კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ოჯახი არ გამომივიდა და დავრჩი ჩემს სიმღერებთან მარტო

პანსიონში, მის ოთახში რომ შევედი, საწოლზე იჯდა, გიტარაზე უკრავდა და მღეროდა...  უხსენებ თუ არა „კართან მოდგა შემოდგომა“, მაშინვე სიმღერით აგრძელებს... ყველას კარგად ახსოვს 70-იანი წლების პოპულარული  ჩიხლაძეების დუეტი  და ფრაზა „მღერიან მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები“. მათი სიყვარული სიმღერამ განაპირობა და სასცენო დუეტი ოჯახურ დუეტად გადაიქცა. მათ ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავთ, მაგრამ ამ ყველასთვის საყვარელი წყვილის გზა ორად გაიყო. თუმცა, ხალხისათვის ისინი მაინც „დუეტად“ დარჩა. დღეს 85 წლის საყვარელი, თბილი და სულ სასიმღეროდ შემართული ბატონი არჩილი პანსიონ „ბარბარა XXI-ში“ ცხოვრობს თავის გიტარასთან და სიმღერებთან ერთად. ქალბატონი მაყვალა ხშირად აკითხავს და მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, მათი დუეტი  პირველად შესრულდა.
არჩილ ჩიხლაძე:  ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა მუსიკა, ხელოვნება. სიმღერის მოსმენა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. 7 წლის ასაკში ჩუმად დავიწყე სიმღერა, რადგან მრცხვენოდა. 1953 წელს დავამთავრე  სკოლა და შემდეგ დავდიოდი ჩოდრიშვილის ქუჩაზე, ვაჭრობის მუშაკთა კულტურის სასახლის კლუბში. იქ უკრაინიდან ჩამოსული  ოპერის ყოფილი მომღერალი, მოხუცი ქალი – ფაინა სოლნცევა ხმას გვამუშავებინებდა. ძმაკაცთან, მიშა გოგიაძესთან ერთად, დავდიოდი, მაგრამ ქალბატონი ფაინა ხმას ოპერის სტილში გვიმუშავებდა. მივხვდი, რომ ეს მიმართულება არ გამომადგებოდა. ვცეკვავდი ბუხუტი დარახველიძის ანსამბლში, იმავდროულად, სპორტიც მიყვარდა – პირველთანრიგოსანი მოცურავე ვიყავი. სოფელში, არაგვზე ვარ გაზრდილი და ცურვა იქ ვისწავლე. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაუსწრებელზე ვსწავლობდი, საშუალო სტუდენტად ვითვლებოდი. შემდეგ უკვე ფილარმონიაში, ედუარდ სეფაშვილის კვარტეტში მოვხვდი. პირველი კონცერტი 1959 წლის შემოდგომაზე, ფუნიკულიორზე გვქონდა. სამი სიმღერა შევასრულეთ. ის აფიშა დღემდე შენახული მაქვს.
– როგორ შედგა ყველასთვის საყვარელი დუეტი „ჩიხლაძეები“, რომელიც შემდეგ ოჯახურ დუეტში გადაიზარდა?
– მაყვალა ფილარმონიაში გავიცანი. მაშინ ტრიოში მღეროდა. მისი ხმა ძალიან მომწონდა. რეპეტიციებზე მივდიოდი და ვუსმენდი. მაყვალამდე  დუეტში სიმღერის გამოცდილება მქონდა –  გიზო დათუაშვილთან ერთად ვმღეროდი და  მე პირველ ხმას ვასრულებდი. შემდეგ მაყვალას ტრიო დაიშალა და აპირებდა, ისევ ტრიო გაეკეთებინა. მე მას ჩემთან ერთად სიმღერა შევთავაზე. მართლაც, გავაკეთეთ დუეტი და ისეთი კარგი გამოვიდა, ერთ კვირაში მე და მაყვალა გასტროლებზე გაგვიშვეს. დღეს, არ არსებობს ოჯახი, ჩიხლაძეები რომ არ იცოდნენ. ჩვენი უამრავი ფირფიტა გამოდიოდა... ყველაზე მეტი ტაში კონცერტებზე მე და მაყვალას გვქონდა. ერთხელ, მოსკოვის ყრილობათა დარბაზში, სადაც 5 000 კაცი ეტევა, ორკესტრ „რეროსთან“ ერთად გამოვდიოდით. კონსტანტინ პევზნერი დირიჟორობდა. ერთი კონცერტის მსვლელობის შუა ნაწილში, მე და მაყვალა ინდურ სიმღერას ვმღეროდით და ხალხმა სცენაზე რამდენჯერმე გამოგვიძახა – ფეხზე იდგნენ და ტაშს ისე გვიკრავდნენ. მეორე კონცერტზე ედუარდ სეფაშვილმა უკვე ბოლოსკენ ჩაგვსვა. სამჯერ გაგვიყვანეს სცენაზე და პირველი სიმღერა რომ დავიწყეთ, სამივე სიმღერის მსვლელობისას მაყურებელი ფეხზე იდგა. ისმოდა აპლოდისმენტები... მე ვარჩევდი, როგორ და რა უნდა გვემღერა. მე მეორე ხმას ვმღეროდი, მაყვალა – პირველს. ძალიან კარგი ხმის ტემბრი ჰქონდა. ისე კარგად შემოდიოდა ჩემს ხმაში, რომ ვუსმენდი, მიხაროდა – ძალიან კარგი დუეტი გამოდიოდა. ისიც პატარა გოგო იყო, უხაროდა ამხელა წარმატება და სცენა. ცხოვრება, იმდენად გვიხაროდა, რომ სიმღერისგან და ამ დუეტისგან წამოსულმა სიხარულმა განაპირობა ჩვენი სიყვარული და თანაცხოვრება... ჩვენ ყველაზე მეტად სიმღერა გვიყვარდა და ახლაც ასეა... კომპოზიტორები გვაქებდნენ, მიუხედავად იმისა, პატრონი არ გვყავდა. სანამ მაყვალასთან ვიყავი, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერე კი აირია...
– თქვენ და ქალბატონი მაყვალა დღეს ერთად აღარ ხართ. რატომ ვერ შედგა სიმღერაში ასე გამართლებული და ყველასათვის საყვარელი დუეტის ცხოვრებისეული  დუეტი?
–  ძალიან პოპულარულები ვიყავით. ქალი თუ კაცი, ქუჩაში ყველა მოგვდევდა. გვაჩერებდნენ, გველაპარაკებოდნენ, გვთხოვდნენ – თქვენი სიმღერები ხალხს ძალიან უყვარს და კიდევ ბევრი სიმღერა ჩაწერეთო... გვიხაროდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე ძალიან ეშმაკი, მექალთანე ვიყავი. პოპულარული ბიჭი ვიყავი, ქალებისგან ყურადღება არ მაკლდა.  მაყვალა რომ ჩემი ცოლი გახდა უკვე შეჩვეული ვიყავი, მომწონდა ახალ-ახალ გოგოებთან ურთიერთობა. ქალი მიყვარს. ქალს რომ დავინახავ, ახლაც ვდნები... მე ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღვიქვამდი. მაყვალა კი პატარა გოგოსავით იყო, თითქოს აკვნიდან ახლა ამოიყვანესო – მიამიტი, უეშმაკო... ყველაფერი გულთან ახლოს მიჰქონდა, ტიროდა, ძალიან ასერიოზულებდა. მე მოვედი, ვიმღერე, რაღაცეებს ვშაყირობდი, ვხუმრობდი, ეს ხასიათში მქონდა და მჭირდებოდა. ის რომ ძალიან სერიოზულად იღებდა ყველაფერს, მე არ მესმოდა – უფრო ვუმატებდი მაიმუნობას. მაყვალას შეეძლო, პირველი ქალი ყოფილიყო  ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თავისი მიამიტობიდან გამომდინარე, ეს ვერ შეძლო. არ ჰქონდა ფხა, რომ ეს გაეკეთებინა. მაგრამ პირველი მომღერალი ქალი კი იყო.  უამრავი თავგადასავალი მქონდა. ერთ ძალიან ცნობილ ქმრიან მომღერალთან დავდიოდი, რომელიც მერე შემიყვარდა კიდეც. მაყვალა კიდევ ადამიანურად მიდგებოდა –  ამხელა კაცი ხარ, ასე როგორ შეიძლებაო. რომ არაფერი გამოსდიოდა, ისეთ რაღაცეებსაც მეტყოდა ხოლმე, რომ იტყვიან, „აბაროტს“ მიღებდა სიტყვიერად. მაგრამ, ჩემს პირადზე მე ზედმეტს არაფერს ვიტყვი. სხვაგან თქმა და ჭორაობა   არასდროს მიყვარდა. რასაც ვფიქრობდი, პირდაპირ ვამბობდი.
– ახლა რომ იხსენებთ წარსულს, სინანულის განცდა არ გეუფლებათ?
– როგორ არა. ახლა რომ ვფიქრობ, ძალიან ვნანობ. მაშინაც ვფიქრობდი ხოლმე, რომ ცუდად ვიქცეოდი... ცოტა ხანს გავჩერდებოდი, მაგრამ ისევ ვაგრძელებდი... მაშინ იმდენს ვერ ვხვდებოდი, მერე მივხვდი, მარტო რომ დავრჩი. მაყვალას თანადგომითა და ხათრით, ყველა ძმაკაცი, თუ მეგობარი ჩამომშორდა – ეცოდებოდათ. მე, ვითომ იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ძალიან ვნანობდი, რომ ადამიანს ვჩაგრავდი, მისი მიამიტობით ვსარგებლობდი... ჩემი მხრიდან საშინელი საქციელი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიან ხვდები ადამიანი...  არ უნდა დამეჩაგრა. მე უნდა ვყოფილიყავი მისი თანამდგომი. მას არ ჰყავდა ნამდვილი მეგობარი, ისეთი, რომ დაყრდნობოდა. ეს მეგობრობა მე უნდა გამეწია. მით უმეტეს, რომ შეშინებული იყო ამხელა სცენით თუ წარმატებით, ეს პატარა გოგო. მის სულს ვერ ჩავწვდი, ვერ გავითავისე. ისე დავაბერე,  ვერ გავუფრთხილდი. მაყვალა ახლაც მოდის ჩემთან, ყურადღებას მაქცევს. ახლა ჩვენ სიმღერა გვაკავშირებს.  ამდენი წლის შემდეგ, პირველად ვიმღერეთ ამ პანსიონში.
– გამოდის, თქვენი სიმღერა: „კართან მოდგა შემოდგომა“, ქალბატონ მაყვალასთან განშორების შემდეგ, თქვენს ცხოვრებასთან გაიგივდა...
– „შემოდგომის მეგობრები დამეფანტნენ ფოთლებივით“... „რა ძნელია მოძმის პოვნა, დაკარგვა კი იოლია“ (მღერის)... მაყვალას დაკარგვის შემდეგ ყველაფერი აირია. ვიპოვე, მაგრამ ვერ გავუფრთხილდი, სულელურად დავკარგე. მეგობრებიც შემომეფანტნენ... ჩემს ცხოვრებასთნ როგორ არ არის გაიგივებული, ეს ჩემი ცხოვრებაა. მაგრამ მე, ვითომც არაფერი – ვატარებ, ზედმეტად არ ვუღრმავდები, თორემ დავიჩაგრები. უბრალო მელოდიაა, მაგრამ ადამიანის ტვინზე, განწყობაზე ძალიან მოქმედებს. სულ მეტირებოდა, როცა ვმღეროდი. ხალხი ტიროდა, ამ სიმღერას რომ უსმენდა. ბოღმა მომდიოდა: „კართან მოდგა შემოდგომა“ – როგორი ნათქვამია, ასე მტკივნეულად არ უნდა დაეწერა-მეთქი. ხალხი ჭრელია. ცხოვრებაში მეც ბევრმა დამწყვიტა გული და მეც – დავწყვიტე... სამწუხაროდ, დამთავრდა ის ურთიერთობა. რაც კარგი იყო, იმას ვეღარ დავაბრუნებთ. ოჯახი არ გამომივიდა და დავრჩი ჩემს სიმღერებთან მარტო.

скачать dle 11.3