კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვენენ პირველი პოლიტიკოსი ქალები საკანონმდებლო ორგანოში და როგორ იბრძოდნენ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

მსოფლიოში უამრავი ქალია, დღესღეობით კი, ქალთა გარკვეული ნაწილი ქვეყნის სათავეშია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალისა და პოლიტიკის ტანდემმა შედგომა დაიწყო, როცა ფემინისტებმა ქალთა და მამაკაცთა უფლებების გათანაბრებას მიაღწიეს. ქალები პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას მოითხოვდნენ 100 წლის წინაც. საქართველოში ყველა დროში იყვნენ პოლიტიკურად აქტიური ქალბატონები. ერთ-ერთი მათგანია კატო მიქელაძე, რომელმაც განათლება საფრანგეთში მიიღო. პარიზში ცხოვრებისას გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას. 1916 წელს, საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიწყო ფემინისტური აქტიურობა და თანამოაზრეების შემოკრება.  1917 წელს, კატო მიქელაძის ინიციატივით, გამოვიდა პირველი და საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ფემინისტური გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“. სტატიაში გიამბობთ პირველ ქართველ ქალებზე პარლამენტში.
პირველი ქართველი ქალები პირველ საკანონმდებლო ორგანოში
ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეს, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რომელშიც ერთი საყურადღებო ფრაზაა: „საქართველო შინ აწესებს სრულ სამოქალაქო და პოლიტიკურ თავისუფლებას განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა, რწმენისა და მდგომარეობისა“. საქართველოში არჩევნების ისტორიის დასაწყისში – 1919 წლის 14-17 თებერვალს ქვეყანამ კონსტიტუციური პრინციპით ისარგებლა და არჩევნების გზით დააკომპლექტა საკანონმდებლო ორგანო – დამფუძნებელი კრება. არჩევნებისთვის სხვადასხვა პარტიის საარჩევნო სიებში კანდიდატებად სულ ოცამდე ქალი დარეგისტრირდა. დამფუძნებელი კრების წევრის სტატუსი კი  130-მა დეპუტატმა მოიპოვა, რომელთაგან  ხუთი ქალი იყო:  ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელისაბედ ბოლქვაძე და ანა სოლოღაშვილი.  ხუთივე სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ პარტიას ჰყავდა ქალი კანდიდატები პარტიულ სიაში. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელს სამი ქალი აწერს – ელისაბედ ბოლქვაძე, ანა სოლოღაშვილი და ელეონორა მახვილაძე. თითოეულ მათგანს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს. თუ მათ მოღვაწეობას გადავხედავთ, მარტივად მივხვდებით, რაოდენ დიდ პატივს სცემდნენ ისინი დამოუკიდებელი საქართველოს იდეას და როგორ უჭირდათ საბჭოთა მარწუხებში მოქცეულ სამშობლოსთან შეგუება.
მინადორა ეფრემის ასული ორჯონიკიძე-ტოროშელიძე – დაიბადა 1873 წლის 14 მარტს, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმიდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამის შემდეგ ერთვება მარქსისტული მოძრაობის წრეებში. 1901 წელს კი სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ქალაქის სოციალისტურ წრეებსა და „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში. სწორედ ჟენევაში იქორწინა მან მალაქია ტოროშელიძეზე. 1905 წელს, თბილისში დაბრუნებისთანავე, ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. მინადორა მუშაობდა წითელ ჯვარსა და „არაში“ (ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია). პარალელურად, ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, რომელიც  დაპატიმრებული სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების ოჯახებს ეხმარებოდა. შეიძლება ითქვას, მინადორა ერთდოულად ორ ფრონტზე იბრძოდა. დღესდღეობით  საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი. თუმცა, ამგვარი შეზღუდვა  დამფუძნებელი კრების დროს არ არსებობდა. 1924 წლის დასაწყისში ის იძულებით გადაასახლეს მოსკოვში. მას შემდეგ, რაც მენშევიკურ პარტიაში მუშაობაზე უარი თქვა, თბილისში დაბრუნდა. მოგვიანებით, მინადორა დააპატიმრეს. მან ბრალდებები უარყო და თავი დამნაშავედ არ ცნო. 5 წლით ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც ქალაქ ჩიმკენტის პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა. 1937 წლის 5 ივნისს ისევ დააპატიმრეს და 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში ყოფნა მიუსაჯეს. მისი სასჯელის ვადა 1945 წელს დამთავრდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თბილისში 1950 წელს ჩამოვიდა. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე 1967 წლის 19 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ელეონორა (ლოლა) მიხეილის ასული  ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძისა – დაიბადა 1875 წელს. 1902 წელს გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ  მუშათა პარტიაში. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდგომ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც ელეონორა იყო, ხელში აიღო სოხუმის მმართველობა და მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა ჩაანაცვლა. ბუნებრივია, მას ეს ასე მარტივად არ შეარჩინეს და 1908 წელს დააპატიმრეს კიდეც. 1921 წელს ის ჩაერთო ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში, 1925 წელს კი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის არალეგალური „ცეკას” შემადგენელობაში ირჩევენ. 1926 წელს საგანგებო კომისიამ ის დააპატიმრა და ამიერკავკასიიდან გაასახლა. 30-იან წლებში ელეონორა სამშობლოში ბრუნდება და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას იწყებს. ელეონორას გარდაცვალების თარიღი უცნობია.
ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1887 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში. ის იყო ქართველი პედაგოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. სწავლობდა ქუთაისის წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში. 1904 წელს გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. 15 წლის გოგონა არალეგალური სასწავლო წრის – მიწისქვეშა ჯგუფის ორგანიზატორი იყო. ამ წრის წევრებმა რამდენჯერმე გამართეს ქუთაისელ მოსწავლეთა ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, რომელიც მეფის აბსოლუტური ძალაუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. შარაშიძე მონაწილეობდა აკრძალული ლიტერატურისა და ხელნაწერი გაზეთების გავრცელებაში, რაც საბოლოოდ, სკოლიდან გარიცხვის ფასად დაუჯდა. 1905 წლის რევოლუციის მიმდინარეობისას მსახურობდა მედდად თბილისის ქუჩებში.1910-იანი წლების ბოლო პერიოდში პედაგოგიურ საქმიანობას მიჰყო ხელი. ასწავლიდა სხვადასხვა კერძო სკოლაში. მუშაობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელ კომიტეტში, მონაწილეობდა ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსებაში. 1917-1921 მუშაობდა ჟურნალ „ჯეჯილის“ სარედაქციო კოლეგიაში. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. შარაშიძემ კრების პრეზიდიუმის წევრისა და მდივნის თანამდებობა დაიკავა. პარლამენტის წევრობისას აქცენტს უმთავრესად სახალხო ჯანმრთელობის კანონმდებლობასა და განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე აკეთებდა. მის ყველაზე მამაც ნაბიჯად 1922 წელს ოკუპაციის გაპროტესტებას მიიჩნევენ. 25 თებერვალს, ქვეყნის გასაბჭოების წლის თავის გამო გამართულ საყოველთაო ზეიმის ფონზე, მისი თაოსნობითა და მისივე მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისის მეათე პედაგოგიური ტექნიკუმი პროტესტის ნიშნად გაიფიცა. შარაშიძე რამდენიმეჯერ დააპატიმრეს. რეპრესიებში მოყვა მისი ოჯახი. 1964 წლამდე მილიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იყო. მიუხედავად რეპრესიებისა, ქრისტინე არ შეშინებულა და 1953 წლის 21 თებერვალს, როცა ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა, ვაშლოვანის ქუჩიდან გამოსვენებისას, აკაკი შანიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან და რამდენიმე ადამიანთან ერთად, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, დაკრძალვისას სიტყვით გამოვიდა და გარდაცვლილს პატივი ბოლომდე მიაგო. 1940 წლიდან ივანე ჯავახიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მიწვევით, მუშაობდა ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერების გადმოღება-შესწავლაზე. 1958-1964 მუშაობდა ხელნაწერთა ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს იყო მასწავლებელთა სახლის ქართული ენის კაბინეტის გამგე და საისტორიო-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი. 1941-1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილებასა და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში. მოამზადა მნიშვნელოვანი ნაშრომი „პირველი სტამბა საქართველოში (1709-1722)“ – ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორიის შესახებ.
ანნა (ოლა) სოლოღაშვილი დაიბადა 1882 წელს. 1903 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად, სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაება ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. 1925  წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ანა სოლოღაშვილი 1937 წელს დააპატიმრა შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ. 1937 წლის 27 ნოემბერს საქართველოს სსრ-ის შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ეგრეთ წოდებული  „ტროიკა“) ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდისა და „შოვინისტური“ განწყობების, ასევე, „მენშევიკთა“ ლიდერ რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ოლა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯა.
ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ნაკაშიძე-ბოლქვაძე (1885-1937) – 1904 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წვერი; 1918 წლიდან კი „გურიის ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე. 1921 წლიდან ანტისაბჭოთა მოძრაობაში ჩაება, რის გამოც 1923 წელს დააპატიმრეს  და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, ანტისაბჭოთა მოღვაწეობა გააგრძელა და ხელახლა დააპატიმრეს. 1937 წელს, კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელობის ბრალდებით, კრასნოიარსკში დახვრიტეს.

скачать dle 11.3