კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოცნების სახლი

მესამე მასივში გაიზარდა, „ხრუშჩოვკაში”, ორი ოთახისგან რომ შედგებოდა და ისეთი პატარა სამზარეულოსგან, ოჯახის წევრები ერთად ვერ ეტეოდნენ და რიგრიგობით საუზმობდნენ. სიმაღლეშიც თითქოს ჭერის ზომის მიხედვით იზრდებოდნენ, 1,6 მეტრს ვერცერთი ვერ ასცდა. ამიტომ, თამამად დაკიდეს „ზალაში” ჩეხური ბროლის ჭაღი. მაგრამ, უფროს დას რომ შეუყვარდა ორმეტრიანი ოყლაყი, სახლში მიიყვანა გასაცნობად, იმან კიდევ, ბროლის ჭაღს გასდო თავი და წირვა გამოუყვანა, სასიდედრომ სასიძოს გამოუცხადა
– თუ გინდა, რომ ჩემი შვილი მოგათხოვო, აქ რომ მოხვალ, წაკუზულმა იარეო!
ჩამოკიდეს ახალი ჭაღი. დადიოდა სიძე წაკუზული, მაგრამ სიდედრ-სიმამრი ბურტყუნით მაინც ბროლის ჭაღს ახსენებდნენ.
***
პირველად ქაღალდზე რომ რაღაც დაჯღაბნა და ჰკითხეს:
– რა დახატეო?
– ჩემი სახლიაო! - უპასუხა. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველი ახალი ნახატი სულ  უფრო და უფრო ემსგავსებოდა სახლს. ნელ-ნელა ოთახები გამოიკვეთა, მერე მეორე სართული დაემატა, თავისი აივნით. გადაიხურა, კიბე მიედგა, პატარა ეზო მოეწყო.
– ჩემი სახლია, მაღალი, ნათელი. ყველა აქ ვიცხოვრებთ ერთ, დიდ, ტკბილ ოჯახადო! – ოცნებობდა.
გათხოვებაზეც ბევრი არ უფიქრია, დის შეცდომა არ გაიმეორა,  ჭკუა იხმარა და ისეთ ბიჭს გაჰყვა, თავით „ლუსტრას” რომ ვერ სწვდებოდა. ქორწილი, საქორწინო მოგზაურობა, სიტკბო, სიყვარული. ქმრის სამოთახიან, მაღალჭერიან ბინაში დაიწყეს ცხოვრება დედამთილ-მამამთილთან და მულთან ერთდ. წლის თავზე ბიჭი შეეძინათ. გადაპატიჟება-გადმოპატიჟება, მისვლა-მოსვლა, სუფრების გაშლა. მერე მძახალთა ჯახი, ლანძღვა-გინება, წყევლა-კრულვა, ჩხუბი-აყალმაყალი, მივარდნა-მოვარდნა. ქმრიან-ბავშვიანად ნაქირავებში გადასვლა. ისევ „ხრუშჩოვკა”.
ქმარს სოფელში პატარა ნაკვეთი ჰქონდა. შაბათ-კვირას იქ ჩადიოდნენ მიწის დასამუშავებლად. მოხნეს, დათესეს, გამარგლეს, მოსავალი აიღეს – ერთი ტომარა კარტოფილი, 7 კილოგრამი ლობიო, მოუწეველი სიმინდი და ორი იღლია ქინძი.
მერე – ეროვნული მოძრაობა, აფხაზეთი, სამაჩაბლო, თბილისის ომი, მხედრიონი, გვარდია, საძმოები, უმანქანო ქალაქი, პურის რიგები, ჩაბნელებლი ბინები, ნავთქურა, უშაქრო ჩაი, თურქული მარგარინი, „სალიარკის ფეჩი”.
***
ეკვადორის ტროპიკულ ტყეებში იზრდება მოსიარულე პალმა – შოცრატეა. მას თავიდან სხვა მცენარეებივით აქვს მიწაში გადგმული ფესვები, ღერო და ვარჯი, მაგრამ როგორც კი გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, დაახლოებით მიწიდან ერთ მეტრში, ახალი ფესვები იწყებს ზრდას. მიწაში გადგმული საწყისი ფესვები კი ხმება. შემდეგ, ახალი ფესვების ქვემოთ მდებარე ღერო სცილდება და ხე იწყებს გადაადგილებას უფრო ტენიანი და ნაყოფიერი ადგილების მოსაძებნად. ტანს გადახრის და ახალი ფესვები გამოაქვს, ძველი კი ხმება.
***
ქმართან ერთად სამსახურში გათენებული ღამეები. ფულის დაგროვება – კაპიკ-კაპიკ, მანეთ-მანეთ, კუპონ-კუპონ, ლარ-ლარ. პირველი წერაქვის დარტყმა, პირველი ბლოკის დადება, 18-წლიანი მშენებლობა.
ნელ-ნელა ოთახები გამოიკვეთა, მერე მეორე სართული დაემატა, თავისი აივნით. გადაიხურა, კიბე მიედგა, გარემონტდა, პატარა ეზო მოეწყო.
სკოლის დამთავრების შემდეგ, ბიჭი უცხოეთში გაუშვეს უმაღლესში სასწავლებლად. იქ გაიცნო ქართველი გოგო, ცოლად მოიყვანა და ბავშვიც იქ შეეძინათ.
ქმარს ყრუ ტკივილი დასჩემდა მკერდის არეში. ერთ დღესაც, წავიდა სამსახურში და აღარ დაბრუნდა. მეორე სართულზე დაასვენეს მაღალჭერიან „ზალაში”. გასვენებაში, ცოლ-შვილის გარეშე, ორი დღით ჩამოვიდა ბიჭი, დამარხა მამა და უკან გაიქცა.
გამოიარა მარტოობის ორი წელი ორსართულიან, მაღალჭერიან, ნათელ სახლში.
***
ასე დადის ხე მთელი ცხოვრება წყლის მიმართულებით, ოცნების ადგილის საპოვნელად. წელიწადში 20 მეტრამდე მანძილს გადის და როგორც წესი, წყლამდე ვერ აღწევს, მაგრამ წყალთან თუ მიაღწია, ფესვები ულპება და ხმება.
***
– ბიჭი ჩამოვიდა. დღეს რძლის მშობლებს ნახავენ და ხვალიდან აქ იცხოვრებენ ერთ დიდ, ბედნიერ ოჯახადო! – ფიქრობდა ბავშვის ოთახის დალაგებისას.
– დე, ჩვენ გადავწყვიტეთ...
– ?!
– ცალკე ვიცხოვრებთო! – ტელეფონში უთხრა შვილმა.

скачать dle 11.3