კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გარდასახვა #42

– ბატონო გურამ, ბატონო გურამ, დილა მშვიდობისა, მე ჯუბა ვარ, თქვენი მეზობელი, ამ სადარბაზოში რომ ვცხოვრობო! – ყოველ დილით, ავტოსადგომთან მხვდებოდა და ახლიდან მეცნობოდა ჩემი მეზობელი – ლოთი ჯუბა.
– ბატონო გურამ, თქვენთან, როგორც უფროს მეგობართან, ისე მოვედი, ხათაბალაში გავეხვიე, ჭკვიანი კაცი ხართ, რჩევა მინდა, გკითხოთ! – გუშინ ჩვენი გოგია იყო ჩემთან, დედაჩემის ბიძაშვილია, შენი დახმარება მჭირდებაო! – გოგია, ტო, თოფაძე – მე საქმეს ვეღარ ვერევი, აქეთ „ყაზბეგი”, იქით „კასტელი”, მოდი, „კასტელს” შენ მიმიხედეო!
– მერე მიხედე, მაგას რა ფიქრი უნდაო! – ვეუბნები მე.
– 10-მილიონიან ქონებაზე პასუხისმგებელი უნდა ვიყო, დიდი ტვირთია, შევძლებო?
– შეძლებ, როგორ არ შეძლებო! – ვამხნევებ ჯუბას, თან საათზე ვიხედები, სამსახურში მაგვიანდება.
– ბატონო გურამ, დიდი მადლობა, ძალიან კარგად დამარიგე, აუცილებლად ჩავიბარებ „კასტელსო”!
– აბა, შენ იციო! – ვეუბნები და მანქანაში ვჯდები.
– ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვთ, რომ „პახმელიაზე” გამოვიდეო?!
***
ჯუბა სანიკიძე ორი წლის წინ გავიცანი. ბინაში ახალი გადმოსული ვიყავი, არავის არ ვიცნობდი. ღამით, ჩაბნელებულ სადარბაზოში გამოსულმა, რაღაცას წამოვკარი ფეხი და ზედ გადავემხე. საშინელი სუნი მეცა, თითქოს ნაგვის ურნაში ჩავვარდი.
– ეეე, ნელა ვერ გაივლიო! – მომესმა ქვემოდან ხმა. შეშინებული წამოვხტი. ჩემს ფეხებთან კაცი იწვა, წამოჯდა, წამოვაყენე და სახლში შევიყვანე.
– შენ ვინ ხარო? – მკითხა.
– გურამი ვარ, ახალი მეზობელიო! – ვუპასუხე მე.
– მე, ჯუბა ვარო! – ხელი გამომიწოდა, ჩამოვართვი. ჩემ წინ იდგა 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა კაცი – გაბურძგნული, დასიებული სახით, ლილისფერი ყვრიმალებით, ჩამოსიებული ქუთუთოებით, კეხზე გადახეთქილი გაწითლებული ცხვირით, აცდენილად შეკრული პერანგის ღილებითა და შარვლის უბეზე გამოსველებული შარდის ლაქით.
– ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვთ, რომ „პახმელიაზე” გამოვიდეო! – ფული ხელის კანკალით გამომართვა, ბინიდან გავარდა და კიბეებზე სირბილით დაეშვა.
***
მეორე დღეს, კარის მეზობელს ვკითხე ჯუბას შესახებ
– ჯუბა შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, დედისერთა ბავშვი იყო, მშობლები ხელისგულზე ატარებდნენ და „დედიკოს ბიჭად” ზრდიდნენ. ქუჩაში მხოლოდ დედამისის პუდელთან ერთად გამოდიოდა, ისიც, ნახევარი საათით.
სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტში მოეწყო, თავისუფლება იგრძნო. ბრმას თვალი რომ აეხილება და სინათლე თვალს მოსჭრის, ისე მოეჭრა თვალი ერთბაშად განცდილი თავისუფლებისგან და ქუჩაში გაიჭრაო.
***
ცნობილია, რომ „საიდუმლო სერობის“ შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით.
ერთხელ ლეონარდო მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე დაინახა. მუსიკოსს მან თავისი აზრები გაანდო და ისიც სიამოვნებით დასთანხმდა ქრისტეს სახის განსახიერებას. მხატვარმა ის თავის სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
***
– ქუჩამაც ფართოდ გაუღო ჯუბას კარი და ჯერ გულში ჩაიკრა, მერე კი, შეიწოვა – მისით, როგორც შეძლებული ოჯახის შვილით, ნარკომანები დაინტერესდნენ – ჯერ რამდენჯერმე გაასინჯეს, მერე...
– წამლისთვის ფულს ვკრებთ და შენც დადეო! – მერე...
– ფული არ გვაქვს და შენ დაგვპატიჟეო! – პატივს სცემდნენ. ყველას ჯუბას სახელი ეკერა პირზე. ნერვიულობისგან მამამისს ინფარქტმა დაარტყა და გარდაიცვალა, დედამისს დიაბეტისგან განგრენა დაემართა და ნაწილ-ნაწილ დამარხეს. გაიტანა ოჯახის ქონება ჯუბამ, ნარკომანებს შეაჭამა. ყველაფერი რომ გაყიდა, თავის ნარკომან ძმაკაცებს მიაკითხა:
– ფული აღარ მაქვს და წამალზე დამპატიჟეთო!
– საძმოში ფულის გულისთვის მიგიღეთ, თორემ, შენ რა საძმაკაცო იყავი, შე „ბალვანოო”! – უთხრეს ძმაკაცებმა. იკანკალა „ლომკისგან” ორი კვირა ჯუბამ, მერე ბედს შეეგუა, სასმელს მიჰყო ხელი და გალოთდაო! – მომიყვა მეზობელმა.
***
სამ წელიწადში და ვინჩიმ ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ახლა სხვა პრობლემის წინაშე დადგა: ვერაფრით მიეგნო ისეთი ადამიანის სახისთვის, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. არადა, ფრესკის დამკვეთი, ლოდოვიკო სფორცა აჩქარებდა.
ლეონარდო დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, აკვირდებოდა ადამიანების სახეებს და დიდი ხნის ძიების შემდეგ, ერთი მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა. ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. ეკლესიაში მიყვანის შემდეგ და ვინჩიმ დახატა იუდა, რომლის სახეზეც აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი და უბედურება.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, მათხოვარი გამოფხიზლდა და როგორც კი ნახატს თვალი მოჰკრა, შეშინებულმა წამოიყვირა:
– ეს ნახატი მე ნანახი მაქვსო!
– კი მაგრამ, საიდანო? – გაუკვირდა ლეონარდოს.
– სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენაო.
***
   – ბატონო გურამ, გუშინ ბადრიასთან შევიკრიბეთ: ბორია ბერეზოვსკი, რომანა აბრამოვიჩი, თვითონ ბადრია და მე. მაგრად ვიქეიფეთ... ბატონო გურამ, 2 ლარი არა გაქვთ, რომ „პახმელიაზე” გამოვიდეო”?! – ვაძლევ 2 ლარს და კმაყოფილი ვარ, რომ ამჯერად დიდხანს არ გააგრძელა მოყოლა და იოლად დავუძვერი.

скачать dle 11.3