კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური „ლოგიკა“ #42

ადვოკატი მოხიბლული იყო ქალით. არასდროს ჰყოლია ასეთი საოცარი კლიენტი. ნაცრისფერ თვალებში იდუმალი სხივი უკრთოდა. გრძელი ფეხები ისე ლამაზად ეწყო, თითქოს ციხის საკანში კი არა, თავის ძვირფას ბუდუარში იჯდა. თავი ღირსეულად და მედიდურადაც კი ეჭირა. ვინ იტყოდა, რომ საყვარლის მკვლელობაში იყო ბრალდებული.
– მისის ეველინ, მე გადავხედე ფაქტებს, რომელსაც ბრალდება ეყრდნობა და მინდა, გითხრათ, რომ ადვილი სამუშაო არ მელის. ამ საქმეში მოწმე ფიგურირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ დაინახა, როგორ ესროლეთ მისტერ ჰოვარდ ერენგრაფს. სამჯერ გაისროლეთ რევოლვერიდან და ერთი ტყვია პირდაპირ გულში მოხვდა.
– მე არ მომიკლავს ჰოვარდი. მისის კეპნერი, ჰოვარდის ეკონომი ქალი ტყუის. მას მე ყოველთვის ვძულდი. ყველა ქალი სძულდა, რომელთანაც ჰოვარდს რომანი ჰქონდა.
– კარგი, მისის ეველინ. მოდი, ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. მომიყევით, თქვენ რა იცით ამ საქმის შესახებ.
– მე ჰოვარდის საყვარელი ვიყავი და ურთიერთობაში პრობლემები არ გვქონია. მე მიყვარს თავისუფლება და პატივს ვცემ სხვის თავისუფლებასაც. ჰოვარდს ეს მოსწონდა.
– არ აიძულებდით, რომ ცოლად შეერთეთ?
– რისთვის? მას ჰყავდა ცოლი, ლეონა ტროპი – ეჭვიანი, ისტერიკული არსება, რომელიც ჰოვარდს ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუკი გაეყრებოდა.
– ჰო, მაგრამ გვამთან, რევოლვერით ხელში თქვენ გამოგიჭირეს და არა ლეონა. ხომ ასეა?
– ასეა და ამას არც უარვყოფ. გასროლის ხმა რომ გავიგონე, ზემოთ ავვარდი. ჰოვარდი იატაკზე ეგდო, სისხლის გუბეში. რევოლვერიც იქვე ეგდო. შეიძლება, დავიბენი და ხელში იმიტომ ავიღე. დაზუსტებით ამის თქმა არ შემიძლია. პოლიციასაც ასე ვუთხარი.
– რევოლვერი თქვენს სახელზეა რეგისტრირებული, – შეახსენა ადვოკატმა.
– დიახ, ვიცი. მე ვიყიდე, მერე ჰოვარდს ვაჩუქე. ყოველთვის იარაღზე ოცნებობდა.
– იმის თქმა ხომ არ გინდათ, რომ ჰოვარდი ცოლმა მოკლა?
– არა. ლეონას ალიბი აქვს. ხატვის გაკვეთილზე იყო.
– მაშინ ვინ მოკლა, მისის კეპნერმა?
– რა ვიცი... – მომხიბვლელმა პატიმარმა მხრები აიჩეჩა, – რისთვის უნდა მოეკლა? მე ვფიქრობ, ჰოვარდმა თავი მოიკლა.
– მისის ეველინ, სამი ტყვია დაიხალა გულში? – ასეთი თვითმკვლელი ისტორიას არ უნახავს. ამ ვერსიას რომ მივყვე, ჩემს კარიერას დავასამარებ, – ადვოკატმა ქალს ღიმილით შეხედა და გაიფიქრა, რომ ასეთი ქალისთვის თავის გაწირვაც კი ღირდა.
– მოდი, მისტერ ჰოვარდის მემკვიდრეობაზე ვილაპარაკოთ. თქვენი ინტერესი დევს მასში?
– დიახ. ჰოვარდის ანდერძის თანახმად, მისი ნახატების უნიკალური კოლექცია ლეონას რჩება. მისის კეპნერი ყოველთვიურ პენსიას მიიღებს ათასი დოლარის ოდენობით. სახლი და აქციები კი ჩემი იქნება, თუ მისი მკვლელობისთვის არ გამასამართლებენ.
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქმე სასამართლომდე საერთოდ არ მივიდეს. ჰონორარს მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში ავიღებ. სხვა შემთხვევაში, ჩემი ხარჯი ჩემს ხარჯად დარჩება. ასი ათასი დოლარის გადახდა მოგიწევთ, როცა აქედან გახვალთ.
– პრობლემა არ იქნება. ფული ახლა არ მაქვს, მაგრამ თუ გავმართლდები, აქციები კარგ ფასში გაიყიდება. ცოტა დრო დამჭირდება.
– პრობლემა არ არის – თავი დაუქნია ადვოკატმა, – მეც დამჭირდება ცოტა დრო, რომ აქედან გაგიყვანოთ.
ეველინმა კარი თავად გაუღო. ძვირფას, ჰაეროვან კაბაში კიდევ უფრო გრაციოზული და ღვთაებრივი ჩანდა. ადვოკატს ლამის სუნთქვა შეეკრა.
          * * *
– მობრძანდით, ჩაი დავლიოთ და მომიყევით, როგორ მოახერხეთ ეს ყველაფერი.
– როგორც დაგპირდით, მინდოდა, საქმე სასამართლო პროცესამდე საერთოდ არ მისულიყო. ახალი გარემოებები აღმოვაჩინეთ, რამაც თქვენი უდანაშაულობა და მისის კეპნერის ბრალეულობა დაადასტურა.
– მომიყევით, ძალიან მაინტერესებს.
– ძალიან კარგი სახლია, – თქვა ადვოკატმა, როცა ვრცელი ჰოლი გაიარეს და სასტუმრო ოთახში შევიდნენ.
– დიახ, საკმაოდ ლამაზი არქიტექტურა აქვს. შიდა დიზაინის შეცვლისთვის კი ჯერ ვერ მოვიცალე. მოკლედ, მითხარით, რა მოხდა?!
– მისის კეპნერი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა მისტერ ჰოვარდთან და როგორც ჩანს, უყვარდა ის. მარტოხელა ქალებს ასე ხშირად ემართებათ და ბუნებრივია, სძულდა ყველა სხვა ქალი, რომელიც ჰოვარდის გვერდით იყო. აბა, გაიხსენეთ, ხომ არ შემოგთავაზათ ჰოვარდმა საცხოვრებლად მასთან, ამ სახლში გადმოსვლა?
ქალი დაფიქრდა და ტუჩის კუთხეები ღიმილმა გაუპო...
– დიახ, გამახსენდა.
– აბა, ისიც გაიხსენეთ, როგორ შეხვდა ამ ინფორმაციას მისის კეპნერი? დაიბოღმა და მტრულად დაგიწყოთ ყურება?
– დიახ, დიახ. ამის შესახებ ჰოვარდს ვუთხარი კიდეც და დამპირდა, მისის კეპნერს საერთოდ გავუშვებ აქედანო.
– ეს უთხრა მოსამსახურეს და მის თავში, შურისძიების გეგმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. კეპნერის ოთახში გამოძიებამ იპოვა წერილები, რომლებიც მან მეგობრისთვის გასაგზავნად დაწერა.
ეველინმა გაოცებით ასწია წარბები.
– მართლა? არ ვიცოდი, კეპნერს მეგობრები თუ ჰყავდა.
– თქვენ კიდევ ბევრი რამ არ იცოდით. მაგალითად ის, რომ, როცა ოთახში შეხვედით და საყვარელი მამაკაცი სისხლში მოსვრილი დაინახეთ, გული წაგივიდათ და იატაკზე დაეცით. გონზე რომ მოხვედით, თავზე მისის კეპნერი გედგათ, ხელში კი რევოლვერი გეჭირათ.
– დიახ, დიახ, ბუნდოვნად მახსენდება. მისის კეპნერი დაკავებულია?
– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, მან აღიარა დანაშაული.
მისის ეველინს სახეზე გაოცება გამოეხატა:
– თქვა, მე მოვკალიო?
 – დიახ, დანაშაული აღიარა. რატომ გიკვირთ? მე დაკითხვის ჩვეული მეთოდები მაქვს, რომელიც აპრობირებული და საიმედოა. მისის კეპნერის ქვეცნობიერი „გავაღვიძე”. თქვენ შეიძლება გეგონათ, რომ ასი ათასი დოლარი ძალიან დიდი ჰონორარია ერთი ჩვეულებრივი ადვოკატისთვის, მაგრამ მე არაჩვეულებრივი ვარ, მისის ეველინ, ისევე, როგორც თქვენ. დარწმუნებული ვარ, ამ სახლს ნამდვილ სამოთხედ აქცევთ. რაც შეეხება მისის კეპნერს, მას განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლებენ: მოტივი – ეჭვიანობა.

скачать dle 11.3