კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იცვლიდა დუდა სანაძე ხშირად სახელებს

საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირებში მონაწილეობს. ამ ეტაპისთვის სამი თამაში გაიმართა. დუდა სანაძე წლებია, რაც ნაკრებში თამაშობს. 24 წლის სპორტსმენი ახლახან დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც სასწავლებლად იმყოფებოდა. თუმცა, პარალელურად, კალათბურთსაც თამაშობდა სან–დიეგოს კოლეჯის გუნდში. უფრო დაწვრილებით კი, მის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
დუდა სანაძე: სპორტულ გარემოში რომ გაიზრდები, სხვა სფეროს ვეღარ ირჩევ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ბავშვობიდან სულ სპორტი, კერძოდ კი, კალათბურთი ტრიალებდა ჩემ ირგვლივ. პირველი საჩუქარიც კალათბურთის ბურთი იყო. სწორედ ამ ბურთით დაიწყო ყველაფერი. ბავშვობიდან, 8 წლის ასაკიდან ჩავები კალათბურთის სამყაროში და ჩემი ცხოვრების სტილად ვაქციე. ამ ყოველივეზე დიდი გავლენა, რა თქმა უნდა, მამამ იქონია. ისიც კალათბურთელია. ახლა ზუსტად ასეა ჩემი პატრა ძმა. 9 წლისაა და მის გაზრდას, შეიძლება ითქვას, შევესწარი. 
– ანუ, მამის გავლენამ დიდი როლი ითამაშა. პროტესტის განცდა არასოდეს გქონია, რომ შენ სხვა სფეროში გინდოდა მოღვაწეობა?
– არა, არასდროს. ყოველთვის პირველ ადგილზე  კალათბურთს ვაყენებდი. ამერიკაშიც ერთი სურვილი მქონდა, როდის დავამთავრებდი სწავლას, რომ მერე სპორტისთვის მიმეხედა.
– უცხოეთიდან ხშირად გაქვს მიწვევები. წარმატებების სერია როდის დაიწყო?
– ყველაფერი დაიწყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიდან. სწორედ მისი წყალობით წავედი პირველად ესპანეთში, სადაც 3–4 თვე დავყავი. მერე იყო ლიტვა და ამერიკა. ლიტვაში ძალიან ცოტა ხანს ვიყავი, ცუდი კონტრაქტი შემომათავაზეს, მრავალწლიანი. ამიტომ, ვამჯობინე, ამერიკაში წავსულიყავი და  სწორი გადაწყვეტილებაც მივიღე.
– სან-დიეგოს კოლეჯში სწავლობდი, თან თამაშობდი. როგორ მოხვდი ამერიკაში?
– ისევ ახალგაზრდული ნაკრებიდან. თამაში რომ ნახეს, მომივიდა რამდენიმე მიწვევა. არჩევანი  სან-დიეგოზე გავაკეთე, რადგან კარგი ადგილი, კარგი გუნდი და კარგი ტრენერები იყვნენ. მინდა ვთქვა, რომ ძალიან თბილად მიმიღეს. თავიდან რთული იყო, რადგან  იქ სულ სხვა სისტემაა. თუ კარგად არ ისწავლი, ვერ ითამაშებ. რაც უნდა კარგად თამაშობდე, წინაპირობად სწავლა გაქვს. ამ მხრივ დროის შეთავსება მიჭირდა – უნდა გევარჯიშა, გეთამაშა და გესწავლა. ღმერთის წყალობით, მოვახერხე და დავამთავრე უნივერსიტეტი. სხვათა შორის,  რამდენიმე რეკორდიც მქონდა, რომელიც დღესაც მოუხსნელია. თამაშში დავაგროვე 38 ქულა.  სკოლის არსებობის განმავლობაში ამაზე მეტი არავის დაუგროვებია. ეს რეკორდი ჯერჯერობით ჩემია.
– კიდევ რა სირთულეებს წააწყდი ამერიკაში?
– ენის ბარიერი მქონდა თავიდან. ვიდრე წავიდოდი, მეგონა, ინგლისური კარგად ვიცოდი, რადგან თავისუფლად ვლაპარაკობდი, მაგრამ, უნივერსიტეტში რომ მივედი და პირველ ლექციაზე დავჯექი, მივხვდი, ძალიან შორი გზა მქონდა გასავლელი. პირველი წელი დამჭირდა, ენა დამეხვეწა და არსებულ სისტემას მივჩვეულიყავი. იქ, ნებისმიერ ადამიანს ისეთი გრაფიკი აქვს, თუ შენც ალღო ვერ აუღე, არაფერი გამოგივა. ისეთი ცხოვრების სტილია, ყველაფერი უნდა დაგეგმო. ამერიკაში ცხოვრებას ცოტა გამჭრიახობა სჭირდება, რათა თავად ისწავლო ცხოვრება. გამიჭირდა ისიც, რომ მარტო ვიყავი. საქართველოში, მოგეხსენებათ, დედ–მამის დამოკიდებულება შვილებისადმი. იქ არავინ მყავდა და ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო. აქ კიდევ ყველა ჩემს საქმეს აკეთებდა ჩემ გარდა (იცინის).
– ოჯახში ყველა კალათბურთელი ხართ. ვარჯიშიდან რომ მიდიოდით სახლშიც აგრძელებდით ამ თემას? დედას როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?
– ძალიან სპორტული ოჯახია. სახლშიც ფარებისა და ბურთების კოლექცია გვაქვს (იცინის). დედაც აგვყვა (იცინის). გვერდში გვედგა ყველანაირად. ცუდად რომ ვთამაშობდით, მაშინაც გვამხნევებდა – მაინც დედაა. მამა, ძირითადად, გვაკრიტიკებდა. პროფესიონალის თვალით უყურებდა და რაც არ მოსწონდა გვეუბნებოდა.
– მაშინ, მამის პირველი შექებაც გემახსოვრება.
– კი, ერთხელ შემაქო, რაც თავი მახსოვს და რა დამავიწყებს (იცინის). რაღაც სასწაული უნდა გააკეთო, რომ გითხრას, ყოჩაღ! თუმცა, მაინც დააყოლებს – „მაგრამს...“ სან-დიეგოში 38 ქულა რომ გავაკეთე, მაშინ მითხრა: ყოჩაღ, ვამაყობ შენით, მაგრამ ის ორი ქულაც არ უნდა აგეცილებინაო (იცინის).
– სიმაღლის გამო, ალბათ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ.
– კი (იცინის). მით უმეტეს ლიფტში. არის ასეთი ამერიკული ბანალური ხუმრობა:  „ძალიან პატარად ვგრძნობ თავს“. ყველა ამას მეუბნებოდა და შენც უნდა გაგეცინა, თუმცა, არ მეცინებოდა. მილიონჯერ მაქვს უკვე მოსმენილი.
– ნამდვილი სახელი დუდაა?
– კი, ყველგან დუდათი ვწერივარ. ბაბუაჩემის მამას ჰყავდა საუკეთესო მეგობარი, რომელსაც ერქვა დუდა და ომში დაიღუპა. მეგობრის პატივსაცემად შვილს დაარქვა მისი სახელი – დუდა, რომელიც შთამომავლობით ჩემზე გადმოვიდა. ბავშვობაში არ მომწონდა ჩემი სახელი, ცოტა უცნაურია. ამიტომ, ხშირად ვიცვლიდი – მრცხვენოდასავით. ნათლობის სახელი მქვია გიორგი და ვამბობდი გიორგი ვარ–მეთქი. ერთხელ დედაჩემი მოვიდა  სკოლაში და  მასწავლებელმა უთხრა, თქვენ გიორგი სანაძის მშობელი ხართო. დედაჩემმა გიორგი სანაძის არა, მაგრამ დუდა სანაძის მშობელი კი ვარო (იცინის).
– როგორი უნდა იყოს დუდა სანაძის რჩეული, კრიტერიუმები თუ გაქვს?
–  სპორტი უნდა უყვარდეს. კრიტერიუმების დადგენა რთულია. რომ შევხედავ და უცებ  რაღაც გრძნობა დამეუფლება და მივხვდები ის ის არის: აი, მაშინ შემიყვარდება, ალბათ (იცინის). ერთადერთი კრიტერიუმი, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, მაქვს ის, რომ არ უნდა იყოს ძალიან დაბალი. თუმცა, ამასაც ვერ განვსაზღვრავ. შეიძლება, დაბალიც მომეწონოს.
– მსგავსი გრძნობა ჯერ არ დაგუფლებია? ოჯახში „ცოლი მოიყვანე“, ეს თემა არ არის?
– კი, რაღაც ეფექტი ყოფილა,  მაგრამ ისეთი არა, რომ სამომავლოდ განვითარებულიყო. სახლში – არა, პირიქით, რა ცოლი მოიყვანე, კარიერას მიხედეო – მეუბნებიან (იცინის).
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს – სასიყვარულო წერილებს ხშირად გწერენ?
– როცა ნაკრებში მოვხვდი, ვიცოდი, რომ თუ კარგად ვითამაშებდი, ხალხი შემიყვარებდა. დიახ, ბევრი მგულშემატკივრობს და ყოველდღე ძალიან ბევრ თბილ შეტყობინებას ვიღებ სოციალურ ქსელში. მიხარია მათი დამოკიდებულება და ვცდილობ, ყველას პასუხი გავცე. ხალხისგან დაფასებას რომ ვგრძნობ, უფრო მეტი სტიმული მეძლევა. რაც შეეხება სასიყვარულო წერილებს, ასეთი შინაარსის შეტყობინებებიც მომსვლია. ყველას ზრდილობიანად ვპასუხობ, ვესაუბრები, არ მინდა, ვინმე გულნატკენი დარჩეს ჩემგან (იცინის).
– რაიმე ტრადიცია გაქვთ ნაკრების წევრებს ახალწვეულებთან დაკავშირებით?
– კი.  ვინც პირველად მოხვდება ნაკრებში, სხვადასხვა დავალება  აქვს შესასრულებელი (იცინის), რომ მოინათლოს, როგორც ნაკრების წევრი. რაც შეეხება დავალებებს, ეს შეიძლება, იყოს: ექიმების დახმარება და ჩანთების წაღება, სადმე გაგზავნა და ასე შემდეგ. სპეციალურად ვეუბნებით ხოლმე, წყალი მომიტანე ან რაიმე მსგავსი. ასეთი რამ ყველა ნაკრებშია. ეს ერთგვარი ტრადიციაა. ამერიკაში ხშირად აკეთებდნენ იგივეს და შემდეგ ჩვენც გადმოვიტანეთ.
– ანუ, ამერიკაში შენც მოგიწია ჩანთების ტარება?
– არა, გამიმართლა (იცინის). რომ ჩავედი, ერთი წელი თამაშის უფლება არ მქონდა. დარღვევები მქონდა სწავლის მხრივ. ანუ, სკოლა რომ დავამთავრე, ერთი წელი არსად მისწავლია, მხოლოდ კალათბურთში ვვარჯიშობდი. შესაბამისად, ამერიკაში ის ერთი წელი ჩამომაკლეს და თავიდან გავიარე. ამის გამო, არ მომიწია ჩანთების თრევა (იცინის). თან, იქ ცოტა სხვა ტრადიციაც ჰქონდათ, უფრო რთულად შესასრულებელი – სადაც სტუდენტები ვსადილობდით,  დიდი კიბე იყო, ახალწვეული იქ უნდა ასულიყო და რასაც ეტყოდნენ, ემღერა.
– ვინც არ ემორჩილება ამ ტრადიციას, რა მოსდის?
– სანქციებს ვუწესებთ (იცინის). წელს დაბადების დღეზე სამივე ახალწვეულმა მიმღერა. მშვენიერი მოსასმენი იყო.

скачать dle 11.3