კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა წერილი მისწერა ლავრენტი ბერიამ სერგო ორჯონიკიძეს, რომელმაც სტალინის რისხვა გამოიწვია #41

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია მრავალმხრივ განვითარებული, მაღალი ინტელექტის ადამიანი გახლდათ და ყველაზე რთულ დისციპლინებსაც კი, ძალიან ადვილად ითვისებდა. ირგვლივ მყოფთა გულწრფელ გაოცებას იწვევდა თავისი ნიჭიერებით... პროფესორი პავლე არკადიევი წერს: „ლავრენტი ბერია რომ პარტიულ-პოლიტიკურ საქმიანობაში არ ჩაბმულიყო, თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, ის არამც თუ უბრალოდ ცნობილი, არამედ მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდებოდა. მისგან დიდებული მეცნიერი, ინჟინერი და რაოდენ უცხოდაც არ უნდა ჟღერდეს, დიადი რეჟისორ-დრამატურგი ან მწერალი დადგებოდა... პატარა ლავრენტი, ჯერ კიდევ სოხუმის სასწავლებელში აოცებდა ყველას თავისი ნიჭიერებით. მას ბრწყინვალე მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. პარტიულმა არქივებმა დღემდე შემოინახა ბერიას ატესტატი და ბაქოს ტექნიკური სასწავლებლის დიპლომი, რომლებშიც მხოლოდ ფრიადი შეფასებებია. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდა კაცი (ბერია) სწავლას იყო მოწყურებული და პირველობას არავის უთმობდა... „ცეკას“ არქივში დევს 1926 წლით დათარიღებული ბერიას წერილი. მასში 27 წლის საქართველოს პოლიტიკური სამმართველოს („გეპეუ“) უფროსი სერგო ორჯონიკიძეს თხოვნით მიმართავს, რომ დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლონ. საშუალება მისცენ, რომ სწავლა განაგრძოს მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ ინსტიტუტში... რადგან ბერიას ადგილზე საკუთარი კადრი ჰყავდა შერჩეული, ორჯონიკიძემ მის წერილს თანხმობის რეზოლუცია დაადო და იმჟამიდნელი კანონების თანახმად, თხოვნა დასამტკიცებლად სტალინს გაუგზავნა მოსკოვში.  საბჭოთა ბელადმა ბერიას თხოვნაზე კატეგორიული უარი განაცხადა და წერილი არქივში გადაგზავნა. ორჯონიკიძეს კი თბილისში დაურეკა, გამოლანძღა და ტელეფონი გაუთიშა. სულ მალე სტალინმა „ნორჩი“ ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსად დააწინაურა, რითაც ნათლად გაუსვა ხაზი იმას, რომ ლავრენტი ბერიას დიდი კარიერისთვის ამზადებდა, რაც მომავალში დამტკიცდა კიდეც... მართალია, ბერიას მსგავსი წერილითა და თხოვნით აღარასოდეს მიუმართავს უფროსობისთვის და თავიდან ფეხებამდე სახელმწიფოებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, მაგრამ პერმანენტულ თვითგანათლებას ეწეოდა. იმდენ ცოდნას დაეუფლა თავისი ნიჭის წყალობით, რასაც მინიმუმ, ხუთი უმაღლესი სასწავლებლის დამთავრება სჭირდებოდა.
ცნობილი საბჭოთა იარაღის ინჟინერი, ავტომატური იარაღის კონსტრუქტორი კალაშნიკოვი იხსენებდა: „როდესაც მოდელ „აკ-47-ის“ წარმოებაში ჩაშვებას ვგეგმავდით, წესისამებრ, ის მიმღები კომისიისთვის უნდა წარგვედგინა და საკმაოდ ვღელავდი. ვიცოდი, რომ მიმღები კომისიის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტი კესარევი ძალიან მკაცრი და საკმაოდ შარიანი კაცი იყო. კომისიის სხდომის წინა დღეს მაცნობეს, რომ ჩემს „პირმშოს“ (კალაშნიკოვის ავტომატს) პირადად სახალხო კომისარი, ბერია მიიღებდა სტალინის დავალებით. ეს ცნობა იმდენად შოკისმომგვრელი იყო და ისე ძლიერად იმოქმედა ჩემზე, მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, თეთრად გავათენე. საკონსტრუქტორო ბიუროში ძალაგამოცლილი მივედი და გულისხეთქვით მოველოდი ბერიას გამოჩენას. მანამდე ბერიას არასდროს შევხვედროდი. ცოცხლად ის წითელ მოედანზე გამართული პარადებისა და დემონსტრაციების დროს თუ მენახა. გარდა ამისა, ბერიაზე ბევრი საშინელება მსმენოდა და ეს ადამიანი სისხლისმსმელ, სასტიკ მონსტრად მყავდა წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენს საქმეში არაფერი გაეგებოდა. თუმცა... ეს წარმოდგენა სულ მალე შემეცვალა და ამაში „დამნაშავე“ თავად ბერია იყო.
„რკინის ნარკომი“ (ბერია) ზუსტად დილის 10 საათზე მოვიდა ჩვენთან. ყველას ხელი ჩამოგვართვა და ნიმუშის წარმოდგენა, მისი გამოცდა-ჩვენების დაწყების ბრძანება გასცა. ჩემმა ასისტენტებმა „აკ-47“ ყველა საცდელ პოზიციაში წარუდგინეს ბერიას, თან კომენტარებსაც ურთავდნენ, რასაც ბერია დიდი გულისყურით უსმენდა. ამ სცენას მე შორიდან ვადევნებდი თვალყურს. ბერიას მიმართ აუხსნელი შიშის გამო ახლოს ვერ მივდიოდი. მან (ბერიამ), როგორც შემდეგ მივხვდი, თავიდანვე შეაფასა ჩემი მდგომარეობა და ახლოს მისვლა არ მოუთხოვია. ისიც კი გავიფიქრე, ალბათ არ იცის, რომ კონსტრუქტორი მე ვარ-მეთქი. თუმცა, შევცდი. იარაღის გამოცდა რომ დასრულდა, ბერიამ გამჭოლი მზერა მესროლა და თავისთან მიმიხმო. რომ მივლასლასდი, მან ხელი ჩამომართვა და მთელი კოლექტივის წინაშე მტკიცედ მითხრა:
– გილოცავთ, ამხანაგო კონსტრუქტორო, თქვენი ავტომატი იდეალურთანაა მიახლოებული და ამჟამად არსებულ ნიმუშებს, ყველას ერთად აღებულს სჯობს... – შემდეგ, ჩემდა გასაკვირად, ბერიამ ოთხი ცნობილი იარაღის პარამეტრები საფუძვლიანად შეადარა ჩემს „პირმშოს“ („აკ 47-ს“), რაც იმას ნიშნავდა, რომ ბერია საფუძვლიან ცოდნას ფლობდა ამ სფეროში და სიღრმისეულად ჰქონდა შესწავლილი. დავრწმუნდი, რომ საქმე მაღალი დონის პროფესიონალთან მქონდა. დაძაბულობა მყისვე მომეხსნა. გავბედე და ბერიას ვკითხე:
– ბოდიშს გიხდით, ლავრენტი პავლოვიჩ, მაგრამ მაინტერესებს, სად დაეუფლეთ ასე საფუძვლიანად ამ სპეციფიკურ ცოდნას?
ბერიას გაეცინა. ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი, 225-გვერდიანი წიგნი ამოაცურა ჯიბიდან, რომელიც მეც მქონდა. იქ ყველა თანამედროვე იარაღის ზუსტი დახასიათება იყო მოცემული და მითხრა:
– გუშინ, სრულიად მოულოდნელად დამავალა ამხანაგმა სტალინმა თქვენი იარაღის მიღება. ამიტომ, იძულებული გავხდი, ყველა ნიუანსს ჩავწვდომოდი ამ საქმეში და საღამოს ცხრა საათიდან დილის რვა საათამდე გავეცანი ამ წიგნს. აბა, შემომხედეთ, თვალები ჩაწითლებული მაქვს, რაც უძილობის ბრალია. მეც არ მომიხუჭავს თვალი, ისევე, როგორც თქვენ. ხომ მართალი ვარ?
– დიახ, ამხანაგო ბერია, – მივუგე ბერიას.
– გამომშვიდობების წინ ბერიამ გვერდზე გამიხმო და მითხრა:
– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?
– ბრძანეთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე მას. ბერიამ კი ხმას დაუწია და თქვა:
– გასაგებია, რომ თქვენი „პირმშოს“ ჩაბარების წინ ღელავდით, მაგრამ იმიტომ ხომ არ გატეხეთ ღამე, რომ ჩემთან შეხვედრა გელოდათ?
– ვღელავდი, – დაუკონკრეტებლად ვუპასუხე ბერიას.
– თანაც, მისალმებისას ხელი გიკანკალებდათ, – დასძინა ბერიამ და პაუზის მერე დაამატა, – ამხანაგო კონსტრუქტორო, კარგად ვიცი თქვენი მღელვარების ამბავი და გარწმუნებთ, არც ისეთი საშიში და საშინელი ვარ, როგორც ეს ბევრს წარმოუდგენია.
იმ დღის შემდეგ ბერიაზე წარმოდგენა რადიკალურად შემეცვალა. მის მიმართ შიში აღარასოდეს მქონია, მაგრამ ყველაზე მეტად ის მაოცებდა, როგორ შეძლო ამ ადამიანმა ერთ ღამეში ისეთი სპეციფიკური წიგნის ათვისება, რომელსაც პროფესიონალი კონსტრუქტორები ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში სწავლობენ – ბერია მართლაც უნიკალური, გენიალური ადამიანი იყო...
კონსტრუქტორ კალაშნიკოვის მსგავსად, ბერიას ნიჭიერებით არაერთი ადამიანი მოხიბლულა და იცოდა რა სტალინმა მისი ეს უნიკალური უნარი, ამიტომაც ავალებდა მას ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრას.“

скачать dle 11.3