კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაამცირა და გააძევა ავაგ მხარგრძელმა ეგარსლან ბაკურციხელი

როცა რუსუდან მეფე გარდაიცვალა, მისი ვაჟი, დავითი ურდოში იყო და არავინ იცოდა მისი ბედის შესახებ.
ლაშა-გიორგის ვაჟი, დავითი რუმის სასულთნოში იყო ტყვედ, რუსუდანისვე მოთხოვნით. საქართველოში ეგონათ, რომ ლაშას ძე ცოცხალი არ იყო.
ივანე მხარგრძელის ვაჟი, ავაგ ათაბაგიც დიდ ურდოში გაიწვიეს მონღოლებმა.
მონღოლებმა საქართველო დაყვეს ადმინისტრაციულ ოლქებად – დუმნებად და სათავეში ჩაუყენეს ადგილობრივი დიდებულები, ძველი მმართველები, რომლებიც მათ დაემორჩილნენ.
კახეთის, ჰერეთის, კამბეჩიანის დუმნის მეთაურად თათრებმა დანიშნეს ეგარსლან ბაკურციხელი, რომელიც განაგებდა ტფილისიდან შამახიის მთებამდე ტერიტორიას. მის შესახებ ჟამთააღმწერელი ამბობს: „კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი სახმართა“, ანუ ენამჭევრი იყო, მაგრამ სხვა (გამოსადეგი) ნიჭი არ ჰქონდაო. თუმცა, მეორეგან სხვაგვარად ახასიათებს: „კაცი საკვირველი და მხედრობისა ცოდნითა აღსავსე“ იყოო. 
შანშე მხარგრძელს ჩააბარეს თავისი და ავაგ ათაბაგის საგამგებლო, ქვემო ქართლის ნაწილი და ჩრდილოეთ სომხეთი; ვარამ გაგელს – ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთი და ქვემო ქართლის ნაწილი; გრიგოლ სურამელს – ქართლი, სამხრეთ საქართველო კარნუ-ქალაქმდე (არზრუმამდე); გამრეკელ თორელს, ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავს – დასავლეთ საქართველო.
დუმნების ხელმძღვანელებს ევალებოდათ: მონღოლებისთვის ხარკის აკრეფა და მიცემა, მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობის მისაღებად ჯარის შეკრება, სურსათით უზრუნველყოფა, დუმნის მეთაურობა და მონღოლთა საყაენოს ერთგულების დაცვა.
დიდ გაჭირვებაში ჩავარდნენ ქართველები. წყდებოდა ქართული გენი მონღოლთა გაუთავებელ ლაშქრობებში.
ამ პერიოდში ძალიან დაწინაურდა ზემოხსენებული ეგარსლან ბაკურციხელი. ალბათ, აზნაურთა ოჯახიდან იყო, თუმცა, რომელ საგვარეულოს ეკუთვნოდა, უცნობია.
ეგარსლანს რეზიდენცია ბაკურციხეში ჰქონია. თავისი ნიჭითა და იღბლის წყალობით, ისე აღზევებულა, რომ კინაღამ მეფის სახელიც კი მიისაკუთრაო. მის ბრძანებას მორჩელებდნენ თურმე ქართველი დიდებულები, ისევე, როგორც მეფეს ემორჩილებოდნენ ხოლმე – მათ შორის, შანშე მანდატურთუხუცესი, ვარამ გაგელი და სხვა მთავრები.
ეგარსლანი პატრიოტი იყო. მისი მხრიდან მონღოლებისადმი სამსახური, როგორც სხვა დიდებულების მხრიდან, საქართველოს უიღბლობით იყო გამოწვეული,
1246 წელს, მონღოლთა მიერ დაწესებული საოკუპაციო წესებით გამწარებული ქართველი დიდებულები შეიკრიბნენ კოხტასთავს (ჯავახეთში), რათა ემსჯელათ, როგორ ემოქმედათ ქვეყნის გადასარჩენად. შეხვედრას ესწრებოდნენ ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, შოთა კუპრი, თორღვა პანკელი, ჰერეთისა და კახეთის წარმომადგენელნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგველი, მესხეთისა და ტაოს დიდებულები, ანუ მთელი საქართველოს საქვეყნოდ განმრიგე ხელისუფალნი.
„აღარ გვყავს ქართველი მეფეების შთამომავალი, რათა წინამძღვრად დაგვიდგეს და შევებრძოლოთ მონღოლებს. ჩვენ ერთმანეთისგან განდგომილები ვართ და ვერ წინააღვუდგებით მტრებს. ისინი კი ძალიან გვჩაგრავენ. გვიწევს მათ ომებში მონაწილეობა და მრავალი ჭირის გადატანა. მართალია, უმეფოდ ვართ, მაგრამ შევიკრიბოთ და შევებრძოლოთ თათრებს,“ – გადაწყვიტეს სხვადასხვა კუთხის მმართველებმა და დაამტკიცეს აჯანყება. ერისთავთ-ერისთავი ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერ კახაბერისძე ადრე წავიდნენ შეკრებიდან. მონღოლებმა გაიგეს შეთქმულების ამბავი და დააპატიმრეს დიდებულები. მხოლოდ ცოტნე დადიანის თავდადებამ გადაარჩინა სიკვდილს ქართველთა ლიდერები, მათ შორის, ეგარსლან ბაკურციხელი.
კვლავ შეიკრიბნენ დიდებულები მთელი სამეფოდან და დაიწყეს გამოსავლის ძიება. ქვეყანას მეფე სჭირდებოდა ან ეგარსლანი უნდა გამხდარიყო ყველას მთავარი. თავისზე მეტად გვარიანი, სამეფო საგვარეულოდან თუ არ იქნებოდა ადამიანი, საქართველოს დიდებულები მას ვერ აიტანდნენ.
დაიწყეს გამოძიება, იქნებ ცოცხალი ყოფილიყო გიორგი-ლაშას ძე დავითი, აქამდე გარდაცვლილი რომ ეგონათ. დავით ლაშას ძის მსახურმა, სოსანამ, რომლის ერთგულმა სამსახურმა გადაარჩინა მეფისწული შიმშილით სიკვდილს, ვაჭრების მეშვეობით, ამბავი მოაწვდინა საქართველოში – მეფისწული ცოცხალიაო.
დიდებულებს ძალიან გაუხარდათ – მეფეთა მემკვიდრე ცოცხალი იყო და მისი გამეფება შესაძლებელი იქნებოდა. რუსუდანის ძე თუ იყო ცოცხალი, ეს აღარ იცოდნენ საქართველოში.
შანშე მხარგრძელი, ვარამ გაგელი, ყვარყვარე ჯაყელი, სარგის თმოგველი, გრიგოლ სურამელი, გამრეკელი თორელი, ორბელი და სხვები, ეახლნენ მონღოლების მხედართმთავრებს – ჩირმაღანს, იოსურს, ბიჩუისა და ანგურაგს, რომლებიც მაშინ განაგებდნენ ჩვენს რეგიონს და სთხოვეს:
 „ჩვენ გავაგზავნეთ დავით რუსუდანის ძე ყაენთან და არ ვიცით, რა შეემთხვა. დედამისი – რუსუდანი გარდაიცვალა, სხვა არავინაა ჩვენი მეფეების ნათესავი.  შეუძლებელია, დავემორჩილოთ მას, ვინც არ არის ჩვენი მეფეების ნათესავი. ახლა გავიგეთ, რომ ჩვენი მეფის, გიორგის ძე, რომელიც ძმამ დაუტოვა დას, რუსუდანს, მეფედ გასაზრდელად, ხოლო მან კი სულთანთან გააგზავნა მოსაკლავად, ცოცხალი ყოფილა და ჯურღმულში პატიმრად არის. გევედრებით, გააგზავნეთ ელჩი სულთანთან, მოვიყვანოთ უფლისწული და დავადგინოთ ჩვენს მეფედ“.
გააგზავნეს ანგურაგი, სარგის თმოგველი და ვარამ გაგელი რუმში. ლაშას ძე მართლაც ცოცხალი აღმოჩნდა, თუმცა, თითქმის სიკვდილის პირას მყოფი. სულთანმა პატიება სთხოვა, მრავალი საჩუქარი მისცა და გამოაგზავნა საქართველოში.
დიდი სიხარულით მიეგებნენ დიდებულები უფლისწულს. ყველა ეახლა, გარდა ეგარსლანისა, როგორც წერს ჟამთააღმწერელი.
ნოინებმა მეფობა ვერ დაუმტკიცეს და იგიც ოქროს ურდოში გაგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად. ბათო ყაენმა ლაშას ძეც დიდ ყაენთან გაამგზავრა, დიდ ურდოში. კარგა ხანი მის შესახებაც არაფერი იცოდნენ საქართველოში.
ისევ ეგარსლან ბაკურციხელი ლიდერობდა ქვეყანაში.
ამასობაში ადარბადაგანში მოვიდა ჩინგიზ ყაენის შვილიშვილი, ჰულაგუ, რომელსაც ჩვენი რეგიონის სარდლობა დაევალა. ეახლნენ ქართველი დიდებულები, მათ შორის, ეგარსლან ბაკურციხელიც, რომელსაც კვლავ მეფესავით ემორჩილებოდნენ ქართველი წარჩინებულები და მორჩილება გამოუცხადეს ჩინგიზიდ უფლისწულს. ჰულაგუმ ითაყვანა ქართველი დიდებულები და დააჯილდოვა.
დიდ ურდოში მიმდინარეობდა კამათი ქართველ დიდებულებს შორის, ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფე – დავით ლაშას ძე თუ დავით რუსუდანის ძე. კარგა ხანს გაგრძელდა ცილობა. მონღოლებმა ავაგ ათაბაგს მისცეს შეწყალების იარლიყი (სპეციალური საბუთი მონღოლების იმპერიაში), გამოაყოლეს მშვენიერი ქალი, სახელად ესლომ, მონღოლი წარჩინებულების ოჯახიდან, ასევე ელჩი ჰულაგუსთან და გამოუშვეს საქართველოში. 
ჰულაგუმაც ტკბილად მიიღო ავაგი და შინ გამოამგზავრა. ავაგმა, წერილი გამოაგზავნა საქართველოში და შეატყობინა საქმის ვითარება, რომ მოდიოდა და ორივე უფლისწული ცოცხალი იყო.
რადგან ინფორმაცია მოვიდა ქვეყანაში, რომ უფლისწულები ცოცხლები იყვნენ, ეგარსლანის გამოკვეთილი ლიდერობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა. ის ჩვეულებრივი დიდებულების რიგში შეიძლება ჩამდგარიყო, როცა მეფედ დამტკიცებული უფლისწული ჩამოვიდოდა საქართველოში. ქართველი დიდებულები – შანშე მხარგრძელი, ეგარსლან ბაკურციხელი და თითქმის ყველა სხვა, წინ შეეგებნენ ავაგს. შეხვედრისას საბედისწერო შეცდომა დაუშვა ეგარსლან ბაკურციხელმა.
იმ დროს ქართველებს შორის მიღებული იყო ურთიერთპატივისცემის განსაკუთრებული წესები. მეომრები რომ ერთმანეთს შეხვდებოდნენ (ლაპარაკია ერთი და იმავე ფენის წარმომადგენლებზე), უნდა ჩამომხტარიყვნენ ცხენიდან და  ერთმანეთი გადაეკოცნათ. ამას პატივით ხილვა ეწოდებოდა.
როცა ავაგი, თავისი მხლებლებითურთ, მიუახლოვდა შემხვედრ დიდებულებს, ჩამოქვეითდა, ცხენებიდან ჩამოხტნენ სხვა დიდებულებიც და მიესალმნენ ავაგს წესისამებრ. ეგარსლანი, ჟამთააღმწერლის სიტყვით: „განლაღებულ იყო და არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა და ამბორის-ყოფად ავაგისა“.
ავაგი განრისხდა, მიუხალოვდა ეგარსლანს და მათრახი გადაჰკრა თავზე. შემდეგ მსახურებს უბრძანა და ბაკურციხელი უპატიოდ ჩამოაგდეს ცხენიდან. შემოახიეს ტანსაცმელი და დიდებულებმა შეურაცხყოფილი გააძევეს, მანამდე დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანი, მათი ყოფილი ლიდერი.
მას მერე ეგარსლან ბაკურციხელის ბედი უცნობია.

скачать dle 11.3