კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-39(822)

– მეც მყავს აქ ერთი, – თქვა ტიტემ, – ჯერჯერობით ხელი არ მიხლია. იყოს, არსად გაიქცევა. მე კი ამოვდივარ.
ტიტე ბუკია რომ საკუთარ ბინაში შევიდა და ყურშა დაინახა, თვალებში მრისხანება ჩაუდგა. ხაბაძის ცემა მოუნდა, მაგრამ თავი მოთოკა და უთხრა:
– შენმა ნაძირალა ძმაკაცმა მომიქსია ხომ, შენი თავი?!
ყურშას პასუხი არ გაუცია, რიტამ კი საცოდავი სახე მიიღო და ტიტეს უპასუხა:
– დიახ, ბატონო, დიახ. ნინიძემ და უშანგიმ მაიძულეს აქ მოსვლა. მე არაფერ შუაში ვარ და გამიშვით.
– შე ძუკნავ! – კბილებში გამოსცრა ყურშამ და ქალს მიაფურთხა. რიტა კი აქვითინდა და იმეორებდა:
– მე საბრალო, საცოდავი... ასეა, როცა ქალს პატრონი არ ჰყავს და ყველას მისი ხმარება და ლაფში ამოსვრა უნდა, – რიტა ყურშას მიუბრუნდა, მიაფურთხა და უფრო მწარედ აქვითინდა.
რიტას საქციელით შეურაცხყოფილ ხაბაძეს სახე წამოეჭარხლა, პირი დააღო და ქალისკენ წაიწია, რომ კბილებით სცემოდა. მაგრამ, ტიტემ ქეჩოში ჩაავლო ხელი, შემდეგ ზურგსუკან გადაბაწრული ხელები აუწია და უთხრა:
– წყნარად, შე ნაბიჭვარო, თორემ აქვე მოგკლავ!
– ღირსია, ღირსი, ბატონო, – ქვითინებდა რიტა, – არ გაუშვათ, თორემ თქვენი მოკვლა უნდა. მე ხომ გამიშვებთ?
ტიტემ წიხლით კუთხეში მიაგდო გაბაწრული ხაბაძე, რიტას კი უთხრა:
– აბა, შე ძუკნავ, წარმომიდგინე შენი თავი და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი, თორემ ნაკუწ-ნაკუწ აგქნი.
– მე რას მერჩით, ბატონო, – დაიკნავლა ქალმა, ტიტემ კი კბილებში გამოსცრა:
– გეტყობა, ვინც ხარ და ვერ დამაბოლებ. აბა, ჩქარა ჩამოყაჭე ყველაფერი, თორემ მეორედ აღარ გაგიმეორებ, – ტიტე თმაში სწვდა ქალს და დააყოლა, – ჩქარა-მეთქი, თორემ გაგაძრე ტყავი!
რიტამ ქვითინი შეწყვიტა და ტიტეს ცივი ხმით მიუგო:
 – მე რიტა მქვია. ჩემი ქმარი მოსკოვშია დაჭერილი, ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის. მე კი გამოვასწარი...
– ამ ნაძირალასთან როგორ მოხვდი? – ტიტემ ყურშაზე მიუთითა ქალს.
– თავშესაფარი არ მქონდა და შევეკედლე.
– თბილისელი არ ხარ?
– ქუთაისში მყავს მშობლები.
– წასულიყავი მათთან და პატიოსნად გეშრომა.
რიტამ ირონიული მზერა მიაპყრო ტიტე ბუკიას და ცინიკურად მიუგო:
– პატიოსნებით შორს ვერ წახვალ. მე კი ბევრი მჭირდება.
– უპატიოსნობით ხომ, რას ამბობ, მარსზე გაფრინდი, – ირონიით თქვა ტიტემ. რიტამ კი სინანულით გააქნია თავი და უთხრა:
– აბა, რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი ჭკვიანი და წინდახედული იყავი, თორემ ისეთი გეგმა მქონდა შედგენილი, დედოფალივით ვიცხოვრებდი.
– რა გეგმა? – ჰკითხა ტიტემ.
მას მერე, რაც რიტამ ტიტეს ყველაფერი დაწვრილებით უამბო, მრავლისმნახველ მაიორს ლამის თვალები შუბლზე აუვიდა და ქალს ჰკითხა:
– შენი ასეთი გულწრფელობა რითაა გამოწვეული?
– სინანულით, – ჩაილაპარაკა რიტამ, – ქრისტიანი ვარ და მინდა, სიკვდილის წინ მაინც მოვინანიო ცოდვები.
– რა გკლავს, რამე მძიმე სენი გჭირს? – თქვა ტიტემ.
რიტამ ირონიული მზერა ესროლა მაიორს და უთხრა:
– გინდა, დამაჯერო, რომ შენ, პოლიციის მაიორი, ცოცხლებს გაგვიშვებ, რასაც ჩვენ შენს ცოლ-შვილსა და შენ გიპირებდით?
მას მერე, რაც ყურშამ რიტას მონათხრობი მოისმინა და გაიგო, თუ როგორ აპირებდა რიტა მისი და ნინიძის მოკვლას და ფულის დაუფლებას, სახე წამოჭარხლებული და ცივოფლდასხმული მისჩერებოდა ქალს და ხმას არ იღებდა... ტიტემ კი რიტას მიუგო:
– მოსაკლავები ნამდვილად ხართ, მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია, რა გიქნათ. მით უმეტეს, რომ ნინიძე ჯერ თავისუფალია, თუმცა მალე გაგასამებთ.
– ფეხებზე მკიდია ყველაფერი. ჩემთვის ცხოვრება დასრულდა. დიდი მაყუთის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს და მივრჩევნია, დამბრიდო, – გულგრილად თქვა რიტამ.
– ვნახოთ... ახლა კი მესამე ნაძირალასაც მოვათრევ და წყნარად იყავით აქ, – თქვა ტიტემ. შემდეგ თავის ძმას მიუბრუნდა:
– ნინიძეს ამოვათრევ. შენ კი თვალი გეჭიროს ამათზე. ხომ ხედავ, რა საშიშები არიან, – მაიორმა რიტაზე მიუთითა ძმას და დააყოლა, – მით უმეტეს, ეს. მე მალე მოვალ, შენ კი ხელი არ აგიკანკალდეს და თუკი ზედმეტი მოძრაობა დააპირონ, ეგრევე ესროლე.
ტიტემ ძმას პისტოლეტი დაუტოვა და ზურაბ ნინიძის მოსახელთებლად წავიდა. ზაზა ბუკიამ შეყენებული პისტოლეტი მოიმარჯვა, სავარძელში მოკალათდა და დატყვევებულებს მიაპყრო მზერა.
ტიტე ბუკიამ ზურაბ ნინიძე ისე მოულოდნელად და ოსტატურად მოიხელთა, რომ მან უკან მოხედვაც ვერ მოასწრო. ტიტე ნახევრად მოხრილი მიუახლოვდა ნინიძის მანქანას და კარი სწრაფად გამოაღო. შემდეგ პისტოლეტის ტარი კეფაში ჩასცხო  და გონება დააკარგვინა. გვერდით სავარძელზე გადააწვინა, საჭეს მიუჯდა და თავისი  კორპუსისკენ დაიძრა. ოთახში რომ შევიდა, ნინიძეს ზურგსუკან ხელბორკილები დაადო, იატაკზე დააწვინა და მხოლოდ მას მერე შენიშნა, რომ რიტა ოთახში არ იმყოფებოდა
– ქალი სადაა? – ჰკითხა ტიტემ ძმას.
– ტუალეტში, – მიუგო ზაზამ ტიტეს და ძმის სახეზე შეშფოთება  რომ დაინახა, დააყოლა, – ნუ გეშინია, ცალი ხელი ავუხსენი მხოლოდ და მეორე კი ხელბორკილით თუჯის „ტრუბაზე“ მივუბი.
შეშფოთებული ტიტე ტუალეტისკენ გაემართა, თან ჩაილაპარაკა:
– ეგ ქალი ისეთი ეშმაკის კერძია,  გაქცეული რომ იყოს, არც გამიკვირდება.
– ვარიანტი არაა, – თქვა ზაზამ.
ტიტემ ჯერ ტუალეტის კარზე დააკაკუნა და პასუხი რომ ვერ მიიღო, კარი შეამტვრია და ტუალეტში შევარდა... იქ კი მხოლოდ თუჯის მილზე ჩამოკიდებული ხელბორკილი და ღია ფანჯარა დახვდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რიტამ გაქცევა მოახერხა.
– ეჰ, ზაზა, ზაზა... ხომ გითხარი, ყურადღებით იყავი-მეთქი, –  თავი გააქნია ტიტემ და ტუალეტიდან გამოვიდა. ყურშას კი ისტერიული ხარხარი აუტყდა. ამასობაში ზურაბ ნინიძეც გონს მოეგო.
ტიტე ბუკიამ ხელი ჩაიქნია და რიტას გამოკიდება არც უცდია. შემდეგ ნინიძეს მიუბრუნდა, ძლიერი სილა შემოჰკრა სახეში და უთხრა:
– ჩემი და ჩემი ცოლ-შვილის დახოცვა გინდოდა, შე ნაბიჭვარო?
– რას ბოდავ, ბუკია, ჭკუიდან შეიშალე?! – თქვა ნინიძემ და ყურშას გახედა, რომელიც ისტერიულ ხარხარს აგრძელებდა.
ტიტე ბუკია მოხარხარეს მიუახლოვდა, ორი ძლიერი სილა გაარტყა და ხარხარი შეაწყვეტინა. შემდეგ ისევ ნინიძეს დაუბრუნდა და მასაც სილა შემოჰკრა. ბოლოს სავარძელში ჩაეშვა, გააბოლა და ჩაფიქრდა. მოწევა რომ დაასრულა, სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და ძმას უთხრა:
– კი არიან ეს ბოზები დასაბრედები, მაგრამ ჩვენ სხვაგვარად მოვიქცევით, – ტიტემ გაკოჭილებს შეხედა და დააყოლა, – საკმარისი სამხილი გვაქვს საიმისოდ, რომ ეს ნაძირლები ციხეში გამოვამწყვდიო. ახლა  საპატრულოს გამოვიძახებ, თან მინისტრს ჩავაყენებ საქმის კურსში, რომ საქმე აღძრან.
– რა საქმეს, ტიტე, გაგიჟდი? – წამოიძახა ნინიძემ, – არ ქნა ეგ, მოდი, დავილაპარაკოთ და შევთანხმდეთ. დამიჯერე, მაგრად მოიგებ.
– მაინც რას მთავაზობ? – გამოსაცდელად ჰკითხა ტიტემ. ნინიძეს კი იმედი გაუჩნდა და ბუკიას უთხრა:
– ფულს, ტიტე, მაყუთს. დამიჯერე, არ ინანებ. მე კი მაპატიე, რომ ასე მოვიქეცი.
– ესე იგი, ფულს, ხომ? – გაიმეორა ტიტემ.
– ჰო, ჰო, დიდ მაყუთს.
– კარგი, მაგრამ საიდან მოიტან ამ დიდ მაყუთს? – ჰკითხა ტიტემ ნინიძეს, – თუ არ ვცდები, დიდი მაყუთის შოვნაში ჩემი დახმარება გჭირდება, ხომ?
– ჰო, ტიტე, ჰო. შენ მხოლოდ უნდა მითხრა, სად მალავ პავლე გოკიელს და მერე მე ვიცი, – უპასუხა ნინიძემ და ჩაეცინა.
– და, რატომ ფიქრობ, რომ პავლე გოკიელს მე ვმალავ?
– კარგი რა, ტიტე, – გაეცინა ნინიძეს, – ზუსტად ვიცი, რომ შენ მალავ პროფესორს.
– არ ვმალავ, მაგრამ, მასეც რომ იყოს, რას მთავაზობ?
– რას, ტიტე და ვათქმევინოთ... – ნინიძემ ენაზე იკბინა და გამოასწორა, – პროფესორი დავარწმუნოთ, რომ კიბოს წამლის თავისი ფორმულა თქვას. გავყიდოთ და ფული გავინაწილოთ.
– გავინაწილოთ, ხომ?
– ჰო, ჰო, გავინაწილოთ, – გაიმეორა ნინიძემ.
ტიტემ კიდევ ერთი ძლიერი სილა შემოჰკრა სახეში ნინიძეს და ზიზღით უთხრა:
– მოითმინე ცოტა და სულ მალე გაგანაწილებენ „კამერებში“. ახლავე გაზიარებ ამ ბედნიერებას. ცოტა დამაცადე?
ტიტემ მობილური ამოაცურა, რომ პოლიციაში და მინისტრთან დაერეკა და მაშინ ნინიძემ უთხრა:
– მოიცა, ტიტე, მოიცა! არ ქნა ეს, არ ქნა! იცოდე, დიდ შეცდომას უშვებ, ჩვენც დაგვღუპავ და საკუთარ თავსაც.
– მაინც, როგორ? – ჰკითხა ტიტემ.
– როგორ და, გოკიელით უსერიოზულესი ხალხია დაინტერესებული. პროფესორი მათ მაინც ვერსად გაექცევა. მე კი, პირობის შეუსრულებლობისთვის, არ მაცოცხლებენ და არც შენ გამყოფებენ ამქვეყნად, – მიუგო შეშინებულმა ნინიძემ ტიტე ბუკიას.
– მაინც, ვის და რა დავალებას ასრულებდი?
– ვერ გეტყვი. ამას ვერ გეტყვი, ტიტე, მაგრამ მენდე და მერწმუნე, რომ ასე იქნება.
– რა და როგორ იქნება, ამას მერე ვნახავთ. ახლა კი მოკეტე, თორემ კბილებს ჩაგილეწავ და ენას ამოგაცლი, რომ შენი ხმა არ გავიგონო, – უთხრა ტიტემ ნინიძეს და მობილურზე დარეკა.
ჯერ საპატრულო პოლიცია მოვიდა, ათი წუთის შემდეგ კი, შინაგან საქმეთა მინისტრიც. თხუთმეტწუთიანი ბჭობის შემდეგ, ხაბაძე და ნინიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეს დაკითხვაზე. მინისტრმა კი ტიტე ბუკია თავის მანქანაში ჩაისვა და უთხრა:
– ძირითადად, ჩავწვდი საქმის არსს, მაიორო, მაგრამ მინდა, ყველაფერი დაწვრილებით ვიცოდე. გისმენ, არაფერი დამიმალო.
ტიტე ბუკიამ მინისტრს ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
– აი, სულ ესაა, ბატონო მინისტრო.
– გასაგებია, – თქვა მინისტრმა და ჩაფიქრდა – მაგ ნაძირლებს კანონის მთელი სიმკაცრით დავსჯით, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს, მაიორო.
– ბრძანეთ, ბატონო მინისტრო. ეს ისტორია არ უნდა გახმაურდეს და პრესამ, ტელევიზიამ არაფერი შეიტყოს. ხომ იცი, ჟურნალისტების ამბავი, ატეხენ ერთ ამბავს და ბუზისგან სპილოს გამოიყვანენ.
– ჩემგან არაფერი გავა, – მიუგო ტიტე ბუკიამ მინისტრს, გულში კი გაიფიქრა: „თუ საჭირო გახდა, პრესა და ტელევიზიას კი არა, მთელ მსოფლიოს დავაყენებ ფეხზე. თქვენ არავინ ხართ სანდო. ფულისა და სკამისთვის ბევრ სისაძაგლეს ჩაიდენთ. პროფესორ გოკიელს, ეშაფოტზეც რომ გამიყვანონ, მაინც არ გავყიდი.“
***
ტიტე ბუკია რომ ზურაბ ნინიძის მოსახელთებლად წავიდა, რიტას უკვე ჩაფიქრებული ჰქონდა გაქცევა და რამდენიმე ვარიანტიც მოიფიქრა. ქალმა ტიტეს ძმას ისე შეაცოდა თავი, რომ ზაზამ ტუალეტში შეუშვა, თან ცალი ხელბორკილით თუჯის საკანალიზაციო მილზე მიაბა. რიტამ კი ფოლადის თმის სამაგრით ბორკილის „ატმიჩკა“ გააკეთა, უპრობლემოდ გახსნა ტუალეტის ვიწრო ფანჯრიდან კი ქუჩაში გადაძვრა და გაიქცა... ხელბორკილის გახსნა რიტას ერთმა რუსმა პოლიციელმა ასწავლა, ვისი საყვარელიც იყო გათხოვებამდე...
გაქცეული ქალი სწრაფად გაუყვა კორპუსებს, ორასიოდე მეტრი ფეხით გაიარა და კერძო მანქანა გააჩერა, რომელსაც ორმოციოდე წლის მამაკაცი მართავდა. რიტას გამოცდილმა თვალმა უცებ შეაფასა მძღოლი. მასში მექალთანე უშეცდომოდ ამოიცნო და აღელვებულმა უთხრა:
– იმედია, ნამდვილი ქართველი მამაკაცი ხართ და არა პოლიციელი.
– გარწმუნებთ, ნამდვილი ქართველი მამაკაცი ვარ და არა პოლიციელი, – მიუგო მძღოლმა რიტას და ღიმილით ჰკითხა, – პოლიციელების რატომ გეშინიათ, დააშავეთ რამე?
რიტამ რომ შეიტყო არაპოლიციელთან ჰქონდა საქმე, შვებით ამოისუნთქა და თანამიმდევრულად შეუდგა თავისი გეგმის შესრულებას. მძღოლს კი უთხრა:
– მოდი, დავიძრათ და ყველაფერს მოგიყვებით. თქვენ კი მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.
– წინ გადმოჯექით, – შესთავაზა მძღოლმა რიტას, რომელმაც ამაზე მიუგო:
– პირიქით, დავწვები, რომ შემთხვევით არ დამინახონ, თორემ ჩემი ქმარი, უფრო სწორად, ყოფილი ქმარი ისეთი არანორმალურია, ალბათ, უკვე მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა და მეძებენ.
მძღოლმა მანქანა ადგილიდან დაძრა და რიტას მიუბრუნდა:
– იყოს მასე. მოთავსდით, როგორც გნებავთ და მომიყევით ყველაფერი.
რიტამ ამოიხვნეშა და მძღოლს უთხრა:
– თუ უწმაწურ სიტყვებს ვიხმარ, შევთანხმდეთ, რომ ჩემზე ცუდს არაფერს იფიქრებთ, ძალიან აღელვებული ვარ. თან, როცა ჩემს ყოფილ ქმარზე ვლაპარაკობ, არ შემიძლია, ის კარგად მოვიხსენიო.
– გასაგებია. შევთანხმდით. გისმენ– მიუგო რიტას მექალთანე, მარტოხელა მძღოლმა, რომელსაც გუმანი კარნახობდა, რომ ამ ღამით ბობოქარი სექსი ექნებოდა უცნობ, ტანწერწეტა გოგონასთან. ცოტა შორიდან დავიწყებ, – თქვა რიტამ.
– საიდანაც გნებავთ, – მიუგო მძღოლმა, – გისმენთ.
– ერთი კითხვა მაქვს თქვენთან.
– მკითხეთ.
– შემთხვევით, მარტო ხომ არ ცხოვრობთ?
– კი. მარტო ვცხოვრობ.
– სად?
– საბურთალოზე, – მიუგო რიტას მძღოლმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3