კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

რა წესები უნდა დაიცვას ბავშვმა, რომ სქოლიოზი არ განუვითარდეს და რა შემთხვევაშია დავაადების კონტროლი შესაძლებელი

სქოლიოზი  ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მოზარდებს აწუხებთ. ის  ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ყალიბდება, რის გამოც ყურადღებას გვიან ვაქცევთ. მსოფლიოში ეს პრობლემა მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს აწუხებს. საინტერესოა, რა არის ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი, რას უნდა მიაქციონ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება და როგორ ებრძოლონ მას.
მანანა ღუდუშაური (ტრავმატოლოგ-ორთოპედი): სქოლიოზი არის დაავადება, რომელსაც ახლავს ხერხემლის რკალისებური გადახრა ფრონტალურ სიბრტყეში და მალების შემობრუნება ვერტიკალური ღერძის გარშემო. მისი განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი ქსოვილის დარღვევა, ხერხემლის მალების ძვლოვანი ქსოვილის სისუსტე, მემკვიდრეობითი და ნევროგენული ფაქტორები. სქოლიოზის ოთხ ხარისხს გამოყოფენ: პირველი ხარისხის დროს გამრუდების კუთხე ათი გრადუსია; მეორე ხარისხის დროს – ოცდახუთი გრადუსი; მესამე ხარისხის დროს – ორმოცი და, მეოთხე ხარისხის დროს – ორმოცი გრადუსის ზემოთ. ეს დაავადება, სტატისტიკურად,  უფრო 16 წლამდე ასაკის გოგონებს უვითარდებათ, რადგან მათ კუნთოვანი სისტემა სუსტად აქვთ განვითარებული და ნაკლებს მოძრაობენ. სქოლიოზი შეიძლება იყოს: თანდაყოლილი, შეძენილი და შთამომავლობითი. 45 წელიწადია, ამ სფეროში ვმუშაობ და გეტყვით: იშვიათი შემთხვევაა, რომ ბავშვს ჰქონდეს გამრუდება და მშობელს – არა. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რაქიტს. ამ პათოლოგიით დაბადებული ბავშვების ძვლოვანი სისტემა სუსტია და ხერხემალი უფრო ადვილად მრუდდება. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებშიც ხერხემლის გამრუდების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
– არასწორი დგომა, ჯდომა, მძიმე ჩანთა როგორ აისახება ამ პრობლემაზე?
– რა თქმა უნდა, უარყოფითად. ცოტა ხნის წინ მოვისმინე, თითქოს მითია, რომ მძიმე ჩანთა ხერხემლის გამრუდებას იწვევს, რაც არაა მართალი. ხერხემლის გამრუდების საწყისი თითქმის ყველა ბავშვს აქვს და მას კიდევ დიდ და არათანაბარ სიმძიმეს რომ ავკიდებთ, აუცილებლად განვითარდება. ბავშვს ჩანთა ცალ მხარეს არ უნდა ეკიდოს, სიმძიმე ორივე მხარეზე თანაბრად უნდა იყოს გადანაწილებული, მაგრამ, როცა წონა დიდია, მაშინ ეს საკმარისი არაა. 7-10 წლის ბავშვის ჩანთა 5-6 კილოგრამია და ეს ხერხემალზე საშინელ ზეგავლენას ახდენს. წონის დასაშვები რაოდენობა კილო-ნახევარია. როცა წიგნები ასე მძიმეა, მშობლებს ვაფრთხილებ, რომ ბავშვს ჩანთა მაინც შეურჩიონ მსუბუქი ნაჭრის. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე ვურჩევდი, შვილებისთვის წიგნები დაეშალათ და ნაწილ-ნაწილ გაეტანებინათ სკოლაში, რათა ხერხემალს ნაკლები ძალა დადგომოდა, მაგრამ ახლა წიგნებს ერთი წლით ურიგებენ, მათი საკუთრება აღარაა და დაშლის უფლებაც აღარ აქვთ. ბევრმა მშობელმა გამოსავალი ბორბლებიან ჩანთაში იპოვა, მაგრამ ეს არაა სწორი, რადგან მისი ტარებისას, ბავშვს გვერდზე გადახრა უწევს, რაც ასევე, უარყოფითად აისახება ხერხემალზე.
– როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი არასწორად ჯდომას?
– თუ ბავშვი არასწორად ზის და ამის გამო შენიშვნას მივცემთ, ის გასწორდება, მაგრამ ეს მხოლოდ ორ წუთს გასტანს. სანამ ბავშვს არ ჩაუტარდება მკურნალობა და მისი კუნთოვანი სისტემა არ გამაგრდება, მანამდე ის დამოუკიდებლად ჯდომას ვერ გამოასწორებს. როცა ხანგრძლივი ვარჯიშის შედეგად, კუნთები ისე გამაგრდება, რომ ის თვითონ დაიჭერს ხერხემალს, ბავშვი გამართულად დაჯდება. წლების წინ, ბავშვისთვის განკუთვნილი სკამისა და მაგიდის გარკვეული სტანდარტები გვქონდა მოცემული, რის მიხედვითაც, ბავშვს მაგიდა იდაყვებამდე უნდა სწვდებოდეს, მაგიდის დახრილობა კი 15 გრადუსი უნდა იყოს. სკამის სიმაღლე ბავშვის მუხლიდან ქუსლამდე ზომას, სიგანე კი – თეძოების ზომას უნდა ემთხვეოდეს. ეს მონაცემები ასაკის მიხედვით, ინდივიდუალურად იცვლება და ამ წესების დაცვა ძალიან რთულია. მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ბოლო წლებში ძალიან ცუდი მერხები შეიტანეს სკოლაში. ისინი ჩინეთშია დამზადებული და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი განვითარება განსხვავდება მათგან, მერხები ქართველ ბავშვებზე მორგებული არაა. ისინი ფიზიკურად ჩვენზე პატარები არიან და ჩვენი ბავშვები ამ მერხებზე ვერ ეტეოდნენ. მერხები დაბალი იყო და, იძულებულები იყვნენ, წელში მოხრილები მსხდარიყვნენ. ამას კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომაც დაემატა. ეს ყველაფერი კი ხერხემალსაც აზიანებს, მხედველობასაც და ნერვულ სისტემასაც. ამიტომ, მშობლებს მეტი ყურადღება ჰმართებთ.
– გამოდის, თუ სწორად მოვიქცევით, ხერხემლის გამრუდების პრევენცია სახლის პირობებშიც შესაძლებელია.
 – დიახ, ეს ყველა მშობელს შეუძლია. პრევენცია, პირველ ყოვლისა, საწოლიდან უნდა დავიწყოთ. ნურავის ეგონება, რომ ძალიან რბილი საწოლი ფუფუნებაა და ამით ბავშვს კარგს უკეთებს. პირიქით, ხერხემლისთვის ცოტა მაგარი საწოლია მიზანშეწონილი. რაც შეეხება ბალიშს, ის ან საერთოდ არ უნდა გამოვიყენოთ ან ძალიან თხელი უნდა იყოს. ბავშვს სულ ზურგზე დაწოლილს ვერ გააჩერებ, მაგრამ გამართული მაინც უნდა იწვეს და ფეხები ცხვირთან არ უნდა მიიტანოს, რათა სქოლიოზი არ განვითარდეს. მე მყავს რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც კუზი განუვითარდათ – ეს უკვე მეოთხე ხარისხია. მშობლებმა გვიან შეამჩნიეს და მისი შეჩერება ვეღარ მოხერხდა. ეს არის სქოლიოზის პროგრესირებადი ფორმა, რომელიც საკმაოდ იშვიათია და ამ დროს ოპერაციული ჩარევაა რეკომენდებული.
 – რა ასაკშია შესაძლებელი გამრუდების შემჩნევა და რამდენ წლამდეა გართულება მოსალოდნელი?  
– გამრუდების შემჩნევა უკვე შესაძლებელია 1-2 წლიდან. რაც შეეხება გართულებას, ის 16-17 წლამდეა მოსალოდნელი. ამის შემდეგ, საშიშროება ქრება, მაგრამ, სამკურნალო ფიზკულტურა ადამიანმა მთელი ცხოვრება უნდა აკეთოს. ხერხემლის გამრუდების დროს, ხერხემლის მალებს ფორმა აქვს შეცვლილი და ასეთ მალებში ადვილად ვითარდება ოსტეოქონდროზი. სამკურნალო ფიზკულტურა კი ამის თავიდან არიდებაში დაგვეხმარება. ხერხემლის გამრუდებისას მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვისადმი დამოკიდებულებაც. ასეთ დროს ცეკვა უნდა გამოვრიცხოთ. შეიძლება,  მისი საშუალებით ტანადობა მართლაც გამოსწორდეს, მაგრამ ხერხემლის მდგომარეობა გართულდება. ამ დროს დატვირთვა კი არა, განტვირთვაა საჭირო, რაც წოლაში გამოიხატება. ბავშვი სკოლიდან რომ მოვა, ნახევარი საათი მაინც უნდა წამოწვეს და დაისვენოს. ძალიან კარგია ზურგზე, ბრასით ცურვა. ყველაზე მთავარი კი, სამკურნალო ვარჯიშებია, რომელიც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. თუმცა, მისი დასრულების შემდეგ, მშობელმა აუცილებლად უნდა გააგრძელებინოს ეს ვარჯიშები სახლში. ამისთვის ბავშვს ყოველდღე უნდა გამოუყოს  20-25 წუთი. თუმცა, არ შეიძლება, პარალელურად, ბავშვი მკურნალობის კურსზეც ვატაროთ, ცურვაზეც და თავისთავად, სკოლაშიც – ეს მისთვის უკვე ზედმეტი ფიზიკური დატვირთვაა. ამიტომ, ცურვა და ვარჯიშები ერთმანეთს უნდა შევუნაცვლოთ. ხერხემლის გამრუდების დროს ბევრი ჩივილი იჩენს თავს, რაზეც მშობელი ფიქრობს – არაფერია, გაუვლისო. მაგრამ, ასე არ უნდა მოვიქცეთ, გამომწვევ მიზეზს უნდა მივაკვლიოთ, თორემ, შეიძლება, მერე გვიან იყოს. როცა იცი, რომ ეს დაავადება გაწუხებს, კვების რაციონიც აუცილებლად უნდა განსაზღვრო და რძის ნაწარმით გაამდიდრო. რძე, ხაჭო და ყველი ამ დროს განსაკუთრებით კარგია და, გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთ დროს სიმძიმის აწევა არ შეიძლება. მინდა კიდევ ერთი რამ გარკვევით ვუთხრა მშობლებს: გამრუდებული ხერხემალი არ სწორდება. სისტემატური მკურნალობის შედეგად ხდება ხერხემლის გარშემო არსებული კუნთების გამაგრება, ტანდეგობის გაუმჯობესება და გამრუდების პროცესის შეჩერება, მაგრამ არა სრული განკურნება.
– შეიძლება, ბავშვს სქოლიოზი ისე განუვითარდეს, რომ ტკივილი არ აწუხებდეს და ამის გამო ეს მშობელს მხედველობიდან გამორჩეს?
– გარდატეხის ასაკში, ხშირ შემთხვევაში, ბავშვები დედის თანდასწრებით ტანსაცმელს არ იხდიან, აბაზანაში მარტო შედიან და, შესაბამისად, დედა მათ შიშველს ვერ ხედავს. ამიტომ, შეიძლება, ხერხემლის გამრუდება გამოეპაროს. თუმცა, ძირითად შემთხვევებში, ეს მაინც შესამჩნევია ხოლმე.

скачать dle 11.3