კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასიკვდილო საფრთხეებს გადაურჩა მამა სერაფიმე და ვისი სურვილით გახდა ის არამეულ ენაზე მოგალობე, ერთადერთი ასურელი მამა საქართველოში #41

სქემარქიმანდრიტი მამა სერაფიმე ასურელია. ის თავისუფლად ლაპარაკობს არამეულ ენაზე და ერთადერთი მამაოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც არამეულ ენაზე აღავლენს იოანე ოქროპირის ლიტურგიას. მის მიერ შესრულებული საგალობელი ყოველთვის იპყრობდა მსმენელის ყურადღებას და პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ სვეტიცხოველში, რომის პაპის ვიზიტისას, მის მიერ ქრისტეს ენაზე შესრულებულმა საგალობელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მამა სერაფიმე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ასურელი მამა ამჟამად მცხეთის სოფელ ქანდაში, 13 ასურელის სახელობის ტაძარში მოღვაწეობს.
სქემარქიმანდრიტი სერაფიმე ასურელი: ბავშვთა სახარება თერთმეტი წლისამ წავიკითხე და ისე შემიყვარდა, ზეპირადაც შევისწავლე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ის ყველაფერი მაინცდამაინც მწამდა. მაშინ სახარება უფრო ლამაზ ზღაპრად მეჩვენებოდა, რომელიც ტკბილად მაძინებდა. როცა უკვე ღმერთის არსებობის შესახებ ვირწმუნე, წავედი და ბერად აღვიკვეცე. 20 წლის ვიყავი, ეკლესიის მრევლი რომ გავხდი და 24 წლისა მონასტერს ჩავბარდი.
– რამე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა თქვენს ცხოვრებაში და ამიტომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
– კი, მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ.
– როგორც ვიცი, საკმაოდ ხიფათიანი ბავშვი იყავით.
– ნამდვილად, ძალიან ხიფათიანი და შარიანი ვიყავი. შვიდი წლისა ეზოში ბავშვებთან ერთად ვთამაშობდი. იქვე ახალ კორპუსს აშენებდნენ და ბეტონის ამრევი მანქანა იდგა. დამაინტერესა, მივუახლოვდი და ხელი ჩავყავი შიგ. ამ დროს ერთმა ბავშვმა ხელი რაღაც ღილაკს დააჭირა. მანქანა ჩაირთო და მე შიგნით ჩამითრია. ცოცხალი გადავრჩი, თუმცა ამ შემთხვევამ სოციუმიდან სამი წლით გამომთიშა. პირველი წელი ლოგინზე ვიყავი მიჯაჭვული, მერე – ეტლზე და ბოლოს – ხელჯოხზე. მახსოვს, მასწავლებლები მოდიოდნენ და გაკვეთილებს ხან საავადმყოფოში მიტარებდნენ, ხან – სახლში. შემდეგ იყო ავარიები, თან არაერთი. ერთხელ საქართველოში მოვყევი ავარიაში და მეორედ – საბერძნეთში. ორივე მძიმე შემთხვევა იყო, მაგრამ ღვთის წყალობით, ცოცხალი გადავრჩი. უკვე საკმაოდ დიდი, 21 წლის ვიყავი, როცა კიდევ ერთხელ აღმოვჩნდი სასიკვდილო საფრთხის წინაშე. შემთხვევით,  წყლის ნაცვლად, „პერეგიდრონი” დავლიე.
– ხიფათებით სავსე ცხოვრებაც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც ეკლესიური ცხოვრება გადაწყვიტეთ?
– არა, მიზეზი ეს არ იყო. ერში მე ცოლ-შვილი მყავდა. ფეხმძიმობისას მეუღლე ისე ცუდად გამიხდა, ექიმები მისი გადარჩენის იმედს ვერ მაძლევდნენ. მეუბნებოდნენ: იქნებ, ბავშვი მაინც გადავარჩინოთო. მაშინ ხელით ავიყვანე ჩემი მეუღლე მამა გაბრიელის საფლავზე და მამა გაბრიელსა და ღმერთს შევთხოვე მისი გადარჩენა: თუ სათნოა ჩემი ცხოვრება მონაზვნობაში, უფლის თვალის წინაშე, მე დავტოვებ ერს და წავალ, ბერად აღვიკვეცები, ოღონდ ესენი გადამირჩინე-მეთქი და გადამირჩინა.
– თქვენი ოჯახიც ეკლესიურად ცხოვრობს? სასულიერო პირი თუ გყავდათ თქვენამდე?
– მოგეხსენებათ, ასურელები გენოციდის დროს გამოიქცნენ ახლო აღმოსავლეთიდან და იმ ქვეყნებში მოიყარეს თავი, სადაც ძირითადი რელიგია ქრისტიანობა იყო. პაპაჩემის პაპა ზაია ბით ხარიბი ანტიოქიის ეკლესიის მღვდელმსახური იყო. გენოციდის დროს, როცა ქრისტიანებს კლავდნენ, მის გარდა, ყველა ჩვენიანი გამოიქცა. მხოლოდ პაპაჩემის პაპა დარჩა ეკლესიაში, სადაც მისი სიცოცხლე მოწამეობრივად აღესრულა, მოკლეს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახი მორწმუნე იყო. პირიქით, მამაჩემი ღმერთზე იყო განაწყენებული. მას ახსოვდა, როგორ ადიოდა დედამისი ფეხშიშველა მთაზე და ღმერთს შვილებს ავედრებდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, ზამთარი იქნებოდა თუ ზაფხული, მზე თუ თოვლი, ბებია ყოველთვის ფეხშიშველი ადიოდა მთაზე სალოცავად და შვილებსაც იგივეს აკეთებინებდა. ამ დროს, ბებია თვითონ ავადმყოფი იყო. კიბო ჰქონდა და რომ გარდაიცვალა, 13 წლის მამაჩემს უფლის მიმართ პროტესტი გაუჩნდა. როცა მე ტრაპეზის წინ პირჯვარს ვისახავდი, მამას შეეძლო, მთლიანად სუფრა ამოეტრიალებინა. ბერად რომ აღვიკვეცე, მითხრა: ხომ იცი, უკან გზა აღარ გაქვსო. ვუპასუხე, რომ უკან გზას არც ვეძებდი, უბრალოდ, მისი ლოცვა-კურთხევა მინდოდა და მან დამლოცა. ამის შემდეგ მამაჩემის ცხოვრება შეიცვალა. დღეისთვის უკვე ძალიან ბევრი სენაკი აქვს აშენებული მონასტერში. ესწრება წირვას, ცოტა ხნის წინ, ჯვარიც დაიწერა, რისი საკუთარი თვალით ხილვაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო, დიდება ღმერთს, აღმსარებელიც კი გახდა.
– წეღან მეუღლისა და შვილის შესახებ მიამბეთ, ერთი შვილი გყავთ?
– არა, სამი ქალიშვილის მამა ვარ. უმცროსი უკვე 14 წლისაა. ეკლესიურად ცხოვრობენ და სწავლობენ. მათთვის ვლოცულობ და ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ღმერთის წყალობით, ხშირად მოდიან ჩემ სანახავად. მამა ლონგინოზია მათი მოძღვარი ამ ეკლესიაში.
– თქვენს ცხოვრებაში არაერთი საინტერესო ეტაპი ყოფილა. ერთი პერიოდი სპორტითაც იყავით დაკავებული.
– დიახ, 1997 წლიდან 2001 წლამდე აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ვასპარეზობდი. საქართველოში ძალიან ბევრჯერ ამიღია პირველობა და მის ფარგლებს გარეთაც მისახელებია საქართველო. სპორტს არც ახლა მიკრძალავს ეკლესია, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესი იმდენად შეიცვალა, სხვაგან ვეღარსად ვიხედები. მით უმეტეს, როცა ეკლესიაში ახალი მოსული ხარ, მხოლოდ ერთი საფიქრალი გაქვს – ნეტავ, მალე მოხდეს შენი უფალთან შეერთება. ამ დროს სხვა ინტერესი აღარ გაგაჩნია.
– თუმცა ეკლესიამდე, უკრაინაში დეპუტატის დაცვის უფროსადაც მუშაობდით.
– მაშინ ძალიან რთული პერიოდი იყო. აქ დისკვალიფიკაცია მივიღე უხეში ბრძოლის გამო. კიევში წავედი და იქ გავხდი „კანდიდატ მასტერა სპორტა”, რამაც ბავშვების ვარჯიშის უფლება მომცა. იმ პერიოდში პოლიტიკური ამბები იყო აქტიური და დაცვა სჭირდებოდათ. რადგან მანამდე, პოლიციასთან არსებული პირადი მწვრთნელების სპეცსასწავლებელი დავამთავრე, თავისთან მიხმეს და შემდეგ დაცვის უფროსად დამნიშნეს. წელიწად-ნახევარი ვმუშაობდი ამ პოზიციაზე. რთული პერიოდი იყო, დიდი შინაგანი ბრძოლები მქონდა. ერისკაცობაში უკვე ვეღარ ვჩერდებოდი.
– ეს მეუღლის ავადმყოფობამდე იყო?
– არა, მას შემდეგ. მეუღლე რომ განიკურნა მე არ აღვკვეცილვარ. მაშინ ჩემი თავი მოვატყუე. უკრაინაში ამის შემდეგ წავედი. აღკვეცით კი მოგვიანებით, რუსულ საპატრიარქოში აღვიკვეცე, რუსული ეკლესიის მიერ, სადაც ხუთი წელი გავატარე. მღვდლად აქ ვეკურთხე, როცა ჩამოვედი.
– ისე, თბილისში დაიბადეთ და გაიზარდეთ?
– მამა რუსეთში მუშაობდა და ამიტომ, მთელი ბავშვობა ხან თბილისში ვიყავით, ხან – რუსეთში. მივდიოდით და მოვდიოდით. მაგალითად, მეხუთე კლასი თბილისში, მერვე კი – ციმბირში დავამთავრე.
  მე რომ ისეთ ოჯახში დავბადებულიყავი, სადაც ყოველ დილა-საღამოს ლოცულობენ, ალბათ, ბუნებრივი იქნებოდა ამ გზის არჩევა. მაგრამ, სასწაული ისაა, რომ მე, რომელსაც საერთოდ არ მწამდა, ვიწამე და როცა ვიწამე, ბერად აღვიკვეცე. მანამდე ცოტა ხულიგნური ცხოვრება მქონდა – ვერ ვიყავი კარგი და დინჯი ბავშვი, რომელზედაც შეიძლება იფიქრო, რომ ამ გზას დაადგება. პირიქით, ხალხს ძალიან უკვირდა ჩემი ეკლესიაში წასვლა: ვინ? მონასტერში? არ არსებობსო, – ამბობდნენ. ბოროტულად არ მიცხოვრია, მაგრამ გიტარა, კომპანიები და ყოველდღიური ჩხუბი ახლდა ჩემს საერო ცხოვრებას. გამუდმებით ვჩხუბობდი, ძალიან შარიანი ვიყავი. ჩემზე ამბობდნენ: აუ, შარო, საიდან მოდიხარო?! ვინმეს რომ შემოეხედა, ამითაც უკმაყოფილო ვიყავი და შეიძლებოდა, ჩხუბი დამეწყო, იმ მიზეზით –  რატომ მიყურებ, ბიჭო, ასე?! როცა ღმერთზე ლაპარაკობდნენ, მეცინებოდა. მაგრამ, შემდეგ ჩემი ცხოვრება მთლიანად შემობრუნდა. თუმცა, რატომ? ამაზე საუბარი არ მინდა. ყველას აქვს ცხოვრებაში ადგილი, რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ხმამაღლა არ საუბრობენ. მე ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობ, ეს ჩემი საიდუმლოა.
– გასაგებია. ასურელების შესახებ მიამბეთ. თქვენ ხართ ერთადერთი მამაო, ვინც საქართველოში არამეულ ენაზე გალობს და ხართ ასურელი.
– მეექვსე საუკუნეში საქართველოში 13 წმიდა ასურელი მამა შემობრძანდა მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად, რაც ბევრი სირთულის მიუხედავად, საკმაოდ კარგად გამოუვიდათ. მათ აქ დააარსეს მონასტრული ინსტიტუტი. შემდგომში ერეკლე მეფეს მიმოწერა ჰქონდა ასურელ პატრიარქთან, რომელიც შუაგულ მუსლიმებში ცხოვრობდა და დიდ შევიწროებას განიცდიდა მათგან, რის გამოც, ორასი წლის წინ, ასურელებმა ის ტერიტორია დატოვეს და სხვადასხვა ქრიასტიანულ ქვეყანაში წავიდნენ. ბოლო გამოსვლა 1915 წელს იყო და იმ დღეს 350 ათასზე მეტი შვილი იმსხვერპლა ასურეთმა. საქართველოში თითქმის 180 წლის წინ ჩამოვიდნენ, გაიცნეს მუხრანბატონი და მისგან მიწა შეისყიდეს. ნელ-ნელა ჩამოსახლდნენ და დღეს აქ 550 კომლი მაინც დგას, ანუ 2000 ასურელზე მეტი ცხოვრობს. ასურელები ბათუმში, გარდაბანში, სენაკში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიასა და თბილისში ცხოვრობენ. დიდება ღმერთს, საერთო ჯამში, საქართველოში 4500-მდე ასურელი ვართ.
– ერთადერთი ხართ, ვინც არამეულად გალობს.
– ერთადერთი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, რომელიც იოანე ოქროპირის ლიტუარგიას არამეულ ენაზე აღავლენს. ჯერ არ არსებობს ფაქტი, რომ სხვა ეკლესიებს მიეცათ ნება ეთნიკური უმცირესობისთვის, თავიანთ ენაზე აღევლინათ წირვა-ლოცვა. ეს პატრიარქისგან ასურელებმა მოითხოვეს. მერე, უბრალოდ, კანდიდატს ეძებდნენ და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ეს დაახლოებით შვიდი წლის წინ იყო. ენას რაც შეეხება, არამეული ენა ასე თუ ისე ვიცით, მაგრამ წერა-კითხვა – არა. მე ამის სწავლა საქართველოში დავიწყე უწმიდესის დახმარებით, სანამ ასურელების წინამღვარი გავხდებოდი.
– თქვენ მიერ არამეულად შესრულებული საგალობელი აქამდეც პოპულარობით სარგებლობდა და მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც რომის პაპის წინაშე შეასრულეთ. ეს, ალბათ, თქვენთვისაც განსაკუთრებული მოვლენა იყო.
– იცით, მე ღმერთის წინაშე შევასრულე ეს საგალობელი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ეკლესიაში. როცა მე ვგალობ, უფალს ვუგალობ და ჩემი მზერა მისკენაა მიპყრობილი. მართალია, ადამიანებს მოსწონთ ჩემი გალობა, რაც ძალიან მახარებს და ამას ასურელების პოპულარიზაციისთვის ვიყენებ. ამ გალობის შემდეგ გაიგო ძალიან ბევრმა, რომ საქართველოში ასურელები არიან. ამ გალობის შემდეგ მქონდა უამრავი მიპატიჟება სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიიდან, მაგრამ მე უარი ვთქვი, არც მაქვს წასვლის სურვილი. სანამ ძალა მაქვს, ყოველთვის შევეცდები, ჩემი ერის პოპულარიზაციას. ერთადერთი, რასაც მივაღწიე, ისაა, რომ ახლა ჩვენს სოფელში ჩვენს ენას ბავშვები სკოლაში აუცილებელ საგნად სწავლობენ, რაც ჩემი მთავარი მიზანი იყო. ყველა ერი მიყვარს. ვსაუბრობ ქურთულად, სომხურად, ცოტა აზერბაიჯანულიც მესმის, რუსული, ქართული, ბერძნული, ყველა მიყვარს, მაგრამ ძალიან მწყდებოდა გული, ჩვენ რომ სხვაში ვეშლებოდით. „აისორებს” გვეძახდნენ და ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ასურელებად მოგვიხსენიებენ. მე ვარ ასურელი და დედით ქართველი. ჩემს სისხლში ორი ძველისძველი სისხლი დუღს.
–  ამდენი ენა სად ისწავლეთ ან ერისკაცობაში სპორტის გარდა რით იყავით დაკავებული?
– თბილისში გავიზარდე და მოგეხსენებათ, აქ რამდენი ერის წარმომადგენელი ცხოვრობს. რაც შეეხება ბერძნულს, ეს ენა საბერძნეთში ცხოვრებისას ვისწავლე. ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, აქეთ-იქით მოსიარულე და გარკვეული პერიოდი, იქაც ვცხოვრობდი. მანამდე საესტრადო მუსიკით ვიყავი დაკავებული. თუმცა სიმართლე გითხრათ, ჩემი საესტრადო მონაცემები დიდად არ მოსწონდათ, თორემ ხომ ვიქნებოდი ახლა ესტრადის რომელიმე ვარსკვლავის გვერდით. რა თქმა უნდა, ვხუმრობ (იცინის). თუმცა, „იუთუბიზე” მართლა შეგიძლიათ სერაფიმ ბითხარიბის მიერ ფილარმონიაში შესრულებული სიმღერები ნახოთ. მაგრამ, როცა ეკლესიაში დავიწყე გალობა, სულ სხვანაირი ხმა წამოვიდა. მაგრამ, ზოგს ახლაც არ მოსწონს და უარყოფითი კომენტარებიც წამიკითხავს. წერენ, ქართულ გალობას ბადალი არ ჰყავსო. ხალხო, არ დაგავიწყდეთ, რომ ქართულ გალობას უძველესი ისტორია აქვს და ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ვქმნით. თუმცა, ეს გალობა არაა, ეს ჩვენი გოდებაა. გოდებაა იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი წაგვართვეს; იმიტომ რომ, ორი ათასი წელი ასურელი ქრისტესთვის იწამება დღემდე. ჩემი სამშობლოა საქართველო, მაგრამ ჩემი ქვეყანა არ არის. საქართველოზე მეტად არც არაფერი მყვარებია. დედა რომ ქართველი გყავს, სულ სხვაა, მეტ-წილად, ქართულ ყაიდაზე ვარ აღზრდილი. მაგრამ, თუ ოდესმე მოგვეცემა საშუალება და ადგილი, რომელსაც ასურეთი დაერქმევა, როგორც ბებიაჩემი ადიოდა ფეხშიშველა მთაზე სალოცავად, დაე, მე ვიყო პირველი მერცხალი, რომელიც მის გზას გაიმეორებს და იქ დაიწყებს დამკვიდრებას.

скачать dle 11.3