კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (1)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

კანის რა დაავადებები შეიძლება, გამოიწვიოს ზღვის წყალმა, მზემ და როგორ მოვუაროთ კანს რუჯისა და ზღვის სეზონის შემდგომ

ზაფხული რომ კანისთვის სერიოზული გამოცდა და ერთგვარი სტრესია, ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ამიტომ, მას არც შემოდგომაზე სჭირდება ნაკლები  მოვლა-პატრონობა. იღებთ რუჯს თუ არა, მზეზე მაინც ხვდებით.  მით უმეტეს, თუ ცდუნებას ვერ გაუძელით, გარუჯული კანის ბრინჯაოსფერმა ხიბლმა, ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შესახებ, ექიმების ყველა გაფრთხილება დაგავიწყათ და მზეზე ნებივრობით გული იჯერეთ, ახლა  სწორედ ის დროა, გაითვალისწინოთ პლსტიკური ქირურგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, დეა პაპასკირის რჩევები:
– რამდენად საზიანოა  ზღვა და რუჯი კანისთვის?
– ზღვის წყალი და მზე, როგორც ცნობილია, კანს აშრობს და მის დამცავ ლიპიდურ შრეს აზიანებს, რასაც მოჰყვება კანის მაღალი მიმღებლობა, მაგალითად, სოკოვანი ინფექციების მიმართ. ასევე, კანის ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება, ხშირად იწვევს ჰერპესული ინფექციების გამწვავებას.
– ზღვის სეზონის, რუჯის შემდეგ რა სჭირდება კანს?
– ზღვის სეზონისა და რუჯის შემდეგ, გამომშრალ კანს, შეძლებისდაგვარად, ღრმა დატენიანება სჭირდება. ყველაზე უმთავრესი გამომშრალი კანის ჰიდრობალანსის აღდგენაა. დღეში რამდენჯერმე გამოვიყენოთ თერმული წყალი, აღმდგენი და ანტიოქსიდანტური დამატენიანებელი კრემები. სასურველია ბიორევიტალიზაციის პროცედურა კანის ღრმა დატენიანებისთვის. რა თქმა უნდა, არსებობს ამ პროცედურის შემცვლელი სხვა საშუალებებიც, მაგრამ ისეთ კარგ ეფექტს ვერ იძლევა. ამისთვის არსებობს სხვადასხვა დამატენიანებელი ნიღაბი, რომლის შემადგენლობაში ხშირად შედის: ზეითუნის ზეთი, ყურძნის წიპწის ზეთი, ქოქოსის ზეთი, ავოკადო, თაფლი, იოგურტი, შვრია, კვერცხის ცილა, ლიმონი, კიტრი და ასე შემდეგ. მათი გამოყენება ნამდვილად ჯანსაღ ელფერსა და ტონუსს აძლევს სახის კანს. თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ მგრძნობიარე და ალერგიული კანის შემთხევაში, რომ კანის გაღიზიანება ან ალერგიული გამონაყარი არ გამოვიწვიოთ.  ამავე პროცედურით ვებრძვით ფოტოდაბერების პირველ ნიშნებს, უწვრილეს ნაოჭებს, ტონუსის დაკარგვას. თუ მზის ზემოქმედების შედეგად, კანზე მუქი ლაქები, ეგრეთ წოდებული, ჰიპერპიგმენტაციები გაჩნდა, შესაძლებელია, გამაღიავებელი მეზოკოქტეილების გაკეთება. გვიან შემოდგომით კი, შესაძლებელია პილინგის პროცედურების ჩატარება...
– თქვენ, პირადად, რა საიდუმლო გაქვთ – დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, რით ანებივრებთ სახის კანს?
– გაგიმხელთ ჩემს პირად „საიდუმლოს“. დღის ბოლოს, როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, აუცილებლად ვიტარებ სრულყოფილ დემაკიაჟს, რაც გულისხმობს, სახიდან და მათ შორის, თვალის ირგვლივი კანიდანაც, ყველნაირი კოსმეტიკური საშუალების სრულ მოცილებას. მაგალითად: ტონალურის, პუდრის ან რუმიანას, თვალის ფანქრის, ტუშის. ასევე, აღარ რჩება კანზე ჭარბი ცხიმი და მტვერი. კანს სუნთქვის საშუალება ეძლევა. დემაკიაჟისთვის საჭირო საშუალებები  კანის ტიპის მიხედვით შეირჩევა. ვიტენიანებ სახის, დეკოლტესა და თვალის ირგვლივ კანს და ვიკეთებ კრიომასაჟს ყინულის კუბიკებით. ყინული შესაძლოა, უბრალოდ, მინერალური წყლის იყოს, ხანდახან კი ოხრახუშის, კიტრის, შვრიის ან ჟოლოსიც კი. ასევე, შემოგთავაზებთ ანტიასაკობრივი ნიღბების ორ რეცეპტს:
1. სუფრის კოვზი ბერძნული ორგანიკ-იოგურტი, 1 სუფრის კოვზი გათლილი, გახეხილი კიტრი, 1 სუფრის კოვზი ცოცხალი, გახეხილი ალოეს ფოთოლი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. ეს ნარევი გაიჩერეთ სახეზე 20 წუთით, ჩამობანის შემდეგ კი წაისვათ დამატენიანებელი კრემი.
2. ნახევარი ავოკადო, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი თაფლი.
ეს ნიღაბი კარგად ატენიანებს, ნაოჭებს ასადავებს და კანს სიგლუვეს ანიჭებს.
– როგორ დავამზადოთ ზემოხსენებული ბოსტნეულის თუ ხილის ყინულის კუბიკები?
  - საკმაოდ მარტივად. კიტრი, უბრალოდ, გათალეთ და გახეხეთ. შემდეგ ჩაასხით ყინულის ფორმაში. დაჭრილ ოხრახუშს მცირეოდენი მინერალური წყალი დაასხით და დააბლენდერეთ. ჩაასხით, ასევე, ყინულის ფორმებში.
– დღეს ქალბატონებში ნაოჭებთან ბრძოლის ერთ-ერთი, ყველაზე აქტუალური საშუალება ბოტოქსია. რომელ სეზონზე არ არის მისი გაკეთება რეკომენდებული?
– დიახ, ბოტოქსი დღესდღეობით გახლავთ ყველაზე მოთხოვნადი და კარგი პრეპარატი ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში. მისი გაკეთება შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს. შემიძლია გირჩიოთ, რომ ბოტოქსის პროცედურის შემდეგ, არ არის რეკომენდებული რუჯის მიღება (მზეზე, სოლარიუმში), აუზზე, საუნაში სიარული, ასევე ალკოჰოლური სასმელი.
– რატომ არ შეიძლება ბოტოქსის შემდეგ აუზში, საუნაში წასვლა?
– ეს და კიდევ სხვა ფიზიკური აქტივობები იკრძალება, იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ ბოტოქსის დიფუზია – გავრცელება სხვა მიმდებარე ქსოვილებსა და კუნთებში, რაც გამოიწვევს არასასურველ გვერდით ეფექტს და ასევე, კანის შეშუპებას.
– არსებობს თუ არა ბოტოქსის შემცვლელი საშუალებები სახლის პირობებში?
– დიახ, არსებობს კოსმეტიკური ნიღბები, კრემები, რაც ბოტოქსის ეფექტურ ალტერნატივად მიიჩნევა სახლის პირობებში. მაგრამ იმ ეფექტის მიღწევა, რაც ბოტოლინოტოქსინის ინიექციით მიიღება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია.
– ძირითადად, რა შეცდომებს უშვებენ ქალბატონები თავის მოვლისას?
– დიდ შეცდომად მიმაჩნია, როცა ადამიანი ითვალისწინებს სრულიად არაკომპეტენტური პირის რჩევებს, გამოცდის ყველანაირ ინტერნეტ-რეცეპტს, მიმართავს თვითმკურნალობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის სპეციალისტთან. მინდა, ხაზგასმით ვუთხრა იმ ქალბატონებს, რომლებიც ცდილობენ, ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, კატეგორიულად თქვან უარი სოლარიუმზე. ხელოვნური რუჯი კანის ნაადრევი დაბერების მიზეზია. სამწუხაროდ, მეც ვსარგებლობდი ამ პროცედურით, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა.
– ქალბატონო დეა, რას გვირჩევდით ქალებს, რა აუცილებელი წესები დავიცვათ, რომ ჯანსაღი იერი შევინარჩუნოთ?
– უპირველესად, ქალებს ვურჩევდი, მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს:
1. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, რაც აქტუალურია 21-ე საუკუნეში, ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ მოძრაობა, ეს არის სიცოცხლე. ფიზიკური დატვირთვა  ადრეული ასაკიდან უნდა იქცეს ადამიანის ჩვევად.
2. სწორად შერჩეული რაციონი, ვგულისხმობ ბალანსირებულ კვებას, როცა ადამიანი იღებს ყველა საჭირო ვიტამინსა და მინერალს. უნდა მიირთვან განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტები, თევზეული, ბოსტნეული და ასევე, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყალი.
3. ძილის სწორი რეჟიმი (7-8 საათი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალობის გათვალისწინებით), რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.
ყურადღება მიაქციონ კანის ყოველდღიურ მოვლას – დემაკიაჟს, დატენიანებას. თუ უკვე სახეზეა დაბერების პირველი ნიშნები – ნაოჭები თვალის ირგვლივ, შუბლსა და ცხვირ-ტუჩის მიდამოში, ნუ დაეზარებათ სპეციალისტთან მისვლა მათ საკორექციოდ.

скачать dle 11.3