კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გურამ თავართქილაძე – ისტორია კაცისა, რომელმაც ღირსებით იცხოვრა #41

13  ოქტომბერს  გურამ თავართქილაძის დაბადების დღეა.  70 წელი შეუსრულდებოდა კაცს, რომელსაც,  როგორც გამორჩეულთა ხვედრია,  სიცოცხლის განმავლობაში ბევრი რეგალია ერგო.  იყო დოქტორი, პროფესორი, რექტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი, განათლების წარმატებული მუშაკი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლის კავალერი... ამ რეგალიებს მიღმა  ის იყო   ჭეშმარიტი  თბილისელი, კოლორიტული „ნახალოვკელი”,  თავმდაბლობითა  და  სიკეთით გამორჩული, გაჭირვებულათა შემხიდე და სულგრძელი,   გულუხვი და კეთილმოწყალე, კარგი მეგობარი, მამა, მეუღლე და ბაბუა.  კაცი, რომელმაც ერთი დიდი ისტორია შექმნა,  ისტორია, რომელიც  მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგაც, ისე ცოცხალი და ღირებულია,  როგორც წლების წინ. 
პროფესორი გურამ თავართქილაძე ქართულ საზოგადოებაში, სამეცნიერო-პედაგოგიურ წრეებში კარგად ცნობილი მოღვაწე გახლავთ. აღიარება მან თავისი პიროვნული  ღირსებების, მოქალაქეობრივი პოზიციისა და პრინციპების ერთგულებით,  პროფესიული კომპეტენციით მოიპოვა. დაუშრეტელი ენერგიით სავსე, მუდამ საქმით დაკავებული და მუდამ ახლის ძიებაში მყოფი, აქტუალურ პრობლემებს შეჭიდებული,  ყოველთვის ახერხებდა სასიკეთო საქმეების კეთებას როგორც განათლებაში, ასევე ადამიანური ურთიერთობების მრავალმხრივ და მრავალფეროვან ასპარეზზე. ლიდერის გამოკვეთილი თვისებებით დაჯილდოებულს, თანამოაზრეების შეკრების,  გაერთიანებისა და საერთო საქმისთვის მათი წარმართვის საოცარი უნარი ჰქონდა. იყო მიზანდასახული, არ უშინდებოდა სირთულეებს.
მოწოდებით პედაგოგი გახლდათ...  მთელი მისი ცხოვრება განათლებასთან იყო დაკავშირებული, ამ სისტემის ყველა საფეხურის გავლა მოუწია.  ჯერ კიდევ სტუდენტმა საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. გავიდა დრო და არაერთი გამოკვლევის, სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო სტატიის ავტორი გახლდათ. განათლებით მათემატიკოსმა, მეცნიერული მოღვაწეობის არეალად ეკონომიკის სფერო შეარჩია. ძალზე მნიშვნელოვანია მისი შრომები „მათემატიკა  ეკონომისტებისთვის”, „კომერციული სწავლების მოდელი უმაღლეს სასწავლებლებში”, „უმაღლესი მათემატიკა”.   იმის მიუხედავად, რომ ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოუწია მუშაობა, ყოველდღიური, ცოცხალი სამუშაო ერჩია და მაღალ ბიუროკრატიულ პოზიციებს – საყვარელი საქმე, ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან აქტიური კავშირი არჩია.
განუსაზღვრელია გურამ თავართქილაძის როლი ქართული საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში.  იშვიათია მოღვაწე, რომელსაც თავისი ცხოვრების განმავლობაში ორი წარმატებული უნივერსიტეტი დაეარსებინოს – ეს მხოლოდ უნიკალური ადამიანების ხვედრია.  გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როცა საქართველოში განუკითხაობა და სრული ქაოსი სუფევდა და  თითქოს, არც განათლებისთვის ეცალა ვინმეს, გურამ თავართქილაძემ შექმნა  ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი – ერთ-ერთი პირველი სასწავლებელი საქართველოში, რომელიც აქტიურად ჩაება განათლების სისტემის რეფორმაში. სწავლების ტრადიციული სტრუქტურის პარალელურად, უმაღლესი     განათლების შესახებ  საქართველოს კანონის მიღებამდე  ბევრად ადრე, დაინერგა ორსაფეხურიანი სწავლება – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. გადამწყვეტი იყო მისი როლი უნივერსიტეტის წარმატებებში. იმდენად ორგანულად იყო შერწყმული ერთმანეთთან რექტორი და მისი უმაღლესი სასწავლებელი, რომ თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტს, თავისი ოფიციალური სახელის პარალელურად და უფრო ხშირადაც კი, თავართქილაძის უნივერსიტეტად მოიხსენიებდნენ. 
2008 წელს გურამ  თავართქილაძემ დააარსა უმაღლესი სასწავლებელი – გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა დღეს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.  ამ უნივერსიტეტმა დაარსებისთანავე მოიპოვა ავტორიტეტი, რაც უდავოდ მისი დაამაარსებლის სახელთანაა დაკავშირებული. ეს სახელი და გვარი იყო და რჩება მაღალი ხარისხის განთლების გარანტად და მართლაც, უნივერსიტეტი, იქ მოღვაწე პროფესორები, ყოველი თანამშრომელი, დღემდე გურამ  თავართქილაძის  თანამოაზრედ რჩება. ბატონი გურამის დაწყებული საქმე  მყარი და სიცოცხლისუნარიანია მისი გარდაცვალების შემდეგაც. მისი საგანმანათლებლო და ადამიანური პრინციპები, შეხედულებები, იდეები განაგრძობს სიცოცხლეს და წარმართავს იმ საქმეს, რომელსაც გურამ თავართქილაძე მთელი ცხოვრება ემსახურა. ამიტომაც, მიუხედავად თავისი „ახალგაზრდული ასაკისა”, გურამ თავართქილაძის  უნივერსიტეტს მტკიცე საფუძვლები და დიდი ტრადიციები აქვს.
გურამ თავართქილაძე პროგრესული იდეების  ადამიანი იყო – ის, თითქოს და,  წინ უსწრებდა დროს, რომელშიც ცხოვრობდა და საქმიანობდა. პროგრესული იყო მისი იდეები  და აქტუალურია დღესაც, როდესაც არცთუ იშვიათად,  ახალი თაობის პოლიტიკაში ჩართვა ხდება.  სამაგალითოა მისი პასუხი წლების წინ მიცემულ  ერთ-ერთ ინტერვიუში,  რომელიც სტუდენტურ გამოსვლებს ეხებოდა.  ბატონი გურამი შეკითხვაზე,  უნდა ერეოდეს თუ არა სტუდენტი  ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში,  პასუხობს – არა! ახალგაზრდა ჯერ ჩამოუყალიბებელია, მან უნდა გაარკვიოს, რა უნდა, რა არის მისი მოწოდება, იმისთვის, რომ ვიღაცის მიერ ადვილი სამართავი არ გახდეს. ასეთი შემთხვევები დღევანდელობაში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ჯერ ჩამოყალიბდით, გაარკვიეთ, რისთვის ცოცხლობთ, რისთვის სწავლობთ და რა არის თქვენი ცხოვრების კრედო, ხოლო შემდეგ შეგიძლიათ, ჩაებათ პოლიტიკაში. გურამ თავრთქილაძის ყოფილი სტუდენტი, უნივერსიტეტში  გატარებულ პერიოდს იხსენებს:  „დღეს, როდესაც  ვუყურებთ ორ, ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად ჩამოყალიბებულ სტუდენტებს, ვფიქრობ,  ეს ტრაგედიაა. მე ვსწავლობდი უნივერსიტეტში, რომლის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სტუდენტებისთვის შექმნილიყო ჯანსაღი გარემო სწავლა-განათლების მისაღებად და სტუდენტების პოლიტიკური ზეგავლენისგან დასაცავად. ეს იყო თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის რექტორის, ბატონი გურამ თავართქილაძის უშუალო დამსახურებით, უნივერსიტეტის არცერთი სტუდენტი არასდროს მოქცეულა არცერთი სახელისუფლო დაწესებულებისა თუ პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშ. არასდროს ჩავრთულვართ პოლიტიკურად მართულ პროცესებში, არასდროს დაგვჭირვებია საპროტესტო აქციების გამართვა. ეს არ იყო მარტივი. ამის გამო რექტორს მწვავე დაპირისპირებაც ჰქონდა ხელისუფლებასთან, თუმცა ჩვენ, სტუდენტები ვიყავით აბსოლუტურად დაცული. „ბატონი გურამი, მისთვის პირადი საფრთხის მიუხედავად, უშიშრად იცავდა სტუდენტების ღირსებას. ამაზე ბუტა რობაქიძის ხსოვნისადმი მისი დამოკიდებულებაც მეტყველებს. ბუტას დედა, ია მეტრეველი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: „ბუტა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბატონ გურამს დიდ პატივს ვცემდი. მან გაბედა და ერთი წლის განმავლობაში აუდიტორიაში, სადაც ბუტას ლექციები უტარდებოდა, მისი სურათი დადო, სადაც ყვავილებს აწყობდნენ.”
გურამ თავართქილაძე  კონტაქტური და გულთბილი პიროვნება გახლდათ. ასე იხსენებენ მას დღეს მეგობრები. განსაკუთრებული იყო მისი  ურთიერთობა სტუდენტებთან,  ახალ თაობასთან, რომელიც არამც და არამც არ იყო ფორმალური და მკაცრად იერარქიული. თუმცა, არც უფროს-უმცროსობის ზღვარსა და ზრდილობის ფარგლებს სცილდებოდა. ყველა სტუდენტს, ვინც მის ხელში გაიარა, პირადად იცნობდა. იცოდა მათი საზრუნავი, პრობლემები, მისწრაფებები. მის დაკვირვებულ თვალს არცერთი სტუდენტის ტკივილი და სიხარული არ გამოეპარებოდა. საკუთარ შვილად მიიღებდა,  როცა იცოდა, რომ სტუდენტს უჭირდა.   რექტორის რეგალია არ უშლიდა ხელს, ძალიან ლამაზად დახმარებოდა ახალგაზრდებს.  თვითონ სულ არ გამოჩნდებოდა, საპასუხოდ სტუდენტების დიდი სიყვარული და პატივისცემა უბრუნდებოდა.   ადამიანის გატანისა და სიყვარულის დიდოსტატი იყო, მახვილი გონება, ვაჟკაცობა მოსდგამდა. ანგარიშს უწევდა სხვის სიტყვას. ეს მარტო ნიჭიერ კაცს შეუძლია – კაცს, რომლის კაცობას არც წინსართი სჭირდება და არც განმარტება.   
ბატონ გურამს უამრავი მადლიერი ადამიანი ჰყავდა.  გარდაცვალებით ის დააკლდა ყველას, ვისაც უანგაროდ დადგომია გვერდში, დახმარებია, ხელი გაუმართავს. სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენის, სხვადასხვა  ეროვნების წარმომადგენელს პატივად მიაჩნდა მასთან მეგობრობა, ახლობლობა, იმიტომ რომ, გურამ თავართქილაძემ, თავისი ცხოვრების წესით, კაცის სახელი დაიმკვიდრა. არასდროს უღალატია საკუთარი ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის, მამულიშვილური მოვალეობისთვის. არასდროს აურიდებია თავი იმ პასუხისმგებლობისთვის, რაც აკისრია  ჭეშმარიტ  პატრიოტს, არც მშფოთვარე ახალგაზრდულ წლებში და არც შემდეგ, როცა  საკუთარი ვალის მოხდა  ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებში უწევდა.  მან თავად დაწერა საკუთარი ისტორია – ისტორია კაცისა, რომელმაც ღირსებით იცხოვრა და ღირსებით  წავიდა ამქვეყნიდან.

скачать dle 11.3