კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აუწიეს „სატოპკე“ ვლადიმირ პუტინს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნის განცხადებით და როგორ დარჩა საქართველო ბედის ანაბარად

სანამ ჩვენ კვლავ წინასაარჩევნო ამბებით ვართ გართულნი, რაკი მოლდოვაშიც ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები, თვითაღიარებულმა დნესტრისპირეთმა დედა-რუსეთს მიმართა, არც მეტი, არც ნაკლები, შეერთების თხოვნით, რათა აღსრულდეს 2006 წლის რეფერენდუმის გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ რეფერენდუმი 2006-ში ჩატარდა, მაგრამ დნესტრისპირეთი რუსეთს ათი წლის შემდეგ სთხოვს მის შესრულებას. მეორე მხრივ, ერთ-ერთ „დუმელს“ არც დაუმალავს, რომ ეს მიმართვა მოლდოვაზე ზეწოლის ბერკეტია: თუკი მოლდოველები პრეზიდენტად პრორუს კანდიდატს აირჩევენ, ისტორია კეთილად გასრულდება, თუ არა –  შესაძლოა გართულებები. თუ გავიხსენებთ, რომ  მსგავსი შინაარსის რეფერენდუმები ჩვენს სეპარატისტულ ცხინვალშიც ჩაუტარებიათ და არაერთხელ უკვე მიუმართავთ კიდეც რფ-ისთვის შეერთების მოთხოვნით, დნესტრისპირეთის აქტიურობამ შესაძლოა, ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებშიც გამოიწვიოს ჩვენთვის უსიამოვნო რეზონანსი. რაც მთავარია, აშშ-შიც ელიან საპრეზიდენტო არჩევნებს და ახალი ხელისუფალი მომავალი წლის იანვარში შეუდგება  უფლებამოსილების აღსრულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს  თავისი მიზნების მისაღწვად, ანუ საკუთარი გავლენის გასაფართოებლად დრო წლის ბოლომდე აქვს. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი აშშ-ს არჩევნებამდე, როგორ შეიძლება, შეიცვალოს კონფიგურაცია 2016 წლის გასრულებამდე და შეძლებს თუ არა რუსეთი, ისარგებლოს მომენტით, –  ამ კითხვებზე პასუხის მიღებაში სოსო ცინცაძე დაგვეხმარება.
– ჩვენთვისაც მტკინეული თემაა დნესტრისპირეთის სურვილი, შეუერთდეს რუსეთს. რა ტაქტიკით მოქმედებს რუსეთი და არის თუ არა მართებული ჩემი ეჭვი, რომ ცდილობს, აშშ-ში ხელისუფლების ცვლილებამდე გაიმყაროს თავისი პოზიცია გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში?
– ეს საკითხი ცოტა ფართოდ უნდა განვიხილოთ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ახლახან ჩატარდა „დუმის“ არჩევნები; ერთი მხრივ, პუტინის პარტიამ დაიბრუნა საკონსტიტუციო უმრავლესობა, უკვე შეუძლია ნებისმიერი კანონის გატანა და არ სჭირდება აღარანაირი ჟირინოვსკი და კომუნისტები, მეორე მხრივ კი, პეტერბურგსა და მოსკოვში ამომრჩევლის უპრეცედენტოდ დაბალი აქტივობა იყო: მხოლოდ მესამედი გამოცხადდა, ანუ ორი მესამედი არ მივიდა არჩევნებზე. ამართლებენ იმით, რომ თითქოს მოსავალს იღებდნენ აგარაკებზე, არადა მოსავლის აღება შაბათსაც შეიძლებოდა, ერთი-ორი კალათა კიტრი და პომიდორი უნდა აიღონ დასამჟავებლად. ესაა მათი მოსავალი.
პუტინმა ახლა უკვე იცის, რომ „დუმა“ მისია და თითქოს ეს წარმატებაა, მაგრამ  ხანგრძლივ გათვლაში რუსეთის მმართველ პარტიას კრიზისი უახლოვდება. მცირდება ელექტორატის ლოიალობა.
– რაც ჯერჯერობით არჩევნებში არგამოცხადებით გამოიხატება.
– ჯერჯერობით პასიურობით გამოიხატება. ერთ წელიწადში 9 პროცენტით შემცირდა რუსების ფინანსური შემოსავალი. ეს საგრძნობი თანხაა, მით უმეტეს, რომ იქ ყველაფერი ძვირდება, სანქციებს კი ბოლო არ უჩანს. ასეთი მდგომარეობა, როდესაც არანახულად დაეცა მისი რეიტინგი, პუტინს ჰქონდა ორიოდ წლის წინათ და მაშინ ბრწყინვალედ გადაჭრა –  ყირიმის მიერთებით და აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების შეყვანით. გვახსოვს, სად ავარდა იმხანად მისი რეიტინგი. მაგრამ ამას დასავლეთიდან სანქციების დაწესება მოჰყვა, რის შედეგადაც პუტინის რეიტინგმა დაცემა დაიწყო და მან ისევ მიმართა სამხედრო აგერსიას რუსეთის გარეთ. ამჯერად სირიაში, რასაც, ასევე, მოჰყვა პუტინის რეიტინგის ზრდა. ეს – რაც შეეხებოდა რუსეთს. ახლა ვნახოთ, რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში: თითქოს წინ გაიჭრა ჰილარი კლინტონი, მაგრამ ავადმყოფობის გამო ცოტა ხანს გამოეთიშა არჩევნებს. ტელევიზიებისთვის მისწრება იყო, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი თავისი ქალიშვილის სახლიდან გამოვიდა და კინაღამ წაიქცა. ამის შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ მას პნევმონია აქვს. მართალია, უკვე გამოვიდა სახლიდან, მაგრამ გამოვიდა იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან იმდენად დაეცა მისი რეიტინგი, რომ, ფაქტობრივად, გაუტოლდა ტრამპისას, ერთპროცენტიანი სხვაობაა. ტრამპმა ეს მაშინვე გამოიყენა, ინვალიდი პრეზიდეტი გინდათო, თუმცა თვითონ ტრამპიც არაა პატარა ბიჭი, 71 წლისაა და არც მას აქვს რკინისებური ჯანმრთელობა, მაგრამ ასეთი რამეები მაინც არ ემართება.
– ევროპა თითქოს საერთოდ გამოეთიშა მსოფლიო გეოპოლიტიკას.
– ევროპა თავის პრობლემებში ჩაიკეტა, ამას დაემთხვა ის, რომ მერკელმა წააგო არჩევნები ბერლინში. ადგილობრივი არჩევნების დონეა, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა არასდროს. ბრიტანეთის ახალმა ლიდერმა თქვა, ჩემი საკულტო პიროვნებები არიან: ტეტჩერი, ჩერჩილი და პუტინიო. იტალია, უნგრეთი, კვიპროსი და გერმანია ყოველდღე ითხოვენ სანქციების გაუქმებას რუსეთის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში არ არის გამორცხული, რომ პუტინი წავიდეს ჩვეული გზით: რუსეთს გარეთ რამე ძალოვანი ოპერაცია ჩაატაროს.
– სირიაში ხომ მიაღწია ერთგვარ წარმატებას?
– სირიაში ამერიკელებმა ასადის არმიის პოზიციები დაბომბეს. მართალია, თქვეს, შეგვეშალაო და პუტინი ამბობს, არ შეშლიათ, პროვოკაციააო, მაგრამ, რა მოხდა, ამას უკვე ვეღარავინ გაიგებს. საერთო სიტუაცია ასეთია და ამგვარ ვითარებაში, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოზე ხმას არ იღებენ. იმავე ცხინვალის მიერთებაზეც ჩუმად არიან, თუმცა რეფერენდუმი პუტინს ჯიბეში აქვს.
– და, როცა უნდა, მაშინ ამოიღებს.
– რასაკვირველია. ეს იმას ჰგავს, მოთამაშეს რომ კოზირის კარტი აქვს დამალული და კრიტიკულ მომენტს ელოდება, მაგიდაზე დააგდოს და დაამთავროს პარტია. საქართველოშიც არჩევნებს ელოდება პუტინი. ცხინვალი რუსეთისთვის მაინც შავი ხვრელია. რომ მიიერთოს, მაშინ კმაყოფაზე უნდა აიყვანოს.
– მაგრამ ხომ ისედაც ჰყავს კმაყოფაზე?
– ჰყავს, მაგრამ, თუ მიიერთებს, მაშინ იქ ხელფასებისა და პენსიების რუსული დონე უნდა იყოს. ერთი რეესტრით მაღლა ადის პუტინის ვალდებულება. ასეთი სიტუაცია ყველაზე საშიშია ჩვენთვის, იმიტომ რომ, პუტინი ამ დროს გარე ფაქტორებს მიმართავს ხოლმე. პუტინი მშვენივრად იცნობს რუსულ მენტალობას: რუსი მუჟიკის მენტალობაა, ყველაფერს მოვითმენთ, ოღონდ ყირიმი დავიბრუნოთო; ყირიმის დაბრუნებით ათი წლის სიცოცხლე შეემატა ციმბირელ „ბომჟს“, რომელმაც რუკაზეც კი არ იცის, სადაა ყირიმი და ვერც ვერასდროს ჩავა იქ. ჩვენ ხომ სალონური ინტერესი არ გვაქვს დნესტრისპირეთზე საუბრისა?!
– ჩვენთან კავშირი აქვს და იმიტომ ვსაუბრობთ.
– რასაკვირველია, ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით, კოკას ეუბნებოდნენ, ლიტრავ, გესმოდესო. რაც ხდება, იმაში ჩვენი თავი უნდა წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ, მოლდოვასა და საქართველოს მდგომარეობა დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ასეთ სიტუაციაში თითქოს მილიარდი უნდა მისცე ქართველ პოლიტიკოსს, რომ „სატოპკე“ აუწიოს პუტინს და მოითხოვო ამერიკის ჯარის შემოსვლა საქართველოში. ეს არ არის უბრალო პროვოკაცია. ეს სუპერპროვოკაციაა, ძალიან მაგრად დაფინასებული, რადგან არ შეიძლება ასეთი რამის თქმა, მით უმეტეს, როდესაც იცი, რომ არანაირი ჯარი აქ არ შემოვა, პუტინმა კი  შესაძლოა, საბაბად გამოიყენოს. 2008 წელს „მაპიც“ კი არ მოგვცეს და არც არავის უთქვამს, რომ „ნატოში“ ვიღებთო, მაგრამ მედვედევმა მაინც გამოიყენა და თქვა, ომი რომ არ დამეწყო, „ნატოში“ შედიოდა საქართველოო. არადა საქართველო არსადაც არ შედიოდა. გერმანელებმა, ფრანგებმა და იტალიელებმა გარკვევით თქვეს უარი, მაგრამ მედვედევმა გამოიყენა და დღესაც ოფიციალურად აცხადებს, ჩვენ არ გვინდოდა ჩვენს ძმებ ქართველებთან ომი, მაგრამ სააკაშვილი უკვე „ნატოში“  შედიოდაო. თუმცა „ნატოში“ არავინ გვიშვებდა. ასეთი ზოგადი ვითარებაა და ამ პირობებში ინტერვიუში არასერიოზულია, რაღაც რეცეპტი მოგცეთ და გამოსავალზე ვილაპარაკო, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ეს საკითხი უნდა იყოს ქართული აკადემიური, საექსპერტო წრეების მეცნიერული მსჯელობის საგანი.
– რა შეუძლია, დაუპირისპიროს დასავლეთმა რუსეთის შესაძლო ქმედებებს?
– ამ დღეებში გამოქვეყნდა ცნობილი ამერიკელი გენერლის განცხადება, რომელშიც ის პირდაპირ ამტკიცებს, რომ „ნატო“ გახლეჩილია. ღმერთმა ნუ ქნას და პუტინი რომ მოულოდნელად თავს დაესხას „ნატოს“  რომელიმე სახელმწიფოს და მიიერთოს, „ნატო“ გარდა განცხადებებისა და გაეროსთვის მიმართვისა, ვერაფერს გააკეთებს. ვინაიდან „ნატო“ ორად გაიყო, ერთი ნაწილია ბალტიისპირეთი და პოლონეთი, რომლებსაც უშუალოდ ემუქრებათ რუსეთისგან საფრთხე და რომლებიც ითხოვენ დაფინანსების ზრდასა და გაძლიერებას და დანარჩენი წევრები „ნატოსი“, რომელთა საზრუნავი ახლა რუსული გაზია, რადგან ზამთარი მოდის. ჩავარდა პოლიტიკა, რომ რუსული გაზის ხვედრითი წონა 40 პროცენტს ჩამოსცილებოდა ევროპის გაზმომარაგებაში. „გაზპრომიც“ მზადაა ფასის დასაწევად და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თორემ, რაც რუსეთმა უნგრეთს გაუკეთა, დაწყებული ნიკოლოზ პირველით და დამთავრებული ხრუშჩოვის პერიოდით, როგორ შეიძლება, „ნატოს“ წევრი უნგრეთი დღეს პრორუსული სახელმწიფო იყოს, იტალიასთან და კვიპროსათან ერთად. კვიპროსი საერთოდ სასაცილოა, არავინ იცის, რით შეაყვარა პუტინმა თავი. ამ დროს კი არამეცნიერული, არასერიოზული და ანეკდოტურიცაა, რომ ჩვენთან კამათობენ, „ნატოში“ უნდა შევიდეთ თუ რუსეთთან უნდა დავარეგულიროთ ურთიერთობა?! თითქოს „ნატოდან“ მოსაწვევი მოსაწვევზე მოდის. მერკელმა ბოდიში მოიხადა დამარცხების გამო და თქვა, არ ვიცით, მიგრანტებს რა ვუყოთო. ინგლისმა ევროკავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყო. თურქეთთან ურთიერთობა გამწვავებულია, არადა მილიონამდე თურქი მიგრანტი ელოდება უვიზო მიმოსვლას, რომ შეცვივდნენ ევროპაში. ამის პარალელურად, აფეთქებებია ევროპასა და ამერიკაში და ამგვარ ვითარებაში ჩვენ დღეს, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა ვართ მიტოვებულები. რასაკვირველია, დასავლეთია ჩვენი ორიენტირი, მაგრამ ერთი რამ არ მესმის, „ნატოს“ გარეშე არ შეიძლება დემოკრატიულ საწყისებზე დავიწყოთ ფიქრი?!
– გასაგებია, რომ ჩვენი თვითმიზანი არა წევრობა, არამედ ჩვენთან დასავლური ცხოვრების სტანდარტის დამკვიდრებაა, მაგრამ „ნატოს“, აშშ-სა და ევროკავშირის განცხადებებია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ფორმალურად შენარჩუნების გარანტია. რუსეთმა კი აღიარა ჩვენი სეპარატისტული რეგიონები და განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.
– ერთია ურთიერთობის ნორმალიზაცია და მეორე რაღაც კავშირებში შესვლა. არ მგონია, ნორმალური ქართველი ითხოვდეს „ოდეკაბეში“ ან ევრაზიის კავშირში გაწევრიანებას. აქ, ჩემი აზრით, ოპტიმალური მაინც უბლოკო სტატუსია, რომ მანიაკალურად განწყობილ კრემლს იმის შიში მაინც აღარ ჰქონდეს, რომ საქართველო „ნატოში“ შეიძლება, მოხვდეს. მით უმეტეს, რომ დღევანდელ სიტუაციაში დამცველი არავინ გვყავს. ჩვენი დიპლომატია იმასაც ვერ ახერხებს, რომ ისეთი ურთიერთობა და ვალდებულება მაინც ჰქონდეს „ნატოს“ ჩვენთან, როგორიც აქვს „ნატოს“ არაწევრ ფინეთთან, შვედეთთან. მაგალითად, სამხრეთ კორეა არ არის არც „ნატოს“ და არც ევროკავშირის წევრი, მაგრამ იქ დემოკრატია ყვავის და არც ნეპოტიზმია. ჩინოვნიკები ქრთამს ყველგან იღებენ, მაგრამ ხელისუფლება ებრძვის ამას.
– ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ. რუსეთს როგორი სტატუს-კვოს დახვედრება უნდა 2017 წლის იანვარში ინაუგურაციის შემდეგ აშშ-ს ახალი პრეზიდენტისთვის: გავლენა პოსტსაბჭოთა თუ სრულიად პოსტსოციალისტურ სივრცეზე?
– თუ ტრამპი გახდა პრეზიდენტი, არავინ იცის, რა მოხდება, რადგან ერთია წინასაარჩვენო კამპანიები  და სულ სხვაა რეალობა. ამერიკის პრეზიდენტებიდან ყველაზე უდრეკი და ხმალამოწვდილი ანტიკომუნისტები იყვნენ ნიქსონი და რეიგანი, მაგრამ ნიქსონის დროს დაიწყო სსრკ-თან ურთიერთობის დათბობა, რეიგანის დროს კი –  ყველაზე დიდი ხელშეკრულებების გაფორმება საბჭოთა კავშირთან, მათ შორის, განიარაღებაზე. ნიქსონი თვითონ ბრწყინვალე სპეციალისტი იყო საგარეო პოლიტიკის, რეიგანი კი საერთოდ ვერ ერკვეოდა, მრჩევლები ჰყავდა. ჩვენ ერთი უნდა ვიცოდეთ: არავინ დაგვეხმარება და ამას ხედავენ რუსები. ყველაზე საშიშია დასუსტებული და კუთხეში მიმწყვდეული რუსეთი, რომელსაც ამხელა სამხედრო პოტენციალი აქვს. ეს მშვენივრად ესმით ვაშინგტონსა და ბრიუსელში, თანაც პუტინს არც პნევმონიის ეშინია, პირველი მმართველია რუსეთში, რომელიც არ ეწევა და არ სვამს. გინახავთ ასეთი რუსი?!

скачать dle 11.3