კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2018 (109)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)

როგორ გახდა 14 წლის ალექსანდრე ლომია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და რატომ უწოდებს ის თავის თავს შარლატანს #42

31 წლის ქართველი ქირურგი ალექსანდრე ლომია სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და გაიზარდა. ათი წელია, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს და ყოველდღიურად იბრძვის ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. მუსიკა მის ცხოვრებაში ადრეული ასაკიდან გაჩნდა. მის დაწერილ სიმღერებს თავადვე ასრულებს. ცოტა ხნის წინ, ფართო საზოგადოების წინაშე უკრაინულ „X ფაქტორში” წარდგა და ჟიურისა და მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა. როგორ გაგრძელდა მისი გამოსვლები კონკურსის დანარჩენ ტურებში და რა გზა გაიარა დიდ სცენაზე მოსახვედრად, ამის შესახებ თავად ალექსანდრე ლომია გვესაუბრა.
ალექსანდრე ლომია: ჩემს მშობლებს ძალიან უნდოდათ, რომ ექიმი გამოვსულიყავი. იმის გამო, რომ მალე დავუფლებოდი ამ პროფესიას, 14 წელის ასაკში ექსტერნად ჩავაბარე სკოლის გამოცდები. სკოლა ვერცხლის მედალზე დავამთავრე და სამედიცინო უნივერსიტეტში რომ დავიწყე სწავლა, მაშინ გავხდი 15 წლის. შეიძლება ითქვას, ბავშვობა არ მქონია. სულ ვმეცადინეობდი, პირველი მეგობრები სტუდენტობის დროს შევიძინე. აბდომინალური ქირურგი ვარ. ვმუშაობ ენდო-ვიდეო ქირურგიაში. 21 წლიდან დამოუკიდებლად ვაკეთებ ოპერაციებს. ყოველდღე ვმუშაობ საოპერაციოში, დღის განმავლობაში 2-3 ოპერაციას ვაკეთებ. ჩემი მშობლები ზედმიწევნით ტრადიციების დამცველები არიან და მე ამ ტრადიციებით ვიზრდებოდი. ორივე მხრიდან მეგრელი ვარ და ქართულზე ადრე, მეგრული ვიცოდი. მშობლები სახლში სულ მეგრულად ან ქართულად ლაპარაკობენ.
– ქართველი მეუღლე გყავს, როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
– ჩემი მეუღლეც სანკტ-პეტერბურგში დაბადებული და გაზრდილი ქართველია. აქ შევხვდით ერთმანეთს და ორივე 22 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე და კრისტინა ერთმანეთს სულ რუსულად ვესაუბრებოდით, მაგრამ როგორც კი ბავშვები გაჩნდნენ, მხოლოდ ქართულად ვლაპარაკობთ, რომ ბავშვებმა იცოდნენ ქართული ენა.
– მუსიკა როდის გაჩნდა შენს ცხოვრებაში?
– ცხრა წლის ვიყავი, მაიკლ ჯეკსონი და ფრედი მერკური რომ მოვისმინე და საოცრად მომეწონა. ამ პერიოდში მოვისმინე „თუ ფაქიც”. რეპი იმ დროს ჩემთვის იყო რაღაც ახალი, არა კლასიკური, რამაც ჩემში გარდატეხა მოახდინა. პირველად რომ მოვისმინე, იმდენი ემოცია წამოვიდა, იმ ღამეს საერთოდ ვერ დავიძინე. მაშინ ინგლისური არ ვიცოდი და „თუ ფაქის” სიმღერები რომ გამეგო, დავიწყე სწავლა. მერე მომინდა, მეც დამეწერა სიმღერის ტექსტები. ამან ძალიან გამიტაცა და ბევრი ტექსტი დამიგროვდა. ვხვდებოდი, რომ თანდათან, თავში მელოდიებიც გაჩნდა, რასაც ჩემს ტექსტებს დავადებდი. არცერთ ინსტრუმენტზე არ ვუკრავდი და ფიზიკურად არც მქონდა, რომ დამეკრა, არც არანაირი მუსიკალური განათლება მქონდა. მშობლებს ვთხოვე, დაბადების დღეზე გიტარა მაჩუქეთ-მეთქი. 13 წლის რომ გავხდი, მაჩუქეს გიტარა. ვცდილობდი, ჩემი მუსიკა გიტარაზე გადამეტანა. შემდეგ უკვე კომპიუტერების ეპოქა დაიწყო  და კომპიუტერით ვმუშაობდი.
– არ გიცდია, რომ შენი დაწერილი სიმღერები შეგესრულებინა?
– ამ ყველაფრის პარალელურად, ვსწავლობდი სამედიცინოზე და ფიზიკურად არც მეცალა ფესტივალებსა და კონკურსებზე გასასვლელად. მე და ჩემი მუსიკა ჩაკეტილი ვიყავით ოთახში. შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემი საიდუმლო. სიმართლე გითხრათ, არც ხმა მქონდა და არც სმენა, მაგრამ ისე გამიტაცა ამ ყველაფერმა, იმდენს ვცდილობდი და იმდენი ვიმუშავე საკუთარ თავზე, რომ დროთა განმავლობაში, ხმაც მოვიდა და დავიწყე ჩემი სიმღერების შესრულება.
– სად შედგა შენი დებიუტი?
– მეექვსე კურსზე ვიყავი, როცა შემთხვევით, ერთ-ერთ ღამის კლუბში მოვხვდი. იქამდე კლუბში საერთოდ არ ვიყავი ნამყოფი. როგორც გითხარით, სულ მეცადინეობას ვიყავი გადაყოლილი. უნივერსიტეტშიც ძალიან კარგად ვსწავლობდი, არ ვეწეოდი, ლუდსაც კი არ ვსვამდი. 21 წლის ვიყავი, სიგარეტი პირველად რომ გავსინჯე. მოკლედ, ცოტა სხვანაირი ცხოვრება მქონდა და მაშინ, იმ ღამის კლუბში მოხვედრა ჩემთვის ახალი ეტაპის დასაწყისი იყო. იქ იყო რუბრიკა: თავისუფალი მიკროფონი. ჩემმა ძმაკაცმა დაიჟინა – ადი სცენაზე და რამე შეასრულეო. მეც გავბედე, თან ცოტა ნასვამი ვიყავი, კარგად არც მახსოვს. ხალხს ძალიან მოეწონა ჩემი სიმღერა. კლუბის მეპატრონე მოვიდა ჩემთან და მთხოვა, ყოველ შაბათ საღამოს მოდი, იმღერეო და ფულიც შემომთავაზა. იმ დღის მერე, ყოველ შაბათს კლუბის სცენაზე გამოდიოდა „ჯამბაზი”.
– „ჯამბაზი” საიდან გაჩნდა?
– როდესაც ვქმნიდი მუსიკას, მჭირდებოდა ფსევდონიმი. დიდხანს ვიფიქრე, რა დამერქვა. ერთხელ ჩემმა ბიძაშვილმა ლონდონიდან გამომიგზავნა „კენგოლის” კეპკიანი ქუდი და რომ დავიფარე, დედაჩემმა მითხრა: მოიხადე, ჯამბაზს ჰგავხარო. ძალიან მომეწონა ეს სახელი, კარგად ჟღერდა. ვკითხე დედას, რას ნიშნავს ჯამბაზი-მეთქი. მან ამიხსნა მნიშვნელობა და მე გადავწყვიტე, ჩემი ფსევდონიმი „ჯამბაზი” ყოფილიყო. სადაც მე ვმღეროდი, იმ კლუბში ძალიან ბევრი შავკანიანი დადიოდა. მისმენდნენ, მოსწონდათ ჩემი შესრულება. მოგვიანებით მათთან დავიწყე მუშაობა და გავხსენით ჩვენი რეპ-სტუდია. მერე იყო ჩემი დიდი რეპერული კარიერა რუსეთში. ყოველ პარასკევს, ოპერაციებს რომ ვამთავრებდი, პირდაპირ მივფრინავდი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, სადაც შაბათ-კვირას კონცერტები მქონდა. ეს გართობა იყო ჩემთვის და იმავდროულად, ამ საქმეს მოჰქონდა დიდი ფული – თითქმის ათჯერ მეტი, ვიდრე სამედიცინო საქმიანობას.
– უკრაინულ „X ფაქტორში” როგორ მოხვდი?
– დრო გავიდა, შემეძინა შვილები, შემეცვალა აზროვნება და გადავწყვიტე, რეპისთვის თავი დამენებებინა და სხვა სტილის მუსიკა შემექმნა. ერთი ჩემი დაქალი ცხოვრობს კიევში. მან დამირეკა და მითხრა, „X ფაქტორი” იწყება ჩვენთან და არ გინდა, მონაწილეობის მიღებაო. მე ვუთხარი, ქავერს არ ვიმღერებ, თუ მომცემენ უფლებას, რომ ჩემი დაწერილი სიმღერა შევასრულო, მაშინ გავალ-მეთქი. სცადეო, მითხრა. გავაგზავნე მონაცემები და ორ დღეში დამირეკეს. 12-საათიანი მორიგეობა მქონდა, დილით ორი ოპერაცია გავაკეთე და ისე გავფრინდი უკრაინაში. გამოუძინებელი და ძალიან დაღლილი ვიყავი, საშინლად გამოვიყურებოდი. ჩავედი, ჩემამდე 18 გამომსვლელი იყო – საკმაოდ ძლიერი კონკურსანტები. ისე მოხდა, რომ იმ თვრამეტი გამომსვლელიდან, არავინ გადაიყვანეს. ყველა ამბობდა, დღეს ჟიური ცუდ ხასიათზეაო.  მე ისე დავიძაბე, უკვე აღარ მინდოდა გამოსვლა. ვფიქრობდი, ტყუილად შევრცხვები-მეთქი.
– ჟიურისგან საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურე. დარბაზიც აღფრთოვანდა. ელოდი ასეთ რეაქციებს?
– ნამდვილად არ ველოდი. ხმამაღლა ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მე ვარ შარლატანი. მე ექიმი ვარ – ვისწავლე და ვიცი ეს საქმე, მაგრამ სიმღერა ჩემთვის არავის უსწავლებია. მე, უბრალოდ, მსიამოვნებს, რასაც ვაკეთებ.
– ჟიურის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინ მელაძეა. როგორც ქართველს, განსაკუთრებულად თუ დაგიდგა გვერდში?
– კონსტანტინ მელაძე უძლიერესი კომპოზიტორია და მისი მხრიდან ის დადებითი შეფასება, რაც მომცა, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მან ზუსტად იცის, რა სჭირდება და მხოლოდ იმიტომ,  რომ ერთი ქვეყნიდან ვართ, ვერ გადამიყვანს ტურიდან ტურში. სცენის გარდა, სხვა არანაირი კონტაქტი არ მქონია მასთან, მაგრამ, სცენაზე დგომისას საკმაოდ კარგი რამეები მითხრა. გაგიმხელთ იმას, რაც ჯერ არ გასულა ტელევიზიით – მან მითხრა, რომ ძალიან მოსწონს ჩემი შემოქმედება და მე, როგორც ავტორს, ვარაფერს მასწავლის.
– რა მოხდება მეორე ტურში, ისევ ისეთი წარმატებით წარდგები ჟიურის წინაშე?
– კონტრაქტი მიკრძალავს იმის გამხელას, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დანარჩენ ტურებში. ამას, ყველაფერს, ნახავთ მალე – საკმაოდ საინტერესო ამბები მოხდება.  ჩემი ცხოვრება გაიყო ორად – „X ფაქტორამდე” და „X ფაქტორის” შემდეგ. აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი. საერთოდ, სხვა განცდაა, როცა გადიხარ დიდ სცენაზე და ამდენი ადამიანი გიკრავს ტაშს. სრულიად უცხოები მწერენ: შენი შესრულებული სიმღერა გახდა ჩვენი ცხოვრების სიმღერა, ზუსტად ჩვენზეა დაწერილი, ძალიან მოგვწონსო და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3