კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რატომ დაიჩოქა ზურაბ სოტკილავას სიძემ – შალვა მუქერიამ „ლა სკალას“ სცენაზე

მსოფლიო საოპერო სცენაზე უამრავი ქართველი ვარსკვლავი ბრწყინავს, რომელთაგან, ერთ-ერთი ევროპის, აზიისა და ამერიკის საოპერო  სცენების  რომანტიკული საოპერო რეპერტუარის ოსტატად აღიარებული ქართველი ტენორი, შალვა მუქერიაა, მისი წარმატებები, მოკრძალებული ხასიათის გამო, საქართველოში ნაკლებადაა  ცნობილი. ის ახლახან, ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი იტალიური გამოცემის Opera Actual-ის ვერსიით, ცენტრალური ევროპის შემსრულებელთა შორის თანამედროვეობის საუკეთესო ტენორთა სიაში შევიდა. ის იყო ვენის ოპერის თეატრის შტატიანი სოლისტი,  ერთადერთი ქართველი ტენორი, რომელმაც „ლა-სკალაში“ კონტრაქტით იმღერა... ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ შალვას და გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
–  დავიბადე ვერაზე, ფიქრის გორაზე, იტალიურ ეზოში. დედა – რუქაია ცინცაძე 40-45 წელი იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის გუნდის მსახიობი და საქართველოს დამსახურებული არტისტი. ასეთ ტიტულს არასდროს აძლევენ გუნდის წევრს – გუნდში სიმღერა უფრო დაუფასებელი შრომაა. მამაც მუსიკოსი გახლდათ, პროფესორი. ისიც, ასევე, 45 წელი მუშაობდა კონსერვატორიაში, ოპერის თეატრის ორკესტრის კონცერტმაისტერად. ჩემი ძმა დირიჟორია, ბაბუაც – მამის მხრიდან,  ლოტბარი იყო, ძალიან დიდი, ასკაციანი გუნდი ჰყავდა. სიმონ ხონელი დამსახურებული არტისტი, კაკი წერეთლის  მეგობარი, რომელსაც ნაძალადევში თეატრი აუშენეს, ჩემი დიდი ბაბუა გახლდათ. მოკლედ, ხელოვანების ოჯახიდან ვარ. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ მახსოვს, 5-6 წლის ვიყავი, უკვე გადაწყვეტილად ვიცოდი, რომ უნდა მემღერა, მომღერალი უნდა გამოვსულიყავი. დავამთავრე ნიჭიერთა ათწლედი. მშობლებმა კონსერვატორიაში ჩამაბარებინეს, კლარნეტ-საქსოფონის მიმართულებით მაგრამ, ყოველთვის ვიცოდი, რომ კლარნეტს გადავაგდებდი და  სიმღერას დავიწყებდი.
– ბატონო შალვა, როდის დაიწყეთ სიმღერა?
– ანზორ ერქომაიშვილმა ამიყვანა ანსამბლ „რუსთავში“. დაახლოებით ერთი თვე ვიარე, მაგრამ ვერ გავძელი და მოვუბოდიშე ბატონ ანზორს. მეგობრებად დავშორდით და წამოვედი. სიმღერა მიყვარდა, მაგრამ კლასიკური ვარჩიე. შემდეგ ჩავაბარე ოდესის კონსერვატორიაში და დავიწყე ხმის ვარჯიში. სუფრასთან რომ ზიხარ და იმღერებ, ყველა გეტყვის – ეს რა კარგი პროფესია გაქვს, ზიხარ და მღერიო, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან რთულია და ბევრ ძალისხმევასა და მუშაობას მოითხოვს. ეს არის სიძნელე, რომელიც პირველად ოდესაში შევიგრძენი.  იქ  გადაიდგა ჩემი პირველი ნაბიჯები დიდი სცენისკენ.  ეს იყო ძალიან საინტერესო და კარგი პერიოდი. პირველი წარმატებაც მას უკავშირდება. სექტემბრიდან რომ დავიწყე ვარჯიში, დღე და ღამე ვმუშაობდი და ჩემმა ნამუშევარმა უკვე დეკემბერში სრული ფორმა მიიღო და შედეგიც გამოჩნდა – სცენაზე ჩემმა გამოსვლამ დიდი წარმატებით ჩაიარა. კურიოზიც კი მოხდა, როდესაც პირველად დავდექი ოდესის თეატრის სცენაზე. გავედი, დავიწყე სიმღერა და დაიწყეს სიცილი. ვიფიქრე, ხალხს გაუხარდა ჩემი გამოსვლა-მეთქი, მაგრამ შუა სიმღერის დროს ისევ სიცილი მესმის. მივედი დასასრულისკენ და ისევ მესმის დარბაზიდან სიცილი. ვფიქრობ, მგონი, კარგად შევასრულე და ნეტა რატომ დამცინიან-მეთქი – თურმე, ჩემი გამოსვლისას გამოიარა კატამ, რომელიც ამ თეატრში ცხოვრობდა, მერე გამოჰყვა ძაღლი, რომელიც ერთ-ერთ მსახიობ ქალს ჰყავდა მოყვანილი და ჩემი სიმღერის დასასრულს კი, ორივე ერთად გამოვიდა და დაიწყეს ჩხუბი. ოდესის წარმატების შემდეგ ჩამოვედი თბილისში და ჩემს ძმასთან ერთად გავმართე კონცერტი. კონსერვატორიის მცირე სცენაზე რეკორდული რაოდენობის – 18 ნაწარმოები შევასრულე.
– ბატონო შალვა, ვენის ოპერის შტატიანი სოლისტი იყავით, ალბათ, ძალიან წარმატებული პერიოდი იყო  ეს თქვენს კარიერაში...
– 1999 წელს ფლორენციის თეატრის სცენაზე მომცეს ოპერა „ლა სომნამბულა“. ეს იყო ჩემი პირველი იტალიური წარმატება. იტალიის ყველა დიდ თეატრში ვიმღერე. ვენის ოპერის შტატიანი სოლისტი ვიყავი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა – ერთ-ერთი უძლიერესი თეატრია... ვენის ოპერის თეატრს ხომ ერთ დროს გუსტავ მალერი ხელმძღვანელობდა. ავსტრია მოცარტის ქვეყანაა. ვენაში შვიდი წელი ვიცხოვრე. ძალიან მიყვარს ავსტრია. ეს არის კულტურის ცენტრი, უდიდესი ოპერის თეატრით. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო იქ მუშაობა – ვენაში პირველად შევასრულე „პურიტანები“ და მეორე დღეს უკვე ცნობილმა გავიღვიძე. მთელმა ჟურნალ-გაზეთებმა „ამიტაცეს”. ეს როლი ორ კვირაში მოვამზადე და ამხელა წარმატებას არავინ ელოდა. დირექტორი ამბობდა:  მუქერია ზღვაში გადავაგდე, მაინტერესებდა, თუ გაცურავდა და გაცურა კი არა, მეორე ნაპირზე გავიდაო. შემდეგ, 2007 წელს, „ლა სკალაში“ მიმიწვიეს, სადაც მაშინ ნინო მაჩაიძესთან ერთად ვიმღერე. მაყურებელი თითქმის ერთი წუთი მიკრავდა ტაშს. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა წარმატებები. ცალ მუხლზე დავიჩოქე და ისე გავედი, რომ  იმ ხალხისადმი პატივისცემა გამომეხატა. მას მერე იტალიის სცენაზე ვდგავარ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა.
– თქვენი შემოქმედებითი მოგზაურობა და გამოსვლათა გეოგრაფია ძალიან ფართოა. განსაკუთრებით რომელი პუბლიკის წინაშე გიყვართ  გამოსვლა?
–  ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იტალიელების წინაშე გამოსვლა, რადგან ისინი უფრო ფაქიზად გრძნობენ ოპერას. თუ შეგეშალა, არ გაპატიებენ, თუ რაღაც კარგი და ახალი გააკეთე, თან მათ მაგარ მომღერლებზე უკეთესი, უფრო აგიტაცებენ. მე გერმანელი მაყურებლის წინაშეც მიყვარს გამოსვლა. ხომ ამბობენ, ვითომ ცივი ხალხიაო, მაგრამ სითბოს გამოხატავენ – ტაშზეც კი იგრძნობ მათ დამოკიდებულებას. ვგიჟდები იაპონიაზე. ვერ გეტყვი, რომ ისე გრძნობენ მუსიკას, როგორც იტალიელები, მაგრამ ტექნიკის მხრივ, ბევრად წინ არიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ყველაფერს აკეთებენ, საუკეთესო მომღერლებს იწვევენ, რომ ხალხის კულტურული დონე აამაღლონ. იმათ ხომ სხვა კარგი მომღერლები ჰყავთ მოსმენილი და მათ გადარებენ, თბილად გექცევიან. უკვე ხუთჯერ ვიყავი იქ. ძალიან მიყვარს იაპონიაში ჩასვლა. ვაფასებ მათ ასეთი მონდომებისთვის, ერის ცნობიერება და კულტურა რომ უნდათ, წინ წასწიონ. ლადო ათანელთან ერთადაც ვიყავი იაპონიაში. ლადოს მეუღლეც ახლდა. ერთი თვე დავრჩით და დავიდოდით სხვადსხვა რესტორანში, ქალაქებში, ბაზრობაზე, სადაც საუკეთესო იაპონური ნივთები იყიდებოდა. ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ჩემი საყვარელი ქვეყანაა. თუ გინდა, სხვებზე ცოტა უკეთესი იყო, მეტი შრომაა საჭირო, ვიდრე სხვა შრომობს. რაღაცას რომ აკეთებ, წინააღმდეგობაც მეტი გხვდება. ეს ყველაფერი რომ გადალახო და წინ წახვიდე, ნერვებიც მწყობრში უნდა გქონდეს. ნერვებს კი მოვლა და ზრუნვა სჭირდება. სცენაზე გასვლის წინ თუ სამუშაოში ვარ ჩართული, ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან კუნთები მაქვს მზად. დასვენება ხმისთვის ძალიან ცუდია. კარუზო ამბობდა: „ყველაზე ცუდი ხმისთვის ის არის, როცა ხმა გაჩერებულიაო“.  კარგია აქტიური დასვენება – როცა ნოტებს სწავლობ ან სიტყვებს. ეს ყველაფერი კი – ყოველდღიური ჩართულობა, საინტერესო  და საჭირო პროცესია. შრომას ჩვენს საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ დილიდან საღამომდე არ იმეცადინე, რთულია წარმატების მიღწევა.
– თქვენ ახლახან კიდევ ერთ დიდ წარმატებას მიაღწიეთ. მსოფლიოში ცნობილმა და პრესტიჟულმა ჟურნალმა Opera actual-მა თანამედროვეობის თორმეტ საუკეთესო ტენორს შორის დაგასახელათ. რას ნიშნავს ეს წარმატება თქვენთვის?
– ტენორებიდან ძალიან ცოტა თუ გამოსულა „ლა სკალას“ სცენაზე ამხელა წარმატებით. პირველი ქართველი ტენორი ვარ, რომელმაც კონტრაქტული სისტემით იმღერა. სხვები იქ სწავლობდნენ და ისე იმღერეს. მე კი, ერთადერთი ტენორი ვარ, რომელსაც მოუსმინეს  და კონტრაქტით ამღერეს. ეს არავინ იცოდა. მე ცუდი თვისება მაქვს – არასდროს არაფერს ვყვები. 2007 წელს გამოვედი „ლა სკალაში“ და დაინგრა დარბაზი. თითქმის ყველა დიდი თეატრის სცენაზე მიმღერია, მაგრამ არავინ იცის. წავიდოდი, ვიმღერებდი, ვიმეცადინებდი, მოვიდოდი სახლში და დავიძინებდი. ზოგი ცოტა უცნაურადაც კი მთვლიდა. მარტოობის მინუსიც სწორედ ეს არის. ადრე რომ ვინმე მყოლოდა გვერდით, მეტყოდა: მოდი, შალვა, თქვი, გაიგოს ხალხმაო.  ახლა ჩემი მეუღლე მიწყობს ხელს. ბრწყინვალე ინტუიცია აქვს. ახლაც, არ დამიჯერებთ, რაც მოხდა: ორი წლის წინ, ვრცელი ინტერვიუ მივეცი ჟურნალ Opera actual-ს, საიდანაც მას მერე, ყველა ნომერს მიგზავნიან. არ ვკითხულობ, რადგან ოპერის სფეროში მიმდინარე მოვლენები ისედაც კარგად ვიცი. ხომ არ დავაგროვებ ამდენ ჟურნალს და ვყრი. ახლაც უნდა გადამეგდო, მაგრამ ჩემმა მეუღლემ არ გადამაგდებინა. გადაშალა და გაგიჟდა, ნახა, რომ მსოფლიოში მოქმედ 12 საუკეთესო თანამედროვე ტენორს შორის ვიყავი დასახელებული. მან მითხრა, რომ ეს უნდა გვეთქვა. გამოუგზავნა ჩემს ძმისშვილს, რომელმაც „ფეისბუქზე“ დადო. ახლა კი თქვენ მირეკავთ და ვწერთ ინტერვიუს. ადრეც, გვერდით რომ ვინმე მყოლოდა, ყოველი ჩემი წარმატება გამოჩნდებოდა, ეცოდინებოდათ ქართველებს. ამიტომ აქვს მეუღლეს დიდი მნიშვნელობა.
– თქვენი მეუღლე ზურაბ სოტკილავას ქალიშვილია. ალბათ, პროფესიული თვალსაზრისითაც ხელს გიწყობთ...
– ჩემი მეუღლე – ქეთი სოტკილავა, ზურაბ სოტკილავას ქალიშვილია. გვყავს ერთი შვილი – ლევანი, რომელიც უკვე სკოლაში დადის. მახსოვს, 1997 წელს ბათუმში დავით ანდღულაძის საერთაშორისო კონცერტი გაიმართა და ქეთი იყო ორგანიზატორი. პირველივე დანახვისას ძალიან მომეწონა. ამაზე რომ ვამბობ, მაშინვე ის კადრი მახსენდება, ბათუმის ოპერის თეატრში რომ დავინახე. მე გულით ვიგრძენი, რომ ქეთი უნდა გამხდარიყო ჩემი მეუღლე. მას შემდეგ იშვიათად ვეხმიანებოდით ერთმანეთს. გავიდა ათი წელი და ფეხზე რომ დავდექი ფინანსურად და კარიერის მხრივაც, მივხვდი, უნდა დავოჯახებულიყავი და ჩემი მეუღლე ქეთი უნდა ყოფილიყო. დავურეკე და დღეს ის უკვე ჩემი მეუღლეა. მანამდე სულ მარტო ვცხოვრობდი. მარტო ცხოვრებას თავის პლუსებიც აქვს იმ მხრივ, რომ საქმისთვის მეტი დრო გრჩება. მაგრამ აქვს თავის მინუსებიც, თუმცა მე ვიტანდი მარტოობას. მერე კი მოვიდა ის პერიოდი, როცა დაოჯახება ვისურვე და ბედნიერი ვარ, ასეთი მეუღლე რომ მყავს. კაცისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი ქალი უდგას გვერდით. ერთ-ერთი დიდი „ძრავაა“ მეუღლე კაცისთვის და ამისთვის  ქეთის მადლობელი ვარ. კარგად ესმის ჩემი და პროფესიულად ძალიან მიწყობს ხელს. თვითონაც ხელოვნებათმცოდნეა. ახლა გატაცებულია ინტერიერის დიზაინით. ჩვენი სახლი სულ მისი გემოვნებითაა მოწყობილი. ბრწყინვალე რემონტებს აკეთებს. იცის, რომელი კედელი თუ ნებისმიერი დეტალი როგორი უნდა იყოს. ბევრსაც კითხულობს ამ სფეროში.
– ბატონი ზურაბი თუ არის თქვენს შემოქმედებაში ჩართული?
– ბატონ ზურაბს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ადამიანს და როგორც პროფესიონალს. ახლა მთელი ზაფხული ერთად ვიყავით თბილისში. ბორჯომში ვისვენებდით. ნათესაობის გარდა, ჩვენ გვაქვს საერთო საქმე.  ძალიან საინტერესოა მასთან საუბარი და ურთიერთობა. ბევრი ისეთი რამ მასწავლა და მიკარნახა, რაც მე არ ვიცოდი. სულ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს აზრებს. ისედაც ძალიან მიყვარს. მიყვება ისტორიებს მის განვლილ საინტერესო ცხოვრებაზე. ახლა კი არიან ქართველები, მაგრამ „ლა სკალაში“: მაშინ, ის და დავით ანდღულაძე ერთ-ერთი პირველი სტუდენტები იყვნენ. მასთან ურთიერთობამ წინ წასწია ჩემი კარიერა, რისთვისაც ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის საშუალებით, დიდ მადლობას ვუხდი.

скачать dle 11.3