კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სირთულეს შეიძლება წააწყდეს ლიანა ჯოჯუა საქართველოში დაბრუნების შემდეგ და რატომ მოსთხოვეს მას მამაოსთან მისვლა

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელი დაიპყრო ვიდეომ, სადაც ქართველი გოგონა სპორტის ერთ-ერთ სახეობაში რუსს ამარცხებს. ეს გოგონა ლიანა ჯოჯუაა, რომელიც 16 წლის წინ, მშობლებთან ერთად, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად სამშობლოსთან დიდხნიანი განშორებისა, მის მიმართ სიყვარული და მონატრება არ განელებია. საერთაშორისო ტურნირებზე ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს. უფრო დაწვრილებით მის წარმატებებსა და ცხოვრებაზე თავად გიამბობთ.
ლიანა ჯოჯუა: ხუთი წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად და მეც წამიყვანეს. ახლა 21 წლის ვარ და უკვე 16 წელია, აქ ვცხოვრობ. პარალელურად, საქართველოშიც ჩამოვდიოდით ხოლმე. თუმცა, ბოლო 5 წელია, აღარ ვყოფილვართ. 17 წლისამ დავიწყე კრივის ერთ-ერთ სახეობაში ვარჯიში. სამი წელი დავყავი იქ და შემდეგ გადავედი. ერთი წელია, რაც ამ სფეროში ვარ. დედას ბავშვობიდან სხვადასხვა სპორტის სახეობაზე დავყავდი: ცურვაზე, ჩოგბურთზე, ცეკვაზე. მთელი ჩემი ბავშვობა სპორტის ირგვლივ ტრიალებდა. ამიტომ, ბუნებრივია, მეც სპორტული გზა ავირჩიე. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოვყალიბდებოდი, რადგან მალე მბეზრდებოდა.
– ეს უფრო მამაკაცური სპორტია და რატომ დაინტერესდი?
– შეიძლება, მაგრამ აქაც თავისუფლად შეგიძლია გამოხატო საკუთარი თავი. ეს სპორტი არ გცვლის – როგორი ცხოვრების სტილიც გქონდა, ისეთივე რჩები.  თუ მანამდე შედარებით ქალური იყავი და არ გქონდა ბიჭური სტილი, იგივე დარჩები. მიუხედავად იმისა, რომ ტატამზე ვჩხუბობ, ვგიჟდები კაბებზე და არასოდეს ვთმობ მათ (იცინის). ერთი მაგარი გოგოა ამ სპორტში, სახელად ჯინა კარანაი. სულ მის ბრძოლებს ვუყურებდი და მინდოდა, მეც ისეთი ვყოფილიყავი. ამიტომ, გადავწყვიტე, ვარჯიში დამეწყო.
– მშობლები როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას?
– რთულად (იცინის). რომ ვუთხარი, ამ სპორტში მინდა ვარჯიში დავიწყო-მეთქი, უარი მითხრეს. მაგრამ, მერე დავიყოლიე და აზრი შევაცვლევინე. მაშინ ისეთი პერიოდი მქონდა, რაღაც უნდა მეკეთებინა. მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და თავისუფალი დრო ბევრი მქონდა. მინდოდა, ეს დრო ისეთი რაღაცისთვის დამეთმო, რაც მომწონდა და ასეც მოვიქეცი. როცა უკვე გადავწყვიტე ვარჯიშის დაწყება, მშობლებმა მითხრეს, მამაოსთან მივსულიყავი და მისი რჩევის მიხედვით მომცემდნენ უფლებას, მევარჯიშა თუ არა. ასეც მოვიქეცი. მამაომ მითხრა, რომ უნდა დამეწყო ვარჯიში. სხვა თუ არაფერი, თავის დაცვას მაინც ისწავლიო (იცინის). მაინც მოსკოვში ვცხოვრობ და ცოტა საშიშია. თან, ერთი წელი ივლის და მერე მობეზრდებაო. მოკლედ, იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი წელი ვივარჯიშებდი, მშობლები დავითანხმე. მაგრამ, უკვე მე-4 წელია, რაც ამ სპორტში ვარ.
– საშიშში რას გულისხმობ?
– მოსკოვში, ტყესთან ახლოს გვაქვს სახლი და ცოტა საშიშია. პირადად მე, არანაირი სახიფათო სიტუაცია არ შემქმნია, მაგრამ ახლა უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. რაიმე საფრთხე რომ იყოს, ვიცი, როგორ უნდა ვიმოქმედო, თავს დავიცავ ან, უკიდურეს შემთხვევაში, გავიქცევი მაინც (იცინის).
– საქართველოში ერთ დღეში გაგიცნო ხალხმა. შენს წარმატებებზე გვესაუბრე.
– დავამარცხე რუსი გოგონა. ჩვენთან ახლოსაა იაროსლავი, იქ  ჩატარდა ეს შეხვედრაც. საერთოდ, საერთაშორისო ტურნირებზე გავდივარ და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ვხვდები: ჩინელებს, უკრაინელებს, რუსებს... ყველა ქვეყნიდან არიან. წარმატებებიც არის.
– ქართველთან თუ გიჩხუბია?
– არა და თუ ამაზე იქნება საუბარი, არასდროს ვიჩხუბებ მასთან. მსგავს შემთხვევაში, უარს ვიტყვი შეხვედრაზე. არ მინდა, ქართველს დავეჭიდო. საქართველოს სახელით ვასპარეზობ ყოველთვის და ჩემი კარიერის ბოლომდე ასე იქნება.
–  ანუ, ბოლომდე ამ სპორტში აპირებ დარჩენას?
– არა, რაღაც პერიოდი ვიქნები, მაქსიმუმ 27 წლამდე. მერე ალბათ, ოჯახსაც შევქმნი, შვილები მეყოლება. გოგონებისთვის ხანგრძლივი არ არის ეს სპორტი. ახლა მომწონს და ვვარჯიშობ. მერე, ამით ცხოვრებას არ ვაპირებ.
– ბიჭები როგორ რეაგირებენ, როცა იგებენ, რომ მოკრივე ხარ?
– ჩემი მეგობრები უკვე მიეჩვივნენ – იციან ჩემ შესახებ. მელაპარაკებიან ისე, როგორც ბიჭ მეგობარს. მიაჩნიათ, რომ მათი უფრო მესმის. უცხოები რომ იგებენ, ამბობენ: „ასეთ სპორტში როგორ ვარჯიშობ“, „ტრავმები გექნება, როგორ დადიხარ“ (იცინის). ერთხელ აღვნიშნე და კიდევ ვიტყვი, არც ისე მამაკაცური სპორტია, გოგოს ვარჯიში რომ არ შეიძლებოდეს. თუ გინდა, ლამაზი და კოხტა იყო, მაშინ საკუთარ თავზე უნდა იზრუნო და ივარჯიშო კიდეც. ეს სპორტი ტანს კი არ აფუჭებს, პირიქით, უფრო ხვეწს და ალამაზებს.
– ბევრი თყვანისმცემელი გეყოლება.
– ბოლო დროს ძალიან ბევრმა ქართველმა დამამატა სოციალურ ქსელში. ერთ დღეში 1 500–ზე მეტმა ადამიანმა გამომიგზავნა მეგობრობა და თითოეული მათგანი მწერს. ამდენი გულშემატკივარი არასდროს მყოლია. ადრე, ძირითადად, რუსეთში მიცნობდნენ და რუსები მგულშემატკივრობდნენ. ახლა, მგონი, მთელი საქართველო ჩემ გვერდითაა. ეს საოცარი შეგრძნებაა. საქართველოში არასდროს მქონია შეხვედრა. ჩემმა ქვეყანამ რომ გაიგო, ქართველი გოგო ჩხუბობსო, მაშინვე გვერდში დამიდგა. მიხარია, რომ საქართველოშიც გამიცნეს. ვერ ვასწრებ წერილებზე პასუხების გაცემას, მაგრამ თითოეული თქვენგანი უზომოდ მიყვარს.
– რა გენატრება ყველაზე მეტად საქართველოში?
– თბილისში ვარ დაბადებული, იქ მაქვს სახლი. რომ ჩამოვდივარ ხოლმე, აღარ მინდა რუსეთში დაბრუნება. ყველაფერი მენატრება, ყველა მანდ მყავს: მეგობრები, ნათესავები. ქართულ სამზარეულოზე ვგიჟდები, უგემრიელესია. ყველაზე მეტად ჩემი სახლი მენატრება. ახლა ფიზკულტურის ფაკულტეტზე ვსწავლობ. სწავლას რომ დავამთავრებ, ვფიქრობ, ჩამოვალ და 2-3 წელი მაინც დავრჩები. ოჯახიც ფიქრობს დაბრუნებას. სულ აქ ვერ ვიცხოვრებთ. თან, ჩვენი პატრიარქი ამბობს, ბოლოს მაინც იქ უნდა დაბრუნდეთ, სადაც დაიბადეთო.
– დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობ. როგორ ფიქრობ, საქართველოში ცხოვრება არ გაგიჭირდება? გეტყობა, ძალიან მორწმუნე ხარ...
– ცხოვრება არ გამიჭირდება. ერთადერთი სირთულე, რასაც შეიძლება, წავაწყდე, სამსახურია. რუსეთში ფულის შოვნა შედარებით მარტივია. აქ ბევრი სამუშაო ადგილია და მშიერი არ დარჩები. აი,  საქართველოში კი, ნამდვილად არ  ვიცი, რა უნდა გავაკეთო. შეიძლება, ტრენერი გავხდე. სხვა მხრივ, თავისუფლად ვიცხოვრებ. დიახ, მორწმუნე ვარ.  უღმერთოდ ცხოვრებას რა აზრი აქვს.  თან, დედა ქართულ  ეკლესიაში გალობს,   მეც  იქ  დავდივარ.   როცა  ქართულ  ტაძარში ვარ,  თავი  საქართველოში  მგონია. 
– მიუხედავად იმისა, რომ 5 წლიდან უცხო ქვეყანაში იზრდები, ქართულად კარგად ლაპარაკობ.
– ეს მშობლების დამსახურებაა. სახლში სულ ქართულად მელაპარაკებიან და პატარაობისას მაძალებდნენ, ქართული წიგნები წამეკითხა. თან, რუსეთში ძალიან ბევრი ქართველია და როცა ერთმანეთს ვხვდებით, ყოველთვის ქართულად ვსაუბრობთ.
– რინგს მიღმა თუ გამოგიყენებია შენი შესაძლებლობები?
– არა, საერთოდ არ ვარ კონფლიქტური. სკოლაში იყო რაღაც გაუგებრობები, როგორც ყველა ბავშვის შემთხვევაში, მაგრამ ძალა არასდროს გამომიყენებია. თან, როცა სერიოზული ჩხუბი დავიწყე, ბავშვებმა იცოდნენ და მერიდებოდნენ (იცინის).

скачать dle 11.3