კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რაში ეჯიბრებოდა მიშა ცაგარელი დაქორწინებამდე საცოლეს და რატომ „შორდება“ ის ქალწულ ცოლს შემოდგომობით

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის მეორე ნახევარი პროფესიით პედაგოგი,  ნანა ვაშაკიძეა. მათი  ოჯახური  თანაცხოვრება  უკვე 30 წელს ითვლის. ერთმანეთი  სტუდენტობის დროს გაიცნეს. თუმცა, მაშინ  ნანა ვაშაკიძეს, მომავალი  ქმრისგან განსხვავებით, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ქალწული და კურო ერთმანეთს კარგად უგებენ. მათი ოჯახური და ასტროლოგიური  ტანდემი შედგა. ქალბატონი ნანა,  პოზიტიური და კეთილგანწყობილი ადამიანი, საკუთარ სენტიმენტებს არ მალავს და  გულწრფელად  გვიმხელს, რომ მეუღლის წყალობით, ყველაზე ბედნიერი ქალი მაშინ გახდა, როცა ცხოვრება მას დაუკავშირა. რომ შეეძლოს, მასთან ერთად, კვლავ თავიდან გაივლიდა ამ გზას.     
ნანა ვაშაკიძე: პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. უკვე დიდი ხანია, პედაგოგად ვმუშაობ,   ჩვიდმეტი  წელია, სკოლა-ლიცეუმ  „მწიგნობართუხუცესში” ვასწავლი ინგლისურ ენას.  მიყვარს ჩემი საქმე.  მოსწავლეებთან მუშაობა  გამომდის და კარგი შედეგებიც მაქვს.  საერთოდ, ასეთი თვისება მაქვს. რასაც ხელს მოვკიდებ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები და ბოლომდე ვიხარჯები.  სახლის დალაგებაშიც კი მეტყობა ეს – აქტიური ბუნება,   რაც  ქალწულების დამახასიათებელი თვისებაა. 
– როცა მიხეილ ცაგარელს ცოლად მიჰყვებოდით, იცოდით იმის შესახებ, რომ ქალწული და კურო  ერთმანეთს კარგად უგებდნენ?
– მე – არა, მიშიკოს სცოდნია (იცინის).  მაშინ  მე  ვერ ვერკვეოდი ასტროლოგიაში. იყო პერიოდი, როცა ცოტა სკეპტიკურადაც ვიყავი განწყობილი,  თუმცა, წლებთან ერთად, ჩემი სკეპტიციზმიც შეიცვალა. სტუდენტი რომ ვიყავი, არ მოიპოვებოდა ლიტერატურა ზოდიაქოებისა და ჰოროსკოპების შესახებ. გოგონებს მოჰქონდათ ხელნაწერები, თუმცა მაშინ ინფორმაცია ბევრად მწირი და ცოტა იყო. იმ პერიოდში  მეც  ვიყავი დაინტერესებული ზოდიაქოებით, ოღონდ  ძალიან  ზედაპირულად. 
– თქვენი ქმრის წყალობით, დღეს,  მინიმუმ, „უდიპლომო ასტროლოგი”  მაინც უნდა იყოთ. ალბათ, არც თქვენ ერკვევით ურიგოდ, თუ   რას „გვამცნობენ” ვარსკვლავები და რომელი დღე უნდა განვლოთ მშვიდად. 
–  მთლად ასეც არაა.  კარგად ვიცი კუროს ზოდიაქო, ქმრისა და შვილის გამო. დღის განმავლობაში ვინმემ შეიძლება მითხრას: დღეს  მიშას ვუყურე, ვუსმინე, ნახე, რა თქვა?! შემრცხვება ხოლმე ვთქვა, არ მინახავს და არ ვიცი, რა თქვა-მეთქი. ხანდახან იცის თქმა, თუ როგორი პერიოდი ან დღე აქვს ქალწულს. იმწუთას თავს ვუქნევ, მაგრამ მალე მავიწყდება. მერე, როცა მისი ნათქვამი  სრულდება ან კისერს მოვიტეხ,  მახსენდება, რომ არ დავუჯერე და ვნანობ ხოლმე.
–  სად და როგორ გადაიკვეთა თქვენი და მიშა ცაგარელის ცხოვრება?
– ეს იყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ სტუდენტობისას. უცხო ენების ინსტიტუტში ვსწავლობდი,   ვმღეროდი ჩვენი ინსტიტუტის ანსამბლში, რომელიც ძალიან პოპულარული იყო.  მიშიკოს ჰქონდა  საესტრადო  ანსამბლი „ნია” პუშკინის ინსტიტუტში, სადაც ბიოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტური დღეების დროს, ინსტიტუტების მუსიკალური ანსამბლები ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. გამარჯვებულების „მარათონი” იყო ფილარმონიაში. დიდი კონცერტი ტარდებოდა.  ბევრჯერ აღმოჩნდა, რომ ფინალში  ჩვენი ინსტიტუტისა და მიშიკოს ანსამბლები ვრჩებოდით  მეტოქეებად, რის გამოც   ერთმანეთს ვერ  ვიტანდით (იცინის).  ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ,  2-3 წელი გავიდა, როცა მეგობარმა შემომთავაზა მუშაობის დაწყება ბიოქიმიის ინსტიტუტში,  სადაც თარჯიმნის ადგილი გათავისუფლდა. ამ ინსტიტუტის  ასპირანტურაში სწავლობდა მიშიკო, რომელმაც, რა თქმა უნდა, ვერ გამიხსენა სტუდენტობისდროინდელი მუსიკალური შეხვედრებიდან.  მეც ვერ ვიცანი – სტუდენტობისას კარგი ქოჩორი ჰქონდა, როცა მეორედ შევხვდი, უკვე გამელოტებული და შეცვლილი იყო (იცინის). ახალგაზრდა ასპირანტების ჯგუფს ვასწავლიდი ინგლისურს,  მათ შორის იყო მიშიკოც, რომელიც ყველაზე წინ იჯდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ კარგი მოსწავლე იყო,  პირიქით, შენიშვნებს ვერ იტანდა. მერე, როცა  უკვე ოჯახი გვქონდა და ინგლისურის სწავლა გადაწყვიტა, შენს გაკვეთილებზე არ დავჯდებიო, გამომიცხადა. არ მოისურვა მეორედ  ჩემი მოსწავლის როლში ყოფნა, სხვა მასწავლებელი არჩია. თვითონაც მკაცრი იყო, როდესაც მერე, ჩემი „შეფის”  როლში აღმოჩნდა (იცინის). მოსკოვში  „იუნესკოს” კონგრესზე  საქართველოდან  მუსიკალური ანსამბლი უნდა გამგზავრებულიყო. ვილი კაჭარავამ, რომელიც ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ და რომლის სიძეც, წლების წინ, მიშიკოს ანსამბლში უკრავდა, სახელდახელოდ შექმნა ანსამბლი ძველი მომღერლებისგან. მიშიკომ შემომთავაზა: ხომ არ იმღერებდი ჩვენთანო, დავთანხმდი. ჩვენთან ერთად იყვნენ თამრიკო გვერდწითელი, თემურ ყვითელაშვილი და სხვები.  კარგი ანსამბლი გამოვიდა. ჩამოვიდა მოსკოვიდან ჟიური, მოგვიწონეს და ოფიციალურად მიგვიწვიეს ორგანყოფილებიანი პროგრამით მოსკოვში. ორი კვირის განმავლობაში, კონგრესის მიმდინარეობისას,  მხატვრულ პროგრამაში ვიღებდით  მონაწილეობას, ვცხოვრობდით სასტუმრო „რასიაში”.  მიშიკო  ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი იყო, მაშინ უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. ერთი ისტორია მახსენდება: მოსკოვში საქართველოს დღეები გაიმართა. ცეკვისა და სიმღერის ცნობილი ანსამბლები იყო ჩვენგან მიწვეული.   მიშიკო, როგორც რუსული ენის კარგი მცოდნე, კონფერანსიედ მიიწვიეს. კონცერტები კრემლის დიდ საკონცერტო დარბაზში იმართებოდა.  გინახავთ სადმე კონფერანსიე ბისზე გამოეძახებინოთ? მიშიკო გამოიძახეს. დარბაზი, თურმე,  ემოციებისგან ინგრეოდა (იცინის).
– მას შემდეგ, რაც თქვენი  მუსიკალური ტანდემი ოჯახურ ტანდემად იქცა,  მიშა ცაგარელის გვერდით ცხოვრება რთული აღმოჩნდა? 
–  არა!  ძალიან მწყდება გული, რომ 62 წლის ვარ. არ მეყო ის  30 წელი. რაც   ერთად  გავატარეთ, მინდა დიდხანს ვიყოთ ერთად.  სიამოვნებით დავატრიალებდი ყველაფერს უკან  და თავიდან გავივლიდი ამ 30  წელს, თავიდან ვიქნებოდი შეყვარებული, თავიდან გავაჩენდი სალომეს, რომელიც  ჩვენი დაქორწინებიდან ათი წლის შემდეგ გვეყოლა. იმის მიუხედავად, რომ იმ წლებში   არ ვიკლებდით გართობას, სიამოვნებას, არ გვახსოვს, როგორ ვცხოვრობდით სალომემდე –  მან სულ სხვა აზრი მისცა  ჩვენს ცხოვრებას.  მიშიკო არაჩვეულებრივი მეუღლე,  მამა და მეგობარია, საოცრად ანებივრებს სალომეს, რომელიც წელს საერთაშორისო ურთიერთბების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა და ალბათ, მომავალი ელჩია. მიშიკოს და სალომეს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. როცა მინდა, რომ მამამ ქალიშვილს ცოტა მკაცრად უთხრას რამე, რადგან დედის სიმკაცრე საკმარისად აქვს, ვთხოვ ხოლმე მიშიკოს, მკაცრი მამის როლი მოირგოს, მაგრამ, რად გინდა? თვითონ მეუბნება: არ შემიძლია, ამას ვერ ვეტყვიო, ამ „მისიას” ვერ ვანდობ. როცა კურო მამა-შვილი ერთადაა, იქ ქალწული დედა არ არსებობს (იცინის). მიშიკომ ძალიან გამილამაზა ცხოვრება. არასდროს მითქვამს სხვა ქალებივით – ვაიმე, აღარ შემიძლია, დავიღალე ამის ხელში-მეთქი. პირიქით, მინდა, მეტი დრო გავატაროთ ერთად. როცა ოჯახი შევქმენით, მე წამოვედი დიდი ოჯახიდან, სადაც დავტოვე და-ძმა, დედა, მამა, დისშვილები და უცებ აღმოვჩნდი მარტო  მიშიკოსთან ერთად. ძალიან ბევრი რომანტიკული დღე გვქონდა, იმის მიუხედავად, რომ არც ერთი არ ვიყავით 20 წლის. მიშიკო   სახლში  ძალიან  ლაღი და ბედნიერია, უყვარს სახლის გარემო. როდესაც მუშაობს, შეიკეტება თავის სამუშაო კაბინეტში და გამორიცხულია, იმ დროს შევაწუხო.  მიშიკო  საოცარი პედანტია – იპოდრომზე დადის ხშირად და სულ იცვამს ერთი და იმავე ტანსაცმელს, რადგან ის „იპოდრომის ტანსაცმელია”. მის  აბაზანაში  ყველა პირსახოცი ფერის და ზომის მიხედვით უნდა იყოს დაწყობილი. მე, ამ მხრივ, მასზე უარესი ვარ. ასე რომ, ამითაც ვგავართ ერთმანეთს. საერთო გვაქვს გემოვნება, შეხედულებები ცხოვრებაზე, მიზნები. ის, რაშიც ვერ ვეწყობით, სამზარეულოა – მიშიკოს არ უყვარს ხორცი, ვეგეტარიანელია. თუ ცოტა ზედმეტი სიმწარე მომივიდა სადილში, არ შეჭამს.   სამზარეულოში მხოლოდ მაშინ ვმეგობრობთ,  თუ მისი საყვარელი კერძი გავაკეთე.  თვითონ არაფრის გაკეთება არ იცის. მაცივრიდან  საჭმელს ვერ გამოიღებს. ერთი თვე ვიყავი ინგლისში, რომ ჩამოვედი, გაჩხიკინებული დამხვდა –  10 კილო ჰქონდა დაკლებული. ძალიან მიკვირს – ორივე იმერლები ვართ,  სამტრედიის ერთი სოფლიდან, თუმცა მიშიკო ნამყოფი არ იყო თავის სოფელში. წლების მერე იქ პირველად მე ჩავიყვანე. ზაფხულის  ერთი თვე – აგვისტო, მთლიანად  ჩვენ  გვეკუთვნის.  ამ პერიოდს ვატარებთ  ბათუმში, ჩვენს სახლში. ეს არის საოცარი თვე, როცა თავიდან იწყება ყველაფერი. სექტემბერში  ჩამოვდივართ თბილისში. მე ჩემს საქმეებში ვერთვები, მიშა კი თავის საქმეს იწყებს და „ვშორდებით” ერთმანეთს (იცინის).
– ოჯახის სამეურნეო და ორგანიზაციული საკითხები ვის აბარია? 
–  ორივე ვინაწილებთ. თუმცა, არის საქმეები, რომელსაც მე ვუძღვები. ბათუმში სახლი ისე გავარემონტე, მიშიკომ ჩამოსვლა ვერ შეძლო – საერთოდ არ იცოდა, რომელ სართულზე იყო ჩვენი ბინა. მე და სალომე იტალიაში წავედით, როცა მიშიკო ბათუმში ჩავიდა. იქიდან დამირეკა იტალიაში: ნანა, ბინა რომელ სართულზეა, გამახსენეო. მერე – კარი როგორ გავაღოო და ცოტა ხანში მესმის მისი გაოცებული  ხმა: ეს ჩვენი სახლია?! (იცინის)  მიშიკოს  ძალიან  უყვარს ჩვენთვის დღესასწაულების მოწყობა. თუ  ბათუმში ვართ, აუცილებლად გადავდივართ თურქეთში,  მიყვარს თურქეთში გასეირნება.  მიშიკოს შეუძლია, მეათედ შემომთავაზოს რაიმეს ყიდვა,   რაც მას ძალიან  მოსწონს. თუ არ დავთანხმდი, ვიცი, რომ  ეწყინება, რისთვისაც ვერ ვიმეტებ (იცინის).

скачать dle 11.3