კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იტყუებს თავს ამომრჩეველი, რომელმაც იცის, რომ ატყუებენ

წინასაარჩევნო პერიოდი იმითაცაა გამორჩეული, რომ პოლიტიკოსები ამომრჩევლებს, ოღონდ მათი გულები დაიპყრონ და ციდან ვარსკვლავების მოწყვეტასაც კი ჰპირდებიან. უცნაური ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ: უდიდესი ალბათობით, თითოეულმა პოლიტიკოსმა იცის, რომ უხვად გაცემულ დაპირებებს ვერ შეასრულებს და იტყუება, უფრო მეტიც, იმავე უდიდესი ალბათობით, ამომრჩეველმაც იცის, რომ ატყუებენ, მაგრამ თავს მაინც ატყუებინებს. ამ ფენომენის ფსიქოლოგიურ მექანიზმში გასარკვევად ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე დავიხმარეთ.
– არჩევნებში იღებს მონაწილეობას ამომრჩეველი, ის ირჩევს ხელისუფლებას და ეს აქტი უზრუნველყოფს მის მონაწილეობას არჩევნებში და ასე ხორციელდება ხალხის, ანუ დემოსის მმართველობა, ანუ კრატია. პოლიტიკოსები, როგორც წესი, ატყუებენ ამომრჩევლებს. ამომრჩევლებმა იციან, რომ ატყუებენ. რა მექანიზმია ეს, როდესაც ერთმა მხარემ იცის, რომ იტყუება, მეორემ, რომ ატყუებენ და მაინც ატყუებინებს თავს?
– არის დაშვება, რომლის თანახმადაც, რაკი ხალხი თავისი ნებით აირჩევს საუკეთესოს, გადახედავს რა პროგრამებს, გააკეთებს რაციონალურ არჩევანს. ანუ დაშვებაა, რომ ადამიანი არის რაციონალური არსება და მხოლოდ გაანალიზების შედეგად გამოაქვს თავისი დასკვნა, თუ ვის მისცეს ხმა. სინამდვილეში ეს არის ილუზია, იმ გაგებით, რომ ადამიანი, ზოგადად, არის თუ არა რაციონალური არსება, ჯერ კიდევ საეჭვოა. რადგან ადამიანის არჩევანს განსაზღვრავს არა ობიექტური კრიტერიუმები, არამედ მარტივი მიკერძოება, მას რაც გამოადგება, იმას მისცემს ხმას. ამდენად, პოლიტიკოსის დაინტერესება ისეთივეა, როგორც მარკეტოლოგის, ანუ ვაჭრის, კარგად შეფუთოს თავისი საქონელი და კარგად მიჰყიდოს ამომრჩეველს. ეს საქონელი შეიძლება, იყოს დაპირება ან ფული, რომ მოისყიდოს, ან საჩუქრები, რომ ასიამოვნოს, პურ-მარილი გაუშალოს, მაისურები აჩუქოს, ბავშვთა სახლებში მივიდეს. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეფუთავს თავის პროდუქტს პოლიტიკოსი, რომ მოაწონოს თავი ამომრჩეველს. ამომრჩეველი ელის სარგებელს, ხოლო პოლიტიკოსი, თავისი აზრით, სარგებელს სთავაზობს მას და ამ შეთავაზების დროს წამყვანია დაპირება. მაგრამ, მეორე მხრივ, დაპირება თავის თავში იმთავითვე შეიცავს ტყუილს. იმიტომ რომ, შენ თუ რამის გამკეთებელი და მიმცემი ხარ, ამას დაპირება არ სჭირდება, ისედაც მისცემ, დაპირების გარეშე. ანუ კეთება წინ უსწრებს დაპირებას, როდესაც შენ ნამდვილად გინდა, რომ ადამიანს რამე გაუკეთო უანგაროდ. სიტყვას ყოველთვის წინ უსწრებს ქმედება, თუ გაკეთება გინდა: აკეთებ მაშინვე, ყოველგვარი დაპირების გარეშე. ადამიანი რომ იხრჩობოდეს, ხომ არ დაჰპირდები, თუ ჭკუით მოქცევი, გადაგარჩენო?! არა, თუ დაინახავ, რომ იხრჩობა, გადახტები და უშველი. ანუ სიკეთე, კეთილქმედება თავის თავში არ შეიცავს დაპირებას. ხშირად დაპირებას იძლევიან იმიტომ, რომ თავი მოუქონონ მეორე ადამიანს და დაპირების მიცემა თავისებური სურვილია, რომ მიიმხრო ადამიანი.
– მაგრამ პოლიტიკოსის შემთხვევაში, თუ არ დაჰპირდა, ჯერ როგორ შეამცირებს, მაგალითად, ტარიფებს ან გაზრდის პენსიას და შექმნის სამუშაო ადგილებს?
– არსებობს დაპირება და არსებობს პროპაგანდა, აგიტაცია,  გნებავთ, საარჩევნო კამპანია. როდესაც რამის გაკეთებას აპირებ, კი არ ჰპირდები, ალაგებ ფაქტებს და აჯერებ ადამიანს, რომ ასეთი და ასეთი ქმედებაა საჭირო ამ და ამ მიზნის მისაღწევად. მე მაქვს ასეთი და ასეთი სამოქმედო პროგრამა, რომ ამ მიზანს მივაღწიო და არჩევანი შენზეა, დამიჭერ თუ არა მხარს. წინასაარჩევნო აგიტაციისას კი, ადამიანს ეუბნებიან, მე უნდა მომცე ხმა. თუ ადამიანი მპირდება რამეს, გონებაში გავიფიქრებ, რომ მატყუებს და, ძირითადად, ასეა. ხანდახან შეიძლება, ისე გითხრას ადამიანმა, რომ ამა და ამას გაგიკეთებო, იგრძნობა, რომ გამკეთებელია. ზოგადად, დაპირება თავის თავში შეიცავს ადამიანისთვის თავის მოქონვას, დაპირების გამცემს შენგან უნდა რაღაც მანამდე, ვიდრე  თავად გაგიკეთებს რამეს.
– ქართველი ამომრჩეველი როგორ რეაგირებს დაპირებებზე, ანუ ტყუილებზე?
– ქართველი ამომრჩეველი პოლიტიკოსს უყურებს მომხმარებლურად, პოლიტიკოსიც უყურებს ამომრჩეველს მომხმარებლურად. მქონია შემთხვევა, იყო ერთი ადამიანი, რომელიც დევნილებთან კარგად მუშაობდა და იყო ერთი პარტია, რომელსაც ხმები სჭირდებოდა. ამ ადამიანმა პარტიას შესთავაზა დახმარება დევნილების ხმების მოზიდვაში, მაგრამ იმ პარტიამ უარი უთხრა, დევნილები მაინც არ მოგვცემენ ხმას და თავი რატომ უნდა შეიწუხოო. ანუ დევნილი, თუ გაუკეთებ კეთილ საქმეს შენი პოლიტიკოსობით, მოგცემს ხმას, მაგრამ, თუ შენ არ ხარ ორიენტირებული ამაზე და მომხმარებლურად უყურებ, იმთავითვე უკუაგდებ დევნილების ხმების მოზიდვის შესაძლებლობას. იმის თქმა მინდა, რომ ორივე, პოლიტიკოსიც და ამომრჩეველიც, ერთმანეთს მომხმარებლურად უყურებს და ერთმანეთს იყენებენ.
–  პოლიტიკოსიც ადამიანია, ფაქტია და, როდესაც ვარჯიშობს ამ ტყუილში, მისი ფსიქიკა როგორ იღებს ამ ფაქტს? ადამიანისთვის ბუნებრივია ტყუილების თქმა?
– აქ არის ორმაგი ტყუილი. არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანს არ შეუძლია, არ მოატყუოს თავისი თავიო. ანუ, თუ ვინმეს ატყუებს ადამიანი ყველაზე მეტად და არ შეუძლია, არ მოატყუოს, ეს საკუთარი თავია. როდესაც პოლიტიკოსი თავის დაპირებებს შეფუთავს სანდო სიტყვებში, ეს უკვე ნიშნავს, რომ იტყუება და გულწრფელი არ არის. რადგან გულწრფელი არ არის, თავის თავს აჯერებს, რომ მართლაც აპირებს ამომრჩევლისთვის კარგის გაკეთებას.
– ანუ პოლიტიკოსებს სჯერათ, რასაც ჰპირდებიან ამომრჩეველს, თუნდაც, ეს ტყუილი იყოს?
– ხშირად სჯერათ. ასეთი გაიძვერებიც არ არიან.
– არ გადაუვუწუროთ წყალი ბოლომდე?!
– დიახ. ის თავის თავსაც ატყუებს და შემდეგ სჯერა, რომ შეასრულა. მაგალითად, ივანიშვილს სჯერა, რომ „ოცნებამ“  დანაპირები შეასრულა. თავისი თავი დააჯერა ამაში და ძალიან ბევრი პოლიტიკოსი შემდეგ თავის თავს აჯერებს, განსაკურებით ხელისუფლებაში მყოფნი.  ტყუილი უნივერსალური მექნიზმია. ადამიანი, თურმე, ყოველ სამ წუთში ერთხელ იტყუება, რა თქმა უნდა, არა ძილში, ქმედებისას.
– იმედია, ახლა მე და თქვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ?
– როდესაც რაღაც  ორი რამ ერთმანეთს არ შეესაბამება, აი, ეს არის ტყუილი, მაგალითად, როდესაც ქცევა არ შეესაბამება ნათქვამს და ასე შემდეგ. არსებობს ორი ტიპის ტყუილი: ტყუილი, რომელსაც ამბობ და მეორე, როდესაც სიმართლეს მალავ. სიმართლის დამალვაც ტყუილია და სიმართლის დამახინჯებაც. ამ ორივე ტიპის ტყუილს იყენებს პოლიტიკოსი: ერთი მხრივ, მალავს რაღაცას და, მეორე მხრივ, ამახინჯებს. ანუ თვითონ არიან ილუზიაში.  მაგალითად, ვაჭრობაც შეიცავს ტყუილს, რადგან ნებისმიერი გამყიდველი გადამეტებულად აქებს თავის საქონელს. ტყუილითაა გაჯერებული მთელი სამყარო. ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ პოლიტიკოსები იტყუებიან, რადგან ამომრჩევლებიც იტყუებიან. თავიანთ თავს ატყუებენ, რომ ვიღაც მოსწონთ, ამ დროს კი, ეზიზღებათ, მაგრამ სჭირდებათ.
– „ნაციონალები“…
– ისინი ხომ, საერთოდ, ტყუილების ტირაჟირებას აკეთებენ.
– დავასრულებ შეკითხვას: ისინი ჩადენილ სისასტიკეზე, რომლის დამადასტურებელი ფაქტებია, ამბობენ, რომ არ ჩაუდენიათ. სჯერათ, რომ არ ჩაუდენიათ ის, რასაც ხედავენ?
– რა თქმა უნდა, თავიანთ თავს არწმუნებენ. თვით მკვლელსაც კი არ უნდა, რომ გამოჩნდეს საძაგელ პიროვნებად. ისიც კი თავის თავს იმართლებს და ცდილობს, გააკეთილშობილოს საკუთარი თავი. მით უმეტეს, პოლიტიკოსი. პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. ამიტომ მათ დაშვება აქვთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მაკიაველიზმი ხომ ამაზე იყო აგებული?!
– მაკიაველი საოცრებებს წერს, როდესაც პოლიტიკოსებს რჩევებს აძლევს: ისეთი უტიფარი ტყუილი უთხარით ადამიანებს, იფიქრონ, სიმართლე იქნება, თორემ ასეთ რამეს როგორ მოიტყუებსო. კულტურული შოკი მივიღე, პირველად რომ მისი რჩევები წავიკითხე. ჩვენი პოლიტიკოსები მიჰყვებიან მაკიაველის რჩევებს, რასაც მე ვაკვირდები.
– მაკიაველი თავისი ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი იყო და „მთავარი“ პატრიოტიზმით გაჟღენთილი ნაწარმოებია, მაგრამ პატრიოტიზმიც ტყუილითაა გაჟღენთილი, იმიტომ რომ, ძალიან ბევრ რამეში ატყუებ შენს თავს, როდესაც დადებით თვისებებს მიაწერ შენს თანამოძმეებს, ალამაზებ რეალობას. მაკიაველი არ იყო მატყუარა პიროვნება, ის ამბობდა, მიზანი ამართლებს საშუალებასო.
– მე ვერ ვეთანმხები, თუმცა ჩვენი პოლიტიკოსები ეთანხმებიან, როგორც ჩანს. ყველგან ასეთი მექანიზმია?
– ყველგან ასე ხდება. როდესაც კონგრესში დაკითხეს კონდოლიზა რაისი სადამ ჰუსეინის საქმესთან დაკავშირებით, გააანალიზეს მისი სხეულის ენა პასუხების გაცემისას და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამ მოიტყუა.
– ყოველ შემთხვევაში, არის საშუალება, შეამოწმონ, მოიტყუა თუ არა. ჩვენთან კი არ არის ამის არც საშუალება და არც მოთხოვნა, რომ შევამოწმოთ, ვინ იტყუება.
– მე იმას ვამბობ, რომ არც ტყუილისგანაა ვინმე დაზღვეული და არც ტყუილის გამჟღავნებისგან. მე ვილაპარაკე იმის შესახებ, რომ ტყუილისგან არავინაა დაზღვეული და თქვენ დაამატეთ, რომ იმ სისტემაში მატყუარების მხილებისგან არავინაა დაზღვეული. მართალი ხართ: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
– ამომრჩევლის რა თვისებებზე მეტყველებს, როდესაც ატყუებინებს თავს პოლიტიკოსს. არ სთხოვს იმის შესრულებას, რასაც დაჰპირდა. ჩვენთან განსაკუთრებული უტიფარი ტყუილების უფლებას აძლევენ თავს, ანუ ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ასე უტიფრად მოგვატყუონ?
– საინტერესო დებულებაა, რაც თქვით, რაოდენ ატყუებინებენ ამომრჩევლები თავს პოლიტიკოსებს. ეს მართლაც საინტერესოა საკვლევად. ალბათ, მართალი ხართ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით ატყუებინებენ თავს, იმდენად შესულები არიან როლში და იმდენად ანგაჟირებულები. ზოგს პოლიტიკოსი გარეგნულად მოსწონს, ზოგს –  მისი ლაპარაკი, ზოგის ნათესავია და ზოგიც რაღაც სარგებელს ელის. იმდენად ანგაჟირებულია თავისი მოტივაციის გამო, თანახმაა, თვალი დახუჭოს და საკუთარი თავი მოატყუოს. ჯერ საკუთარ თავს მოატყუებს და მერე პოლიტიკოსსაც მოატყუებინებს თავს.
– რომ იტყვიან, გვეშველება რამე?
– ჩვენი ადამიანები არ არიან ავთენტურები, არ არიან გულწრფელები. ჩვენი კულტურა არ არის სიმართლის თქმის, თუ იტყვი სიმართლეს, ჩაშვება გამოდის; თუ იტყვი სიმართლეს, გეტყვიან, რატომ აწყენინე ადამიანსო. ანდაზა კი გვაქვს: მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო, მაგრამ ამის კულტურა არ არის. იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებით, ადამიანი, როდესაც ამბობს სიმართლეს ან, გნებავთ, არასიმართლეს, ამბობს აუცილებლად ემოციურად. ანუ, როდესაც მეორეს მიუთითებს, ეს რომ გააკეთე, არ იყო სწორიო, ამას კი არ ეუბნება, არამედ ასე ამბობს: რატომ გააკეთე, შე ოხერო, ეს... და გადადის აგრესიაზე. ამ დროს მეორე მხარესთან მიდის მესიჯი, რომ სიმართლეზე კი არ უხელს თვალს, არამედ განადგურებას უპირებს. ესე იგი, სიმართლეზე თვალის ახელის კულტურა არ არის ჩვენთან. ჩვენთან არის აგრესიის კულტურა, რომ სიმართლე დაუმტკიცო ჟესტებითა და მიწოლით, ზეწოლითა და ღრიალით. ხმამაღლა ყვირილი ჰგონიათ არგუმენტი. თუ დედას შეაგინებს, ჰგონია, რომ ეს არგუმენტია. ან საკუთარ დედას დაიგინებს და არგუმენტი ჰგონია. ანუ „თინეიჯერებში“ არგუმენტის ძალა აქვს დედის შეგინებას და ზრდასრულებშიც კი. სიმართლეს ვამბობ, ჩემი დედა ასეო… როგორი ანტიკულტურაა?! სიღრმისეული უკულტრობაა. ამდენად, მართალი ხედვის კულტურა არ გვაქვს. დაახლოებით, ისევეა, როგორც მარკესის „მარტოობის ას წელიწადში“, გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობთ. ყველაფერი გამოგონილია, მთელი ქართული სუფრა გამოგონილია, სადღეგრძელოები გამოგონილია. ცხოვრებაშიც გამოგონილ რამეებზე ლაპარაკობენ. ადამიანები ფაქტებით კი არ მსჯელობენ, არამედ ინტერპრეტაციებით. ჭორაობენ და ჭორაობენ გაუთავებლად. ჩვენთან ჭორი ცვლის დიალოგსა და რეალურ ინფორმაციას: ყველა ჭორაობს და ჭორაობდა, პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც. იმიტომ რომ, გავიზარდეთ კულტურაში, რომელშიც ჭორია წამყვანი, მოგონილი ამბავია მთავარი და არა ფაქტი. ესეც არაა გასაკვირი. როდესაც შეადარეს იტალიური და იაპონური კულტურები, მათ შორის აღმოჩნდა შემდეგი განსხვავება: მაგალითად, თათბირები იაპონიაში ტარდება ისე, რომ მხოლოდ ფაქტებზე საუბრობენ, არანაირი ინტერპრეტაცია და ბოლოს გააკეთებენ დასკვნას; იტალიაში კი ფაქტებს წინ უსწრებს ინტერპრეტაცია. ჯერ ინტერპრეტაციაა და მერე ფაქტები. არ იცი, რა მოხდა, მაგრამ ინტერპრეტაციას უკეთებ. ასეა ჩვენთანაც და არცაა გასაკვირი. ეს დამახასიათებელია სამხრეთული კულტურისთვის.

скачать dle 11.3