კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გარბოდა საქართველოს გავლით 30 000 მონღოლი დედაწულიანად და რატომ ვერ შეაჩერეს ისინი ქართველებმა და მონღოლებმა

1227 წელს მოკვდა ჩინგიზ ყაენი. რამდენიმე ათეული წელი ერთიანობის შენარჩუნება მოახერხეს მისმა მემკვიდრეებმა, შემდეგ კი მონღოლთა იმპერიაში ჩამოყალიბდა ოთხი სახელმწიფო. მათ, შეთანხმების საფუძველზე, კავშირი უნდა ჰქონოდათ ერთმანეთთან: ჩინგიზ ყაენის მეორე შვილს, ჩაღატას, ერგო შუა აზია; დიდი მონღოლეთის დიდი ყაენი გახდა უგედეი – ჩინგიზ ყაენის მესამე შვილი; ოქროს ურდო (ჯუჩის ულუსი) – დუნაიდან და ფინეთის ყურიდან მოყოლებული შავი ზღვის, კასპიისა და არალის ზღვებამდე, ჩინგიზ ყაენის უფროსი ვაჟის, ჯუჩის მემკვიდრეობის საფუძველზე, დააარსა ბათო ჯუჩის ძემ; ხოლო ჩვენს მახლობლად, ირანში და მის გარშემო ტერიტორიებზე ჩინგიზ-ყაენის უმცროსი შვილის, თოლუის ვაჟმა, ჰულაგუმ ჩამოაყალიბა თავისი საილხანო, ანუ სახელმწიფო.
მონღოლები გაუთავებლად ომობდნენ ყველა მიმართულებით. ჰულაგუს მიერ დაარსებული იმპერიის დაპყრობით ლაშქრობებში იძულებით მონაწილეობდნენ ჩვენი წინაპრები. უამრავი ქართველი ვაჟკაცი ჩაწვა უცხოეთის მიწაში.
მონღოლთა დიდ იმპერიაში დაიწყო ურთიერთდაპირისპირება. სამწუხაროდ, ამ ომებშიც იხოცებოდნენ ჩვენი წინაპრები. რამდენჯერმე შიდამონღოლური ბრძოლები ჩვენს მიწაზეც გაიმართა.
სიკვდილამდე (1256) ბათო ყაენმა, დიდი ყაენის, მანგუს ბრძანებით, ჰულაგუს დასახმარებლად გამოუგზავნა სამი დუმანი, 30 000 მეომარი, თავისი ძმების შვილების – ბალახანის, თუთარისა და ყულის მეთაურობით. ეს სამი უფლისწული და მათი სამი დუმანი ეხმარებოდა ჰულაგუს ერაყის, სირიისა და ეგვიპტელების წინააღმდეგ ომებში. 1258 წელს მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს ბაღდადი. ამ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს ქართველებმა, დავით ულუს მეთაურობით.
1256 წლიდან, ჩრდილოეთში, ოქროს ურდოს მართავდა ბათო ყაენის ძმა, მაჰმადიანი ბერქა.
1260 წელს ჰულაგუ ყაენმა, მასზე თავდასხმის მცდელობისა და ჯადოქრობის ბრალდებით, დააპატიმრა ბალახანი. ბიძამისს, ბერქას რომ არ სწყენოდა, ის ოქროს ურდოში გააგზავნა. მოწმეთა მტკიცებულებები გააცნეს ბერქას. ბერქა დარწმუნებულა, რომ ბრალდება მართალი იყო და უკან გამოუგზავნა ბალახანი ჰულაგუს. ჰულაგუმ სიკვდილით დასაჯა ბალახანი, როგორც ითვალისწინებდა ჩინგიზ-ყაენის იასა (კანონი). მაგრამ, იმავე ხანებში, მოულოდნელად მომკვდარან თუთარი და ყული. ბერქას ეჭვი გაუჩნდა, რომ ისინი მოწამლეს. ყაენმა ბერქამ წერილი მისწერა ბათოს მიერ ჰულაგუსთან გაგზავნილი სამი დუმანიდან გადარჩენილ ჯარისკაცებს და უბრძანა, ან ოქროს ურდოში დაბრუნებულიყვნენ, ან ეგვიპტის მამლუქებს შეერთებოდნენ ჰულაგუს წინააღმდეგ საბრძოლველად.
მონღოლთა დროინდელი მატიანის უცნობი ქართველი ავტორი, რომელიც ამუშავებდა სხვადასხვა ხალხების წყაროებს, ამ ამბავსაც მოგვითხრობს.  მისი ცნობით, აღნიშნული სამი დუმანის მეთაურებს, უფლისწულებს, „ყაენთა შვილთ“ ერქვათ – ბალაღა, ხუთარი და ყული. ჟამთააღმწერლის თქმით, მონღოლი უფლისწულები, ჰულაგუს ტერიტორიაზე წარმოგზავნილები, დააპატიმრა ჰულაგუმ და მოკლა. ჰულაგუს მიუსაკუთრებია მოკლულთა ქონება და საუფლისწულო მამულები, რომლებიც მათ ჰქონიათ. ჩინგიზ-ყაენის ანდერძით, მის ყველა შთამომავალს ეკუთვნოდა საუფლისწულოები დაპყრობილი ტერიტორიებიდან და წილი ხარკიდან.
ქართული მატიანეს ცნობით, ამ დროს „საბერძნეთში“, ალბათ, რუმის (იკონიის) ან ტრაპიზონის ტერიტორიასთან, იყვნენ ამ უფლისწულების ქვეშევრდომები, ზემოაღნიშნული სამი დუმანიდან გადარჩენილები. მათი მეთაური ყოფილა ვინმე ალათემური, სახელოვანი მეომარი. აიყარა თურმე ალათემური დედაწულითა და ბარგით და გარბოდა. როგორც ჩანს, მოკლული უფლისწულები და მათი ნაწილები, ოქროს ურდოდან, დედაწულიანად იყვნენ გადმოსულები სამხრეთში. გარბოდა ალათემური, რათა ჰულაგუს ხელში არ ჩავარდნილიყო. ალბათ, ბერქას ბრძანების შესაბამისად, მოადგა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და შემოვიდა სამცხეში.
ჰულაგუს ქვეშევრდომმა თათრებმა შეიტყვეს მისი გაქცევა და გამოეკიდნენ. წამოეწივნენ სამცხეში. ალათემურის ნაწილები შემოუბრუნდნენ, შეებრძოლნენ და გააქციეს. თორმეტი შეტაკება მომხდარა მათ შორის კოლას მთებამდე და თორმეტჯერვე გაუმარჯვია ალათემურს – მრავალი დაუხოცია მოწინააღმდეგის ბანაკიდან და გაუქცევია.
მოსულან ქვემო არტაანში, სოფელთან, რომელსაც ჰქვია გლინავი. იქ წააწყდნენ ქართველ დიდებულს, მურვან გურკლელს, მახუნჯაგის ძეს, რომელიც არ ელოდა ასეთ ვითარებას და არხეინად ნადირობდა. შეიპყრეს თათრებმა მურვანი და კინაღამ მოკლეს. სთხოვა გურკლელმა არ მომკლათ, დასავლეთ საქართველოში გადაგიყვანთ და იქიდან გადახვალთ ბერქა ყაენთან ოქროს ურდოშიო. მაშინ აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) ჰულაგუს მონღოლები თითქმის ვერ გადადიოდნენ. იქიდან, ალბათ, შავი ზღვის სანაპიროს გავლით შეეძლო გადასვლა ჩრდილო კავკასიაში ალათემურის ხალხს და ოქროს ურდოში მისვლა.
წამოიყვანა მურვან გურკლელმა ალათემური და მისი მონღოლები და მოიყვანა სამცხეში, გურკლელების ჭალებში (სოფელი გურკელი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში). მოახერხა მურვანმა, კაცი გააგზავნა სარგის თმოგველთან და შალვა ბოცოს ძესთან, ასევე, სხვა მესხებთანაც და სარგის ჯაყელთან და შეუთვალა, შევიკრიბოთ ერთად, შევიპყროთ ალათემური და მივგვაროთ ჰულაგუ ყაენსო.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველები ჰულაგუ ყაენის ვასალებად ვიყავით. ჩვენი დიდებულები ვალდებულნი იყვნენ, შებრძოლებოდნენ ჰულაგუს მტრებს. გარდა ამისა, საქართველოზე მონღოლი მეომრების გავლა, თავისი დედაწულით, ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა, მოსახლეობა დაზარალდებოდა. შეიძლება სამი დუმანი, ანუ 30 000 მეომარი აღარ იყო, მაგრამ, არც ბევრად ნაკლები იქნებოდა. შეიტყო ეს ამბავი ალათემურმა, აიყარა ბარგითა და დედაწულით, გადავლო მტკვარი და შევიდა ჯავახეთში. შემოიარა „ელასის შემოღმართი“, მივიდა ოშორას ქვემოთ, ადგილზე, რომელსაც ჰქვია ლერძავნი. ალბათ, აქ ოშორას მთა იგულისხმება, რომელიც მდებარეობს ასპინძის მუნიციპალიტეტში, იქვეა მდინარე ოშორა და სოფელი ოშორა.
სარგის თმოგველი გადაუდგა წინ. მოერიდა ალათემური და გვერდი აუქცია ქართველებს. სარგისი და შალვა ბოცოს ძე თავისი ნაწილებითურთ ერთი მხრიდან მისდევდნენ. მურვან გურკლელი უკნიდან დაადგა მონღოლების კვალს.
წამოეწია გურკლელი ალათემურის რაზმს, მოტრიალდა ალათემური, სხვა გზა არ იყო და მარტო თავისი რაზმით შეება მურვანი. ბოცოს ძე და სარგისი არ მიეშველნენო, წერს ჟამთააღმწერელი, ეტყობა, ვერ შეამჩნიეს ან მონღოლთა სიმრავლეს მოერიდნენ. როგორც ვთქვით, ალათემურს უნდა ჰყოლოდა სამი დუმანი, გაცილებით ნაკლები მეომარი ეყოლებოდა სამ ქართველ დიდებულს ერთად.
სასტიკი ბრძოლა გაიმართა, დამარცხდნენ გურკლელის ნაწილები. ბევრი ქართველი დაიღუპა. გურკლელი გაიქცა და ასე გადარჩა.
თათრებმა გაიარეს ჯავახეთი და თრიალეთი, რუსთავთან მტკვარზე გადავიდნენ. არაერთგზის წამოეწივნენ მათ ქართლელები და ქართლში მდგომი ჰულაგუს მონღოლური ნაწილები, მაგრამ ალათემურმა ყველგან მოიგერია ისინი.
გავლეს ალათემურის თათრებმა კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყველგან ბრძოლა-ბრძოლით, რადგან მონღოლთა რაზმებს არ უნდოდათ მათი გაშვება, ქართველები მოვალეობას იხდიდნენ და მოსახლეობის დაცვას ცდილობდნენ. სადაც გაივლიდნენ მონღოლები, ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზარალი მიადგებოდა. ასე ბრძოლა-ბრძოლით გადავიდნენ ბელაქანში. იქიდან შევიდნენ ღუნძეთში (დღევანდელი დაღესტანის ნაწილი).
ღუნძთა მეფე წინ აღუდგა მონღოლებს, მაგრამ დაამარცხეს ალათემურის რაზმებმა.
ასე საკვირველად გაიარეს მთელი საქართველო ალათემურის მეთაურობით, ჰულაგუს მტერმა მონღოლებმა და გამარჯვებული მივიდნენ ბერქა ყაენთან. ჟამთააღმწერლის თქმით, სადაც დარჩნენ, ამ თათრებს უწოდებდნენ თურმე აღნარღომებს, რაც ნიშნავს უფროსს, უხუცესს.
ბერქა ყაენისთვის ბალაღას, ხუთარისა და ყულის მკვლელობა კიდევ ერთი მიზეზი გახდა ჰულაგუს წინააღმდეგ გამოსალაშქრებლად. ალათემურიც აქეზებდა თურმე  და მოკლული უფლისწულების ოჯახებიც. ბერქას შემოჭრის შიშით თავდაცვითი ღობე, სიბა ჰქონდა შეკრული ჰულაგუს შირვანში, სადაც შემოდგომიდან გაზაფხულამდე მორიგეობდა ქართველთა მეფე თავისი ჯარით. წინ კიდევ გველოდა საომარი მოქმედებები ჩვენს ტერიტორიაზე.

скачать dle 11.3