კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჰქონდა ბექა გოდერძიშვილს „ჰეროკრატიის” გადაღებისას თავის კანი დახეთქილი და როგორ ეხმარებოდნენ მას ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები მთავარი მოსამართლის როლის შესრულებაში #41

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაში” მთავარი მოსამართლის როლს ასრულებს. ვახტანგ უზნაძე საკუთარი საქმის პროფესიონალი, პრინციპების, ფასეულობებისა და ოჯახის ერთგული კაცია, რომელიც ხელისუფლების მარიონეტობაზე უარს პრინციპულად ამბობს. რეალურ ცხოვრებაში ბექა გოდერძიშვილი პოლიტიკისგან აბსოლუტურად შორს დგას. მსახიობს მეუღლე და სამი შვილი ჰყავს და მეოთხეს გაზაფხულზე ელოდება.
–  მითხარით, პოლიტიკას არ შევეხოთო, თუმცა ისეთ ფილმში მონაწილეობთ, ლოგიკური იქნებოდა, ამ თემაზე საუბარი.
– პოლიტიკა არაა ჩემი სფერო და მისგან ძალიან შორს ვარ. მართლია, ფილმს აქვს პოლიტიკური დატვირთვა, მაგრამ პრინციპულად არ მინდა, საჯაროდ პოლიტიკაზე საუბარი. თუმცა, როგორც მოქალაქეს, მე ჩემი არჩევანი მაქვს.
 – თქვენთვის რთული იყო პოლიტიკურ როლზე დათანხმება?
– თავიდან, იყო გარკვეული დამაბრკოლებელი ფაქტორები. შემდეგ ბატონ გოგა ხაინდრავასთან აბსოლუტურად სხვა საუბარი შედგა და დავთანხმდი. როცა ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ სკანდალური კადრები გამოქვეყნდა, მე სრული შოკი მივიღე. ვფიქრობ, წლების შემდეგ ეს ყველაფერი არ უნდა დავივიწყოთ. ამიტომ, ეს ფაქტები რაიმე სახით უნდა შენახულიყო. ჩვენ შემთხვევაში ეს ფილმის სახით მოხდა და ჩემს მასში მონაწილეობას ამითაც ვამართლებ. არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალები არიან ხელისუფლებაში თუ სხვა პარტიის წარმომადგენლები, ასეთი სისასტიკე ნებისმიერ შემთხვევაში, ამოსაძირკვია. ხაზგასმით ვამბობ, აქ ვგულისხმობ: წამებას, მკვლელობას და გაუპატიურებას.  ეს სამი ამაზრზენი ფაქტი არცერთ მთავრობას არ ეპატიება, რაც არ უნდა კარგი გზა დააგოს შემდეგ და ხელფასები გაზარდოს.
– თქვით, შოკი მივიღე, როცა ციხის კადრები ვნახეო. მანამდე არ გქონდათ წარმოდგენა, რა ხდებოდა იქ?
– ეს ყველაფერი ჭორის დონეზე ვიცოდი. დიდად ჭორების ამყოლი არ ვარ, თუმცა როცა უკვე სამი გეტყვის, რომ გლდანის საპყრობილეში ადამიანებს აწამებენო, ფიქრობ, რომ მართლია, და ასეც აღმოჩნდა. თუმცა, გაუპატიურების ამბები მანამდე ჭორის დონეზეც არ ვიცოდი.
– რაც შეეხება თქვენს გმირს...
– ჩემი გმირი მთავარი მოსამართლე –  ვახტანგ უზნაძე ძალიან პრინციპული და საკუთარი ფასეულობების ერთგული კაცია. თავის საქმის პროფესიონალი და ოჯახის ერთგული. კაცის ეს პიროვნული თვისებები ჩემთვისაც ყოველთვის საინტერესო იყო. ჩემთვის ეს გმირი სიმპათიის ობიექტია. ის ბევრი ისეთი თვისებითაა შემკული, რაც მამაკაცს უხდება. თუმცა, კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავს, განზოგადებული გმირია. იურისპრუდენცია და სასამართლო უწყება ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა და მგონია, რომ კარგი მოსამართლე ვერ ვიქნებოდი. ამიტომ, ძალიან მეშინოდა, როგორ გავართმევდი თავს ამ როლს. თუმცა, იქ იყვნენ ოფიციალური უწყების წარმომადგენლები და ისინი გვეხმარებოდნენ, რომ რამე ლაფსუსი არ მოგვსვლოდა გადაღებისას. კონსულტაციებს მათთან გავდიოდით.
– პოლიტიკურ ფიგურებთან გქონიათ სინამდვილეში ურთიერთობა?
– მაქსიმალურად ნაკლებად. პოლიტიკურად უნიჭო ვარ. ამას თავის გამჭრიახობა სჭირდება, რასაც მე მოკლებული ვარ და ამიტომაც, ამ სფეროსგან თავი შორს მიჭირავს. თუმცა ჩემი აზრი გამაჩნია –  რაღაც მომწონს, რაღაც არა, მაგრამ ამას ჩემთვის ვიტოვებ.
– როგორც ვხედავ, როლისთვის თმის შეღებვა დაგჭირვებიათ.
– როცა ამ როლზე დამამტკიცეს, სერიოზულ პრობლემად იქცა ჩემი თმის ფერი.  როგორც ვიზაჟისტებმა მითხრეს, აზიური პიგმენტი მქონია, რისი გათეთრებაც შეუძლებელია. თავიდან გრიმი გამიკეთეს, მაგრამ კადრში ცუდად გამოჩნდა და გადაწყვიტეს, ქიმიურად გაეთეთრებინათ. ზედიზედ სამჯერ წამისვეს საღებავი, კანი სულ დახეთქილი მქონდა. კინაღამ გული შემიწუხდა, არ ვიცი, ქალები ამას როგორ უძლებთ (იცინის). ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მერე გადაღების წინ, კიდევ თეთრ საღებავს მისვამდნენ ხოლმე, რაც ჭაღარის ეფექტს მაძლევდა. ახლა ცოტა მივეჩვიე ამ ფერს, თუმცა ხალხი ქუჩაში მაინც ძალიან გაკვირვებული სახით მიყურებს (იცინის).
– როგორც მივხვდი, თქვენი გმირის თვისებები ძალიან მოგწონთ. თუ ჰგავხართ მას?
– მსგავსება არის. მე, როცა სერიოზული ვარ, ცოტა უხეში, მკაცრი გამომეტყველება მაქვს. მასავით, მეც მაქვს თვითდისციპლინა, სიმკაცრე და მეც ერთგული ვარ. ადვილად ვერავინ მაცდუნებს. 
– მის ადგილას რომ აღმოჩენილიყავით: ინტრიგები, პოლიტიკა, სიბინძურე, შეძლებდით ამ სირთულეებისთვის თავის გართმევას და საკუთარი პრინციპების ბოლომდე ერთგულებას?
– გულახდილად გეტყვით, ამაზე მიფიქრია. ფილმში არ ჩანს, მაგრამ წინაპირობაში ვიცოდით, რომ ამ ადამიანს შეთავაზეს მაღალი ხელფასი, რის სანაცვლოდაც, ხელისუფლების მარიონეტი მოსამართლე უნდა გამხდარიყო. მან კი ამაზე პრინციპულად თქვა უარი და 8-9 წელი ყველაფრისგან შორს, სოფელში გაატარა. როცა ოჯახითა და შემოსავლის წყაროთი მანიპულირებენ, ძალიან რთულია წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ, ვფიქრობ, მეც გამოვნახავდი ძალას და ვიღაცის მარიონეტად ყოფნას, სიღარიბისა და პრობლემების მოთმენას ვამჯობინებდი. არ ვიცი, რამდენად გამომივიდოდა, მაგრამ აუცილებლად შევეცდებოდი.
– თქვენი პროფესიული გზა...
–  თელავში ნუკრი ქანთარიას მიზნობრივი ჯგუფი დავამთავრე და ექვსი თვის შემდეგ თბილისში წამოვედი. 3-4 წელი, ფაქტობრივად, უმუშევარი ვიყავი. მერე ბატონი ნუკრის შვილის საკურსო და სადიპლომო ფილმზე ვმუშაობდი, მაგრამ მთლიანად ენთუზიაზმზე. იმ პერიოდში ქალბატონმა მედეა კუჭუხიძემ შემამჩნია, მერე გიზო ჟორდანიამ და ასე მოვედი მარჯანიშვილის თეატრში. შტატში 2006 წელს ამიყვანეს. შეიძლება ითქვას, რომ ეს კინოროლი ჩემთვის დებიუტია. მანამდე ამა თუ იმ სერიალში ერთ-ორ გამოჩენას სერიზულად ვერ განვიხილავ.
აი, „ჰეროკრატიაზე” ვფიქრობ, რომ მას გულგრილი ან ნეიტრალური მაყურებელი არ ჰყავს. ეს ფილმი ვიღაცას ან ძალიან მოსწონს ან ლანძღავს. მსახიობის გადასაწყვეტი იყო, უღირდა თუ არა მასში მონაწილეობა. შეიძლება, ვიღაცას ეს არ მოეწონა, მაგრამ მე მივიღე მასში მონაწილეობის გადაწყვეტილება. პოლიტიკური ფილმი ყოველთვის რთულია, მით უმეტეს, თუ ნამდვილი გმირები ცოცხლები არიან. მაგრამ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ადამიანები საკუთარი სურვილის მიხედვით მოქმედებენ. ჯერ-ჯერობით ჩემთვის არავის უთქვამს, ეს ნაბიჯი რატომ გადადგიო.
– ფილმში ოჯახის ხაზიც ჩანს, თქვენი  ოჯახის შესახებ გვიამბეთ.
– მყავს მეუღლე და სამი შვილი, მეოთხეს გაზაფხულზე ველოდებით. ჩემი მეუღლეა ნინი ჭულუხაძე, ყოფილი მოცეკვავე. ყოფილი გასაგები მიზეზების გამო –  სამი შვილი რომ ჰყავს და მეოთხეს ელოდება, რაღა ეცეკვება (იცინის). 8-9 წლის წინ, ჩემს სპექტაკლზე იყო მოსული და როგორც ჩანს, მისი მოწონება დამიმსახურებია. თუმცა, მაშინ ერთმანეთს არც ვიცნობდით. მოგვიანებით გავიცანი, ერთმანეთის მიმართ გრძნობა მალევე გაგვიჩნდა და ძალიან მალეც დავქორწინდით.  უფროსი შვილი გოგოა და ახლა მესამე ბიჭს ველოდებით. სამივე სულმოუთქმელად ელოდება, როდის გაჩნდება მეოთხე. რატომღაც ჩემმა მეუღლემ შეაგუა, რომ გოგო უნდა ყოფილიყო და როცა გავიგეთ, კიდევ ერთ ბიჭს ველოდით, ცოტა გულდაწყვეტილები იყვნენ. გოგომ ტირილიც კი დაიწყო. ანდრიასაც ძალიან ეწყინა, მაგრამ დედასთან ჯენტლმენურად შეეცადა თავის შეკავებას. მხოლოდ დაიწუწუნა, ესე იგი, კიდევ ორი გოგო უნდა გვყავდესო. მიაჩნია, რომ უნდა დაწყვილდნენ –  სამ ძმას სამი და უნდა ჰყავდეს (იცინის). სულ ვამბობ, ნეტავ, იმდენი საშუალება მქონდეს, სრულფასოვნად მივხედო შვილების ჯანმრთელობასა და განათლებას. ჩვენს ცხოვრებაში წელს ერთი კარგი ამბავი მოხდა – ბინა გვაჩუქეს. ჩემი მეუღლე სამაჩაბლოდანაა და ლტოლვილის სტატუსი აქვს, რაც ავტომატურად გადავიდა შვილებზეც. ლტოლვილთა სამინისტრომ ოთხოთახიანი ბინა გვაჩუქა თბილისის ზღვის უბანში.

скачать dle 11.3