კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სწირავდა ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ ქმარს და სად ერიდებოდნენ მას კეთროვანივით

ნანუკა ჟორჟოლიანმა ახალი სატელევიზიო სეზონი ახალი ფორმატის გადაცემით დაიწყო –  ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას ქმნიან. ეს არის  ამ სეზონის „ნანუკას შოუს”  მთავარი თემა. ცნობილი ტელესახე საქმეში თავით გადაეშვა –  გადაღებები, შეხვედრები, აქტიური ცხოვრების რეჟიმი.  დღეს, როცა უკვე თავისუფალი  ქალის სტაქტუსი აქვს და უკან მოიტოვა ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი, აქამდე ტაბუდადებულ თემაზეც გულწრფელად საუბრობს.  იმ განცდებსაც გვიმხელს, რისი გადატანაც ოჯახის დანგრევის შემდეგ მოუხდა. არც იმას მალავს, რომ იმ გზის გავლა, მისთვის ყველაზე მძიმე რომ იყო, ისე გამოუვიდა, სანანებელი არაფერი დარჩა.  
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ნანუკას შოუმ” მერვე სეზონი  დაიწყო.  შარშან  გადაცემის  დიდი  განახლება ვერ მოვასწარით. რთული წელი იყო, რაღაცნაირად,   უხასიათოდ, მდორედ  დავიწყე სეზონი. თუმცა, როგორც წესი, ჩემი კარგი ან ცუდი ხასიათი გადაცემას, მგონია, რომ არასდროს ემჩნევა. ახალი სეზონის დაწყებას მაინც სხვა ენერგია სჭირდება, რაც ახლა ნამდვილად  ბევრი მაქვს.  როცა არ გეზარება და თავდადებით აკეთებ საქმეს, მაყურებელი ამას ყველაზე კარგად ხედავს. წელს გადავწყვიტეთ, ვაკეთოთ არა თემატური გადაცემები, არამედ  ისტორიები პერსონებზე. პრინციპში, „ნანუკას შოუ”  ასე დაიწყო კიდეც, მაგრამ მერე, როდესაც „იმედიდან” წამოვედით, ისეთი დაბნეულობის პერიოდი იყო, ყველაფერს მივედ-მოვედეთ.   არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია.  ერთი გადაცემა ერთ  ადამიანზე, რომელსაც შეიძლება, მოვუძებნოთ ისეთი კუთხე, რომლითაც ისინი ცნობილი არ არიან,  ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა.  ახალ სეზონზე იქნება ბევრი  უცნაურობაც, ექსპრომტიც.  მაგალითად, შეიძლება, მოულოდნელად, სტუმარს თავზე წყალი დაესხას ან რაღაც ასეთი. მოკლედ, ისევ  გავხულიგნდით (იცინის). სტუმრებს შორის   ყველა ცნობილი და პოპულარული პიროვნება არ იქნება. ისეთ ტიპებსაც გაჩვენებთ, რომლებიც  აქამდე არ გინახავთ, მაგრამ  ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ.  ეს იქნება გადაცემები   ადამიანებზე, ვინც მუსიკით,  ცეკვით, პოლიტიკით, ქმნიან ჩვენს ქვეყანას.     
– პირველი გადაცემის სტუმარი  მიხეილ სააკაშვილი იყო. რატომ გახსენით ახალი სეზონი  ექსპრეზიდენტით, რასაც საზოგადოებაში ხუმრობაც მოჰყვა, მალე „რუსთავი 2“ „ეკივოკშიც”  მიხეილ სააკაშვილს მოიწვევსო.
–  ამ გადაცემამ  17-პროცენტიანი რეიტინგი დაწერა,  ეს არის წარმოუდგენელი რეიტინგი სეზონის პირველი გადაცემისთვის. როგორ შეიძლებოდა ამაზე უარის თქმა? მიხეილ სააკაშვილი მაყურებელს მარტო ჩემს გადაცემაში  პირობითად 120-ჯერ მაინც  ჰყავს ნანახი, მაგრამ ეს მაინც სულ სხვა იყო. უძლიერესი სცენარისტები მყავს. მათი დახმარებით, გადაცემა გამოვიდა ისეთი, რომ  მას იმ ადამინებმაც კი უყურეს, ვინც მიშა სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ნეგატიურად ან ნეიტრალურად  არიან განწყობილი.  იმასაც გეტყვით, რომ მე მქონდა მოლაპარაკებები გიორგი კვირიკაშვილთან,  რომელმაც ამ ეტაპზე თავი შეიკავა გადაცემაში მონაწილეობისგან.  ვერ ვიტყვი,  რომ ეს  იყო  პროტესტი მისი მხრიდან „რუსთავი 2-ის” მიმართ, შესაძლოა, წინასაარჩევნო კამპანიაში ვერ მოიცალა ამისთვის.  ასევე, რამდენჯერმე შევთავაზე გადაცემაში მონაწილეობა  ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პრეზიდენტს. ის რომ დამთანხმებოდა, ან თუნდაც პრემიერ-მინისტრი,  რა თქმა უნდა, პირველ გადაცემას მოქმედი პრეზიდენტით და პრემიერ-მინისტრით  დავიწყებდი.
– თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ  მეგობრები მაინც ძველ პოლიტიკურ გუნდში უფრო  გყავს, მაინც ისინი არიან შენი ფავორიტები.
–  ასე ვერ ვიტყვი. იმ გუნდში მყავს ორი მეგობარი – გიგი უგულავა და კეზერა. თუმცა, მე მაქვს ობიექტური წარმოდგენები და მოსაზრებები ყველაფერზე.   ამას წინათ სოციალურ ქსელში ისე გავაკრიტიკე ნაციონალები მათ მიერ სიაში ჩასმული კანდიდატისთვის,  კრიტიკაც ამას ჰქვია.  აქეთ ბანაკშიც არიან ისეთები, ვინც შეიძლება, ჩემი პირადი მეგობარი არ არის, მაგრამ მათ მიმართ მაქვს სიმპათია და  პატივისცემა.  იმის მიუხედავად, რომ ამ ბოლო დროს ყველგან კახი კალაძის სახელი ისმის, მე მასთან პერსონალური ურთიერთობები მაქვს, წარსული მაკავშირებს, როდესაც კახი ფეხბურთელი იყო, მე – „კურიერის” კორესპონდენტი და ბევრი კვეთა გვქონია ცხოვრებაში.  ის, რომ  მე მისი „შუზი” არ  მომეწონა ოფიციალურ შეხვედრაზე,  რაც ვთქვი კიდეც ხმამაღლა,   სხვა თემაა. ეს არ ნიშნავს, არ ვაღიარო, რომ კახი  ძალიან მაგრად იცვამს.
–  ძველი მეგობრების „გარდერობები” არასდროს გიკრიტიკებია.
–   როგორ არ მიკრიტიკებია. „ფეისბუქზე”  დავწერე  მიშას მყვირალა, მალინისფერ პერანგზე, მაგრამ ის არ აღიქვეს  მძაფარად. კახის “შუზზე” ატყდა ამბავი, რაზეც თავად კახის ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.  იუმორით შეხვდა ამ თემას და როგორც ვიცი,   უღადავია კიდეც,  ეს „შუზი”  ნანუკას უნდა გავუგზავნოო (იცინის). 
– სეზონის  სამივე  გადაცემაში სტუმრები პოლიტიკოსები იყვნენ,  როგორც ჩანს, საარჩევნო წელს პოლიტიკა „ნანუკას შოუშიც” დიდი დოზით იქნება.  ამას თუ იმასაც დავუმატებთ, რომ საკუთარი პარტია „ნანუკა ჟორჟოლიანი და გაბადრული საქართველოც” კი დააფუძნე...
– პარტიის კლიპიც კი ჩავწერეთ, მოვაწყვეთ ფოტოსესია, ბილბორდები. რა თქმა უნდა, ცოტა ვაშარჟებ ქართველ პოლიტიკოსებს. დავცინი მათ, ვინც ბავშვებს ხელოვნურად ეხუტება, ან ეკლესიის ფონზე იღებს კადრებს. თან, ვაჩვენებთ, რომ სხვა კუთხეც შეიძლება, ჰქონდეს ამ ყველაფერს.  ამ კლიპსა და ფოტოსესიაში ბევრი ამოიცნობს საკუთარ თავს.  მე მიყვარს პოლიტიკა და ამ მხრივ აქტიური მოქალაქე ვარ. ეს არ აისახება ჩემს გადაცემაში, მაგრამ სოციალურ ქსელში, ამ მხრივ ძალიან ვაქტიურობ. თანაც, ვფიქრობ, რომ წამყვანმა ფეხი უნდა აუწყოს ყველაფერს. “ნანუკას შოუს” ფორმატში არ ჯდებოდა სტიქია, მაგრამ ჩვენ ამ თემას შევეხეთ. არის  რაღაც, რასაც გვერდს ვერ აუვლი.   წელს უფრო მეტად ვიქნები ქუჩაში, მეტროში, ხალხთან, ველად გავიჭრები.  ნუ დაგავიწყდებათ, რომ მე სულით რეპორტიორი ვარ. „კურიერში” გავიზარდე. იმდენი წელი ვიხარშებოდი  ამ საქმეში, ამ როლიდან ბოლომდე ვერ გამოვდივარ. უფრო მეტსაც გეტყვით,  როდესაც საქმე პოლიტიკას ეხება – მე მქონდა შემოთავაზება „ნაციონალური მოძრაობიდან” წყალტუბოში, მაჟორიტარ დეპუტატად მეყარა კენჭი, მაგრამ უარი ვთქვი.   მე არასდროს  ვამბობ სიტყვას არასდროს, მაგრამ ამ ეტაპზე არ მგონია, რომ პოლიტიკას „შევერკინები.” 5 წლის შემდეგ რა იქნება, ამაზე არ ვფიქრობ.  ახლა რა დროს პოლიტიკა იყო, ახლა ჩემთვის ბრძოლის ხაზი „რუსთავი 2”-ზე გადის.  მთელი ცხოვრება  თავით ვეშვები იქ, სადაც სირთულე და სიძნელეა. როგორ შეიძლებოდა,  ახლა  „რუსთავი 2-დან” წასვლაზე მეფიქრა?    
– როგორ ცხოვრობ  თავისუფალი  ქალის სტატუსით? ასე მგონია, მას შემდეგ, რაც ქმარს დაშორდი, „თავის გადასარჩენად” თავით გადაეშვი საქმეში.
– ნებისმიერი ქალი ქალური  კრიზისის დროს, რაც ყველასთვის სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, გამოსავალს  ინსტინქტურად პოულობს. მე თავით გადავეშვი საქმეში – აქ კარგად ვარ, კომფორტულად, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, არ მაქვს ფიქრის დრო.  ნებისმიერ კრიზისში ადამიანს ამოჩემებები ეწყებათ. ზოგი მეგობართან გარბის, ზოგი სხვა ქვეყანაში. მე, ღმერთის წყლობით, მაქვს ის, რაც ჩემი შექმნილია და საკუთარი შვილივით მიყვარს. ვერ გეტყვით, რომ ამას სპეციალურად ვაკეთებ, შეიძლება, ქვეცნობიერი ინსტინქტია, მაგრამ ფაქტია, თავისუფალ დროს აღარ ვიტოვებ.  მარიამი წავიდა ამერიკაში, ჩემი დრო მას აღარ მიაქვს. ასე რომ, დღე და ღამე საქმეზე ვარ გადართული. ფიზიკურად თავს აღარ ვზოგავ. ასე ვარ ნებისმიერი  რთული პერიოდის  დროს. ეს შეიძლება შეეხებოდეს ძმას, მამას, რომელიც წლების წინ ინსულტით საავადმყოფოში მოხვდა.  როცა  ოჯახის ყველა წევრი მე შემომყურებს,  უცნაურია, მაგრამ ძალიან  ვძლერდები. 
– გასული წელი, როცა მეუღლეს დაშორდი,  განსაკუთრებით  რთული იყო შენთვის, თუმცა,   როგორც ჩანს, ამ ეტაპს ისე გაუმკლავდი, სულ აღარ  გეტყობა „კვალი”.
– მე ხომ  კრიზისების დაძლევის დიდოსტატი ვარ (იცინის).  პრობლემას ვერ გაექცევი, ის სადღაც მაინც დაგეწევა. ამიტომ, ასე ვიცი – ვდგები კედელთან და მის ნგრევას ვიწყებ. როდესაც ვთქვი, რომ პირად ცხოვრებაში მქონდა პრობლემები, უკვე გავლილი მქონდა ექვსთვიანი პერიოდი.  თავიდან არ გავახმაურე –  ჯერ ერთი, პრობლემის  მოგვარების და დალაგების  იმედი მქონდა: მეორეც, თავად  მან მთხოვა, ეს თემა ჯერ არ გამეხმაურებინა.  მარტიდან აგვისტომდე  მე  და ირაკლიმ ტაიმაუტი ავიღეთ. აგვისტოში მივხვდი, რომ ჩვენს ურთიერთობაში უკვე ხანძარი გაჩაღდა.  ეს იყო ურთულესი პერიოდი. ბევრი  ვცადე, მაგრამ მკვდარს ხომ არაფერი ეშველება.  მე მის თხოვნას  მაინც ვასრულებდი. მერე ვიფიქრე, თუ თვითონ აძლევს თავს უფლებას, იცხოვროს უცოლო კაცივით, მე რატომ უნდა ვიცხოვრო ქმრიანი ქალის სტატუსით და პასუხისმგებლობებით-მეთქი. როცა ეს ამბავი  ხალხმა გაიგო,  უკვე მოლეულ-დამთავრებულ-ნატირალ-ნანერვიულებული ვიყავი.  არავინ იცოდა, ორი-სამი მეგობრის გარდა. მამაჩემმა ჟურნალიდან გაიგო ეს ამბავი. ვუმალავდი, რომ არ ენერვიულა.   მე უკვე  გადატანილი მქონდა ყველაფერი  – ის პერიოდიც, როცა თბილისის ზღვაზე ლოგინიდან ვერ ვდგებოდი. ფიზიკურად ვიყავი ცუდად, ყველაფერზე მეტირებოდა. თბილისში გარეთ არ გავდიოდი,   გიჟივით  მარტო ბუდაპეშტში დავფრინავდი.  ჩავიდოდი, არაფერი გამოვიდოდა, ჩამოვიდოდი. მერე ისევ უკან მივრბოდი.  ყველაფერი გავაკეთე ამ ურთიერთობის გადასარჩენად.   ზუსტად იმ პერიოდში წავიდა მარიამი ამერიკაში სასწავლებლად, რაც ჩემთვის კიდევ  ერთი დარტყმა იყო. უბრძოლველად არ დავნებებულვარ და არ  ჩამიბარებია.  ისე ვიბრძოლე,  ბევრი რომ ვერ   შეძლებს. ექვსი თვის განმავლობაში ჩვეულებრივი, რიგითი ჯარისკაცი გავხდი. მერე იყო და   დიდხანს არ იჯერებდა ხალხი ამას. ეგონათ, რაღაც ხრიკი იყო ჩვენი მხრიდან, თან პოლიტიკასთან დაკავშირებული. ახლა ზუსტად ვიცი,  რომ  ის, რაც მოხდა, აუცილებლად მოსახდენი იყო ჩემს ცხოვრებაში.  პარადოქსს  გეტყვით – ვფიქრობ,  კარგიც კი არის, რაც მოხდა,  რადგან მას შემდეგ აბსოლუტურად სხვანაირად გავძლიერდი. დღეს ვფიქრობ, ეს გზა უღირსად არ გამივლია. ბევრს  დავანახვე ჩემი, როგორც ქალური, ასევე ადამიანური ერთგულების ხარისხი, რითაც  ვიღაცეებს  იდაყვები დავაჭმევინე.   მეორეც, დავამტკიცე, რომ ამ ბრძოლაში მე ვიყავი ძლიერი. რვაწლიანი ქორწინების მერე, როგორც ქალი დუნდები, შეცდომასაც მეტს უშვებ და მეტსაც აპატიებ. 37 წლის ასაკში დანგრეულმა ურთიერთობებმა გამომაფხიზლა და დამანახვა, რომ  კიდევ მაქვს შანსი, როგორც ქალმა თავიდან დავიწყო ცხოვრება.  იმის მიუხედავად, რომ მარტო ვარ,  ისეთი შეგრძნება მაქვს,  თითქოს ახალი სუნთქვა გამეხსნა. 
– დღეს როგორია თქვენი ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან?
– ჩვენ საერთოდ არ გვაქვს ურთიერთობა.  ერთმანეთის მტრები ვერ გავხდებით, მე ჩემს ყოფილ მეგობრებს არ ვმტრობ, რაც არ უნდა მაწყენინონ და შეცდომები დაუშვან. მე საკუთარ, განვლილ ცხოვრებას ვცემ პატივს, არასდროს ვღალატობ ადამიანს, ვისაც ჩემი მეგობარი ერქვა. შესაბამისად,   ჩვენ ერთმანეთის მტრები არ  ვიქნებით.   ჩვენ არ დავრჩით არც მეგობრებად, არც ამხანაგებად და კარგ   ნაცნოებებადაც კი.  ვახერხებთ იმას, რომ ძიძის მეშვეობით გვქონდეს ურთიერთობა საბასთან დაკავშირებით. მას პერსონალური ურთიერთობა აქვს მამასთან. როცა მისი გაგზავნის დრო დგება ბუდაპეშტში,  ამ საკითხსაც ძიძის მეშვეობით   ვაგვარებთ.  რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არასდროს ჩავდგები ამ ორ  ადამიანს შორის. კრუხი ვარ – რაც არ უნდა მაწყენინონ ჩემი შვილების მამებმა, ეს შვილებს არ უნდა შეეხოს. საბა კოდუამ იცის, რომ გმირი მამა ჰყავს, მაგარი, მე ასე ვფიქრობ თუ არა, ეს სხვა თემაა. საბამ ასე იცის და ასე იცოდეს, სანამ დიდი გახდება. მერე თვითონ გადაწყვეტს, ვინ რა როლს შეასრულებს მის ცხოვრებაში.  მარიამმა ჩემი პირველი ოჯახის დანგრევის გამო საკმაო ტრავმა მიიღო. მაშინ პატარა ვიყავი და იმიტომ დავუშვი შეცდომები. საბასთან იგივეს არ გავიმეორებ. ამ ტრავმას ვერ მივაყენებ. ამიტომაც ჰგონია, რომ ყველაზე მაგარი მამა ჰყავს მთელ მსოფლიოში.    დღეს მართლა  აღარ მაინტერესებს არაფერი, რაც ირაკლი კოდუას ეხება. თუმცა, საკმაოდ დიდხანს  ვეძებდი   ყველაფერს მასზე, იმ ქალზე. „ფეისბუქზე” ვეძებდი ფოტოებს.  შემთხვევით სააგენტოდან გავიგე ის, რასაც მე ვეძებდი.  როგორ დავმალო, რომ როგორც ქალს, მაინტერესებდა, როგორი იყო ვიზუალურად ის ქალი. თუმცა, ის არაფერ შუაშია. ქალური ინტერესია, ვინაა შენ შემდეგ. არ დაგიმალავთ, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, როდესაც  მისი ფოტოები  ვნახე. მას შემდეგ მათი ამბავი აღარ მომიკითხავს,  ყველაფერი წარსულში დარჩა.   ცოტა ხნის წინ   ბუდაპეშტშიც კი ვიყავი ჩასული მეგობრებთან. ამ ქალაქზე არასდროს  ვგიჟდებოდი, მაგრამ ახლა მომეწონა. ვნახე, თუ არა ირაკლი კოდუა? რა თქმა უნდა, არა! ბევრი იმ ქალაქში ვერ წავიდოდა, მე ეს შევძელი.  უკვე ვიცი, რომ ვარ მარტო.  მარტო ცხოვრებას ბევრი ხიბლი აქვს.  ჯერ ერთი,  ბევრ კომპლიმენტს იღებ, გაქვს იმედი და სტიმული, დაიწყო ახალი ცხოვრება. როგორც ქალი, ცოცხლდები. მარტო ცხოვრება სრული თავისუფლებაა. ამაზე მაგარი ხომ არაფერია?! ჩემი ხასიათის მიუხედავად, ბევრი რამისთვის მიწევდა ანგარიშის გაწევა.  ხშირად ისეთ პოზიციასაც ვიცავდი, რასაც არ ვეთანხმებოდი. მეორეც – ამ ქვეყანაში კოდუას ცოლობა სტიგმა იყო. თუ რამე ნეგატივი მოდიოდა ჩემზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცოლი ვიყავი. 99 პროცენტი მიზეზი ეს იყო. მახსოვს, სადმე რომ შევდიოდი, ჩემ ირგვლივ ხალხი იფანტებოდა. კეთროვანივით მიყურებდნენ. ახლა პირიქით, ყველა ცდილობს, ახლოს მოვიდეს, კომპლიმენტი მითხრას, გამიღიმოს.  
– თუმცა, შენნაირ ქალთან ურთიერთობის დაწყება იოლი არაა.
–  ვისაც არ აქვს იმის კომპლექსი, რომ გიცნობენ, რა სიძლიერის ხარ, ის არის მაგარი ბიჭი. ვინც ჩემნაირ ქალთან ურთიერთობას იწყებს, ის  სხვა ყალიბის კაცია და  მეც ასეთს ვეძებ. ქალაჩუნა კაცს მე ვერ ავიტან. საერთოდ არ ვფიქრობ, რა იქნება მომავალში. თუ რამე იქნება, ხომ იცით, პირზე ვერ დამაკავებს ვერავინ (იცინის).  იმაზეც არ ვფიქრობ,   კიდევ გავთხოვდები თუ არა. ამაზე რომ ვიფიქრე და ჩამოვთვალე მიზეზები, რისთვის უნდათ საქართველოში ქალებს ქმრები, მივხვდი, მე არც ერთი ამ მიზეზის გამო ქმარი არ მჭირდება. მე არც ბოძად თუ მხრად მჭირდებოდა ქმარი, იქით ვასრულებდი მისთვის ამ როლს. ვიყავი  „ხმლიანი,” დამცველი ცოლი, რომელიც იცავდა ქმარს, ძმას, მის ოჯახს. ამის გამო, რეალურად ყველაზე მთავარი – იმიჯის პრობლემა მქონდა. გამიფუჭდა ურთიერთობები ადამიანებთან. მე არ მჭირდება კაცი, როგორც  დასაყრდენი: ფინანსურადაც მშვენივრად უზრუნველვყოფ თავს; შვილები მყავს და რად მინდა ქმარი? წლების შემდეგ, როცა ჩემს შვილებს საკუთარი ცხოვრება ექნებათ, შეიძლება, მარტო შვილიშვილებთან ყოფნა მომწყინდეს და ქმარი მომინდეს, მაგრამ, ახლა, მის როლს ჩემს ცხოვრებაში ვერ ვხედავ.  ახლა მეტი დრო იმისთვის მაქვს, ჩემს თავს მივხედო, გამომითავისუფლდა დრო, რომელსაც ჭორების მოგერიებას ვუთმობდი. აღარ მიწევს პრესკონფერენციების ჩატარება ცემა-ტყეპაზე. ამ  ზაფხულს, ისე კარგად ვგრძნობდი თავს, არსად წავსულვარ. ზაფხული აქ  გავატარე. ძირითადად მარიამთან, საბასთან  ერთად ვიყავი.  მარიამს უფრო და უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს, ჩემთან იყოს, პირობა ჩამომართვა, რომ მეტ შვილს აღარ გავაჩენ. დავპირდი, რომ მისი შვილი – გოგონა იქნება ჩემი შვილი. ორ შვილს ძლივს ვყოფნი, მესამეს სად ვეყოფი? მხოლოდ ორ-სამდღიანი გასვლები მქონდა. დაბანაკებული ვიყავი ჩემი მშობლების სახლში, თბილისის ზღვაზე. სად უნდა წავსულიყავი? პირიქით, მთელი სამეგობრო ჩემთან მოდიოდა და კარგად ვერთობოდი. ჩემთან იყვნენ დედა, მამა, ძმა, ძმისშვილი, ბიძა, რომელმაც 12 წლამდე გამზარდა... ყოველ დილას მშობლები რომ გეკითხებიან, რამე ხომ არ გინდაო და საუზმე რომ გხვდება,  ამაზე დიდი სიამოვნება რა არის?! ამ ზაფხულს ვიყავი ბავშვი ჩემს სამოთხეში. ამიტომაც, შევხვდი ახალ სეზონს ძალიან ენერგიულად.  ისეთ ტალღაზე ვარ, მგონია, წელს განსაკუთრებული ამბები მელის.  ახლა მაქვს განცდა, რომ  რაღაც ახალი იწყება.  ისეთი მოქოქილი ვარ, ჩემი გაჩერება შეუძლებელია (იცინის).

скачать dle 11.3