კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ფულის გათეთრების როგორი სქემა მოიფიქრა სტალინმა, რომელსაც ბოლშევიკ-რევოლუციონერები იყენებდნენ #42

სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე უამრავი წიგნია დაწერილი და მათში ტყუილიც ბევრია და მართალიც. თუმცა, არც თუ ისე მრავლადაა ისეთი ნაშრომები, რომლებიც რეალური დოკუმენტების ანალიზზეა დაფუძნებული. მსგავსი დოკუმენტები ათწლეულების განმავლობაში მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ამ ბოლო დროს კი მკვლევართათვის ზოგიერთი მათგანი ხელმისაწვდლომი გახდა და მათზე დაყრდნობით, არაერთი საინტერესო ნაშრომი და პუბლიკაცია გამოქვეყნდა... ისტორიკოსი რომან კასპარევიჩი წერს: „გასაჯაროებულ ძველ, პარტიულ არქივზე მუშაობისას, ეგრეთ წოდებული, „ოხრანკის“ (მეფისდროინდელი უშიშროების სამსახური) არქივის ნაწილს გავეცანი, რომლებშიც იოსებ ჯუღაშვილზე, იგივე „კობაზეა“ (სტალინის რევოლუციური ფსევდონიმი) დაცული ინფორმაციები, რომლებიც მრავალ და ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ, საინტერესო ფაქტებს შეიცავს... 1904 წლის 28 მარტს გერმანიის, ბავარიის მიწის ობერ-პოლიცმაისტერი მოსკოვის „ოხრანკის“ უფროსს, ანდრეი მაკაროვს წერს: „ამა წლის 23 მარტს, ქალაქ მიუნხენის ცენტრალურ ბანკზე განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა. მასში ხუთი პიროვნება მონაწილეობდა და გაიტაცეს მილიონ 124 ათასი მარკის ღირებულების ოქროს მონეტები (საერთო ჯამში, 57 კილოგრამი და 461 გრამი ოქრო). ჩვენ მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბოროტმოქმედები არიან რუსეთის იმპერიის მოქალაქეები: იური სიროსტანოვი, საველი მოშკინი, სემიონ ვასილიევი, ვიქტორ ანკინი და აარონ კაცელბაუმი. ისინი 26 მარტს შემოვიდნენ ქვეყანაში და ოთხმა მათგანმა დანაშაულის დღესვე დატოვა გერმანია. ვასილიევი კი უკვალოდ გაქრა. მან ან არალეგალურად გააღწია გერმანიიდან გაურკვეველი მიმართულებით, ან ქვეყანაში დარჩა და მას ვეძებთ. გთხოვთ, მიიღოთ ყველა ზომა მათ დასაკავებლად და გატაცებული თანხის დასაბრუნებლად...“ შემდეგ, ობერ-პოლიცმაისტერი კურტ შმიტი, ბოროტმოქმედთა აღწერილობას ურთავს მაკაროვისადმი მიწერილ წერილს. იური სიროსტანოვი, საველი მოშკინი, ვიქტორ ანკინი და აარონ კაცელბამი, შესაბამისად, ბოლშევიკ-რევოლუციონერები – მაქსიმ ლიტვინოვი, სემიონ ტერ-პეტროსიანი („კამო“), სერგო ორჯონიკიძე და იაკობ სვერლოვი იყვნენ. გაუჩინარებული სემიონ ვასილიევი კი – იოსებ ჯუღაშვილი, იგივე სტალინი... ეს, ეგრეთ წოდებული, „ბავარიული ექსპროპრიაცია“, თავისი თანხით ახლოც კი ვერ მივა „თბილისურ ექსპროპრიაციასთან“, რომელიც 3 წლის შემდეგ, 1907 წლის 26 ივნისს, განხორციელდა ქალაქ თბილისში. როგორც მიუნხენში, ასევე საქართველოს დედაქალაქშიც, მასში მონაწილეობდნენ კამო, ლიტვინოვი, სტალინი. გაიტაცეს 250 ათასი მანეთი... თბილისური ძარცვა მიუნხენურისგან იმითაც იყო განსხვავებული, რომ 30-მდე ადამიანი დაიღუპა. მიუნხენში კი საქმე „სუფთად“ გაკეთდა და ნაკაწრიც კი არავის მიუღია. საქმე ის იყო, რომ თბილისური ექსპროპრიაციის ორგანიზატორი და დამგეგმავი მაქსიმ ლიტვინოვი იყო, მიუნჰენისა კი – 25 წლის სტალინი...
სტალინს ექსპროპრიაციებზე საუბარი, მით უმეტეს, მათი გასაჯაროება არ უყვარდა და უკვე თავისი მმართველობის პერიოდში, მკაცრად აღკვეთდა ხოლმე თითოეულ ასეთ მცდელობას. 1932  წელს სტალინმა ლიტვინოვი სამი თვით დიპლომატიურ საქმიანობასაც კი ჩამოაშორა და ერთი კვირა ლუბიანკის ერთადგილიან საკანში იმის გამო აყურყუტა, რომ ცნობილი დიპლომატი თავის ხელქვეითებთან თბილისური ექსპროპრიაციითა და მასში ამხანაგ სტალინის მონაწილეობით ტრაბახობდა... ეს ამბავი უმალვე აცნობეს გენერალურ მდივანს. მან კი ძველი „პაძელნიკი“ კაბინეტში დაიბარა და სანამ „ვირის აბანოში“ (სტალინის გამოთქმა) „მიავლენდა“, უთხრა:
– ამხანაგო ლიტვინოვ,  დიპლომატს ენა საქმეების მოსაგვარებლად სჭირდება და არა – სატარტალოდ. კბილები კი – ენაზე დასაჭერად და თუკი უკბილო ხარ, „ვირის აბანოში“ ჩაგსვამ, რომ იქნებ, კბილები ამოგივიდესო...
მოგვიანებით, ლიტვინოვი იხსენებდა, რომ ლუბიანკის ჯურღმულში ჯდომისას ეგონა, დახვრეტდნენ და სული კბილებით მეჭირაო...
დავუბრუნდეთ „მიუნხენურ ექსპროპრიაციას“... ეს საქმე თავიდან ბოლომდე 25 წლის სტალინის ორგანიზებული იყო და მის განხორციელებაში კობას ებრაელი ქალი, 35 წლის მარია შნაიდერი დაეხმარა. ქალი წარმოშობით ციმბირიდან იყო და რევოლუციონრებს თანაუგრძნობდა. შემდეგ გერმანელ ინჟინერ-მექანიკოსს, ოტო გრაიზერს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად მიუნხენში გადასახლდა. თუმცა, ხშირად ჩამოდიოდა სამშობლოში. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს შეხვდა სტალინი მარია შნაიდერს და ქალმა კობას თავისი მეუღლის შესახებ უამბო, რომელიც ბანკებში სეიფებს ამონტაჟებდა. იმ პერიოდში, ბოლშევიკები ხელმოკლეობას განიცდიდნენ. ლენინი და სხვა ემიგრანტი რევოლუციონერები მათხოვრულად არსებობდნენ უცხოეთში. სტალინმა ამ სიტუაციის გამოსწორება განიზრახა და მიაღწია კიდეც საწადელს... „ექსპროპრიატორები“, სტალინის მეთაურობით, მშვიდად შევიდნენ ბანკში. მის მმართველს იარაღით დაემუქრნენ, ოტო გრაიზერს კი ფულით სავსე სეიფი გაახსნევინეს და მიიმალნენ. გრაიზერი  ბანკში მეორე სეიფს ამონტაჟებდა. ეს ინფორმაცია „ექსპროპრიატორებს“ მისმა მეუღლემ მიაწოდა და გამოძიებისას ეჭვიც არავის მიუტანია ქალზე... მეტიც, გატაცებული ფულით, სტალინი ინჟინერ გრაიზერის აგარაკზე იმალებოდა ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ, სწორედ მარია შნაიდერმა გადაიტანა ნაძარცვი ფული საზღვარზე. ჟენევაში ჩაიტანა და თან სტალინიც გაიყოლა, რომელიც გერმანელი ყრუ-მუნჯის, იოზებ კელმანის ყალბი საბუთებით გადაიყვანა საზღვარზე. ჟენევაში ბაჯაღლო ოქროსგან ჩამოსხმული მონეტები თითო-თითო კილოგრამიან ზოდებად გადაადნეს. ლენინმა ისინი გაანაწილა, სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდეს და ბოლშევიკური სალარო შეავსეს... ეს ოპერაცია იყო, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფულის გათეთრების ერთობ ორიგინალური მაგალითი – მონეტების გადადნობა და გაყიდვა სწორედ სტალინის იდეა გახლდათ... მოგვიანებით, სტალინის ამ ხერხს არაერთხელ იყენებდნენ ბოლშევიკები და წყლიდან მშრალები ამოდიოდნენ.
საინტერესოა მარია შნაიდერის ბედიც. მეუღლე მას 1926 წელს გარდაეცვალა და უშვილო, ქვრივი ქალი ბრიტანეთში გადაბარგდა საცხოვრებლად. 1934 წელს,  65 წლის შნაიდერმა გული აიცრუა ბოლშევიკებზე და მემუარების წერას შეუდგა, სადაც სტალინზე და „მიუნხენურ ექსპროპრიაციაზე“, ასევე მონეტების გადადნობის ისტორიაც იყო მოთხრობილი. იმავე წელს, შნაიდერი მოულოდნელი ინფარქტით გარდაიცვალა. ხელნაწერები კი გაქრა და არაა ცნობილი, ჰქონდა თუ არა ამ საქმესთან შეხება სტალინს.

скачать dle 11.3