კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კახაბერ კორძაიას იაპონური წარმატების საიდუმლო

როგორ აპოვნინა ვაკე 3-ის მაჟორიტარობის კანდიდატს პოლიტიკამ მეორე ნახევარი

 

 მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, მთელი ვერა სამი წლის ბიჭზე ლაპარაკობს, რომელიც ორნიშნა რიცხვებს ერთმანეთზე ზეპირად, თვალისდახამხამებაში ამრავლებს. საამისოდ ბიჭს თავისი მეთოდი აქვს, მაგალითად, ხუთს და ათს მრგვალ რიცხვებად მიიჩნევს, ციფრებს კი, ხუთეულებად და ათეულებად ჰყოფს. მოკლედ, ყველა – ნაცნობი თუ უცნობი ბავშვს უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს. წინასწარმეტყველება ახდება – წლები რომ გავა, ბიჭი, რომელსაც ახლობლებმა, გამორჩეული ნიჭის გამო, „აინშტაინა“ შეარქვეს, ერთ-ერთი პირველი მოიპოვებს იაპონიის მთავრობის გრანტს და ამომავალი მზის ქვეყნის ისტორიულ დედაქალაქში წავა. იქ კი არათუ მუშაობას დაიწყებს, არამედ 1998 წელს კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორიც გახდება. ისე, მაშინ კახაბერ (კახა) კორძაია, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დადგებოდა დრო, როცა პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და „პატრიოტთა ალიანსიდან” კენჭს ვაკე 3-ის (ვაჟა-ფშაველას კვარტლები „მოდულის” ზემოთ, ქავთარაძისა და ჯიქიას ქუჩები, ნუცუბიძის ფერდობები, ასევე, ნუცუბიძის პლატო მესამე ასახვევის ზემოთ და ბაგები) მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა... ბატონი კახას პოლიტიკაში წასვლას ვერც მისი მეორე ნახევარი, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და თსუ-ის პროფესორი, ირმა რატიანი წარმოიდგენდა. საერთოდ, ქალბატონ ირმას პოლიტიკა არ აინტერსებს, თუმცა კახასა და ირმას სიყვარული სწორედ პოლიტიკის „დამსახურებაა”. ეს ამბავი კი ასე მოხდა:
მე-20 საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, თსუ-ის რამდენიმე სტუდენტი – ირმა რატიანი, დავით ტურაშვილი, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თედო ისაკაძე და ფიქრია ჩიხრაძე სტუდენტურ მოძრაობას იწყებენ – მათ მიერ შექმნილი „სტუდენტური პრესკლუბი“ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე აქტიურობს. ცხადია, 9 აპრილის ტრაგედიასაც აპროტესტებს და შეხვედრაზე, რომელსაც სისხლიანი აპრილის დღეებში მოსკოვიდან ჩამოსული ედუარდ შევარდნაძე უნივერსიტეტში მართავს, სიტყვით ირმა რატიანიც გამოდის. გოგონას ემოციური გამოსვლა ტელევიზიით გადაიცემა. ირმას გამოსვლას კახა, რომელიც იმხანად უკვე ასპირანტია, ყურადღებას მიაქცევს და მის გაცნობას გადაწყვეტს. საერთოდ, ვაკე 3-ის მაჟორიტარობის კანდიდატი მიზანსწრაფულია – იმას, რასაც ჩაიფიქრებს, რეალობად აუცილებლად აქცევს. ამ შეთხვევაშიც ასე მოხდება და, საერთო მეგობრების დახმარებით, ირმას მალევე დაუხლოვდება... 1989 წლის ნოემბერში წყვილი დაინიშნება, 1990 წლის იანვარში კი – იქორწინებს.
ირმა: ჩემი და კახას ურთიერთობა, გაცნობიდან დღემდე, ძალიან „დემოკრატიულ რეჟიმში” მიედინება. ზოგ ოჯახში ხან ქმარი თმობს პოზიციას, ხან – ცოლი, ჩვენთან კი, არცერთი მხარე მეორის „გადაკეთებას“ არ ცდილობს და ერთმანეთის აზრს ყოველთვის პატივს ვცემთ. დარწმუნებული ვარ, რომ ცოლქმრულ ურთიერთობაში მთავარი ერთმანეთის შეცვლა კი არა, სიყვარული და პატივისცემაა!.. ვერ ვიტყვი, რომ კახა რომანტიკოსია და სიურპირზებით მანებივრებს, ზედმეტი რევერანსები მეც მაწუხებს, მაგრამ ამ „სიმშრალის“ ფონზე, შეიძლება, უცებ ისეთი რამ გააკეთოს, რაც არასდროს დამავიწყდება...
– ქალბატონო ირმა, კახამ მაინც, რით მოგხიბლათ?
– საერთოდ, მერყევი ადამიანები არ მიყვარს. კახას კი გადაწყვეტილების მიღებაც სწრაფად შეუძლია, აზრის სწორად ჩამოყალიბებაც და ამ აზრის დაცვაც. თავიდანვე ჩემი ყურადღება, ალბათ, ამით მიიქცია... კახას ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. მარათალია, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, მაგრამ, თუ კახა მიიჩნევს, რომ პოლიტიკაში ყოფნა საშუალებას მისცემს, განათლების სისტემა შეცვალოს და ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმები გაატაროს, მის გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ.
– ხომ არ გეშინიათ, რომ მას შემდეგ, რაც დეპუტატი გახდება, ჭორებს აუგორებენ და თქვენს მეუღლეს რეპუტაცია შეელახება?
– (დამაჯერებლად) არა!
– კახა დამღლელი ადამიანია?
– არა, რას ამბობთ?! ძალიან მშვიდია. მეტიც, ერთადერთია, ვისაც შეუძლია, ნებისმიერ დაძაბულ ვითარებაში დამამშვიდოს და ცუდი განწყობა შემიცვალოს. მას სწორი სიტყვების მოძებნა შეუძლია.
კახაბერი: გაგვიმართლა, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ და ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, რომელიც ძალიან გვიყვარს. ზოგჯერ ერთმანეთის ძებნაც კი გვიწევს. ეს მომწონს, რადგან მგონია, რომ ძალიან დიდი დოზით ადამიანებს ერთმანეთის გადატანა უჭირთ.
– ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველსაც მოსაძებნი გაუხდებით?  
კახაბერი: (მტკიცედ) არავითარ შემთხვევაში!
– ქალბატონო ირმა, ალბათ, ერთი სული გაქვთ, კახაბერი დეპუტატი გახდეს და თქვენი ცხოვრებაც შეიცვალოს?
– რა უნდა შეიცვალოს?! – ისეთი ხმით ამბობს თანამოსაუბრე, რომ მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ძნელია, – ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება. უბრალოდ, ალბათ, იმაზე იშვიათად ვნახავ, ვიდრე ახლა ვნახულობ!
– ნამდვილად ასე იქნება, – დედას კვერს უკრავს კახაბერ კორძაიას უმცროსი ვაჟი, ლუკაც, რომელიც „თავისუფალი უნივერსიტეტის” იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და მამის წარმატებაში ეჭვი არ ეპარება. კახაბერის უფროსი ვაჟი, ბაბუის მოსახელე ჯანო (ჯანსუღ კორძაია) კი აშშ-ში ცხოვრობს, „ამერიკან ექსპრესის” სათავო ოფისში მუშაობს.  წელს კორნელის პრესტიჟული უნივერსიტეტის მაგისტრატურა დაამთავრა, ფინანსების განხრით და წარმატებული კარიერაც დაიწყო. თუმცა, მამა დარწმუნებულია, რომ ჯანო სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება. ბატონი კახაბერი იმასაც აღიარებს, რომ საქართველოში, ბევრ დარგში თანამედროვე განათლების მიღება შეუძლებელია და პარლამენტში სწორედ იმ მიზნით მიდის, რომ ქართული განათლების სისტემას „ხელი წააშველოს,“ ამ სფეროში პიროვნებებზე მორგებული კი არა, ჭეშმარიტად ეროვნული რეფორმა რომ გატარდეს!  
ირმა: კახა მშიშარა არაა და მის ამ თვისებას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ზუსტად ვიცი, თავის პოზიციებს, რაც უნდა მოხდეს, არც პარლამენტში დათმობს! პარლამენტში კახა მეცნიერებისა და განათლების კუთხით ბრწყინვალედ იმუშავებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ჟანგბადივით საჭიროა. კახა, თუკი არჩევნების შედეგები ამის საშუალებას მისცემს, „მოტორი“ იქნება, რომ სტრატეგიულად სწორი საგანმანათლებლო კონცეფცია შეიქმნას. ისე, თავის ხასიათისა და ერუდიციიდან გამომდინარე, კახას მუშაობა საგარეო მიმართულებითაც შეუძლია. ეკონომიკური ცოდნა და ხედვებიც აქვს და, თუ საჭირო გახდა, ამ კუთხითაც სტრატეგიულად სწორ ნაბიჯებს გადადგამს.  იცით, ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსებად რა მიმაჩნია? – ტოლერანტობა. კახა ძალიან ტოლერანტულია და ეს ნასწავლი კი არა, მისი თანდაყოლილი თვისებაა.
– კახაბერს კიდევ ისეთი რა თვისება აქვს, რომელიც მხოლოდ თქვენ, როგორც მეუღლემ იცით?
– განათლება და ერუდიცია კარგია, მაგრამ კახას ერთ-ერთი მთავარი ღირსება მაინც შინაგანი წესიერება და სამართლიანობაა: 26 წელია, ცოლ-ქმარი ვართ და არ მახსოვს, ვინმეზე უსამართლოდ რამე ეთქვას. მისი ეს თვისება მეც ძალიან მეხმარება.  
კახაბერ კორძაია ცოლ-შვილის შეფასებებს უხმოდ ისმენს. მის რეაქციებს ვაკვირდები – სახეზე ხან გაოცებას ვამჩნევ, ხან კი ეღიმება... ანაზდეულად, საუბრის თემას რადიკალურად ვცვლი, უფრო სწორად, ირმა რატიანს ვეუბნები, რომ მეუღლეს საჯაროდ რამე ჰკითხოს. ირმა ჟურნალისტის როლს მოხერხებულად ირგებს და თანამეცხედრეს გამომცდელად ეკითხება:
– როგორ ფიქრობ, ადამიანმა უკან ხშირად უნდა გაიხედოს?
კახაბერი წამიერად ფიქრდება და ამბობს:
– მგონია, რომ უკან საერთოდ არ უნდა გაიხედოს. ადამიანმა წინ უნდა იყუროს. წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების გადახედვა არ მიყვარს და ფრაზას: „მაშინ ასე რომ არ მექნა და ასე რომ არ მოვქცეულიყავი...“ ვერ ვიტან.
– ბატონო კახა, აქტიური დეპუტატი იქნებით?
– რა თქმა უნდა, რადგან მაჟორიტარობა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს – იმ საკითხების მოგვარებაზე უნდა იზრუნო, რაც შენს ამომრჩეველს აწუხებს. ამიტომ, ძალიან ბევრი კომიტეტის მუშაობაში ჩავერთვები და უკან არ დავიხევ, რომ ხალხს ცხოვრება მეტ-ნაკლებად გავუადვილო. სხვათა შორის, განათლების გარდა, მაკროეკონომიკაც კარგად მესმის და, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი არ ვარ, კანონის არათუ წაკითხვა, არამედ, მასში ჩადებული ნაღმების დანახვაც შემიძლია.
მიმაჩნია, რომ ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება, თუკი მცირე ბიზნესი არ განვითარდა. მართალია, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა ამბობს, მცირე ბიზნესს განვავითარებ და სამუშაო ადგილებს შევქმნიო, მაგრამ ეს დაპირება დღემდე დაპირებადაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, მთავარი დაპირება კი არა, საქმის გაკეთებაა! ამიტომ, რასაც ახლა ვიტყვი, შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამომრჩეველს კი არ ვპირდები, უბრალოდ, ვთავაზობ: მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა ერთად შევადგინოთ და მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის საიმედო ხიდი ვიქნები, რათა ეს გეგმა შესრულდეს! შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ პირადად მე, როგორც ამომრჩეველს, დეპუტატად მომღერალი ან ფეხბურთელი კი არა, არამედ, ისეთი პროფესიონალი მინდა, რომელსაც ცხოვრებაში რაღაც შეუქმნია. კი ბატონო, სიმღერაც კარგია და ფეხბურთის თამაშიც, მაგრამ დეპუტატს, მინიმუმ, მენეჯერული თვისებები უნდა ჰქონდეს და კანონის წაკითხვა შეეძლოს!
ისე, კახაბერ კორძაიას, როგორც დეპუტატის მთავარი მიზანი განათლების გრძელვადიანი ეროვნული კონცეფციის შექმნა, ეროვნული მეცნიერებების განვითარება, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა და ქართულ ადათ-წესებსა და ტრადიციებზე მორგებული კანონების მიღებაა. კახაბერ კორძაიას ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაზეც მისი ბიოგრაფიაც მეტყველებს:  2005-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანუ კანცლერი იყო; ამავე პერიოდიში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტის, „ლიბერალური ხელოვნების ინსტიტუტის დაარსება თბილისში“ მენეჯერი გახლდათ; 2002-2005 წლებში – ბალნეოლოგიურ კურორტ შპს „ნუნისის” გენერალური დირექტორი, უფრო ადრე კი, კერძოდ, 1999-2002 წლებში – ქართულ-იაპონური კომპანია „საქართველოს ინვესტიციების მართვისა და კონსალტინგის კორპორაციის“ გენერალური მენეჯერი. ერთხანობას, ფარმაცევტული საწარმო GPG-ის ფინანსურ დირექტორადაც მუშაობდა. ბოლოს და ბოლოს, კახაბერ კორძაია, პრაქტიკულად, პირველი ქართველია, რომელმაც ჯერ კიდევ 1993 წელს, იაპონიის განათლების სამინისტროს სტიპენდია მოიპოვა და 6 წლის განმავლობაში კიოტოს უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტში სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. კახაბერ კორძაია 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია და მიუხედავად იმისა, რომ 10 წელზე მეტია, აქტიურ სამეცნიერო კვლევას ჩამოშორდა, მსოფლიოს მასშტაბით, მისი ციტირების ინდექსი მაინც იზრდება. ანუ, კორძაიას სამეცნიერო ნაშრომებიდან ციტატებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები ხშირად იშველიებენ.
წარმატებებს გისურვებთ, ბატონო კახაბერ!

скачать dle 11.3