კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აქვთ ონლაინგამსესხებლებს სესხების ამოღების არანაირი სამართლებრივი ბერკეტი #44

ისე მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის საბანკო კრედიტები ცხოვრების თანმდევ, უკვდავ სულად იქცა. ამას დაემატა ონლაინგამსესხებლებიც, თითქოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები არ ეყოფოდა მოსახლეობის სასესხო გასაჭირს. მეორე მხრივ, არის სესხების ტიპი, რომლებსაც არანაირი გარანტია არ სჭირდება და რომელთაც ბანკები თითქმის ძალადობრივი მეთოდებით ახვევენ თავზე უკვე არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებს. ამის პარალელურად კი, ონლაინსესხის აღებას ხომ საერთოდაც არანაირი გარანტია არ სჭირდება, მხოლოდ სურვილია საკმარისი. როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს არაუზრუნველყოფილი სესხებისგან თავის დაღწევა (სავსებით კანონიერი მეთოდებით) და რა ბერკეტები აქვთ გამსესხებლებს არაუზრუნველყოფილი სესხების ამოსაღებად? – თემას ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა განგვიმარტავს.
– არაუზრუნველყოფილი სესხების კატეგორიას განეკუთვნება ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები და ონლაინსესხები, რა ბერკეტები გააჩნია ამ ორგანიზაციებს ასეთი ტიპის სესხების ამოსაღებად?
–  სამომხმარებლო სესხები, ჩვეულებრივ, მცირე მოცულობისაა, ამიტომ მათი გადაუხდელობის შემთხვევაში ბანკები, თავდაპირველად, თავად ცდილობენ, რომ ამოიღონ და თუ არაფერი გამოსდით, მაშინ მიმართავენ სასამართლოს, თუმცა ასეთი შემთხვევა საკმაოდ იშვიათია და გეტყვით, რატომ.
– სანამ სასამართლომდე მივალთ, „თავად ცდილობენ“ რას ნიშნავს? რა მეთოდებია მათ არსენალში?
–  ჩვეულებისამებრ, კომერციული ბანკები ცდილობენ, სამომხმარებლო სესხი მისცენ ისეთ პირებს, რომლებსაც მათ ბანკში აქვთ სახელფასო ანგარიში. და, თუ ასეთი პირი არ აბრუნებს თავის სესხს, მათ შეუძლიათ, ხელფასიდან ჩამოაჭრან ეს თანხა სესხის ჩათვლის ანგარიშში. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს: მათ, ისევე, როგორც ბანკებს, თუ მსესხებელს არ აქვს სახელფასო ანგარიში და ისე აიღო სესხი, აქვთ სპეციალური სამსახურები, რომლებიც მუშაობენ ურჩ გადამხდელებთან. ეს შეიძლება, იყოს სესხის რესტრუქტურიზაცია, ანუ გადავადება, როდესაც გადამხდელი პატიოსანია ან რიგი გარემოების გამო ვერ იხდის. მაგრამ, თუ მსესხებელი არის კატასტროფულად ურჩი და კატეგორიულ უარს ამბობს გადახდაზე, რაც დიდი იშვიათობაა, მაშინ საფინანსო დაწესებულებები ასეთ საქმეებს გადასცემენ კოლექტორულ სააგენტოებს.
– ეგრეთ წოდებულ, სესხის ამომღებ ორგანიზაციებს, რომლებსაც კანონით, ფაქტობრივად, არ აქვთ ასეთი საქმიანობის უფლება?
– მათ მთელ მსოფლიოში კოლექტორულ ორგანიზაციებს უწოდებენ. ჩვენთან მათი საქმიანობის შესახებ სპეციალური კანონმდებლობა არ არსებობს.
– ჩვეულებრივი შეზღუდული პასუხისმგელობის საზოგადოებებია.
– დიახ, მათი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს კანონის ჩარჩოებში. თუმცა ხშირია მათი მხრიდან ზეწოლის ფაქტები ურჩ მსესხებლებზე. ამ სააგენტოების თანამშრომლების ნაწილი სამართალდამცველი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელია და, შესაბამისად, მათი მეთოდებიც არაადეკვატურია.
– არაკანონიერიც, ალბათ.
– ხშირია დაშინება, მუქარა, საბუთების წართმევა და, როდესაც მსესხებელმა არ იცის თავისი კანონიერი უფლებები და არ იცის, როგორ დაიცვას თავი, ის ხდება ასეთი ძალადობრივი მოქმედების მსხვერპლი და თქვენ წარმოიდგინეთ, არა მარტო მსესხებელი, მისი ოჯახის წევრებიც. იმიტომ რომ, ძალიან ხშირად არა მარტო ოჯახის წევრები, მეგობრებიც კი მზად არიან, დაუფარონ სესხი, რომ მსესხებელი ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი არ გახდეს. არადა ასეთ დაწესებულებებთან ბრძოლა ძალიან იოლია, საკმარისია, მსესხებელმა განაცხადოს სამართალდამცავ ორგანოებში მათზე განხორციელებული ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ. ყველას აქვს მობილური ტელეფონი და ამ ზეწოლის ფაქტების ჩაწერას ან გადაღებას წინ არაფერი უდგას. ანუ საფინანსო ორგანიზაციები სესხის ამოღების ამ მძიმე პროცედურას, ფაქტობრივად, თავიდან იცილებენ და, ბუნებრივია, ამ კოლექტორულ სააგენტოებს მსუყე ლუკმა რჩებათ ბანკის სასარგებლოდ ამოღებული თანხიდან. იმიტომ რომ, ბანკს ეს თანხა, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს და მისთვის ხეირია, რაღაც მაინც რომ მისცეს კოლექტორულმა საგენტომ.
– თქვით, რომ ბანკს მარტივად შეუძლია, ჩამოაჭრას კლიენტს სახელფასო ანგარიშიდან სესხის დასაფარი თანხა. ეს ხელშეკრულებებში წერია თუ უბრალოდ, რაკი მსესხებლის ხელფასი ხვდება ბანკში, ის შემდეგ თავისი შეხედულებისამებრ, განკარგავს სხვა ადამიანის ხელფასს?   
– მსესხებლების უმეტესობა არ კითხულობს ხელშეკრულებას. სტანდარტულ ხელშეკრულებაში, რომელიც მცირე სესხებს ეხება, ორი აბზაცი ეთმობა ბანკის ვალდებულებებს, ორი გვერდი კი –  მსესხებლის ვალდებულებებს. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი ყველაფერშია დამნაშავე, ბანკი და მიკროსაფინანსო  კი არაფერზეა პასუხისმგებელი. ეს ნაკლოვანება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოში, განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისგან, არ არსებობს რეგულაცია, თუ როგორი უნდა იყოს უფლებრივ ნაწილში საფინანსო დაწესებულებასა და მსესხებელს შორის ხელშეკრულება. არსებობს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტი, რომ ბანკი ვალდებულია, გააცნოს მსესხებელს სესხის ძირითადი პირობები. ესაა და ეს, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ასეთი რეგულაციაც კი არ აქვთ. ანუ კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო დაწესებულებები, ფაქტობრივად, თავისუფალნი არიან სესხის გაცემის პირობებში და მსესხებელი, რომელსაც ძალიან სჭირდება თანხა, ყველაფერს აწერს ხელს და შემდგომ ებმება სასესხო მახეში.
– რომ არ დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს, აზრი არ აქვს, მაშინ სესხს ვერ მიიღებს.
– დიახ, როგორც ვთქვი, იმდენად სჭირდება ფული, რომ არც კი კითხულობს.
– იპოთეკური სესხის მქონე პირმა რომ სამომხმარებლო სესხი აიღოს და ვერ გადაიხადოს, იმ სესხსაც იპოთეკურ სესხს დააწერს ბანკი?
– იპოთეკური სესხები გაიცემა მხოლოდ უზრუნველყოფით და, როგორც წესი, 2-3-ჯერ აღემატება ქონების ღირებულებას, რითიც უზრუნველყოფილია სესხი და თუ ადამიანი იხდის იპოთეკურ სესხს და შეუფერხდა სამომხმარებლო სესხის გადახდა, კომერციული ბანკი ყოველთვის გამონახავს ასეთ მსესხებელთან საერთო ენას და გამოძებნის გზებს საიმისოდ, რომ გაადახდევინოს. ანუ ასეთ სესხებს ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კოლექტორულ სააგენტოებს არ გადასცემს ხოლმე, იმიტომ რომ ასეთი მსესხებელი მისი გრძელვადიანი კლიენტია.
– სასამართლოს რატომ არ მიმართავენ საფინანსო ინსტიტუტები სესხების ამოსაღებად? არ უღირთ თუ სხვა მიზეზია?
– ხშირად სესხი იმდენად მცირეა და სასამართლო ხარჯი კი იმდენად დიდი, რომ მათთვის ფინანსურად არ არის მომგებიანი სასამართლოში ჩივილი. ამდენად, 500 ან 1 000-ლარიან სესხებზე იშვიათად ჩივიან. ასეთ მსესხებელს გადასცემენ კოლქტორულ სააგენტოებს, ან თუ დარწმუნებულები არიან, რომ სესხის ამოღების შანსი არ არსებობს, ჩამოწერენ და გაატარებენ ზარალში. სხვა გზა მათ არ აქვთ: სასამართლო ხარჯი მაღალია, მაგრამ მსხვილ სესხებზე სიამოვნებით მიმართავენ სასამართლოს, განსაკუთრებით იურიდიული პირების შემთხვევაში.
–  და, ცხადია, გადაჰყავთ კლიენტი შავ სიაში.
–  ბუნებრივია, მეტიც, შავ სიაში გადაჰყავთ არა მარტო სესხის დაუბრუნებლობის გამო, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევისთვისაც კი. თუ ერთხელ მაინც დაარღვიე გრაფიკი, საკრედიტო ისტორიაში გეწერება, რომ არასანდო გადამხდელი ხარ. რაც შეეხება სესხის დაუბრუნებლობას, თან –  ურჩ დაუბრუნებლობას, ეს, ფაქტობრივად, გამორიცხავს მომავალ წლებში სესხის აღების შესაძლებლობას; ან, თუ მოგცემენ სესხს, მხოლოდ გირაოთი.
– ონლაინგამსესხებელს საერთოდ აქვთ რამე ბერკეტი სესხების ამოსაღებად?
– აქ სიტუაცია ცოტათი განსხვავებულია: როდესაც ონლაინსესხს იღებთ, თქვენ არანაირ დოკუმენტს არ აწერთ ხელს. თქვენი ინტერნეტთანხმობა კი სასამართლოსთვის არ არის იმის დასტური, რომ იურიდიული ურთიერთობა გქონდათ ონლაინგამსესხებელთან. ინტერნეტში „დაკლიკება“ არ არის კანონით დადგენილი საბუთი. კანონით დადგენილ საბუთს ორი ფორმა აქვს: ერთია ქაღალდზე ხელმოწერილი ხელშეკრულება და მეორე –  ელექტრონული ხელმოწერა. მე არ ვიცი, ერთი ფიზიკური პირიც კი, რომელსაც ჰქონდეს ელექტრონული ხელმოწერა, ჩვეულებისამებრ, ამით სარგებლობენ იურიდიული პირები, თან –  მსხვილი იურიდიული პირები. ამდენად, რაკი ონლაინსესხის შემთხვევაში არ არსებობს კანონიერი დასაბუთება, შესაბამისად, სესხის დაუბრუნებლობისას, ონლაინგამსესხებლებს ერთადერთი გზა აქვთ: მიმართონ კოლექტორულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაშინების გზით ამოიღებენ თანხას. ონლაინსესხის ამოღების სხვა, კანონიერი გზა არ არსებობს.
– რატომ რისკავენ მაშინ?
– საერთოდ, ადამიანების მეტი წილი პატიოსანია და ეს ძალიან კარგად იციან ონლაინგამსესხებლებმაც და ფინანსურმა ინსტიტუტებმაც. 100-დან 95 ადამიანი პატიოსნად იხდის სესხს. მაგალითად, 25 წლის წინათ დაითვალეს და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 12 პროცეტია კრიმინალური მიდრეკილების, ანუ ურჩი გადამხდელი, ეს 12 პროცენტიც რომ იყოს, ონლაინგამსესხებლები ისეთი მაღალი საკომისიოთი გასცემენ სესხებს, რომ ეს დანაკარგი მათ სასესხო პორტფელში არაფერია და არც შეემჩნევათ. აქ გათვლააა მოსახლეობის პატიოსნებაზე.
– ვთქვათ, არ გადაიხადა პატიოსნად არცერთმა, ონლაინგამსესხებლებს შეუძლიათ   ურჩი გადამხდელების შავ სიაში გადაყვანა?
– წესითა და რიგით, ონლაინგამსესხებლებს საკრედიტო ისტორიებთან არ უნდა ჰქონდეთ წვდომა. იმიტომ რომ, ისინი არ აფორმებენ საკრედიტო ხელშეკრულებას. თუ „კრედიტინფო საქართველო“ იღებს ინფორმაციას ონლაინმსესხებლების შესახებ, დადგა დრო, პარლამენტმა და ეროვნულმა ბანკმა იზრუნონ, შეიქმნას საკრედიტო ბიუროები და მოწესრიგდეს, სად შეინახოს ჩანაწერები, რა ტიპის ჩანაწერებია, ვის აქვს წვდომა და ასე შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ონლაინგამსესხებლები „კრედიტინფო საქართველოს“ უხდიან თანხას და იღებენ ინფორმაციას მსესხებლების შესახებ.
– ვინმე ამოწმებს ონლაინგამსესხებლების საქმიანობას, იხდიან ისინი არათუ ადეკვატურ, საერთოდ, რამე გადასახადს?
– მათი რაოდენობა ძალიან სწრაფად მატულობს და არ ვიცი, ასწრებს თუ არა შემოსავლების სამსახური მათთვის თვალყურის დევნებას ან ამოწმებს თუ არა. მით უფრო, რომ ელექტრონული ჩანაწერების წაშლა-გადაკეთება ძალიან მარტივია. ეს, ალბათ, შემოსავლების სამსახურის ინტერესი უნდა იყოს. იმიტომ რომ, საოცრად დიდი რაოდენობის ფული კეთდება ამ სფეროში. თუ შესაბამისი კანონი იარსებებს, შესაძლოა, ბევრი ონლაინგამსესხებელი, უბრალოდ, გაუქმდეს.
– ერთია, რომ მომხმარებლის უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ სესხს იღებს კონკრეტული ადამიანი და ყოველთვის არა იმიტომ, რომ გამოუვალი მდგომარეობა აქვს. თუმცა გასტუმრების პასუხისმგებლობას მაინც ყველა სხვას აკისრებს, თუ პრობლემები იქმნება.
– მე ცოტა სხვანაირად ჩამოვაყალიბებ საკითხს: რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ადამიანმა არ დაუშვას შეგნებული შეცდომა. რადგან არ აქვს ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტს ხელფეხი აქვს გახსნილი, რომ მოატყუოს მომხმარებელი. იმისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ დაგიცვას გაუაზრებელი შეცდომებისგან. გითხრას, ამის გაკეთება შენთვის მომგებიანია; ამის გაკეთება არ შეგიძლია, იმიტომ რომ, წააგებო. გამსესხებელს კი უნდა უთხრას, ეს არ გააკეთო, იმიტომ რომ, აზარალებ მსესხებელს; ამის გაკეთება კი შეგიძლია, რადგან ეს წაგადგება შენ, მომხმარებელსაც და ქვეყანასაცო. ასეთი კანონმდებლობა აუცილებლად უნდა არსებობდეს საქართველოში და ამაზე უნდა იმუშაოს ახლად არჩეულმა პარლამენტმა. სხვანაირად, გამოდის, რომ მოსახლეოიბისგან მთელი ფული ამოისრუტება და გადადის საფინანსო სექტორში, სპეკულაციურ სექტორში, რომელიც არაფერს ქმნის.

скачать dle 11.3