კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საბედისწერო ღვინო

ერთ წვიმიან დღეს ვინმე მაქს დე მარიშალი ძვირფასი ღვინოებით მოვაჭრე კომპანიის ოფისში მივიდა და მის დამფუძნებელთან მოითხოვა შეხვედრა. მისტერ დრამონდი ამ კომპანიის ამერიკელი მფლობელი გახლდათ და ძვირფასი, იშვიათი ღვინოების უბადლო მცოდნეც. მისი კომპანიის ღვინის სარდაფებში მხოლოდ უიშვიათესი ნიმუშები ინახებოდა და პატრონმა თითოეული ბოთლის ისტორია იცოდა.
სტუმარმა დე მარიშალმა მისტერ დრამონდზე უსიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.
– პირდაპირ საქმეზე გადავალ. ჩემთვის და ჩემი კომპანიონისთვის, მისტერ კირიოს კასელასისთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ გაქვთ „ნუი სენტ-ოენის” 1929 წლის მოსავლის ერთი ბოთლი ბურგუნდიული ღვინო. მაშინ ასეთი სულ ორმოცდაათი ბოთლი ჩამოისხა და აქამდე ყველა პატივსაცემი მეღვინე დარწმუნებული იყო, ერთიც კი აღარ არსებობდა.
– არა, არსებობს. ერთადერთი ბოთლი ჩემი საკუთრებაა.
მისტერ მარიშალს თვალები აუელვარდა. ფერი დაკარგა და პირი ისე გააღო, თითქოს ჰაერი არ ჰყოფნისო.
– ცუდად ხომ არ ხართ? წყალი ხომ არ მოგიტანოთ? – შეშფოთდა მისტერ დრამონდი.
– არა, ეს ჩემი გულის პრობლემებია. ექიმებმა მღელვარება ამიკრძალეს. მისტერ დრამონდ, რამდენად გაყიდით ამ ბოთლს?
– სამწუხაროდ, ღვინო არ იყიდება.
– შეუძლებელია, ყველაფერი იყიდება. მხოლოდ ფასი თქვით. მე შეიძლება, შეშლილი გეგონოთ, მაგრამ არიან ადამიანები, ვისთვისაც რაღაც კონკრეტული, ცხოვრების არსს წარმოადგენს. ჩემთვის ასეთია ძვირფასი ღვინოები. ფასი მითხარით, ყველაფერს აქვს თავისი ფასი.
– ასი ათასი ფრანკი, – თქვა მისტერ დრამონდმა უხალისოდ.
– ანუ, ოცი ათასი დოლარი. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან დიდი, სრულიად წარმოუდგენელი თანხაა. თქვენ, ალბათ, დამცინით.
– ფასი მკითხეთ, მეც გითხარით, – მხრები აიჩეჩა დრამონდმა.
– ამდენ ფულს მე ვერ გადავიხდი, – ამოიოხრა მაქს დე მარიშალმა  და ისევ ფერი დაკარგა. ამჯერად ტუჩებიც კი გაულურჯდა. ჯიბიდან სწრაფად ამოიღო ტაბლეტი და პირში ჩაიდო. ცოტა ხანში ფერი დაუბრუნდა და ნაძალადევად გაიღიმა.
– თქვენ სერიოზული პრობლემა გაქვთ. უპირველესად, მაგას უნდა მიხედოთ.
– ჰო, ვიცი. ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ჩემთვის ეგ ღვინო, მაგრამ ძალიან ძვირია. მხოლოდ ერთი კაცი ვიცი, ვისაც „ნუი სენტ-ოენის” – 1929 წლის ბურგუნდიულის, მაგ უნიკალური ბოთლის ყიდვა შეუძლია. ეს მისტერ კიროს კასელასია, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს. დამპირდით მაინც, რომ, როცა ბოთლს გახსნით, ერთ ყლუპს მეც მარგუნებთ.
– ბოთლის გახსნას არ ვაპირებ. მას ფასი გაუხსნელს აქვს, სანამ მასში საიდუმლოება ინახება.
– რას ბრძანებთ? – ვერ მიხვდა მაქს მარიშალი.
– იმას, რომ შესაძლოა, ღვინო ამჟავებული, ან გემოშეცვლილი იყოს. რამდენიმე ათეული წლის არის. გახსნა დიდი რისკია.
ორი დღის შემდეგ მისტერ დრამონდმა მიპატიჟება მიიღო. კიროს კასელასი ქალაქგარეთ, თავის სასახლეში, სადილზე ეპატიჟებოდა. მხოლოდ მაშინ დაინტერესდა ამ კასელასით და განცვიფრდა – ათი წლისა ქურდობისთვის დაიჭირეს. მერე კონტრაბანდით იყო დაკავებული, ოცდათოთხმეტი წლისა კი, მულტიმილიონერი გახდა. ცოლად თავისი შორეული ნათესავი ჰყავდა – თვრამეტი წლის ლამაზმანი. თავად უხეში გარეგნობა ჰქონდა. თუმცა, სწორედ ასეთები მოსწონთ ქალებს. სადილზე, რა თქმა უნდა, არ წავიდა. დარწმუნებული იყო, რომ იქ ის აბეზარი მისტერ მარიშალი იქნებოდა და იმ ბოთლის შესახებ გაუბამდა ლაპარაკს. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა და ოფისში თავად კასელასი გამოეცხადა.
– მოვედი, რომ თქვენგან  ის უნიკალური ღვინო ვიყიდო. ახლავე გამოგიწერთ ჩეკს.
– რა? ოცი ათას დოლარს იხდით?
– დიახ. ჩემს ცოლს და მე ქორწინების ხუთი წლისთავი გვისრულდება. ვფიქრობდი, რა განსაკუთრებული სიურპრიზი მომეწყო მისთვის, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღის ადეკვატური ყოფილიყო. ჩემმა კომპანიონმა მარიშალმა მირჩია, უნიკალური ღვინო შემერჩია საზეიმო ვახშმისთვის. ამაზე უნიკალური ღვინო კი არ არსებობს.
– შეიძლება, ღვინო არ გამოდგეს – გახსნათ და მისი დიდებულებისგან არაფერი დარჩეს.
– ვიცი, რისკი არსებობს, მაგრამ მე მიყვარს რისკი. ეს ღვინო კი, ამად ნამდვილად ღირს.
– თუ გინდათ, ღვინისგან ყველა სიამოვნება მიიღოთ, ბოთლი წესების დაცვით უნდა გახსნათ. სამი დღე გაუნძრევლად უნდა იდგეს ოთახში, სადაც ტემპერატურას მუდმივად გააკონტროლებთ. საცობის ამოძრობასაც დიდი ოსტატობა სჭირდება. მერე როგორ ჩამოასხამთ ჭიქებში...
– ამ ყველაფერს თქვენ მასწავლით. დრო გვაქვს, მთელი ერთი კვირა. ოთახს მოვამზადებ და მზარეულს სპეციალურ მენიუს შევუკვეთავ, ისეთს, როგორიც ამ ძვირფას სასმელს ეკადრება. ჰო, მართლა, საზეიმო ვახშამზე თქვენც ხართ დაპატიჟებული. უარს ხომ არ იტყვით, ასეთი იშვიათი ღვინო გასინჯოთ?
მისტერ დრამონდმა თავი დაუქნია. ხელში ისევ ჩეკს ბღუჯავდა და გაოგნებული იყო.
კასელასის ვილა ძვირფასად იყო მოწყობილი. ირგვლივ ყველაფერს ფუფუნებისა და გემოვნების ელფერი დაჰკრავდა. სუფრა ოთხი ადამიანისთვის იყო გაშლილი. თუმცა, უზარმაზარ მაგიდასთან თვრამეტი კაცი მაინც დაეტეოდა. ყველაზე საპატიო ადგილას ძვირფასი ღვინის ბოთლი იდგა. სოფია კასელასი სტუმარს თავაზიანად მიესალმა. თავი ღირსეულად ეჭირა, მაგრამ დრამონდის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ქალი ნერვიულობდა. ეს ამბავი, ვახშმის მიზეზით ახსნა. თუმცა, სუფრასთან შენიშნა, რომ მისის კასელასი საკმაოდ უცნაურად უყურებდა ქმრის კომპანიონს. როგორც იქნა, საზეიმო მომენტი დადგა. მზარეულმა ხბოს ანტრიკოტი შემოიტანა ტარხუნის სოუსით. კასელასი ადგა, ბოთლთან მივიდა. ყელში მტკიცედ ჩაავლო ძლიერი ხელი, მეორე ხელით კი, ზუსტად კორპის საცობის შუაგულში ჩაარჭო სპეციალური გასახსნელი და საცობი ამოაძრო. მისტერ დრამონდმა მარეშალისკენ გაიხედა, რომელიც მოუთმენლობისგან ერთიანად გაწითლდა. მოუსვენრად ცქმუტავდა და რამდენჯერმე ამოიოხრა კიდეც. კასელასმა ბოთლი მოწიწებით აიღო ხელში და უცებ, წარმოუდგენელი რაღაც გააკეთა. ღვინო ბოკლების ნაცვლად, იატაკზე დაასხა. მარიშალმა არაადამიანური ხმით იბღავლა და გულზე იტაცა ხელი. მისის კასელასმა შეჰკივლა.
– ექიმი, ექიმს დაუძახეთ! – ღმერთო, ის მოკვდა. თქვენ, თქვენ მოკალით, – მიუბრუნდა ქმარს – ეს სპეციალურად გააკეთეთ, ხომ მართალია?!
– რა თქმა უნდა, – მკაცრი და შეუვალი ხმით წარმოთქვა კასელასმა, – ეს კარგად დაგეგმილი მკვლელობა იყო. თქვენ ორნი, მკვლელობის მოწმეები ხართ, მაგრამ ვერცერთი ვერაფერს დამიმტკიცებთ, ვერც პოლიცია. სოფია, შენ ალბათ სულელი გეგონე და ფიქრობდი, ვერ მიხვდებოდი, მარიშალთან რომანი რომ გქონდა? როგორი სულელი ხარ, თუ ფიქრობდი, რომ უყვარდი. მხოლოდ გიყენებდა. მისთვის შენზე ძვირფასი ეს ღვინო იყო და ამაში თავად დარწმუნდი. მისტერ დრამონდ, მართალი იყავით, როცა ამბობდით, ამ ღვინოს იქამდე აქვს ფასი, სანამ გაიხსნება, სანამ თავის საიდუმლოს გამოავლენსო. შეხედეთ, ახლა პარკეტზე დაღვრილი ჩვეულებრივი გუბეა, მუქი შინდისფერი გუბე.
თარგმნა

скачать dle 11.3