კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიათხოვა დიმიტრი თავდადებულმა თავისი ასული მონღოლთა დიდი ნოინის ვაჟს

1271 წელს მონღოლთა ურდოში წაიყვანეს 11 წლის დიმიტრი უფლისწული მეფედ დასამტკიცებლად.
აბაღა ყაენი კეთილი ადამიანი ყოფილა, მას ძალიან მოეწონა უფლისწული დიმიტრი –  მშვენიერი და სათნო ბავშვი. აბაღას ახსოვდა დიმიტრის სიყრმეც, რადგან ჩვილობიდან ტყვედ, მერე კი მძევლად იყო მამამისთან, ყაენ ჰულაგუსთან ჩვენი უფლისწული.
მეფედ დაამტკიცა ყაენმა დიმიტრი მეორე. მისცა საქართველოს სამეფო, გარდა სამცხისა, რადგან სამცხე მაშინ პირდაპირ ემორჩილებოდა საილხანოს. ასევე, დიმიტრი თავდადებული ვერ გააკონტროლებდა აფხაზეთს, რადგან ქუთაისის ტახტზე, მამამისის მამიდაშვილი, დავით მეექვსე ნარინი იჯდა.
ვინაიდან მეფე არასრულწლოვანი იყო, მასზე ზრუნვა სადუნ მანკაბერდელს ჩააბარეს. სადუნს, როგორც ჩანს, აბაღას სურვილით, პატარა მეფემ ათაბაგობა და ამირსპასალარობა უბოძა – ორი უდიდესი თანამდებობა.
დაბრუნდნენ ტფილისში, დასვეს ტახტზე დიმიტრი დავითის ძე. აკურთხა კათალიკოსმა მეფედ. კურთხევას ესწრებოდნენ მთავრები და მღვდელმთავრები ჰერეთიდან, კახეთიდან, ქართლიდან, ქვემო ქართლიდან, ჯავახეთიდან, ტაოდან და ჩრდილოეთ სომხეთიდან, რადგან სომხური მიწების დიდი ნაწილი ისევ საქართველოს ეკუთვნოდა. დიდი სიხარული იყო სამეფოში. გასცეს უამრავი საბოძვარი გლახაკებისა და ობლებისთვის, რათა კეთილად წარმართულიყო ახალი მეფის ზეობა.
დიმიტრის მეფობის პირველ წლებში, ქვეყანა დამშვიდდა და დაწყნარდა. თუმცა, ქართველი ჯარისკაცები ისევ წყდებოდნენ მონღოლთა ომებში.
საქმეებს მართავდა სადუნი. ყველაფერი მის ხელში იყო. მან სთხოვა მეფეს და მიიღო მისგან თელავი, ბელაქანი, დმანისი, კარი, სხვა ტერიტორიები და დაბები. თუმცა, სანაცვლოდ, მოაგვარა მონღოლებთან საქმე და არ ძალადოდნენ თათრები საქართველოში, არც ნოინები და არც ელჩები. ამოისუნთქა ცოტა ქვეყანამ და მოშენდა.
რომ წამოიზარდა, მეფემ დაიწყო სიბაზე სიარული ჰულაგიუანთა საილხანოს (საყაენოს) ინტერესების დასაცავად, მონღოლებისვე დავალებით. სიბა გამაგრებული ადგილი იყო შირვანში, ახლანდელ აზერბაიჯანში – სანგრებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების სისტემა, რომელიც ააგო საილხანოს ფუძემდებელმა, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა, ყაენმა ჰულაგუმ, ოქროს ურდოს შემოსევათაგან თავდასაცავად. სიბაზე დგომა ქართველებისთვის მომქანცველი დავალება იყო. იქვე, ამ სიბაზე დაავადდა მუცლის სალმობით დიმიტრი მეფის მამა, დავით მეშვიდე ულუ და გარდაიცვალა.
1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენი. ტახტისთვის ბრძოლაში გაიმარჯვა მისმა ძმამ, აჰმადმა, იგივე თაქუდარმა (იგივე აჰმედ თოგუდანი), ჩვენი მემატიანეს თქმით, მმართველობის ნიჭს მოკლებულმა ადამიანმა. ის სიყმაწვილეში ქრისტიანულად (ნესტორიანულად) ყოფილა მონათლული  და ერქვა ნიკოლოზი, თუმცა მერე მაჰმადიანობა აღიარა და დაირქვა აჰმადი. მუსლიმანები მას აჰმად სულთანს უწოდებდნენ. აბაღა ყაენის უფროსი ვაჟი, არღუნი ხორასნის მმართველად დაინიშნა. ხორასანი ერქვა ტერიტორიას, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილს, თურქმენეთის სამხრეთსა და ავღანეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთ მხარეებს. აჰმადმა შეცვალა წინამორბედი ყაენების პოლიტიკა ეგვიპტის მიმართ და ომის მაგიერ, ეგვიპტელებს მშვიდობა და სავაჭრო ურთიერთობები შესთავაზა.
მეფე დიმიტრი ურდოში ეახლა ახალ ყაენს, აჰმადს  და მორჩილება გამოუცხადა. აჰმადმაც დიდი სიხარულით მიიღო ქართველთა მეფე. იქვე, აჰმად ყაენის ნებით, მოხდა ერთი პოლიტიკური ქორწინებაც. დიდი ნოინის, ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დიმიტრი მეფის ასული რუსუდანი. ამისთვის ძალიან განურისხდა კათალოკოსი ნიკოლოზი მეფეს – რად მიათხოვე შენი ასული წარმართსო. მაგრამ, სხვა რა გზა ჰქონდა ყაენის ვასალს, დაპყრობილი ქვეყნის მეფეს.
ჩვენი ხელმწიფის ურდოში ყოფნისას, აჰმად ყაენმა ჩაიდინა ბოროტება, დააპატიმრებინა თავისი ძმა, ყონღადარი და მოაკვლევინა. სხვადასხვა გადმოცემით, ჰულაგუ ყაენს, აჰმადის მამას, ჰყავდა 14, 15 ან 17 ვაჟი და არაერთი ქალიშვილი. იქვე, სადუნის ძემ, ყუთლუბუღამ მოაკვლევინა ორი ძმა, აბულეთის ძენი, სადუნის მიერ დევნილნი.
ხორასანში მყოფ ნოინებს ძალიან არ მოეწონათ აჰმადის მმართველობა, მისი პოლიტიკა ეგვიპტესთან, საკუთარი ძმის მოკვლა. განუდგნენ მას და ყაენად გამოაცხადეს აბაღას ძე არღუნი. ეს რომ შეიტყო აჰმადმა, შეკრიბა ჯარი და გაემართა არღუნთან საბრძოლველად. მოუწოდა ჩვენს ხელმწიფესაც.
რა უნდა ექნა დიმიტრი მეფეს – მონღოლთა შორის ტახტისთვის ატეხილ ბრძოლაში უნდა მიეღო მონაწილეობა, მონღოლთა სამოქალაქო ომში უნდა დაღვრილიყო მისი ვაჟკაცების სისხლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას ააოხრებდნენ. მეფემ თან წაიყვანა მთელი თავისი ჯარი, მათ შორის, სადუნის ძე ხუტლუბუღა ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი შანშეს ძე ივანე. ამ დროს სადუნი გარდაცვლილი იყო. განვლეს ერაყი და მიადგნენ ტერიტორიას, რომელსაც არღუნი აკონტროლებდა. არღუნმა, იხილა რა აჰმადის ჯარის მრავალრიცხოვნობა, ვერ აღუდგა წინ და უკან დაიხია. შევიდა ციხეში, რომელსაც ქალსას უწოდებდნენ და გამაგრდა.
აჰმადის არმიამ ალყა შემოარტყა ქალსას ციხეს. სხვა გზა არ ჰქონდა არღუნს, ითხოვა ფიცით პატიება და უვნებლობა ბიძისგან. აჰმად ყაენი დასთანხმდა. მონღოლების სიტყვა გაუტეხელი იყო. ახლა, როცა აჰმადი მაჰმადიანი იყო, თუ სიტყვას გატეხდა,  ეს მისი სარწმუნოების სირცხვილი იქნებოდა. არ შეიძლებოდა, უფლისწულისთვის არ ეპატიებინა. გამოვიდა ციხიდან არღუნი და ჩაჰბარდა ბიძას. დაბრუნდნენ უკან.
კმაყოფილმა აჰმად ყაენმა ძალიან დიდი საჩუქრები უბოძა ჩვენს ხელმწიფეს და მის ჯარს. მთელი აღმოსავლეთ საქართველო მისცა ისევ და სამშობლოში გამოუშვა.
ყაენმა თავისი შეწყალებული ძმისწული, არღუნი დატოვა რეჰში, ჩააბარა ალიყან ნოინს და სხვა ნოინებს, საიდუმლოდ კი უბრძანა, რამდენიმე ხანში მოეკლათ. მაგრამ, შეითქვნენ ნოინები ბუღა და იასბუღა, ოირიდთა მთავარი, რათა ყაენად დაესვათ არღუნი და მოეკლათ აჰმადი. მსწრაფლ შეუდგნენ გეგმის განხორციელებას. ღამით იარეს, მიადგნენ ალიყანის კარავს. შევარდნენ შიგ, ლოგინიდან ააგდეს, გამოიყვანეს გარეთ და მოკლეს. გათენდა თუ არა, არღუნი ყაენად გამოაცხადეს და გამოეკიდნენ აჰმადს. აჰმადი ამ დროს უჟანში იყო. მან წერილი გააგზავნა ეგვიპტის სასულთნოში და მაჰმადიანებისგან დახმარება ითხოვა, მაგრამ უშედეგოდ. არღუნის მომხრეებმა აჰმადი დაამარცხეს, შეიპყრეს და საბლით მოახრჩვეს 1284 წლის 10 აგვისტოს. სხვა გადმოცემით კი, მონღოლური წესით, ხერხემალი გადაუმტვრიეს. მონღოლური კანონებით, უფლისწულის სისხლის დაღვრა არ შეიძლებოდა. მას ხმლით ან დანით ვერ მოკლავდნენ.
დიმიტრი მეფეს შემუთვალეს ნოინებმა, განდგომოდა აჰმადს და მორჩილება გამოეცხადებინა არღუნისთვის. ჩვენმა ხელმწიფემაც დაუჯერა მათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. მთავარი იყო, ქვეყანა გადაერჩინა მონღოლთა რისხვისაგან. მიბრუნდა, ეახლა ახალ ყაენს და მორჩილება გამოუცხადა.
ყაენმა არღუნმა სიხარულით მიიღო ჩვენი ხელმწიფე, კვლავ დაამტკიცა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ. თან დაუმატა „ავაგ ათაბაგის სახლიც“, ყოფილი სენიორიაც – საფეოდალო, რომელიც მანამდე მონღოლთა დიდი მოხელის, საჰიბმდივნის ხელში იყო, რადგან ავაგ მხარგრძელი ათაბაგის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ახალი ყაენი მთლიანად იყო დამოკიდებული ბუღა ნოინზე, რადგან მან აიყვანა ტახტზე. „ხელთა შინა ბუღასათა იყოო“, – წერს ჟამთააღმწერელი. ბუღა ნოინი კი ჩვენი ხელმწიფის მეგობარი და მძახალი გახლდათ.
გამოემართა შინისკენ მშვიდობით დიმიტრი მეორე. თუმცა, ახალი ყაენის თავში ტრიალებდა ფიქრები, როგორ გათავისუფლებულიყო ბუღა ნოინის გავლენისგან. ეს კი სახიფათო იყო ჩვენი ხელმწიფისა და სამეფოსთვის.
დიმიტრი მეფემ ავაგ ათაბაგის ყოფილი მამული – „ავაგის სახლი“ საუფლისწულოდ უბოძა თავის მემკვიდრე ვაჟს, დავითს – იქ იზრდებოდა მომავალი მეფე.

скачать dle 11.3