კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემთხვევაში მიეკუთვნება ჭარბი ოფლიანობისკენ მიდრეკილი ბავშვი რისკ-ჯგუფს და რა მიზეზები იწვევს სპეციფიკური სუნის მქონე ოფლის გამოყოფას თინეიჯერებში

ზაფხულის განმავლობაში ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გამო, ოფლს უსიამოვნო სუნი უჩნდება, რაც მკვეთრად ვლინდება შემოდგომის სეზონზე. ჭარბი ოფლიანობა – ჰიპერჰიდროზი თანამედროვე ცხოვრებაში მეტად გავრცელებული პრობლემაა, რაც დისკომფორტს უქმნის პიროვნებას საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ჭარბოფლიანობის პრობლემამ ნებისმიერ დროს შეიძლება, შეაწუხოს ადამიანი, მით უფრო, ჩვილობისა და გარდატეხის ასაკში. ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე გენეტიკური და სხვადასხვა ენდოკრინული ფაქტორებით. როგორ მოვიქცეთ ჭარბოფლიანობის დროს და რა სახის პრევენციებია საჭირო, ამაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ნინო ესაკია
ნინო ესაკია: „ჰიპერჰიდროზი“ ლათინური სიტყვაა და ოფლის ჭარბ გამოყოფას ნიშნავს. ჭარბოფლიანობას ვხვდებით ხელის გულებზე, ფეხის ტერფებზე, საზარდულის ნაოჭებთან, იღლიების მიდამოებში, უკანა ტანის გასავალთან, ზედა ტუჩზე, ცხვირის წვერსა და ნიკაპზე. განასხვავებენ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ ჭარბოფლიანობას. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი წარმოადგენს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას. შეიძლება გამოწვეული იყოს: ემოციური განცდებით, საკვებით, ჰაერით. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი შეიძლება, იყოს პირველადი და მეორადი. ზოგჯერ, პირველად ჰიპერჰიდროზს აქვს მემკვიდრული ხასიათი. მეორადი ჰიპერჰიდროზი უმეტესად პათოლოგიურია და სხვადასხვა დაავადების სიმპტომს წარმოადგენს, როგორიცაა: ენდოკრინული, ინფექციური, გულ-სისხლძარღვთა, თირკმელების, გენეტიკური დაავადებები. ნერვული სისტემისა და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგიები, ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა და სხვა. ჭარბი ოფლიანობა ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება აწუხებდეს, მოზარდებში კი ჩვილობიდან იწყება.
– როგორ მივხვდეთ, ოფლი, რომელსაც ბავშვი გამოყოფს, ნორმაა თუ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს?
–  თუ ოფლის გამოყოფა მოსვენებულ მდგომარეობაში შემაწუხებელია, ეს უკვე პათოლოგიაა და, შესაბამისად, ყურადღებაა მისაქცევი. ძლიერი ოფლიანობა  ბავშვებში საკმაოდ ხშირად გვხვდება. საოფლე ჯირკვლები დაბადებიდან მე-3, მე-4 კვირას იწყებს მოქმედებას. 4-5 წლის ასაკის ბავშვისთვის კი, მათი ჩამოყალიბება დასრულებულია. შესაბამისად, ამ ასაკობრივ შუალედში შესაძლებელია, თერმორეგულაციის სისტემამ განგაშის სიგნალი მოგვცეს. ბავშვებს ყველაზე ხშირად ხელისა და ფეხის გულები უოფლიანდებათ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ოფლთან ერთად, ბავშვი სითხეს კარგავს. მაგალითად, აქტიური ოფლიანობისას 5-კილოგრამიანი ბავშვის სხეულის ზედაპირზე დღის განმავლობაში თითქმის 200 მილილიტრი  წყალი გამოიყოფა.
– ჰიპერჰიდროზის ჩამოყალიბებაში რა როლს თამაშობს ბავშვის ნერვული სისტემა და რა შემთხვევაშია დაავადება მემკვიდრეობითი?
– ჭარბი ოფლიანობა შეიძლება იყოს გამოწვეული ემოციური, სტრესული სიტუაციებით. ზედმეტად მგრძნობიარე ბავშვებს თავისა და კისრის არე უოფლიანდებათ არა მარტო უარყოფითი, არამედ დადებითი ემოციების გამოხატვის შემთხვევაშიც. გადაღლილობა და უძილობაც ემოციური სტრესია და შეიძლება, ჰიპერჰიდროზის მიზეზი გახდეს. მაგალითად, ძილის დროს ბავშვის ოფლიანობას ბევრი მშობელი უჩივის. თუ ბავშვი მთელი ღამის განმავლობაში გამოყოფს სახისა და კეფის არეში მომჟავო სუნის ოფლს, ეს უკვე რაქიტის მანიშნებელია. ნერვული სისტემის დაავადებების დროს ოფლიანდება სხეულის რომელიმე ნაწილი. მაგალითად, ცალი ხელისგული. დიდი პროცენტი ოფლიანობისა არის მემკვიდრული წინასწარგანწყობიდან გამომდინარე. ამ დროს ცვლილებებია ორგანიზმის მთელ სეკრეციულ სისტემაში.
– გარდატეხის ასაკში, მოზარდები ხშირად უჩივიან ჭარბოფლიანობას, რომელ ასაკამდე გრძელდება ეს და რა პრევენციებია საჭირო?
– თინეიჯერების უმრავლესობა უჩივის ჭარბოფლიანობას სპეციფიკური სუნით, რაც დაკავშირებულია ჰორმონების მატებასთან. ხშირად ოფლიანობას იწვევს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, თირეოტოქსიკოზი, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მომატება სისხლში. ოფლიაონობა უფრო მეტად აწუხებთ ჭარბწონიან მოზარდებს. ეს განპირობებულია მათი კანქვეშა ცხიმით და ასეთ შემთხვევაში, ოფლს სპეციფიკური სუნი აქვს. ვისაც ჭარბი ოფლიანობა აწუხებს და გამოკვლევის შედეგად იცის, რომ ეს არის მხოლოდ გარდატეხის ასაკით გამოწვეული, უნდა მიიღოს აბაზანა, დღეში 2– 3 ჯერ. როგორც წესი, თუ ეს პათოლოგიური არ არის და ფიზიოლოგიურია, გარდატეხის ასაკის შემდგომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. მაგრამ, თუ ოფლიანობა გენეტიკურია, ხელისა და ფეხის გულებზე რჩებათ. პაციენტს, თუ გამოკვლევის შედეგად არ დაუდგინდა ჰორმონული დარღვევა და მაინც აწუხებს ოფლიანობა, საჭიროა ქირურგიული ჩარევა. რაც შეეხება ფეხის გულების ოფლიანობას, უფრო რთულადაა საქმე, რადგან ტერფების ოფლიანობას ოპერაციის გზით ვერ ვაგვარებთ. ამ შემთხვევაში, თუ გადაჭარბებული სტრესი და აღგზნებადობა აქვს ადამიანს, უნდა მიმართოს ნერვოლოგს. სტრესის მოხსნა განაპირობებს ოფლიანობის შემცირებას. ასევე, უნდა გამოიყენოს სპეციალური დეოდორანტი და ფხვნილი, რაც ტერფების ოფლიანობას შეამცირებს. არ არის სასურველი, ოფლიანობის დროს გამოვიყენოთ დეოდორანტები, რაც საოფლე ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას კეტავს და მაქსიმალურად ართულებს მდგომარეობას. ასეთ დროს სასურველია, ალუმოქლორიდების ყოველდღიური გამოყენება, რომელიც ბევრად კარგ შედეგს იძლევა და ნაკლებად გამაღიზიანებელია კანთან მიმართებაში.
– საკვებ რაციონს დიდი მნიშვნელობა აქვს ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში. რა რეკომენდაციას მისცემთ მშობლებს და მოზარდებს?
– ადამიანის მიერ მიღებულ საკვებს პირდაპირი კავშირი აქვს ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფასთან. ამისთვის აუცილებელია ბალანსირებული კვება. ჭარბი ოფლიანობისკენ მიდრეკილი ადამიანი უნდა მოერიდოს ცხარე, მლაშე, მწარე საკვებს. არ უნდა მიიღოს შოკოლადი, ყავა, კოფეინიანი და გაზიანი სასმელები, რაც ავტომატურად იწვევს ჭარბოფლიანობას. კვების რაციონის, წონის კლების, ჰიგიენური წესების მოწესრიგების შემდგომ, პრობლემა ხშირად გვარდება. კვების რაციონში ჭარბი ოფლის  მქონე ადამიანმა უნდა გაზარდოს ცილოვანი პროდუქტები და შეამციროს ცხოველური წარმოშობის ცხიმები. სასურველია, ტკბილეულის შეზღუდვა.
–  სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ოფლის ჭარბი გამოყოფა  შემოდგომაზეა დამახასიათებელი. როგორ უნდა იყოს ადამიანი ჩაცმული ამ სეზონზე, რომ არც ოფლმა და არც სურდომ არ შეაწუხოს?
– სტატისტიკური მონაცემებით, შემოდგომა-გაზაფხულზე უფრო მეტად ხდება ოფლის გამოყოფა, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასთან. გარდამავალ სეზონზე ადამიანს უჭირს შესაბამისი სამოსის შერჩევა. ამ პერიოდში ჯირკვლებიც მეტადაა გაღიზიანებული და მეტი ოფლი გამოიყოფა. მნიშვნელოვანია, რა ტიპის ტანსაცმელს იცვამს ადამიანი. თუ ეს სინთეტიკურია, ამ შემთხვევაში, კანი არ სუნთქავს და უფრო მეტად იწვევს სუნიანი ოფლის გამოყოფას, რადგან რეაქციაში შედის სინთეტიკასთან. ვისაც მიდრეკილება აქვს ოფლიანობისკენ უნდა ატაროს თავისუფალი და ბუნებრივი მასალისგან დამზადებული ტანსაცმელი. ფეხსაცმელი, სასურველია, ტყავის იყოს. საჭიროა ჰიგიენური ნორმების დაცვა.

скачать dle 11.3