირადად მე მეხებოდა იყო: აა, დაგავიწყდა „დეტექტივებში” რომ მონაწილეობდიო? უკაცრავად, ათი წელი მართავდა ქვეყნას ერთი ძალა და მთელი ამ დროის განმავლობაში მსახიობს არაფერში უნდა მიეღო მონაწილეობა?
– ეს გითხრეს, რადგან „დეტექტივები” „ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაიღო, არა?!
– მერე რა მოხდა? ეს იმ დროისთვის ძალიან მაღალ დონეზე გადაღებული ფილმი იყო. დიდი გამოცდილება მივიღე და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მასზე მუშაობდა. მაგრამ, ეს ფილმი იყო დიდი ხნის წინ და მაშინ მე ვიყავი ოცი წლის. როგორ ფიქრობთ, ოცი წლისას ამდენი გამეგებოდა, რამდენიც ახლა? რა თქმა უნდა, არა! რაც „ჰეროკრატიაშია” ნაჩვენები, ამას არ ჩავუღრმავდები და პოლიტიკურ შეფასებებზე არ გადავალ. უბრალოდ, ვისურვებ, რომ მშვიდობიან ქვეყანაში გაიზარდოს ჩემი შვილი და არ ყოფილიყოს ბოროტება და ძალადობა. თუმცა, ეს მხოლოდ სახელმწიფოს არ ეხება. უპირველესად, ოჯახში არ უნდა იძალადოს ქმარმა ცოლზე და დედამ – შვილზე. 
– ოჯახი ახსენე და აქვე, გკითხავ, როგორია შენი აზრი ქალისა და მამაკაცის როლზე, ღალატზე, თანასწორობაზე?
– დღეს საქართველოში ერთი კატეგორია გენდერულ თანასწორობად იმას მიიჩნევს, რომ ქალიც კაცივით უნდა იყოს. ზოგადად, როცა ოჯახში სიტყვა „შემომტანს” ახსენებენ, ცუდად ვხდები. ეს უკვე პრობლემაა. ჯვრისწერისას მოძღვარი გვეუბნება, რომ ერთნი ვხდებით და თუ რაღაც მომენტში, ქმარს არ აქვს მატერიალური შემოსავალი და ოჯახს ქალი უზრუნველყოფს, რა არის ამაში დასაგმობი? შეიძლება, ამის გამო ქმარს არაკაცი დავუძახოთ? რატომ? იქნებ, ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ საქართველოში ვცხოვრობთ და ვის უკვირს მატერიალური პრობლემები?! თუმცა, ის მართლია, რომ ზარმაცები ვართ და გვეთაკილება შვილების ოფიციანტებად გაშვება. მე ბიჭი მყავს და ნამდვილად არ ვეტყვი უარს – პირიქით, თავად არ ვუბიძგებ, რომ ზაფხულის სამსახური ჰქონდეს 14-15 წლის ასაკში. ვაიმე, სალომე ფაღავას და ბექას შვილი ოფიციანტად მუშაობს, ეს როგორ გაუკეთეს ბავშვსო – ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, არც ის მომწონს, კაცი სახლში ხუთ ბავშვს რომ ზრდის, რადგან დედა მთელი დღე გასულია. ბავშვმა რატომ უნდა უყუროს ამას?.. არავის ოჯახის საქმეში არ ვერევი – იმ მომენტში, ალბათ, ასე სჭირდებათ, მთავარია, ნუ იქნება ძალადობა და დანარჩენს, მოევლება. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, ძალიან დიდ არას ვეუბნები ძალადობას! ქალს თავში ტაფა არ უნდა ჩაარტყა და ყელი არ უნდა გამოჭრა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი გამოხატა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გარშემო ხდება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ბავშვები არიან ამის შემსწრენი. ოჯახი კამათის გარეშე არ არსებობს, მაგრამ შეიძლება, ამას კულტურული ფორმა მივცეთ ისე, რომ ბავშვებს ტრავმა არ მივაყენოთ. რაც შეეხება ღალატს, საბნელეთი და უკუნეთია, როცა ამბობენ, კაცს აქვს ამის უფლება და ქალს არაო. ეს არცერთისთვის არ შეიძლება.
– შენი მეუღლისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ მოგვიყევი.
– მეუღლეს, ბექა ჭუმბურიძეს ორი პროფესია აქვს – ეკონომისტი და იურისტია. უკვე დიდი ხანია, თავის სასოფლო მეურნეობა აქვს. ერთმანეთი რომ გავიცანით, მეც უკვე ამ საქმეში ვიყავი და თავიდანვე მგულშემატკივრობდა. ჩემი პროფესიის კარგად ესმის და მის დადებით და უარყოფით მხარეებსაც შეგუებულია. პატარა ბიჭი არ ყოფილა – როცა დავქორწინდით 36 წლის იყო და ახლა 40-ისაა. ჩვენთვის მთავარია, კარგი განწყობა შევუქმნათ ერთმანეთს და მერე, ყველაფერი კარგად იქნება. კი, შეიძლება, ახალი ტელეფონი გამოვიდეს და საწოლზე დაახვედრო საყვარელ ადამიანს, მაგრამ უფრო მეტად არამატერიალური სიურპრიზები გვახარებს ერთმანეთისგან. ძალიან გვიყვარს უცხოეთში მოგზაურობა. ამიტომ, აქ რაღაცეებისგან თავს ვიკავებთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეთ და ჩვენი სიურპრიზებიც, ძირითადად, მოგზაურობას უკავშირდება. 
– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– ჩვენ, ფაქტობრივად, მეზობლები ვიყავით. სადაც ახლა ვცხოვრობთ, მე და ჩემს მეგობარს სალონი-ატელიე გვქონდა. ერთმანეთი იქ გავიცანით. ხშირად შემოდიოდა ჩვენთან და მგონი, ყველაზე ბოლოს მე მივხვდი, რომ მოვწონდი, რადგან იმ პერიოდში მთლიანად საქმეზე ვიყავი გადართული (იცინის). ერთმანეთი აპრილში გავიცანით და ძალიან მალე დავქორწინდით. სულ სამი-ოთხი თვე ვიყავით შეყვარებულები. ახლაც ხალისით ვიხსენებთ, როგორ მითხრა პირველად, მიყვარხარო. მაშინ ფალიაშვილზე ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. გვიანი ღამე იყო, როცა ბექამ დამირეკა, აივანზე გადმოიხედეო. მარტო მე და ჩემს ორი წლით უმცროს დას, მარიამს გვეღვიძა. აივანზე მარიამიც ჩემთან ერთად გამოვიდა, მაგრამ ჩაკუზული იყო, რომ ბექას არ დაენახა. ეს მომენტი, ალბათ, არცერთი დისთვის არ იქნება უცხო (იცინის). ბექამ მოულოდნელად მითხრა, მიყვარხარო და ამ დროს უცებ, მარიამი ფეხზე მეცა. ბექა ქვემოდან მიყურებს და არაფერი არ უნდა შევიმჩნიო (იცინის). სულ ცოტა ხნით სადარბაზოში გამოდიო, მითხრა. არადა, პიჟამათი ვიყავი, გაწეწილი თმით და რაც მთავარია, თავი გავიგიჟე, ჩემებს რომ გაეღვიძოთ, მერე რა ვქნა-მეთქი. მარიამმა, მე გაგაპარებო და მოკლედ, გამტენა სახლიდან (იცინის). კიბეზე დავსხედით და იმდენი ვილაპარაკეთ, რომ თავზე დაგვათენდა. ამ ამბავს ახლაც სიცილით და ხალისით ვიხსენებთ. დღემდე ვცდილობთ, ის განწყობა შევინარჩუნოთ, რაც ოთხი წლის წინ გვქონდა. მისგან განსხვავებით, მე ნაკლებად შემიძლია ძვირად ღირებული საჩუქრებით გავანებივრო, სამაგიეროდ, არაფრისგან ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს შევქმნი და ამით, ძალიან გავახარებ. საერთოდ, ვფიქრობ, სიყვარულს პერიოდულად კვება სჭირდება. ამის გარეშე, ორი ადამინის კომფოტული თანაცხოვრება, შეუძლებელია.

скачать dle 11.3