კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #42

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-41(824)

 – გენო, ძვირფასო, გაიღვიძე?
– ჰო, საყვარელო. როგორ ხარ, ლენაჩკა? – მიუგო გენო კოკაიამ რიტას.
– ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ.
– მიხარია, რომ კარგად ხარ.
– მადლობა, ძვირფასო, რომ შემიფარე. ჩემი ქმრის სახის დანახვას მირჩევნია, კობრას შევხედო თვალებში. მოვისვენე და დავმშვიდდი. შენ ნამდვილი მამაკაცი ხარ და ბედნიერი ვარ, რომ შეგხვდი.
– მეც ბედნიერი ვარ, – თქვა მასპინძელმა და საათს დახედა, – საქმიანი შეხვედრა მაქვს და უნდა წავიდე.
– უკვე? – ვითომ ეწყინა რიტას.
– მალე მოვალ.
– რომ არ წახვიდე, არ შეიძლება? უშენოდ ძალიან მოვიწყენ.
– ვეცდები, მალე დავბრუნდე.
– სად მიდიხარ, საყვარელო?
– მაგარ ხალხთან და მაგარ საქმეზე.
– ჩემთან არ ითქმის? – ვითომ გაიბუტა რიტა.
– შვეიცარიელებს უნდა შევხვდე.
– ვინ შვეიცარიელებს? – ყურები დაცქვიტა რიტამ და ინტუიციამ უკარნახა, რომ მისთვის საინტერესო ამბავს გაიგებდა.
– თუ ძალიან გაინტერესებს მოკლედ გეტყვი, თორემ დამაგვიანდება და საქმეს ვერ გავაკეთებ.
– თქვი რა, თქვი, ძალიან მაინტერესებს.
– ერთი ძალიან ცნობილი ფარმაცევტული ფირმაა. თბილისში საწარმოს ხსნის. ჩემი კუთვნილი ფართი მოეწონათ, გაყიდვას მთხოვენ და ფასზე უნდა დაველაპარაკო, – სხაპასხუპით თქვა მასპინძელმა.
რიტა მიხვდა, რომ ინტუიციამ არ უმტყუნა, რაზეც იყო საუბარი და კოკაიას ჰკითხა:
– რა ფირმაა?
– „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრი“, – მიუგო გენომ. ჩაცმა დაასრულა და დააყოლა, – ლენაჩკა, გავიქეცი. სახლში ყველაფერია. გარეთ არ გახვიდე და არც არავინ შემოუშვა. აბა, წავედი...
– ნახვამდის, საყვარელო. მალე მოდი! – მიაძახა რიტამ  მასპინძელს და კარი რომ გაიხურა, ჩაილაპარაკა, – თუ გოკიელის ბაზარი არ გამოვა, ეს სირი რომ დიდ მაყუთს აიღებს, იმას დავეპატრონები
გენო კოკაიას ფეშენებელური ბინა რიტამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, ფულსაც მიაგნო, ძვირფასეულობასაც და ორ ცალ პისტოლეტსაც, თავის ვაზნებიანად. ყველაზე მეტად კი ხარბი გოგონა კედლის კარადაში ჩამონტაჟებულმა საიდუმლო სეიფმა დააინტერესა, მაგრამ ვერ გახსნა. თავი დაანება და გაიფიქრა: „მაყუთი, ძვირფასეულობა და სეიფი ექსტრემალური სიტუაციისთვის მექნება. თუ ყველაფერი „გამემაზება“, მაშინ ამ „ლოხს“ სეიფს გავახსნევინებ და შუბლში ტყვიას ვახლი. მერე კი ყველაფერს მოვხვეტავ და აიდა... სანამ ამისი „ტრუპი“ აყროლდება და იპოვიან, მე უკვე შორს ვიქნები. მაგრამ, სიჩქარე არ შეიძლება. მშვენივრად მოვეწყვე აქ და არაფერი მაკლია. შესაფერისი მომენტი რომ დადგება, მე ვიცი და ჩემმა სიმარჯვემ“.
***
კოტე ბუკიას და პავლე გოკიელის საუბარი გამთენიამდე გაგრძელდა. მაიორმა ძლივს დაარწმუნა პროფესორი, რომ კიდევ ორი-სამი დღე მოეცადა კონსპირაციულ ბინაში. შეჰპირდა: თუ თქვენს მოსაწონ ვარიანტს ვერ შემოგთავაზებთ, უპირობოდ გაგიშვებთ, თქვენი მარშრუტით არ დავინტერესდები და საითაც გენებოთ, იქით წაბრძანდითო...
– კეთილი, ჩემო ტიტე. შევთანხმდით, – დაეთანხმა გოკიელი მასპინძელს და დასძინა, – უკიდურესად დავიღალე და უნდა დავიძინო. შენ რას იზამ?
მაიორმა საათს დახედა და მიუგო:
– ჯერ ჩემს ცოლ-შვილს დავხედავ. ვნახავ, როგორ არიან. შემდეგ კი სამსახურში წავალ. დარწმუნებული ვარ, დღეს აუცილებლად დამიძახებს მინისტრი და იქ უნდა ვიყო, თორემ მეც ძალიან მეძინება.
– კარგი. გასაგებია. წავედი დასაძინებლად.
– დაიძინეთ, ბატონო პავლე. კარს საიმედოდ ჩავკეტავ და ნურაფერზე იდარდებთ, – უთხრა ტიტემ გოკიელს და ოთახიდან გავიდა. პროფესორი კი საძინებლისკენ გაემართა.
ტიტემ, ჩვეულებისამებრ, სათვალთვალოში გაიხედა და რომ დარწმუნდა, დერეფანი „სუფთა“ იყო, საკეტები გახსნა და მძიმე კარი გააღო, ბინიდან რომ გასულიყო. უცებ, მაიორის წინ ადამიანის ფიგურა აღიმართა. ტიტეს დაეტაკა და ბინაში შეაბრუნა, თან იატაკზე დააგდო. შემდეგ კარი მიხურა, გადაკეტა და გაოგნებული მასპინძლის წინ დოინჯშემოყრილი შეჩერდა.
– დილა მშვიდობისა, ბატონო ტიტე.
იატაკზე გაშოტილმა მასპინძელმა ინსტინქტურად პროფესორის საძინებლისკენ გაიხედა. შემდეგ კი დაუპატიჟებელ სტუმარს უთხრა:
– ამიხსენით, რას ნიშნავს ეს?
დაუპატიჟებელმა სტუმარმა ხელი გაუწოდა მაიორს და უთხრა:
– წამოდგომაში მოგეხმარებით.
სახეწამოჭარხლებული ტიტე ბუკია ფეხზე წამოიჭრა, დაუპატიჟებელ სტუმარს მხარში უხეშად ჩაავლო ხელი, გასასვლელი კარისკენ გაქაჩა და უთხრა:
– მიბრძანდით აქედან!
სტუმარი ხელიდან დაუსხლტა მასპინძელს, იატაკზე დაწვა და მიუგო:
– არსადაც არ წავალ. გირჩევნიათ, ოთახში შემიპატიჟოთ და მომისმინოთ.
ტიტემ ყური არ ათხოვა დაუპატიჟებელ სტუმარს. თხელ ქურთუკში ჩააფრინდა და კარისკენ გააცურა. სტუმარი კი აღშფოთდა, მაგრამ თითქმის ჩურჩულით უთხრა:
– ნუ მიმართევთ. თქვენთან საქმე მაქვს. ვიცი, რომ პროფესორ გოკიელს აქ მალავთ და მინდა, დაგელაპარაკოთ.
გოკიელის ხსენებაზე, ტიტემ სტუმარს ინსტინქტურად ხელი გაუშვა და გაჩერდა. სტუმარმა კი ამით ისარგებლა, ფეხზე წამოიჭრა, მასპინძელს გაუღიმა და თქვა:
– შევიდეთ ოთახში. გოკიელზე უნდა დაგელაპარაკოთ.
მაიორი უცებ გამოერკვა:
– საიდან მოიტანეთ ეს სისულელე, ვინ გითხრათ, რომ გოკიელი აქაა? მე საერთოდ არ ვიცნობ მას.
– არ იცნობთ?
– არა! – მტკიცედ თქვა ტიტემ.
– ესე იგი, არ იცნობთ, – გაიმეორა დაუპატიჟებელმა სტუმარმა და საძინებლისკენ გაიხედა. ტიტე წინ აღუდგა სტუმარს და გაუმეორა:
– არა, არ ვიცნობ და ძალიან გთხოვთ, საკუთარი ნებით დატოვოთ აქაურობა, თორემ იძულებული ვიქნები, ძალა გამოვიყენო. ეს კი, მერწმუნეთ, ძალიან არ მინდა.
– ესე იგი, პროფესორ პავლე გოკიელს არ იცნობთ და აქედან გამომდინარე, არც მას მალავთ, ხომ?
– დიახ. სწორედ ასეა.
– კარგი, კარგი... – ეშმაკურად ჩაეცინა ბინაში ძალით შემოჭრილს და დააყოლა, – იქნებ, არც ზურაბ ნინიძე და ყურშა დაგიჭერიათ წუხელ თქვენს ბინაში, დიღმის მასივში და მათი თანმხლები ქალი კი ტუალეტიდან არ გაქცეულა?
უცნობის სიტყვები იმდენად მოულოდნელი იყო ტიტესთვის, რომ გაოცებისგან თვალები გადმოკარკლა. სტუმარმა კი განაგრძო:
– სახეზე გატყობთ, რომ მართალია და არც ახლა გამოტყდებით?
– ეს სისულელე ვინ გითხრათ? – იხტიბარს არ იტეხდა ტიტე.
– ჩემმა წყარომ. სხვათა შორის, ძალიან სანდომ და ინფორმირებულმა. მე ისიც ვიცი, რომ ცოლ-შვილი გადამალული გყავთ.
– კიდევ, რა იცით, რა სისულელეს წამოროშავთ?
– რა, საკმარისი არაა?
– სისულელეა ეს ყველაფერი, – ტიტემ კარისკენ გაიშვირა ხელი და დააყოლა, – პატივს ვცემ თქვენს პროფესიონალიზმს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად ცდებით. მეჩქარება. უნდა წავიდე და ძალიან გთხოვთ, ძალას ნუ გამომაყენებინებთ, ანა...
მაიორ ტიტე ბუკიას წინ ცნობილი ტელეჟურნალისტი ანა კიკვაძე იდგა... ქალმა თვალი თვალში გაუყარა მასპინძელს და სერიოზული სახით, მშვიდად უთხრა:
– ბატონო ტიტე, მეტად თუ არა, თქვენზე არანაკლებ ვგულშემატკივრობ პროფესორ პავლე გოკიელს. მან თუ თქვენი ძმა იხსნა სიკვდილისგან, მე მეუღლე გადამირჩინა. წამითაც არ იფიქროთ, რომ აქ ინტერვიუსთვის ან სხვა ჟურნალისტური საჭიროებისთვის მოვედი. ვიცი, რომ ბატონი პროფესორი დიდ გასაჭირშია და მინდა, დავეხმარო. გასაგებია?
– გასაგებია, ჩემო კარგო, მაგრამ პროფესორი პავლე გოკიელი აქ არ არის, – გაიმეორა მაიორმა.
ამ დროს საძინებლის კარი გაიღო და ზღურბლზე პავლე გოკიელი გამოჩნდა.
– აკი აქ არ არისო? – თქვა ანა კიკვაძემ და გოკიელისკენ გაემართა. მისგან ორიოდე ნაბიჯში გაჩერდა.
– დაბრძანდით, – მშვიდად უთხრა პროფესორმა ჟურნალისტს და სავარძელზე მიუთითა.
ანა კიკვაძე უხმოდ ჩაეშვა სავარძელში, მის პირისპირ კი გოკიელი დაჯდა. ტიტე ოთახში შევიდა, ისიც სავარძელში ჩაეშვა და ჟურნალისტს ჰკითხა:
– როგორ მოგვაგენით?
– გამოგითვალეთ, – გაიღიმა ანა კიკვაძემ.
– როგორ? – ჰკითხა მაიორმა.
– ეს არც თუ ისე რთულია. გამორიცხვის მეთოდი გამოვიყენე.
– მითვალთვალებდით?
– მხოლოდ წუხელ. თანაც, აქ, სახლთან გელოდით.
– კი მაგრამ, საიდან იცოდით, რომ აქ ბინა მაქვს? ამის შესახებ სულ სამმა ვიცით.
– მე მეოთხე ვარ, – კვლავ გაიღიმა ანა კიკვაძემ, – ვივარაუდე, რომ სადმე კონსპირაციული ბინა გექნებოდათ. საჯარო რეესტრში კი წყარო მყავს და იმას ამოვაგდებინე ეს მისამართი.
– გასაგებია, – ხელი ჩაიქნია მაიორმა და სიგარეტი გააბოლა. გოკიელმა კი ჟურნალისტს ჰკითხა:
– თქვით, რა გნებავთ. რისთვის მოხვედით აქ?
– მინდა, დაგეხმაროთ, – მშვიდად თქვა ანა კიკვაძემ.
– რაში? – ჰკითხა პროფესორმა.
– მინდა, თქვენი სიცოცხლე გადავარჩინო. ვიცი, რომ თქვენზე ნადირობა იქნება გამოცხადებული და ჩემი ვალია, დაგეხმაროთ.
– საიდან იცით ეს?
– მაგას რა ცოდნა უნდა, ბატონო პავლე?
– ცოდნა ყველაფერს უნდა. თქვენ საიდან იცით? – გაუმეორა გოკიელმა კიკვაძეს.
– ამას ხომ ბავშვიც მიხვდება, ბატონო პროფესორო. საკმარისია, ამ ბოლო ერთ კვირაში განვითარებული მოვლენები გააანალიზო და ერთმანეთს დაუკავშირო, რომ ნათელ სურათს მიიღებ. მით უმეტეს, თუ სხვებზე ოდნავ მეტად ხარ ინფორმირებული მე კი ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი.
– მაინც, რა ნათელი სურათი მიიღეთ? – ჰკითხა გოკიელმა ჟურნალისტს.
– ახლავე გეტყვით, – თქვა ანამ და სიგარეტი გააბოლა, – ჩემი აზრით, თქვენ და თქვენს ასისტენტს, თემურ ჯაშს იმიტომ მოგივიდათ ერთმანეთში ინციდენტი, რომ ის საცოდავი კიბოს წამლის მიყიდვას გთხოვდათ შვეიცარიული ფარმაკოლოგიური კომპანიისთვის. როგორც ვიცი, თქვენ ორივე მიწვეულები იყავით ამ კორპორაციის ოფისის გახსნაზე. მეტსაც გეტყვით: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თბილისური ოფისი მათ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გამო გახსნეს.
– რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? – ჰკითხა გოკიელმა ანას.
– ჯერ ერთი, რატომ თქვენს აღმოჩენამდე არ დაინტერესდნენ ისინი აქაურობით და მხოლოდ ახლა მოიქაჩლეს თავი? თანაც, ძალიან მალე გააკეთეს ეს საქმე და სწორედ თქვენ გამო. მითხარით, გქონდათ მათგან რაიმე შემოთავაზება?
– მქონდა რამდენიმე ვარიანტი, თანაც  ყველა ძალიან სარფიანი, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი, – უპასუხა გოკიელმა ჟურნალისტს.
– ესე იგი, მართალი ვარ. ახლა შემდეგი: როდესაც თქვენგან უარი მოისმინეს, გადაწყვიტეს, მეტი ზეწოლა მოეხდინათ თქვენზე და მიუხედავად იმისა, პატიმრობა არ გქონდათ შეფარდებული, თქვენი გატეხა ციხით დააპირეს და ეს საქმე ნაძირალა ნინიძეს დაავალეს. მე მას კარგად ვიცნობ. ვიცი, რა ფულისტიცაა და როგორც ეტყობა, დიდი თანხა გადაუხადეს. ჩემი აზრით, თქვენ ეს ამბავი ბატონმა ტიტემ შეგატყობინათ და აქ დაგმალათ.
– მართალია, – ჩაეცინა ტიტე ბუკიას და სიგარეტი მოქაჩა.
– განაგრძეთ, ანა, გისმენთ, – უთხრა გოკიელმა ჟურნალისტს.
– შემდეგ, როგორც ლოგიკურად ჩანს, ზურაბ ნინიძეს, ალბათ, ბატონი პავლეს არაოფიციალურად მოძებნა და მასზე ზემოქმედების მოხდენა დაავალეს მისმა პატრონებმა და შემკვეთებმა. მან კი საქმეში ყოფილი პოლიციელი, უშანგი ხაბაძე, იგივე ყურშა ჩართო. წუხელ თქვენს ბინაში იმიტომ მოვიდნენ, რომ ალბათ, ცოლ-შვილის მეშვეობით, თქვენ მოეხელთებინეთ და ამგვარად გასულიყვნენ ბატონ პავლეზე. გაქცეული ქალი კი ვინაა, არ ვიცი. მართალს ვამბობ?
– მართალი ხართ, ანა, – დაუდასტურა  ტიტე ბუკიამ ჟურნალისტს და დააყოლა, – გაქცეული ქალი რიტაა, რიტა ძონძუა. ყურშას საყვარელი იყო და თავის თამაშს თამაშობდა. უნდა გითხრა, რომ უვერაგესი ქალია.
– რა თამაშს თამაშობდა? – დაინტერესდა ანა.
– რას და, თუკი ბატონ პავლეს კიბოს წამლის ფორმულას ათქმევინებდნენ და გაყიდდნენ, ორივეს მოკვლასა და ფულიანად გაქცევას გეგმავდა, – მიუგო ტიტემ ანას.
– თუ სწორად გავიგე, ნინიძე და ყურშა შემკვეთების, სავარაუდოდ, შვეიცარიელების გადაგდებას აპირებდნენ, – თქვა ანამ.
– კი. მასეა, – დაუდასტურა ტიტემ.
– დაბოლოს, – თქვა ანამ, – დარწმუნებული ვარ, თბილისში ბევრად უფრო სერიოზული ხალხია წამოსული ბატონ პავლეს მოსახელთებლად, ვიდრე ნინიძე და ყურშაა.
– რატომ გგონია? – იკითხა ტიტემ.
– ამას მაფიქრებინებს შვეიცარიის საელჩოს თანამშრომლის, ოტო მაიზერის მკვლელობა, რომელსაც რიყეზე იარაღით სავსე ჩანთა გასტაცეს. ვფიქრობ, იარაღი მან დიპლომატიური ბარგით ჩამოიტანა თბილისში და შემსრულებლისთვის, ანუ ბატონი პროფესორის მოსანადირებლად ჩამოსული კაცისთვის უნდა გადაეცა რიყეზე. სავარაუდოდ, იმ კაცმა დაინახა, თუ როგორ გასტაცეს მის კურიერს იარაღებიანი ჩანთა და შეხვედრის ადგილიდან წავიდა. შემდეგ კი კურიერ ოტო მაიზერს მარჯვენა სანაპიროზე შეხვდა. იმის შიშით, რომ მაიზერს დაიჭერდნენ და მასაც გათქვამდა, დანით სიცოცხლეს გამოასალმა.
– ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ საიდან იცით იარაღიანი ჩანთის ამბავი? სამინისტრო ამას საიდუმლოდ ინახავს, – უთხრა ტიტემ კიკვაძეს.
– ჩემი სამინისტროს წყაროდან, – სიცილით მიუგო ანამ მაიორს.
– რა, ყველგან წყაროები გყავს, – გაეცინა ტიტეს. ჟურნალისტმა კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– თუ კარგი ჟურნალისტობა გინდა, ასეთი უნდა იყო.
ტიტემ ღიმილით გააქნია თავი. გოკიელმა კი კიკვაძეს უთხრა:
– დაასრულეთ, ანა?
– ახლა მთავარს გეტყვით.
– კიდევ გაქვს რამე სათქმელი?! – გულწრფელად გაუკვირდა ტიტე ბუკიას. ანამ კი უთხრა:
– ყველაზე მთავარი, მაიორო. მე მგონი, ბატონ პავლეზე მონადირეთა კვალს დავადექი.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა ტიტეს.
ანა კიკვაძემ ჯიბიდან ამოქსეროქსებული ჯონ მოზესის, კარლ პალოკისა და უმა შარმის ფოტოები ამოიღო. დაბალ მაგიდაზე დააწყო და თქვა:
– ჩემი წყაროების მეშვეობით დავადგინე, რომ ამჟამად საქართველოში შვეიცარიის ხუთი მოქალაქეა ჩამოსული. ორი მათგანი საკმაოდ მოხუცი ქალია და მონადირეებად ვერ გამოდგებიან, – ანამ პალოკისა და შარმის ფოტოებს დაადო ხელი და დააყოლა, – ეს ორი თავისუფლების მოედანზე მდებარე „მარიოტში“ ცხოვრობენ, როგორც შვეიცარიელი ცოლ-ქმარი და მანქანა ჰყავთ ნაქირავები. აი, ეს კი, – ანამ მოზესის სურათს დაადო ხელი, – ძალიან საინტერესო სუბიექტია და თანაც, თავისი სახელით არაა აქ ჩამოსული. მაქს ბოლის სახელით მცხოვრები ეს კაცი, სინამდვილეში, „საქს ენდ ონკოფარმა ინდასტრის“ კორპორაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ჯონ მოზესია.
– ეგ საიდანღა იცი? – იკითხა გაოცებულმა ტიტემ.
– სურათით მოვძებნე ჩემს ძველ კარტოთეკაში. კორპორაციის რეესტრში კი ის დღესდღეობით არაა, ადრე კი იყო. მე ძველი ფაილი მქონდა ჩაწერილი და იმან მაპოვნინა.
– კი მაგრამ, ფარმაკოლოგიური კორპორაციის სტრუქტურა რაში გჭირდებოდა?
– აი, თუ არ მჭირდებოდა, – ნიშნისმოგებით მიუგო ანამ ტიტეს და დაამატა, – მეტსაც გეტყვით, „მარიოტში“ მცხოვრები ეს წყვილი მოზესთან კონტაქტობს.
– ეგ როგორღა გაიგე? – თქვა ტიტემ.
– გამოძიებას რომ ვატარებდი, მათი კავშირი ვივარაუდე. შემდეგ ჩემმა წყარომ იმ პატარა სასტუმროს ჩანაწერები მაჩვენა, სადაც ეგ მოზესი ცხოვრობს და იქ ვნახე.
– უყურე შენ ამას, – გაეცინა ტიტეს.
ანამ კი თქვა:
– თითქოს დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრიო, რომელსაც შეიძლება, სხვებიც შემოუერთდნენ, სულ მალე თავიანთ მოქმედებებს გაააქტიურებენ და მომზადებულები უნდა დავხვდეთ. უპირველესად კი, ბატონი პავლეს უსაფრთხოებისთვის უნდა ვიზრუნოთ და საიმედოდ გადავმალოთ.
– სწორედ ამაზე გვქონდა მე და ბატონ პავლეს კამათი – აქედან წასვლას აპირებს, – უთხრა ტიტემ ანას.
– სად? – იკითხა ჟურნალისტმა.
– თვითონაც არ იცის, – მიუგო ტიტემ.
– ასე არ ივარგებს, – თავი გააქნია ანამ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3