კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიგო ნუცა სულაბერიძემ წინასწარ ახლობელთა გარდაცვალების შესახებ

მსახიობი, ვინც სერიალ „ხელოვნურ სუნთქვაში” ლეიკემიით დაავადებული გოგონას როლს ასრულებს, 26 წლის ნუცა სულაბერიძეა. ცხრა წლიდან დაწყებული სამსახიობო კარიერას მხოლოდ ორი წლით გამოეთიშა, მაშინ, როცა პატარა სანდროს დედა გახდა. მაგრამ, უკვე ერთი წელია, დაბრუნდა და ყველაფერი თავიდან დაიწყო. ნუცას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა მამის მოულოდნელი გარდაცვალება, რის შემდეგაც ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს ახლობლების გარდაცვალების შესახებ.
ნუცა სულაბერიძე: არც ვიცი, საიდან მოვიტანე ეს პროფესია, მაგრამ ჯერ კიდევ პირველ კლასში ვთქვი, მსახიობობა მინდა-მეთქი. არადა ამ სფეროს წარმომადგენელი სანაცნობოში არავინ მყავდა. ცხრა წლის უკვე თეატრალურ სტუდია „ცეტებში” შევედი, სადაც საბოლოოდ მოვიწამლე სცენით, მაყურებლითა და ტაშით. აბიტურიენტობამდე, მთელი ათი წელი იქ გავატარე და არც არავის გაჰკვირვებია, თეატრალურზე რომ გადავწყვიტე ჩაბარება. თეატრალურში გამოცდის ჩაბარება გიორგი სიხარულიძესთან მომიწია. ის მანამდე, სტუდიაში იყო ჩემი მასწავლებელი და ეს ორმაგ პასუხისმგებლობას მაკისრებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ჩავაბარე (იცინის). მაშინ არსებობდა ქუთაისის და სოხუმის მიზნობრივი ჯგუფები და მე ქუთაისის ჯგუფში მოვხვდი. პირველივე კურსიდან წაგვიყვანა ბატონმა გიორგიმ მესხიშვილის თეატრში სპექტაკლისთვის. მერე სადიპლომოსაც იქ ვაკეთებდით, მაგრამ იმ პერიოდში „თავისუფალ თეატრში” დამაკავეს სპექტაკლში. თეატრალურში უფლება მომცეს, „თავისუფალში“ დავრჩენილიყავი და სადიპლომოდ აქ ნათამაშები სპექტაკლი ჩამეთვლებოდა. ასეც მოხდა, რის შემდეგაც „თავისუფალში“ კიდევ რამდენიმე სპექტაკლის თამაში მოვასწარი, სანამ პატარა გამიჩნდებოდა. აი, უკვე ფეხმძიმობისას და ბავშვის გაჩენის შემდეგ, ჯამში, ორი წლით საერთოდ გამოვეთიშე ყველაფერს. სხვათა შორის, „ჩემი ცოლის დაქალების” გადაღებების დროს, უკვე ფეხმძიმედ ვიყავი.
– სიყვარულის, ქორწინებისა და შვილის შესახებ მომიყევი.
– საერთოდ, სიყვარულის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ყველა და ყველაფერი მიყვარს. დილა რომ თენდება, მიხარია. მინდა, ცხოვრებისგან მაქსიმალურად ბევრი პოზიტივი მივიღო. მთელი ცხოვრება, სულ შეყვარებული ვიყავი. მაგრამ, მეუღლესთან შეხვედრის ისტორია ნამდვილად სერიალის სცენარს ჰგავდა (იცინის). სასადილოში ვიყავი მეგობართან ერთად და ამ დროს დავინახე ჩემი მომავალი ქმარი. მაშინ მე მეოთხე კურსზე ვიყავი ის – პირველზე. პატარა იყო და არც მისი ტიპის ბიჭები მომწონდა. შესაბამისად, არ ვიცი, რატომ, მაგრამ, როგორც კი დავინახე, მაშინვე ვთქვი: ეს ბიჭი ჩემი ქმარი იქნება-მეთქი. მოწმეც მყავს – მეგობარი, რომელიც ჩემ გვერდით იდგა (იცინის). ორწელიწად-ნახევარი შეყვარებულები ვიყავით. მე ქუთაისში ვსწავლობდი, ის – აქ და სულ გზაში ვიყავით. ჰოდა, აქეთ-იქით წოწიალს, გადავწყვიტეთ, ოჯახი შეგვექმნა. გაგვიჩნდა სანდრიკო, რომელიც უკვე ორი წლისა და ოთხი თვისაა. ბავშვი წლამდე პატიოსნად ვზარდე ისე, რომ ერთი საათითაც არ დამიტოვებია. მაგრამ მერე მივხვდი, რომ გავრეკე (იცინის). იმ პერიოდში ჩემს მეუღლეს საკურსო სპექტაკლი ჰქონდა და პრემიერაზე რომ მივედი, დავაფიქსირე, რომ დავიბოღმე. ყველასი მშურდა, ვინც იქ იყო – გოგო თუ ბიჭი, არ ჰქონდა მნიშვნელობა (იცინის). ჯგუფელების სპექტაკლებზეც რომ მივდიოდი, იქაც ვხვდებოდი, რომ ვიბოღმებოდი. ბოღმა ძალიან ცუდი სიტყვაა, მაგრამ საშინელებაა, როცა გრძნობ, როგორ გინდა, შენც მათ ადგილას იყო. ბოლოს მივხვდი, თუ სახლიდან არ გავიდოდი, შეიძლება, თავში ჩამერტყა რაღაც (იცინის). შარშან, სექტემბრიდან ყველაფერი ისევ თავიდან დავიწყე. საქმე კარგად აეწყო – „თავისუფალ თეატრში” დამაკავეს და მივხვდი, რომ რაღაცას ისევ წარმოვადგენ და ვიღაცას ვჭირდები (იცინის). ახლა „თავისუფალში” შტატში არ ვარ, მიწვეული მსახიობი ვარ, მაგრამ ძირითადად იქ მიწევს ყოფნა. გარდა ამისა, ზუსტად გუშინ მქონდა „ილიაუნში” პრემიერა. პარალელურად, ვმონაწილეობ სერიალში „ხელოვნური სუნთქვა.” ბავშვის აღზრდაში კი მთელი არმია მეხმარება: მეუღლე, დედამთილი, დედა (იცინის).
– მინდა, შენი ცხოვრების ერთი საინტერესო მომენტის შესახებ გკითხო. როგორც ვიცი, მისტიკასთან ხარ ახლოს.
– ჰო, საოცარ სიზმრებს ვხედავ, რის გამოც მთელი სამეგობრო დამცინის – ოღონდ შენ არ დაგესიზმრო და მეტი არაფერი გვინდაო (იცინის).
– მეუღლესთან შეხვედრის მომენტიც ისე ამიწერე...
– კი, კი, მართლა ყველაფერი ასე მოხდა. ისე, პატარა რომ ვიყავი, იმდენად რეალურ სიზმრებს ვხედავდი, რომ ზოგჯერ ერთმანეთში მერეოდა ცხადი და სიზმარი. ახლაც, ყოველღამე ვხედავ სიზმარს და რომ დავფიქრდები, რა თქმა უნდა, ვხვდები, ცხადია თუ სიზმარი, მაგრამ ერთი წამით მაინც მეპარება ეჭვი (იცინის).
– წინასწარმეტყველური სიზმრები გაქვს?
– კი და წინასწარმეტყველური სიზმრები მამის გარდაცვალების შემდეგ დამეწყო. მამა სამწელიწად-ნახევრის წინ, მოულოდნელად, დღემდე გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა. თავიდან გვითხრეს, რომ გულის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მერე ასე არ აღმოჩნდა. მოკლედ... რა მნიშვნელობა აქვს დიაგნოზს. მამის გარდაცვალება, ბუნებრივია, უდიდესი ტკივილია, მაგრამ მე თან, იმ დროს ფეხმძიმედ ვიყავი და ეს ჩემთვის ორმაგი ტრავმა იყო. თუმცა, ისევ ფეხმძიმობამ და ბავშვმა მაიძულა, ჩემი ემოციები მომეთოკა და ახალ სიცოცხლეზე მეფიქრა. მერე დამეწყო ეს სიზმრები. პირველი სიზმრის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი, რომ მამაჩემის ბიძაშვილი გარდაიცვლებოდა. მესიზმრა, რომ მამასთან ერთად იყო და გაოცებულმა ვიკითხე, რა უნდოდა იქ, რადგან ვიცოდი, მამა გარდაცვლილი იყო. მამამ მითხრა: ვისთან ერთადაც დაბლა ვცხოვრობდი, ისინი აქაც მპოულობენო. ეს პირველი შემთხვევა იყო, ამიტომ ძალიან შემეშინდა. ის კაცი კი ერთ კვირაში გარდაიცვალა. მერე მესიზმრა, რომ მე და ერთი ჩემი მეგობარი მესამე მეგობარს ვეხვეწებოდით, ჩვენი მამების საფლავზე წავიდეთო. ის გვეუბნებოდა, მე რატომ უნდა წამოვიდე, მამაჩემი ცოცხალია, თქვენი მამები არიან გარდაცვლილები და თქვენ წადით, მე რა შუაში ვარო. სინამდვილეში, მამამისი მართლაც ცოცხალი იყო. მაგრამ, სიზმარში ვეუბნებოდი,  ისიც უნდა წამოსულიყო. ამჯერად უკვე მქონდა გამოცდილი, რასაც ნიშნავდა ჩემი სიზმარი და ძალიან დავითრგუნე, მეგობარს ვერაფერი ვუთხარი. მამამისი კი მართლა გარდაიცვალა, მაგრამ ამ სიზმრის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ ვუთხარი. მერე მესიზმრა, რომ მამაჩემი და მისი მეგობარი ქეიფობდნენ მამაჩემის მამიდასთან სახლში. ერთი კვირა არ იყო გასული, ისიც გარდაიცვალა. მოკლედ, არ ვიცი, ვერავინ ამოხსნა სიზმრების მნიშვნელობა, მაგრამ ეტყობა, მართლა რაღაც არის.
– მამის მიმართ განსაკურებული დამოკიდებულება გქონდა?
– მე მისი მესამე ქალიშვილი ვარ. თებერვალში დავიბადე და გადმოცემით ვიცი, რომ მარტში მამამ ქურთუკის შიგნით დიდი ჯიბე გამოიკერა და სადაც დადიოდა თან მატარებდა. მერე ქურთუკიდან მანქანაში გადავინაცვლე და სულ თან ვყავდი. „სათადარიგო ბორბალივით” იყავიო, მეხუმრებიან (იცინის). გარდაცვალების შემდეგ, ძალიან ხშირად მესიზმრებოდა, მაშინ, როცა ოჯახის წვერებიდან ზოგს საერთოდ არ  დასიზმრებია. რომ მომენატრებოდა, ვიცოდი, სიზმარში უნდა მენახა. ბებიამ მითხრა, ერთი წელი რომ გავა, მერე აღარ დაგესიზმრება ასე ხშირადო. მართლა ასე მოხდა. დიდი ხნის განმავლობაში აღარ დამსიზმრებია და ერთ საღამოს, როცა მეუღლეს და შვილს უკვე ეძინათ, ჩემთვის ვთქვი: მამა, თუ ახლა  ჩემი გესმის, გეხვეწები, ნიშანი მომეცი-მეთქი. ამ დროს ჩემი მძინარე მეუღლე ლოგინიდან წამოდგა, გაიმართა და სიმღერა დაიწყო – ის სიმღერა, რომელსაც მამაჩემი გამუდმებით ღიღინებდა. მერე ისევ დაწვა. მეორე დღეს თვითონ არაფერი ახსოვდა. მეც აბსოლუტურად ფხიზელი ვიყავი, არაფრის ზემოქმედების ქვეშ არ ვყოფილვარ. მამა, ასე ახლოდანაც არ მინდოდა, ისევ სიზმარი მერჩივნა-მეთქი, – რა თქმა უნდა, ვხუმრობ (იცინის).
– როგორ ახერხებ, რომ ამ ყველაფერს ემოციურად არ აჰყვე?
– ჩემთვის მძიმე გადასატანი იყო, როცა გავიგე, რომ მამა აღარ არის. სიზმრებს უკვე მხიარულად ვუყურებ და მათი საშუალებით მამის მონატრებას ვიკლავ.  ამაზე სერიოზულად რომ ვიფიქრო...
– ყოვედღიური მოვლენების შესახებ თუ გაქვს წინათგრძნობა. მაგალითად, რამე თუ ყოფილა ისე, რომ რაღაც აღარ გააკეთე, რადგან გრძნობდი, არ გამოვიდოდა?
– არა, მიმაჩნია, რომ ყველაფერი უნდა გააკეთო, რაც გინდა. მამას გარდაცვალების შემდეგ, ჩემში ძალიან დიდი გადატრიალება მოხდა. კვირა საღამო იყო და დებთან ერთად, მამასთან მოვედი. ფეხმძიმედ ვიყავი და ბავშვების ხმაურმა დამღალა. ვთქვი, სახლში წავალ წამოვწვები-მეთქი და მამამ მითხრა, აქ წამოწექი, ადგილის მეტი რა არისო. მე მაინც წამოსვლა გადავწყვიტე. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ვარ და დები კიდევ უფროსები არიან, მამასთან ამ ასაკშიც ძალიან ახლო და თბილი ურთიერთობა გვქონდა. არ არსებობდა დამშვიდობების ან ნახვისას, არ გვეკოცნა – მაღაზიაშიც რომ გავიდოდით, იქიდან დაბრუნებისასაც კი. იმ საღამოს, წამოსვლა რომ დავაპირე, საკოცნელად შევტრიალდი, მაგრამ უცებ ვიფიქრე: იყოს, ხვალ ხომ მოვალ-მეთქი და არ ვაკოცე, ისე წამოვედი. ის იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. რა ხვალ?! საერთოდ არ გათენდა მისთვის ის ხვალ და დამთავრდა ყველაფერი. ამიტომ, დღეს ვფიქრობ, მაქსიმალურად ბევრი სითბო უნდა გასცე და ის აკეთო, რაც გინდა. არა უშავს, თუ არ გამოგივა, მთავარია, სცადო და ეჭვი არ დაიტოვო გულში. მე ამის შემდეგ დროის შიში გამიჩნდა. მინდა, ყველაფერი მოვასწრო.

скачать dle 11.3