კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

ვინ გადაუხადა ტორტის დამზადებაში 6 700 ლარი ვიკა ბუხნიკაშვილს და როდის გააკეთებს ის ქმრისთვის – დათო დარჩიას ტორტის ქანდაკებას

პროფესიით კინომცოდნე ვიკა ბუხნიკაშვილის ტორტები, მთელ საქართველოშია ცნობილი. მისი ნახელავი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. როგორც თავად ამბობს, ეს ის საქმეა, რაც სიამოვნებასაც ანიჭებს და იმავდროულად, შემოსავლის წყაროა. ვიკა ცნობილი მსახიობის, დათო დარჩიას ცოლია. თუ როგორ ქანდაკება-ტორტს გამოუცხობს ის ოქროს ქორწილში ქმარს და ვინ გადაუხადა მას ერთ ტორტში 6 700 ლარი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ვიკა ბუხნიკაშვილი: ქალის ცხოვრებაში, მთავარი ბედნიერება სიყვარული, შვილები და საკუთრი საქმეა. მე, ეს სამივე მაქვს.
– ცნობილი ადამიანების მეუღლეები, ძირითადად, საზოგადოებაში, უბრალოდ, მათ ცოლებად მოიაზრებიან. შენ კი, როგორც დათო დარჩიას ცოლი კი არა, თავადაც საკმაოდ პოპულარული ხარ შენს ნახელავზე, მიუხედავად მაღალი ფასისა, საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
– ვემზადებოდი და მინდოდა აკადემიაში ჩაბარება, თუმცა, ისე მოხდა, რომ პროფესიით კინომცოდნე ვარ. არ ვნანობ, ჩემი პროფესიით რომ არ ვმუშაობ. რასაც დღეს ვაკეთებ, ესეც ხელოვნებასთანაა ახლოს. ფურშეტებისა და საკონდიტრო ნაწარმის კეთება მახალისებს, ხელოვნებისადმი ჩემი ნიჭის რეალიზებას ვახდენ. მახსოვს, სახლში სულ სტუმრიანობა იყო და ხშირად მიწევდა საჭმელების კეთება – ვაცხობდი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის პატარა ტორტებს. მერე ეს, ნელ-ნელა დავხვეწე და შემოსავლის წყაროდ გავხადე. მე, ნებისმიერ ტორტს თუ ფურშეტს, როგორც ხელოვნებას ისე ვუდგები. მიყვარს ექსპერიმენტები და ხშირად მივმართავ. იყო წარუმატებელი ექპერიმენტებიც, მაგრამ მერე ხვდები, სად დაუშვი შეცდომა და სწავლობ, როგორ გააკეთო სწორად. რაც შეეხება ფასებს, ჩემი ტორტები 100 ლარიდან იწყება და ყველზე ძვირი, 6 700 ლარიც გადაუხდიათ.
– საკმაოდ დიდი ზომის ტორტებს აკეთებ და როგორც ვიცი, საკუთარ ნახელავს, ბოლომდე, ადგილამდე მიჰყვები. ყოფილა შემთხვევა, როცა ძვირად ღირებული, შეკვეთილი ტორტი ტრანსპორტირების დროს დაზიანებულა?
– მართალია, ჩემს ტორტს ვერავის ვანდობ და თავად მიმაქვს დანიშნულების ადგილამდე. არ დამავიწყდება, სართულებიანი, საკმაოდ დიდი ტორტი შემიკვეთეს დაბადების დღისთვის, დაახლოებით 170-სანტიმეტრიანი. ბეთანიაში უნდა აგვეტანა. მოკლედ, დიდი სიფრთხილით ჩავდეთ ტორტი მანქანაში და მეც გავყევი. მანქანიდან რომ უნდა გადმომეღო და კარი გავაღე, რაზეც სართულები იყო დამაგრებული, ის ჩამოიშალა. ფაქტობრივად, ტორტი ხელში დამეშალა. არადა, იუბილარი და სტუმრები ელოდებოდნენ, თან, საკმაოდ ძვირიც იყო გადახდილი მასში – 4 500 ლარი. ვიფიქრე, სასწრაფოდ გამოსავალი უნდა მოვძებნო-მეთქი, მივიხედ-მოვიხედე, დავინახე ვარდების ბაღი, დავკრიფე და ცოცხალი ვარდებით მოვრთე. დაახლობებით, 500 ვარდი დამჭირდა. სხვათა შორის, ძალიან მოეწონათ მისი დიზაინი შემკვეთებს და აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ეს ექსპრომტად იყო მოფიქრებული. კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. შემიკვეთეს უზარმაზარი საქორწილო ტორტი. დიდი მონდომებით გავაკეთე. ღამეები ვათენე მის მორთვაზე და ტრანსპორტირების დროს, დეკორი დასცვივდა. მცხეთაში იყო ქორწილი, რასაკვირველია, მეც გავყევი და რომ ვნახე დეკორი დასცვივდა, სასწრაფოდ დავრეკე, ახალი  დავამზადებინე, ჩამოვატანინე და მივამაგრე. ასე გადავრჩი (იცინის). როგორც გითხარით, არავის ვენდობი და ფურშეტი იქნება თუ ტორტი, ვქირაობ მანქანას და მას ბოლომდე მივყვები, რომ დავრწმუნდე, პატრონს უვნებელი ჩავაბარე.
– მიკვირს საკუთარი ავტომობილი რომ არ გყავს და ქირაობ. არადა, ფაქტია, გჭირდება. არ მეთანხმები?
– საკუთარი ავტომობილი მყავდა, მაგრამ გავყიდე. არ მიყვარს მანქანის ტარება, მირჩევნია სხვა მომემსახუროს. საჭესთან კი არა, მანქანაში წინ ჯდომაც არ მიყვარს (იცინის). მირჩევნია, უკან, წყნარად ვიყო და არც გადატვირთულ ქუჩებში ვინერვიულო საჭესთან მჯდომმა.
– ძალიან ბევრი გიკვეთავს საქორწილო ტორტს და გამოდის, რომ ყველა ქორწილში დაპატიჟებული ხარ?
– ასე გამოდის (იცინის). მაგრამ, არასდროს ვრჩები ქორწილში, მიმაქვს ტორტი და უკან ვბრუნდები.
– ფაქტობრივად, ქორწილიდან, დრო რომ გადის, იქ დამსწრე საზოგადოებას ყველაზე მეტად პატარძლის კაბა და საქორწილო ტორტი ამახსოვრდება. თუ საიდუმლო არ არის, ყველაზე ძვირი რა გადაუხდიათ შენთვის შეკვეთაში?
– საკმაოდ შრომატევადი საქმეა – საპასუხისმგებლო, სანერვიულო და იმავდორულად, ხელოვნებაა, რომელიც იჭმევა. იმაშიც გეთანხმებით, რომ ქორწილიდან ხალხს ყველაზე მეტად პატარძლის კაბა და საქორწილო ტორტი ამახსოვრდება. ზოგჯერ ჩემი ტორტი პატარძლის კაბაზე ძვირიც ჯდება. მახსოვს, ბათუმში, „მაგნოლიის” გახსნა იყო და შემიკვეთეს მისი მაკეტი. მის გაკეთებას მოვუნდი 2-3 ღამე და საკმაოდ კარგი გამოვიდა. ამაში, 6 700 ლარი გადამიხადეს. ასევე, ქორწილისთვის შემიკვეთეს ეიფელის კოშკის ფორმის ტორტი. ნეფე-დედოფალს აჩუქეს პარიზის საგზური თაფლობის თვის გასატარებლად და ამ ტორტის ქვეშ დაუდეს სიურპრიზად. ეს ტორტი დაჯდა 3 800 ლარი.
– მასხოვს, ანი გიუნტერის ქორწილში საკმაოდ ორიგინალური ტორტი გაგაკეთებინეს. ვის მოუვიდა იდეად, ბერლინის კედლისა და ზესტაფონის ფეროს ტორტი?
– ეს თემატურ-იუმორისტული ტორტი იყო ქორწილისთვის. რადგან ანი გერმანელია – დანგრეული გერმანიის კედელი და მისი მეუღლე კი  ზესტაფონიდან გახლდათ – ზესტაფონის ფერო (იცინის). ქორწილი ქალაგგარეთ იყო და ტორტის ზომიდან გამომდინარე, მისი წაღება გაგვიჭირდა. მეტრნახევარი-მეტრნახევარზე იყო ბერლინის კედელი და მასზე, პლუს დამატებული ფერო. საკმაოდ სახალისო ტორტი გამოვიდა და რაც მთავარია, თავად მოეწონათ. ისეთი ტორტიც გამიკეთებია ერთ-ერთი კორპორაციისთვის, სადაც განათებების ჩამონტაჟება დამჭირდა. ხშირია თემატური შეკვეთებიც, მაგალითად, ხალიჩაზე დაწყობილი თიხის ჭურჭელი. ხშირად, ყვავილების გაკეთებაში სამი ღამეც გამითევია. ზოგჯერ სულ სხვა რამის გაკეთება მდომებია, მაგრამ  ღამით გამიღვიძია, იდეა მომსვლია, ავმდგარვარ და სახელოსნოში დამიწყია მუშაობა. ბოლოს კი სულ სხვა, უკეთესი გამიკეთებია. თავად ტკბილეული არ მიყვარს და არც კი ვსინჯავ ჩემს ნახელავს. ადრე, ყველაფერს მე ვაკეთებდი – ამომყავდა კრემი, ვაცხობდი ბისკვიტს. ახლა ესკიზს ვხატავ, ვაფორმებ და სხვა მხრივ, დამხმარეები მეხმარებიან. მიყვარს, როცა შემკვეთები ჩემს ფანტაზიას ენდობიან და მეუბნებიან: შენი გემოვნებითა და ფანტაზიით გაგვიკეთე ტორტი ან ფურშეტიო. ხშირად უცნაური შეკვეთებიც მიმიღია. მაგალითად, ჩიტები თავისი ბუმბულებით (იცინის). ეს ნაკლებად საინტერესოა ჩემთვის.
– ახლა რომ საკუთარი ქორწილისთვის ემზადებოდე, როგორ ტორტს გამოაცხობდი?
– ახლა რომ ვთხოვდებოდე, ნამდვილად არ გადავიხდიდი ქორწილს ან სხვას გავაკეთებინებდი ტორტს (იცინის). აი, ოქროს ქორწილამდე თუ მივედით, ტორტისგან დათოს ქანდაკებას გავაკეთებ და დავუდგამ მაგიდაზე (იცინის).
– თქვი, ღამეები გამითენებია ტორტების გაფორმებაშიო. ამას დათო არ აპროტესტებს?
– მეც და დათოსაც ჩვენს საქმეში სრული თავისუფლება გვაქვს – მეც ვათენებ ღამეებს ტორტების გაფორმებაზე და ისიც, სცენარის კითხვაში. მე ჩემი საქმე მაქვს და მას თავისი. გარდა ტორტებისა, ახლახან დავიწყე ფურშეტების გაკეთება ყვავილების ინსტალაციით. ესეც საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ ჩემთვის საინტერესო სამუშაოა. ამ  ზაფხულს დასასვენებლად ვიყავი წასული და იმდენი ფურშეტის შეკვეთა მომცეს, არ მაცალეს დასვენება, სასწრაფოდ ჩამომიყვანეს თბილისში (იცინის). ეს ჩემი შემოსავლის წყაროა, რომელიც არ იყო გამიზნულად წამოწყებული, თუმცა გამიმართლა და დღეს, ჩემი საკუთარი საქმე მაქვს. არავისზე არ ვარ ფინანსურად დამოკიდებული.
– კულინარებისგან გამიგია, თუ განწყობა არ გაქვს, არც საჭმელი უნდა მოამზადო და არც ტკბილეული. ეს მის გემოზეც აისახება და ვიზუალზეცო. შენს ცხოვრებაში თუ იყო მსგავსი პერიოდი, როცა ტორტის ცხობა არ გინდოდა?
– როგორ არა. წლების წინ, მთელი ერთი წელი პაუზა მქონდა. არაფრის გაკეთება არ მიდოდა. ეს პირადს ეხება და ამაზე საუბარი არ მიყვარს. მოკლედ, ეს ჩავარდნის პერიოდი ერთ წელს გაგრძელდა. სხვათა შორის, ერთი წლის მერე, თავიდან რომ დავიწყე ტორტების კეთება, უფრო მეტად მომწონდა ჩემი ნახელავი. ხშირად სიზმარში ვხედავ, რომ ტორტს ვაფორმებ და არ გამომდის, არ მომწონს და გიჟივით მეღვიძება (იცინის). იმდენი ტორტი მაქვს გაკეთებული, ვერც დავთვლი. ეს ის პროცესია, რომელიც ყველაფერზე მეტად მსიამოვნებს და კეთების პროცესს, სხვა განზომილებაში გადავყავარ.
– უცხოეთიდან ხომ არ გქონია შეკვეთა?
– უცხოეთში აქედან ტორტის გაგზავნა საკმაოდ რთულია. თუმცა, აქ ჩამოსული უცხოელებისთვის ხშირად გამიკეთებია ტორტი. შემოთავაზება მქონდა ლონდონიდან, რომ იქ ჩავსულიყავი და მემუშავა, მაგრამ უარი ვთქვი. მე, აქაც კომფორტულად ვგრძნობ თავს.

скачать dle 11.3